კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ჩააბარა ბიძინა ივანიშვილმა გრიგოლ ლილუაშვილს და რატომ უწინასწარმეტყველებენ მას თბილისის მერობას #12

გრიგოლ  ლილუაშვილს  პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია უკავია. ქართული პოლიტიკისთვის ის ახალი სახეა, თუმცა, როგორც ამბობენ,  პერსპექტიული – ბოლო ამბები მის ირგვლივ, თბილისის მერობას უკავშირდება. თუმცა, თავად ამ ხმებს არ ადასტურებს.    მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათის წყალობით,  ჯერ არცერთ პოლიტიკურ სკანდალში არ მოხვედრილა.  ერთი შეხედვით მკაცრი და შეუვალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, არც იმერულ იუმორთანაა მწყრალად და ხანდახან ანეკდოტებსაც  ყვება ვანელებზე, რომელთაც, ხონელებთან ერთად,  მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი ანდეს. როგორ მოხვდა გიორგი ლილუაშვილი პოლიტიკაში  და სად გადაიკვეთა მისი ცხოვრება ბიძინა ივანიშვილთან, რომელმაც მას წლების განმავლობაში, რთული საქმეები  ბევრჯერ  მიანდო,  ამას თავად  ბატონი გიორგისგან შეიტყობთ. მან მეუღლესთან, მაია ჭეიშვილთან ერთად, „თბილისელებისთვის” რესპონდენტის როლი მშვენივრად მოირგო.  
 – ბატონო გრიგოლ, როგორ გრძნობთ თავს დეპუტატისა და პოლიტიკოსის როლში?
გრიგოლ  ლილუაშვილი: ეს არაა რთული, გააჩნია, როგორ უდგები საკითხს.  სტერეოტიპს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, ჩვენი გუნდი, მათ შორის,    ახალგაზრდები – თანამედროვე განათლებით, ცხოვრების წესით, ოჯახიშვილობით,  ნელ-ნელა  ვანგრევთ. მე ყოველთვის  ვცდილობ, ვიყო კორექტული და არ გავცდე საქმიან რეჟიმს.  დარგი, რომელიც მაბარია,  უკავშირდება თემებს, რომელსაც მუშაობა უნდა და არა პოლიტიკური განცხადებები. კომიტეტის ფორმატში პოლიტიკა არ უნდა იყოს. პოლიტიკისთვის არსებობს სასესიო დარბაზი, სადაც კამერებია და სადაც მიდის ნადირობა ამომრჩეველზე. იქ პოლიტიკური ავანტიურა  და სარკაზმიც მოსულა. თუმცა, მე უფრო დაბალანსებული პოლიტიკის მომხრე ვარ, ვიდრე სკანდალების,  ხმაურისა და სიტუაციის გამწვავების. 
–  მაია, თქვენ  როგორ შეხვდით  მეუღლის გადაწყვეტილებას, როცა მან კერძო სექტორის  წარმატებული მენეჯერის პოზიცია  და მშვიდი ცხოვრება პოლიტიკოსის რთულ  გზაზე გაცვალა?
მაია ჭეიშვილი: თავიდან ცოტა  შიშით შევხვდი ამ გადაწყვეტილებას. გამიჭირდა  კიდეც ამასთან შეგუება,  თუმცა ვიცი, გიორგის  შესაძლებლობები და მჯერა, ახლაც ყველაფერი გამოუვა. მე შეჩვეული ვარ მის დატვირთულ რეჟიმს.  ეს ჩემთვის უცხო არაა. ამ მხრივ ჩვენი ცხოვრება  რადიკალურად არ შეცვლილა.  მეც საკმაოდ დატვირთული  რეჟიმი მაქვს.  პროფესიით საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ვარ და კერძო სექტორში ვმუშაობ.
გრიგოლი: ჩვენი ოჯახური თანაცხოვრება უკვე ათ წელს ითვლის. მაია რომ გავიცანი, ქოჩორიც მქონდა და  უფრო სიმპათიურიც ვიყავი. მაშინ  მეც კერძო სექტორში ვმუშაობდი და იმ დროს საჯარო სამსახურში ყოფნას, პერსპექტივაშიც კი არ განვიხილავდი.
 მაია: ათი წლის წინ გიორგის ბევრად მეტი დრო ჰქონდა, შესაბამისად, უფრო მეტად ვიყავით ერთად. ადრე უფრო მხიარული იყო. ახლა კი საქმიდან გამომდინარე, მეტად დაძაბულია.  თუმცა, ეს გარეგნულად არასდროს ემჩნევა.
– თქვენი ცხოვრება სად გადაიკვეთა?
გრიგოლი: მაიკო რომ გავიცანი, ხშირად მიწევდა აეროპორტით სარგებლობა.  მაიკო კი იქ მუშაობდა, ჩემი მამიდაშვილის თანამშრომელი იყო. ერთ მშვენიერ დღეს შევამჩნიე, როცა  ეგრეთ წოდებული განსაკუთრებული მგზავრების გასასვლელით ვსარგებლობდი.  აღმოვაჩინე გოგო, რომელიც ძალიან ლამაზი თვალებით მაცილებდა.  პატარები არ ვიყავით და დაოჯახების გადაწყვეტილება ორივემ გააზრებულად  მივიღეთ.
მაია:  გაცნობიდან ექვს თვეში დავქორწინდით. ორივეს ტრადიციული, იმერული ოჯახი გვაქვს. ასე რომ, ყველაფერი წესების დაცვით მოხდა – ოჯახის გამოკვლევიდან დაწყებული,  ნიშნობით დასრულებული.
გრიგოლი:   პირდაპირ  მივედი მაიკოს მშობლებთან და განვუცხადე, ვინ ვიყავი და რა მინდოდა, უკვე კარგად იყვნენ  ჩემზე ინფორმირებულები. მას მერე ისე შევუყვარდი მაიკოს მშობლებს, ჩემს მზეს ფიცულობენ (იცინის). სხვათა შორის, ჩემს სიდედრს ვანური ფესვები აქვს.  სულ „ვაყვედრი,” შენს რაიონს ვუვლი და შენ კი, სახლში უნდა დამეხმარო ვანელების გაზრდაში-მეთქი, ერთგვარი „შეთანხმება” გვაქვს. 
– ოჯახში პოლიტიკა აქტუალური თემაა?  
– არა, სახლში პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ. ხანდახან მაიკო კრიტიკულ შენიშვნებს დამაყრის ხოლმე, გულშემატკივრის პოზიციიდან. ასეთი ოპონენტი კარგია. გუნდში ვერ ვამბობ, რომ ცოლმა მირჩია, მაგრამ ვცდილობ, ხანდახან მაიკოს  მოსაზრებები  გავიზიარო, მით უმეტეს, პიარის სპეციალისტია და  იცის, როგორ უნდა იმიჯზე ზრუნვა  (იცინის).  ჩემს მეუღლესა და შვილებს   ყველაზე მეტად იმის ეშინიათ,   ტელევიზიით ჩემზე ცუდი არავინ თქვას და „ქერის უბანში”  არ მოვხვდე. ჩემმა შვილმა – ნიკამ პირველი, რაც იკითხა,  ეს იყო:    მამიკო იქნება ქერის უბანშიო  (იცინის).
– ბოლო პერიოდში ისე აქტიურად საუბრობენ თქვენს მოსალოდნელ  თბილისის   მერობაზე,   ნიკა, მგონი, უსაფუძვლოდ არ დარდობს.
– ძლივს დავაღწიე თავი იქაურობას და ნუ გამიმეტებთ თავიდან მერიისთვის (იცინის). ჩემთვის ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მე დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია იმ ადამიანების წინაშე, სადაც კენჭი ვიყარე.  პერიფერიებში ისეთი მძიმე სოციალური  ფონია, მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო იმაში, რომ ის ხალხი, შედარებით ბედნიერი გავხადო. ასე რომ, ამ საქმის მიტოვება ჩემგან არასერიოზული იქნება.  თბილისის მერობა ძალიან საპატიო და დასაფასებელია, მაგრამ ახლაც არანაკლებ საქმეს ვაკეთებ, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე.
– თქვენი შრომის წიგნაკი სად გაიხსნა?
– მაგისტრატურაში სწავლის დროს მუშაობა დავიწყე ავიაკომპანია „ეარჯორჯიაში”, ბუღალტრის  ნახევარ შტატზე.  150 ლარი მქონდა ხელფასი, აქედან, 100 ლარი ბინის ქირაში მიდიოდა. მეც, როგორც თბილისში ჩამოსული ახალგაზრდების უმეტესობა, ქირით ვცხოვრობდი. ის წლები საკმაოდ რთული იყო. ქუთაისში  ვარ გაზრდილი, იქ დავამთავრე სკოლა. მაშინ ისეთი დრო იყო, სკოლაში ფეხით დავდიოდი – 6 კილომეტრი იყო ჩემი სახლიდან სკოლამდე.  90-იანი წლები მაინცდამაინც არ გვიწყობდა ხელს, მაგრამ ცხოვრების საუკეთესო წლების მოგონებები ქუთაისს უკავშირდება. ჩემთვის ყველა ქუჩას და სახლს თავისი დატვირთვა აქვს. ქუთაისელები მეხუმრებიან, შენ ჩვენი ქალაქის მეოთხე მაჟორიტარი ხარო. ჩემი ხათრით ერთი  სათადარიგო მაჟორიტარი დაამატეს (იცინის).  სტუდენტი რომ ვიყავი, მშობლებმა არც იცოდნენ, რომელ შენობაში ვსწავლობდი.    ჩემი შრომით მივაღწიე  ყველაფერს. ჩემი შრომით მივიქციე „ეარჯორჯიაში” ხელმძღვანელობის ყურადღება. მალე დამაწინაურეს და „აირზენას” მარკეტინგის სამსახურის უფროსის მოადგილე გავხდი. შემდეგ გადავედი საბაჟო დეპარტამენტში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილედ. მოვახერხეთ ურთიერთობების აწყობა   მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციასთან  და გავხდი  რუსეთის ფედერაციაში, ესენგეს ქვეყნებსა და მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენელი.  ეს იყო პირველი დიდი გამოცდა ჩემთვის.   იმ პეროოდში მოგვისწრო ვარდების რევოლუციამ, აირია სიტუაცია და საქართველოში დავბრუნდი.   ექვსი თვე ვიყავი უმუშევარი – უფრო სწორად, სამუშაოს მაძიებელი.  მაშინ ძალიან გამიჭირდა. ჩემდა ბედად, „ქართუში” გამოცხადდა კონკურსი  საერთაშორისო გადაზიდვების და საბაჟო კუთხით, რაც ჩემთვის ახლო თემა იყო და თითქმის ამ სფეროს ექსპერტად ვიყავი ჩამოყალიბებული. განყოფილების უფროსის ვაკანსია იყო –  ჩამავლეს ხელი და დამტოვეს.  2004 წლიდან 2016 წლამდე ვიმუშავე  „ქართუ ჯგუფში“, სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე. ბოლო ორი წელი ვიყავი „ქართუ ჯგუფის” ხელმძღვანელი და ბანკი „ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
– როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი ხართ,  რის გამოც, მან   ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიციები განდოთ კომპანიაში. ისიც გამიგია, რომ ახლო ნათესაური კავშირიც გაქვთ.
– ჩვენ არ ვართ ნათესავები, თუმცა, რომ ვიყოთ,  ძალიან კარგი იქნებოდა. მასთან ნათესაობა გამიხარდებოდა, ალბათ, ისევე, როგორც ბევრ ადამიანს. ეს ხელს არ გვიშლიდა, ჩვენ შორის ნორმალური, საქმიანი ურთიერთობა ყოფილიყო. ის ძალიან მკაცრი უფროსია და ეს როგორც ჩანს, ჩემზეც აისახა. მეც საკმაოდ მკაცრი ვარ. ყველაზე მთავარი ღირსება, რასაც თავადაც უპირველესად მიიჩნევს, არის წესიერება. შემდეგ მოდის კომპეტენცია, ხასიათი.   ბიძინა ივანიშვილი საშინლად ვერ იტანს ტყუილს. თუ შეგეშალა, უნდა თქვა, რომ შეგეშალა.  მეც შემშლია, მაგრამ უნებურად, ზოგჯერ არ მითქვამს. მერე კი ამაზე, საკუთარ შეცდომაზე, მისწავლია და ისე გამომისწორებია, რომ საქმეს არ დატყობია (იცინის).
– მაია, მეუღლე ოჯახური საზრუნავებისგან გათავისუფლებული გყავთ?
მაია: არა, ძირითად და მნიშვნელოვან საკითხებში, რა თქმა უნდა, ჩართულია, დეტალებზე არ ვაწუხებ.  გუშინ დრო გამონახა  და შეეცადა, დაზიანებული  საშხაპე სისტემა შეეცვალა.  თვითონ დაიწყო შეცვლა, მაგრამ ხელოსნის ჩართვა დასჭირდა.  გიორგი  სახლში საკმაოდ იოლი მოსავლელია. არაა პრეტენზიული. მთავარია, სახლში იყოს წესრიგი, ყველა ნივთი თავის ადგილზე იდოს. ზოგადად, უფრო რაციონალურია, თუმცა ჩვენი თანაცხოვრების დასაწყისში, ბევრი სიურპრიზიც გვქონდა.
გრიგოლი: ვერ ვიტყვი, რომ ხელმარჯვე ოსტატი ვარ, მაგრამ, როცა დრო მქონდა, უფრო უკეთესი მეოჯახე ვიყავი.  ჩემგან ოჯახს ყურადღება არასდროს მოჰკლებია.   მიყვარს შვილებთან ერთად ყოფნა, რისი საშუალებაც არ მაქვს. ვცდილობ, კვირა დღის  პირველი  ნახევარი ამისთვის გამოვიყენო.    მთელ ოჯახს გვიყვარს ბუნებაში ყოფნა, ისტორიული ძეგლების მონახულება. 
– ოჯახში მთავარი ფინანსისტი, როგორც ექსბუღალტერი, თქვენ იქნებით...
– ბუღალტერი არასდროს ვყოფიოლვარ, როცა ყოველდღე ციფრებთან გიწევს შეხება, თუ კრეატიული მიდგომა არ გაქვს, რუტინაში  გადახვალ. ეს არ იყო ჩემი საქმე და ჩემგან ბუღალტერი არ დადგა. ოჯახში მე ვარ მთავარი ეკონომისტი. მაიკო წამყვანი სპეციალისტია. დაგეგმვაში კი ერთად ვიღებთ მონაწილეობას. მაგრამ, თუ რამე გამომრჩა, აუცილებლად მახსენებენ და „წინადადებების”  დაფინანსებას  მთხოვენ.
– ხელგაშლილი ხართ?
– ვანელი და ხელგაშლილი გინახავთ (იცინის). ერთ ანეკდოტს მოგიყვებით.  ახალგაზრდა ვანელი ფეხბურთს თმაშობს ცნობილ გუნდში. წარმატებისგან ხიბლში ჩავარდა და ტრიბუნებისკენ ხელებაწეული გაჩერდა, მადლიერების  ნიშნად.  მოულოდნელად, ხელში ბურთი მოარტყეს. ამის გამო პენალტი დანიშნეს და მისმა გუნდმა წააგო. დაბრუნდა  ევროპული გუნდიდან გამოგდებული  ვანელი სახლში. მამამისი ეკითხება, აქ რამ მოგიყვანაო. უამბო რაც მოხდა. უსმინა მამამ და უთხრა: შე, შობელძაღლო, ვანელი და ხელგაშლილი სად გინახიაო? (იცინის).
– ეთანხმებით ანეკდოტებს ვანელებსა და ხონელებზე, გაერთიანებული ოლქის დეპუტატი?
– ამაზე ბევრი მიფიქრია. ეს ხალხი რაციონალური, პრაგმატული, გონებამახვილია, მათი მოტყუება იოლი არაა და შეიძლება, ამიტომაც ამბობენ, რწყილს ქონი არ  გაატანაო. ალბათ, ამაზე ისინი ხუმრობენ, ვინც განაწყენებულია, რომ ვანელი ვერ მოატყუა. მე ძალიან მიყვარს ჩემი რაიონი, ჩემი ხალხი. ჩემმა მშობლებმა  რომ საპენსიო ასაკს მიაღწიეს, საცხოვრებლად ქუთაისიდან  ვანის რაიონის სოფელ შუაგორაში გადავიდნენ. იქ სახლი გვაქვს, საიდანაც მოდის ჩვენი გვარი. როცა პენსიაზე გავალ, თუ მეუღლე წამომყვება, ალბათ, მეც იქ წავალ. რაც ასაკში  შევდივარ, მიწასთან, ბუნებასთან  კავშირი ძალიან  მომწონს.   ადრე ეს მაიასთვის უცხო ხილი იყო, მაგრამ ახლა ვხვდები, თვითონაც სიამოვნებით იწევს სოფლისკენ (იცინის).

скачать dle 11.3