კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰქონდა თუ არა გიორგი ნაკაშიძეს ნიკა გვარამიასთან უთანხმოება და რის გამო აღარ არის ის „ჩემი ცოლის დაქალებში“ #12

თუმანიშვილის თეატრის მსახიობი, გიორგი ნაკაშიძე, არაერთი საინტერესო ფილმიდან თუ სპექტაკლიდან ახსოვს საზოგადოებას. ალბათ, ყველაზე დიდი წარმატება და ხალხის სიყვარული მას ფილმმა „მანდარინებმა“ მოუტანა, რადგან სწორედ მასში ნათამაშები ჩეჩენის როლით წარდგა ის „ოსკარზე“. თეატრალების ოჯახში გაიზარდა და გასაკვირი არცაა, რომ პროფესიად მსახიობობა აირჩია. რა ხდება ამჟამად მსახიობის ცხოვრებაში, როგორი მამაა ის და რა სიახლეები აქვს შემოქმედებითი თვალსაზრისით, ინტერვიუდან შეიტყობთ.
გიორგი ნაკაშიძე: ახლა გადაღებებს ვიწყებ დიტო ცინცაძესთან. ფილმს ჰქვია „ოჯახი“, თუმცა ეს არის სამუშაო სახელწოდება, ზუსტად არ არის გადაწყვეტილი. 21 მარტს იწყება გადაღებები და დაახლოებით, 20 დღე გასტანს. ფილმი სოციალური დრამაა, იმ თემატიკაზე, რაც ყველას გვაწუხებს. ადამიანზე, რომელიც ციხიდან გამოდის და თავის თავს ვერ პოულობს ამ სამყაროში. უჭირს კონტაქტის დამყარება ოჯახის წევრებთან, სამსახურის პოვნა და ასე შემდეგ. ფინალს არ ვიტყვი, როგორ მთავრდება ეს ყველაფერი, თუმცა ფილმში არსებული პრობლემა რეალობასთან ძალიან ახლოსაა. რაც შეეხება თუმანიშვილის თეატრს, სარეპერტუარო სპექტაკლებს ვთამაშობ. რაღაც მიზეზების გამო, წასული ვიყავი ქვეყნიდან და ვერ შევძელი რამდენიმე სპექტაკლში თამაში. თუმცა, აქაც ფინანსური პრობლემებია – თეატრებს დააკლეს ხელფასის 10 პროცენტი. ისედაც რა გვქონდა მსახიობებს ხელფასი და კიდევ დაგვაკლეს. ამ დროს პარალელურად „აეროსმიტი“ ჩამოჰყავთ ხუთ მილიონ-ნახევრად, რომლის ჰონორარიც ქართული კინოს ერთი წლის ბიუჯეტია. იმის ნაცვლად, რომ ქართულ კინოს მისცენ სტიმულირება და ბიუჯეტი მოუმატონ, რადგან ნელ-ნელა ფეხზე წამოდგა და სხვადასხვა ფესტივალზე დიდ წარმატებას აღწევს, პირიქით – დაუკლეს.
– რაღაც პერიოდი, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ თამაშობდით. როგორც ამბობენ, ნიკა გვარამიასთან უთანხმოების გამო დატოვეთ „რუსთავი 2“. ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება?
– არა, ნიკა გვარამიას არც ვიცნობ საერთოდ. „გამარჯობით“ მყავს ერთხელ ნანახი, ისიც რესტორანში გადავიკვეთეთ. არავითარი კონფლიქტი მასთან არ მქონია. „კრეატივი“ ხომ „რუსთავი 2-ზე” ყიდის თავის პროდუქციას, მეც მათთან მქონდა შეხება. ჩემმა გმირმა ამოწურა თავისი თავი და დამთავრდა, როგორც ჩვეულებრივად ხდება ხოლმე. ყველასთან მეგობრულად ვიყავი და კარგად დავშორდით ერთმანეთს.
– როდესაც თქვენ „ოსკარზე“ იყავით, ამას ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, თუნდაც მიშა მესხთან დაკავშირებით. დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ გაიხსენებთ იმ ყოველივეს, რაც მაშინ ხდებოდა?
– ძალიან სასიამოვნოდ გავიხსენებ ყველაფერს, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ერთი დღით გვიან ჩავედით  ამინდის გაუარესების გამო. ამ სცენარზე რომ ვმუშაობდით, არც კი გვიფიქრია, სადმე თუ შეიძლებოდა, მოხვედრილიყო. ვიდრე „ოსკარზე“ მოვხვდებოდით, მანამდე 24 საერთაშორისო პრიზი ავიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქართულ-ესტონური პროექტია, იცოდეთ, რომ „მანდარინები“ ქართული ფილმია, რადგან თემატიკაც ჩვენია, მსახიობებიც და გადაღების ადგილიც.  რაც შეეხება მიშას, ჩაეძინა, მერე რა მოხდა? ორი დღე-ღამე იფრინა კაცმა. დაკარგა პასპორტი, ჩემზე ერთი დღით გვიან ჩამოვიდა და დღე-ღამე აერია. გადაიღალა, ინერვიულა და ჩაეძინა. კარგი იქნებოდა, არ ჩასძინებოდა, მაგრამ ასე მოხდა. მიშა მესხმა იმაზე მეტი გააკეთა იმ ფილმში, ვიდრე მისი ჩაძინება იყო. ამიტომ, მგონი, არ ღირს ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება.
– სულ თავიდან როგორ აღმოჩნდით ამ სფეროში?
– თეატრალების ოჯახში გავიზარდე. მამა  დღემდე თუმანიშვილის თეატრის  რეჟისორია. მამიდა, აწ გარდაცვლილი, მუსკომედიის თეატრში მუშაობდა, მუსიკოსი გახლდათ. მთელი ჩემი ბავშვური შთაბეჭდილებები თეატრის ირგვლივ ტრიალებდა, თან დედაც მუსიკოსია. ჩემ გარშემო ყველა ხელოვანი გახლდათ. სწორედ ამ გარემომ იქონია დიდი გავლენა იმაზე, რომ მსახიობი გავმხდარიყავი. შეიძლება, რაღაც მომენტებში ინანო კიდეც ამ პროფესიას რომ ემსახურები. მეც მინანია, რადგან ცოტა დაუფასებელია  ჩვენს ქვეყანაში.
– ანუ, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ მშობელებს პროფესიის არჩევისას?
– წინააღმდეგობა ის იყო, რომ მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა – გაიღებ ენერგიის მაქსიმუმს და უკან შეიძლება, მინიმუმი დაგიბრუნდესო. ამ ყველაფერს მიხსინიდა, რადგან საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი. იგივეს ვეტყვი ჩემს შვილებს. ერთი შვილი ავაცილე ამ ყველაფერს და ბოლოს ოპერატორი გამოვიდა. მშობლებს უნდოდათ, ექიმი გამოვსულიყავი, რადგან ბებიაჩემი გახლდათ ამ პროფესიის.  მაგრამ, უარი ვთქვი ამ ყველაფერზე და გამოვედი მსახიობი.
– გიფიქრიათ იმაზე, რომ შეიძლებოდა, ექიმი ყოფილიყავით?
– კი, რატომაც არა. სხვათა შორის, ფოტოხელოვნებითაც ვარ გატაცებული და ფოტოებსაც ვიღებ. ახლახან ჩამოვედი ნეპალიდან, სადაც ორი კვირით ვიყავი წასული. თავისუფალ დროს ვუთმობ სწორედ ამ საქმეს. ჩემი ცხოვრება მხოლოდ თეატრითა და კინოთი არ შემოიფარგლება – მრავალფეროვანია. ასევე, მიყვარს მოგზაურობა. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ვმოგზაურობდი ევროპულ ქვეყნებში.
– მოგზაურობას ყოველთვის ახლავს თან თავგადასავლები. იქნებ, რომელიმე გაიხსენოთ.
– ძალიან ბევრი რამ გადამხდენია თავს. მაგალითად, „ოსკარზე“ ასეთი რაღაც შემემთვხა. დაჯილდოება დიდი ხანი გრძელდება და პაუზებივით ცხადდება, რომ ცოტა ხნით გავიდეს ადამიანი ჰაერზე. თუმცა, შოუ გრძელდება. მეც გამოვედი ერთ-ერთ პაუზაზე წყლის დასალევად და უკან შებრუნება, რომ გადავწყვიტე,  გზა ამერია – სხვა კარს მივადექი, სადაც დაცვა იდგა და მითხრა, 10 წუთში გაიღება კარიო. ამ ლოდინში გავიხედე და ვხედავ, ედუარდ ნორტონი მიდგას გვერდით. გამეცინა და გამოვხატე ჩემი მის მიმართ დიდი სიყვარული. ისიც დაინტერესდა, ვინ ვიყავი, საიდან და ასე შემდეგ, გაგვიგრძელდა საუბარი. ნორტონმა თქვა, ახლა ხომ გამოპრანჭულები ვდგავართ, მერე, ღმერთის წინაშე რომ წარვდგებით ალბათ, ასეთივე გამოპრანჭულები ვიქნებით. ღმერთი კიდევ, ჩვენ წინ იქნება და გადაწყვეტს, რომელ მხარეს გაგვიშვასო. ამ ლაპარაკში ვართ და უკან მოვიხედე, ვიღაც ქალი დგას ოქროს კაბაში გამოწყობილი, ორმეტრიანი, ულამაზესი, ფერიასავით. კი მივხვდი, რომ ულამაზესი ქალი იყო, მაგრამ მეორეჯერ მომერიდა გახედვა. ამასობაში, კარიც გაიღო. მეც წავედი და დავჯექი ჩემს ადგილზე. დაჯილდოება გრძელდება და გამოაცხადეს, რომ პრიზს გადასცემენ ნიკოლ კიდმანს. უცებ გავიხედე და ის ქალია სცენაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჩემ უკან იდგა.  ცხოვრებაში ცოტა სხვანაირია და ვერ ვიცანი. მერე სიცილი ამიტყდა – ნიკოლ კიდმანი, ულამაზესი ქალი უყურადღებოდ დავტოვეთ მე და ნორტონმა-მეთქი (იცინის).
– ორი ბიჭი გყავთ. მკაცრი მამა ხართ?
– მკაცრი არ ვარ. უფროსი უკვე დიდია – 23 წლის, რომელმაც თავისით გაიკვალა გზა. გარდა იმისა, რომ ოპერატორია, ასევე არის მუსიკოსი და ფოტოგრაფიითაცაა  გატაცებული. თავისი ჯიუტი ხასიათით, სულ მუშაობს საკუთარ თავზე – ხან ერთ ქვეყანაშია, ხან მეორეში.  პირველ არხზე სპორტული გადაცემის ოპერატორია და წელს ბრაზილიაში იყო ოლიმპიადაზე, მერე – ევროპის ლიგის ფინალის გასაშუქებლად. ჩვენ ვმეგობრობთ. ორივე ვეკითხებით რჩევებს ერთმანეთს. მისი აზრი ძალიან მაინტერესებს. პატარა – ალექანდრე 12 წლისაა და გატაცებულია ველოსპორტით. პრობლემა გვაქვს, რომ წიგნი ვერ შევაყვარეთ. მიჯაჭვულია კომპიუტერთან, რაც არ მომწონს. სულ მპირდება,  რომ ორშაბათიდან კარგი ბიჭი გავხდებიო (იცინის).
– დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?
– დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს. თუ მივიწევთ ევროატლანტიკური სივრცისკენ, მაშინ შეუძლებელია, ერთი გრამი მარიხუანის გამო ვინმე დაიჭირო. მთელ მსოფლიოში ადამიანებს, რომლებსაც ნარკოდამოკიდებულების პრობლემები აქვთ, არ უყურებენ როგორც დამნაშავეებს. დეკრიმინალიზაცია სწორედ ამას ნიშნავს და არა – ლეგალიზაციას. შენ კრიმინალი კი არა, ნარკოდამოკიდებული ხარ, რომელსაც დახმარება გჭირდება. ამ დროს კი არ უნდა დაგიჭირონ და ციხეში დაგამწყვდიონ, არამედ ექიმთან, ფსიქოლოგთან მიგიყვანონ. ვიდრე, სხვა ადამიანის ცხოვრებას არ აყენებ ზიანს, რატომ უნდა იყო წნეხის ქვეშ? მაშინ, რა ევროპაზეა საუბარი? თუ ეგრეა, ჩადრიც გავუკეთოთ ქალებს და მარიხუანის მიღების გამო, ხელიც მოვაჭრათ ადამიანებს. არის მსგავსი ქვეყნებიც, სადაც ხელს აჭრიან. უფრო ლოიალურები უნდა გავხდეთ ამ საკითხის მიმართ. ეს პრობლემა ციხითა და დაშინებით არ გადაწყდება.
– თავად როგორი დამოკიდებულება გაქვთ ნარკოტიკების მიმართ?
– 90-იან წლებში ვარ გაზრდილი და ყველაფერი გასინჯული მაქვს. თუმცა, დიდად საყვარელი ამაში არაფერია. მაინც უფსკრულთან მიყავხარ  ამ ყოველივეს. ეს ყოვლად უინტერესო ცხოვრებაა, რაღაც ჩაკეტილი სივრცეა, რომლიდან გამოსვლაც რთულია.
–  როგორც მახსოვს, თქვენც გქონდათ სამართალდამცველებთან პრობლემა?
– სიმთვრალისა და შელაპარაკების გამო მქონდა პრობლემა. ქუჩაში გამყიდველები იდგნენ და ისინი დავიცავი. აღდგომა მოდიოდა და პოლიცილები უფლებას არ აძლევდნენ, ევაჭრათ. ეს ხალხი დავიცავი და იმათ კი პოლიციელებს დაუწყეს ლაქუცი. ამაზე გავბრაზდი და ეს გადაიზარდა პატარა მუშტი-კრივში, თუმცა ბოლოს, ყველაფერი კარგად დასრულდა.

скачать dle 11.3