კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აღმოაჩინა საკუთარ თავში ნაღმზე აფეთქების შემდეგ თემო დადიანმა და როგორ გახდა ის მკლავჭიდში ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი, გინესის ორგზის რეკორდსმენი #12

წლების წინ თემო დადიანისთვის მეორე, ახალი ცხოვრება დაიწყო იმ მომენტიდან, რაც ავღანეთში ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა. მას შემდეგ მან ორჯერ დაამყარა გინესის რეკორდი აზიდვებში. ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონატები აქვს მოგებული და თავისი შედეგებით მსოფლიოს ოცეულშიც შევიდა. თემო ამჟამად ზამთრის კურორტებითა და მკლავჭიდითაა დაინტერესებული და სპორტის ორივე სახეობაში წარმატებები აქვს. დღეს თემო ბევრი ადამიანისთვის მაგალითი და სტიმულია.
თემო დადიანი: გასული წელი ძალიან წარმატებული იყო ჩემთვის სპორტისა და სწავლის მხრივ. აქტიურად ჩავერთე მკლავჭიდში და შარშან, ევროპის ჩემპიონატზე ორივე მკლავში ვერცხლის მედალი ავიღე. შემოდგომაზე კი მსოფლიო ჩემპიონატზე, ბულგარეთში – ბრინჯაოს მედალი მოვიგე ერთ ხელში. ახლა, მაისში მივდივარ პოლონეთში, ევროპის ჩემპიონატზე. როგორც მითხრეს, კონკურენცია საკმაოდ გაზრდილია, სერიოზულად ვემზადები და ველოდები შედეგის გაუმჯობესებას.
– რომელ ხელში გაქვს უფრო მეტი ძალა?
– ორივეს კარგად ვწევ, მაგრამ აფეთქების გამო, მარჯვენა რომ დამიზიანდა, თითებზე პრობლემა მაქვს. თუმცა, მარჯვენასაც კარგად ვწევ. ამჯერად მარცხენის იმედი მაქვს. მკლავჭიდში მიშლის ხელს მხოლოდ, რადგან თითების მოჭერაა მთავარი. მე კი ერთი არ მაქვს, ერთი – არ მუშაობს და ორი თითით როგორი გადასაწევია.
– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია,  ამ ყველაფერს რა საოცარი იუმორით უყურებ...
– სერიოზულად არ ვუყურებ. ჯოკერს რომ ვთამაშობთ და მეკითხებიან: რამდენს ამბობო. თითებს ვაჩვენებ და ვერ ხვდებიან – ოთხია თუ სამი. ბევრი სასაცილო ამბავი გადამხდენია თავს. მახსოვს, ხალხმრავლობა იყო და ერთი ხანშიშესული ქალი ბოდიშებს მიხდიდა. ვერაფერს მივხვდი. რომ გამოვედი და ფეხსაცმლის თავი დაჭეჭყილი მქონდა, მაშინ მივხვდი: ფეხზე დამაბიჯა და მაგიტომ მებოდიშებოდა. იფიქრა, თითები დავალეწეო. მე კი ვერაფერს ვგრძნობდი.
– ვნახე, თოვლში გადაღებული ფოტო რომ დადე წარწერით: „წამეყინა ფეხები”.
– კი, კარგად ვიხალისე. ძირითადად, შორტებით ვმოძრაობ. მხოლოდ უნივერსიტეტში დავდივარ შარვლით. ზაფხულში სანაპიროზე ვსეირნობდი. ბავშვი გამწარებული მორბოდა და უცბად, რომ დამინახა, გაშეშდა და გაიქცა: დედიკო, რობოტი დავინახეო. ბავშვებს მულტფილმის გმირი ვგონივარ. ზოგი რას მეძახის, ზოგი – რას, ტრანსფორმერიაო. ზოგადად, ყველაფერს თვითონ ვაკეთებ. მარტო ვცხოვრობ. ჭურჭელსაც ვრეცხავ და სახლსაც ვალაგებ. მეგობრები რომ მოდიან, უკვირთ, სულ დალაგებული რომ მაქვს სახლი. არ მიყვარს არეულობა.
– იმ შემთხვევის შემდეგ, რა თვისებები აღმოაჩინე საკუთარ თავში?
– რაზეც უფალს მადლობას ვეუბნები და რაც საკუთარ თავში აღმოვაჩინე, ეს არის დიდი სულიერი სიმტკიცე. ასეთ რამეს თუ ვიპოვიდი საკუთარ თავში, არ მეგონა. მე რომ ეს ყველაფერი არ მომსვლოდა და ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი მენახა, ვიტყოდი: მე რომ ასე ვიყო, დეპრესიაში ვიქნებოდი, სახლიდან გარეთ არ გავიდოდი-მეთქი. როცა ეს შემემთხვა, საკუთარ თავში დიდი სულიერი სიმტკიცე ვიპოვე. ღმერთი ძალიან დამეხმარა. აღმართს ყოველთვის მოჰყვება დაღმართი. ერთი რაღაცის დაკარგვით, ბევრი რამ შევიძინე. თავიდან დავიწყე ცხოვრება. პატარა ბავშვი რომ იწყებს ცხოვრებას, ისე დავიწყე. სხვა თვალით ვუყურებდი ყველაფერს. აფეთქების შემდეგ, აზრზე რომ მოვედი, გავაანალიზე ყველაფერი და მას შემდეგ ვცდილობ, შშმ პირებს, რომლებსაც დეპრესია აქვთ, ჩემი სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართვით, დავანახვო, რომ უკან გადადგმული ნაბიჯით არ მთავრდება ცხოვრება. უკან რომ გადადგამ ნაბიჯს, ორი წინ უნდა გადადგა.
– ალბათ, ბევრს დახმარებიხარ მდგომარეობიდან გამოსვლაში.
– ბევრი მეხმიანება სოციალურ ქსელში – მათთვის სტიმულის მიმცემი ყოფილა ჩემი ნაბიჯები. ბევრს უთქვამს: თემური რომ გამოდის ტელევიზიით, ასე მგონია, ფეხზე ვდგებიო. ჩემი ერთი ნაბიჯიც ბევრისთვის სიხარულის მომტანია. ახლა მე მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვისაც ვცხოვრობ. ვცდილობ, აქტიურობა გამოვიჩინო საზოგადოებაში, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს სპორტში, მიიღოს განათლება. რეგიონებში ბევრი შშმ აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამოქმედდნენ. ჩვენი ქვეყანაც ნელ-ნელა ემზადება იმისთვის, რომ შშმ პირები საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთონ. სულ იქნება ვინმე ასეთი და მომავალი თაობისთვის უფრო ადვილი გახდება ცხოვრება. ამიტომ, დღესდღეობით ვინც ვართ, ამისთვის ვიღვწით. თავდაცვის სამინისტრო ცდილობს, აქტიურად ჩაერთოს ჩვენი დაჭრილების ცხოვრებაში.  სპეციალური დეპარტამენტიც გაკეთდა. ბევრი რამ კეთდება, ბევრი რამ გასაკეთებელია. რაც მთავარია, ცდილობენ, აქტიურად ჩაერთონ დაჭრილების ცხოვრებაში. ნელ-ნელა მიიღებენ გამოცდილებას და მომავალ თაობას ბევრი რამ უფრო გაუადვილდება.
– ამერიკაში გაიარე რეაბილიტაციის პერიოდი.
– სანამ ამერიკაში წავიდოდი,  6 თვე სოფელში ვიყავი ჩემებთან. სახლში ჩაკეტილი არასდროს ვყოფილვარ, უბრალოდ, მაშინ პროთეზი არ მქონდა და ძირითადად, სახლში მიწევდა ყოფნა. მხოლოდ მეგობრებთან ერთად თუ წავიდოდი რესტორანში. შემდეგ ამერიკაში წავედი და იქ ვნახე, ამპუტირებული ადამიანები როგორ დადიოდნენ პროთეზებით და სულ გავგიჟდი. თუ ასე თავისუფლად შეიძლებოდა სიარული, ვერც კი წარმომედგინა. საქართველოდან რომ მივდიოდი, ვიცოდი, პროთეზი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ როგორ ვივლიდი და საერთოდ, თუ შევძლებდი სიარულს, ეს არ ვიცოდი. მერე ამერიკაში რომ ვნახე, რამხელა შრომას დებდნენ ამაში, დიდი სტიმული მომცა. ისინი თუ აკეთებდნენ ერთხელ, მე ვაკეთებდი ორჯერ, რომ კარგად გამომსვლოდა, თავისუფლად მევლო. პირვანდელი ცხოვრების პირველი ნაბიჯები არ მახსოვს, მეორე ცხოვრების კი – მახსოვს. პროთეზირების დროს ჯერ ეჩვევი დგომას, დაბალ პროთეზზე დგები და როგორც ბავშვი იწყებს სიარულს, შენც ისე უნდა ისწავლო წონასწორობის შენარჩუნება. თავიდან თავბრუხვევები მქონდა, სულ ჯდომას რომ ვიყავი მიჩვეული. მერე, ნელ-ნელა, ვარჯიშებით, დახმარებით ვიზრდებოდი სიმაღლეში. პროთეზს 5-10 სანტიმეტრს უმატებდნენ და შემდეგ უკვე მუხლიანი პროთეზი მომცეს. რა სიმაღლეც გაქვს, იმ სიმაღლეზე გიყენებენ, თუმცა, „შურუპები” აქვს და შემიძლია, ავამაღლო ან დავადაბლო. მეგობრები მეხუმრებიან – გოგოს რომ შეხვდები, თუ მაღალი იქნება, აიმაღლებ თავს, თუ დაბალი – დაიდაბლებ. არაკომფორტულად რომ არ იგრძნოს გოგომ თავი მის სიმაღლეზე დადგებიო. პირველად, როცა პროთეზი დამიყენეს – 2012 წელს, მექანიკური პროთეზი იყო. მართალია, მაღალი ხარისხის, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც ახლა მაქვს – დაბალი დონის. ყველაფერი ჩემი ძალებით იმართებოდა და ავტომობილიც ვერ დამყავდა. 2014 წელს უკვე ახალი პროთეზი გამიკეთეს – ჭკვიანი ფეხები, რომელსაც ჩიპი აქვს. კომპიუტერით პროგრამირდება, იმახსოვრებს შენს წონას და ამის მიხედვით გადგმევინებს ნაბიჯებს. მანქანასაც თავისუფლად მართავ. ავტომატიკას ერთი ფეხით – როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ისე. ეს არის ყველაზე დიდი პლუსი, რადგან დილით რომ გავდივარ, შუაღამეს მოვდივარ სახლში. თუმცა, წინა პროთეზი რომ მქონდა მაშინაც ვმართავდი ავტომობილს ხელით. სპეციალური ჯოხი მქონდა, ბოლოში ბრტყელი რაღაცით და იმით ვმართავდი. ეს პროთეზი იტენება და ზოგჯერ მავიწყდება დატენვა, ამიტომ მანქანაში ჯოხი მაქვს და თუ დამიჯდა, ავიღებ და ჯოხით ვმართავ მანქანას.
– ცოტა ხნის წინ ვნახე შენი ვიდეო, სადაც თხილამურებზე დგახარ და სრიალებ.
– ამერიკაში რეაბილიტაციის დროს, ერთ დღეს წამიყვანეს  კალიფორნიის მთებში. თავიდან წავიქეცი, ვკოტრიალობდი თოვლში, მაგრამ ბოლოს დავდექი თხილამურებზე და ვსრიალებდი. ჩვეულებრივი თხილამურია, რომელსაც ამორტაზაციისთვის ზამბარა აქვს და შემდეგ მასზე მაგრდება სავარძელი, რომელშიც ჯდები. საქართველოში აღარ მისრიალია და ერთ დღესაც დამიკავშირდა ჩვენი პარაოლიმპიური კომიტეტი. ვაპირებთ, ზამთრის სპორტის განვითარებას და თუ ჩაერთვებიო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და ტრენინგებზე წავედით პოლონეთში. 7 ქვეყნიდან ვიყავით ჩასულები. ბევრი რამ ვისწავლეთ, აქედან მწვრთნელებიც გვყავდა, რომ რაღაცეები ესწავლათ.  ყველაფერი ავითვისე და მეორე დღეს უკვე მარტო დავდიოდი. მერე ჩატარდა შიდა შეჯიბრება. ბიატლონი ასეთი სახეობაა: სრიალებ, რამდენიმე კილომეტრს რომ გაივლი, უნდა დაწვე, ისროლო და მერე ისევ აგრძელებ სრიალს. სროლაში მეორე ადგილი ავიღე. სპეციფიკური იარაღია, ცხოვრებაში პირველად ვნახე და კიდევ კარგი, შედეგი ვაჩვენე. თხილამურებით სრიალში პირველი ადგილი ავიღე.
– გინესის რეკორდსმენიც ხარ და მახსოვს, ტურნიკზე აწევაში ახალი რეკორდის დამყარებას აპირებდი.
– კი, ორჯერ დავამყარე გინესის რეკორდი. მერე ვემზადებოდი ტურნიკზე აწევაში რეკორდისთვის. ველოდებოდი რაღაცეებს, მაგრამ არ გამოვიდა. ახლაც შემიძლია, დავამყარო, მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
– როდესმე გინანია ავღანეთში წასვლა?
– ცხოვრებაში არ მქონია ასეთი სინანული. პირიქით, წასვლა მინდოდა, მაგრამ უარი მითხრეს. არასდროს მიფიქრია: რატომ წავედი, ეს არ დამემართებოდა-მეთქი. პირიქით, გავაკეთე ის, რაც მინდოდა. დაჭრილები სულ იმას ვამბობთ, რომ, თუ მოვა დრო, ჩვენ ბრძოლის ველზე ვიქნებით საჭირო, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ქვეყანას დასჭირდება. ბავშვობიდან მინდოდა, რეალური ომი მენახა – პლასტმასის პისტოლეტი გადამეგდო და ნამდვილი დამეჭირა. ჩემთვის სიამოვნება იყო ტყვიების წვიმაში ძილიც.

скачать dle 11.3