კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როდის მიიღო გიორგი გოცირიძემ ყველაზე დიდი შოკი და როგორ მიუსამძიმრეს ოჯახს მისი მდგომარეობის გამო #12

შარშან, 27 აპრილს, „კომედი შოუს“ მსახიობი გიორგი გოცირიძე უმძიმეს ავარიაში მოჰყვა. 13-დღიანი კომის შემდეგ გონს მოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ ექიმებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ, ნელ-ნელა უმძიმესი მდგომარეობიდან გამოვიდა. ერთი წელი მუდმივად ექიმების გარემოცვაში გაატარა. ბოლო ოპერაცია თურქეთში ფეხებზე გაიკეთა და როგორც ექიმები აიმედებენ, ავარიიდან ერთი წლისთავზე მსახიობი სრულიად დამოუკიდებლად, ყავარჯნების გარეშე შეძლებს სიარულს. გიორგიმ ჩვენთან საუბარში ერთწლიანი რეაბილიტაციის უმძიმესი დღეები გაიხსენა:
გიორგი გოცირიძე: მთელი ეს პერიოდი საქართველოში ვმკურნალობდი, მაგრამ ბოლოს რაღაც ისე ვერ გამოვიდა, როგორც უნდა ყოფილიყო. 6 თვეში უნდა მქონოდა შედეგი და 9 თვის შემდეგ მითხრეს, რომ ისევ საოპერაციო ვიყავი და ამიტომ წავედი თურქეთში. იქ ფეხებზე ორი ოპერაცია გავიკეთე. ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაკეთდა. ფეხები დეფორმირებული მქონდა, ერთი დამოკლებულიც იყო. გამისწორეს, იმპლანტები  ჩამისვეს და ამით დავასრულე ოპერაციები. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს. წესით, ბოლო ოპერაცია იყო – მეცხრე თუ მეათე. უკვე სათვალავი ამერია, იმდენი ოპერაცია გავიკეთე ამ ერთი წლის განმავლობაში. აპრილის ბოლოს დამოუკიდებლად შევძლებ გავლას. საქართველოში უძლიერესი ექიმები მყავდა. შეუძლებელი შეძლეს და მათი დამსახურებაა, რომ დღეს ცოცხალი ვარ. თავზეც, მუცელზეც და ფეხებზეც უმძიმესი მდგომარეობა მქონდა. ბოლოს ფეხებზე შემექმნა პრობლემები. შეიძლება, რაღაც არასწორად გაკეთდა, შეიძლება, ადრე მომხსნეს რკინები. მოკლედ, ის მოხდა, რაც წესით, არ უნდა მომხდარიყო.
– მალე ერთი წელი სრულდება იმ შემთხვევიდან.
– სამი პროცენტი მქონდა გადარჩენის შანსი. ის ავარია 27 აპრილს მოხდა. ის დღე ბუნდოვნად მახსოვს. აღდგომის წინა დღე იყო, სამსახურიდან მეგობრებთან წავედი. იქიდან გზაზე გადმოსვლისას დამეჯახა მანქანა. ჩემი მეგობარი მიყურებდა და ჩემთან ერთად ისიც შოკში იყო. ძალიან მიჭირს გახსენება, ყველაზე ცუდი დღეებია. 12 დღე კომაში ვიყავი უმძიმესი მდგომარეობით. თავიდან ჩემს ოჯახს მიუსამძიმრეს, გვამიაო. სასწაულის ძალით გადავრჩი და 13 დღის შემდეგ თვალი გავახილე. 3 ლიტრი სისხლი მქონდა მუცელში ჩაქცეული, ფეხებზე ღია მოტეხილობები, ანუ ჩემი ძვლები დავკარგე. თავი ორჯერ ამხადეს, ნაწლავების 40 პროცენტი ამომაჭრეს. გულისა და ხერხემლის გარდა, ყველაფერი განადგურებული მქონდა.
– ბუნებრივია, ყველაზე მძიმე პირველი დღეები იქნებოდა. თუმცა, ძალიან რთული და ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი გამოიარე.
– უმძიმესი პერიოდია, მაგრამ ყველაზე რთული საავადმყოფოში გატარებული დღეები და ის პერიოდი იყო, როცა სახლში გამომწერეს და ორი თვე საწოლს ვიყავი მიჯაჭვული. დღემდე ძალიან მიჭირს. ეს პერიოდიც ძალიან რთულია ჩემთვის. უკვე 11 თვეა, ეტლში ვზივარ და ახლა ნერვებიც გამიხდა სამკურნალო. ღამე საერთოდ აღარ მძინავს. მაქსიმუმ, ორი საათი თუ დამეძინება გამთენიისას და ცოტა აგრესიულიც გავხდი. ადრე ასე მარტივად არ ვბრაზდებოდი, მაგრამ ახლა მალე ფეხზე წამოვდგები და მერე ნერვებსაც მივხედავ. ფსიქოლოგიურად მოვიშალე, მაგრამ იმედს არ ვკარგავ. სადაც ამდენ ხანს გავძელი, ცოტასაც მოვითმენ.
– ამ ხნის განმავლობაში თუ გქონია ხელის ჩაქნევის მომენტი?
– კი, მაგრამ, მეგობრები და სამსახური ამის უფლებას არ მაძლევდა. ოჯახის წევრებზე აღარაფერს ვამბობ... თორემ ხელის ჩაქნევაზე ბევრჯერ მიფიქრია. მართლა აღარ შემეძლო, დავიღალე, ნერვები აღარ მყოფნიდა. იმედიც აღარ მქონდა. როცა უკვე შედეგი უნდა ყოფილიყო და ფეხზე დავმდგარიყავი, მითხრეს, ცუდი მდგომარეობა გაქვსო და იმედი გადამეწურა. ხანდახან ისე ვიყავი, საერთოდ არავის ნახვა არ მინდოდა. სახლიდან არ გამოვდიოდი, მინდოდა, სულ მარტო ვყოფილიყავი. ვამბობდი, არაფერი მინდა, ყველაფერს ჩემით გავაკეთებ-მეთქი. ეს იმ დროს იყო, როცა ეჭვი გამიჩნდა, შეიძლება, ფეხზე ვეღარ გავიარო-მეთქი. იყო დეპრესიული პერიოდებიც, მაგრამ გადავაგორე. საოცარი და მყავს – ანი. რომ არა ის, მე დღეს ასე არ ვიქნებოდი. მან ყველაფერი ჩემთან ერთად განიცადა. ერთი წუთით არ მომშორებია გვერდიდან და ყველაფერს ის აკეთებდა.
– ფეხზე პრობლემები ბოლო პერიოდში შეგექმნა? მახსოვს, თვეების წინ ყავარჯნით წამოდექი კიდეც.
– კი. აქ ჩემმა ექიმმა ყავარჯნებით სიარულის უფლება მომცა. მეც დავდიოდი, ძალიან არ ვტვირთავდი ფეხებს, მაგრამ მანქანიდან სამსახურამდე მაინც საკუთარი ფეხით მივდიოდი. ბოლო ორი-სამი თვე ასე ვიყავი და ზუსტად ამის შემდეგ მიიღო ფეხებმა დეფორმაცია. მითხრეს, არ ინერვიულო, როგორც ჩანს, ფეხებმა ვერ გაუძლო, ეტყობა, ბოლომდე შეხორცებული არ იყოო.
– დროსთან ერთად, რეაბილიტაციის პერიოდი დიდ ფინანსებსაც მოითხოვს.
– ბოლო პერიოდში ფინანსური დახმარება დამჭირდა, თურქეთში რომ წავსულიყავი და ოპერაცია გამეკეთებია. აქაც ჩემი მეგობრები და სამსახური დამიდგა გვერდში. ყველას ძალიან დიდი მადლობა.
– ახლა რა ინტენსივობით ახერხებ სამსახურში ყოფნას?
– დილით თუ მასაჟზე არ ვარ წასასვლელი, მაშინ სამსახურში მივდივარ. ყოველ დილით ვერა, მაგრამ ხშირად მივდივარ. სკეტჩების ჩაწერა უკვე დავიწყეთ ბოლო ოპერაციის შემდეგ. მოკლედ, ძალიან ბევრ რამეში გამიმართლა და ერთ-ერთი მათ შორის, ჩემი სამსახურია, რომელიც ოჯახივითაა.
– პირიქით თუ მოხდა? ამ მძიმე პერიოდმა ისეთი ადამიანებიც თუ დაგანახვა, იმედები რომ არ გაამართლეს.
– კი. გადაფასება მოხდა, მაგრამ მათზე საუბარიც არ მსურს. არიან ისეთები, ავარიამდე ძალიან ახლობელი რომ მეგონა და მერე მივხვდი, თურმე ასე არ ყოფილა. არა უშავს. საბედნიეროდ, ბევრი აღმოჩნდა ისეთი, ვინც გვერდით დამიდგა; ნაკლები – ისეთი, ვინც მიღალატა და არ გამიმართლა. პრინციპში, მე კი არა, იმათ არ გაუმართლათ (იცინის).
– კომიდან გამოსვლის შემდეგ, მითხარი, რომ სიზმარი ნახე. ამ პერიოდის განმავლობაში თუ გქონია კიდევ მსგავსი შემთხვევა?
– კომიდან გამოსვლის შემდეგ მეკითხებოდნენ, იქით რა ხდებაო და არაფერი-მეთქი, ვპასუხობდი ან მე არ მინახავს (იცინის). არც გვირაბის ბოლოს სინათლე მინახავს და არც ბაბუაჩემი დამხვედრია. სიზმარი ვნახე, რომ გემით დავფრინავდი. მას შემდეგ ბევრი ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ მსგავსი – არაფერი. ნარკოზიდან ყოველთვის კარგად გამოვდიოდი. ძლიერი ორგანიზმი მაქვს. ეს ერთი წელი სულ ექიმებთან გავატარე და ახლა თუ ცოტა ხნით ვერ ვხედავ, ვხვდები, რაღაც მაკლია (იცინის). ძალიან დავიღალე. საავადმყოფოსა და ექიმის გაგონება აღარ მინდა. ნელ-ნელა ყველაფერი ფორმაში ჩადგება და ზუსტად ერთი წლისთავზე, ისეთივე ვიქნები, როგორიც მანამდე ვიყავი. ამ იმედით და შემართებით ვარსებობ. 27 აპრილს უნდა წამოვდგე და ყველაფრის გარეშე, დამოუკიდებლად გავიარო ფეხზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე დიდი შოკი კომიდან გამოსვლის შემდეგ, თვალი რომ გავახილე, მაშინ მივიღე. ავარიის შესახებ არაფერი მახსოვდა. თვალს ვახელ და ვხედავ, ვწევარ რეანიმაციაში, უამრავ ავადმყოფთან ერთად. ყველა აპარატზეა შეერთებული. ვერ აგიწერთ, რას ვგრძნობდი მაშინ. პირში შლანგები, ხელებზე გადასხმები, თავზე აპარატი. რა დამემართა-მეთქი, – ეს დავიძახე პირველად და ექიმებმა ჩემი ხმა რომ გაიგონეს, ვაიმე, გოცირიძე გონს მოვიდაო. როგორც მითხრეს, იმდენად მძიმედ ვიყავი, ჩემს მობრუნებას არავინ ელოდა. როცა მითხრეს, რაც მოხდა, მაშინ „გამიფრენია“. არ მჯეროდა ამ ყველაფრის. ლოგინზე დამაბეს და ისევ დამამშვიდებლები გამიკეთეს, მაშინვე შეყვარებულის და დის ნახვა მოვითხოვე. მერე, ნელ-ნელა ყველაფერს შევეგუე. თუმცა, ვცდილობდი და დღესაც ვდილობ, ამ სიტუაციას იუმორით შევხედო, ბოლომდე არ ჩავუღრმავდე. ეს ისევ ჩემთვის იქნება ცუდი, ამიტომაც პოზიტივი უნდა შევინარჩუნო. სხვანაირად შეიძლება, გავგიჟდე.
– შეყვარებულს, როგორც ვიცი, დაშორდი.
– კი. სამწუხაროდ, დავშორდი, მაგრამ იმედია, დროებით. რაღაცას თუ მოვინდომებ, აუცილებლად გავაკეთებ და ამ საქმესაც აუცილებლად მივიყვან ბოლომდე.

скачать dle 11.3