კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

ეშმაკის ბილიკი #12

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-11(846)

 მოკლედ, ვარლამმა მოსკოვური მისამართი მომცა და ცხრა მარტს ჯერ განცხადება შევიტანე მილიციაში მისი დაკარგვის შესახებ, შემდეგ სადგურზე მივედი, როგორც დამიბარა და მოსკოვის მატარებელს გაჰყვა. ერთი კვირის შემდეგ კი, მეც ჩავედი მოსკოვში. ვარლამის მიერ მოცემულ მისამართზე მივედი და იქ სახელმწიფო დაწესებულება დამხვდა. კინაღამ გავგიჟდი და თბილისში დავბრუნდი. რომ დავმშვიდდი და ყველაფერი ღრმად გავაანალიზე, მივხვდი, ჩემი მეგობარი ძალიან ცუდ დღეში იყო და ავაზაკების ხელში ჩავარდა, – კვირიკაშვილმა პაუზა გააკეთა, რომ მოეწია. ზურაბ გიგაურმა კი ჰკითხა:
– რატომ იფიქრეთ მასე?
ექიმმა სიგარეტი მოქაჩა და მიუგო:
– დავიწყოთ იმით, რომ ვარლამმა მე ტყუილი მისამართი მომცა და მოსკოვში გამიშვა. რა იყო ეს, გათამაშება? არ მგონია, – კვირიკაშვილმა თავი გააქნია და დააყოლა, – ჯერ ერთი,  ვარლამს ასეთი რამეები არ სჩვეოდა. თანაც, მილიციაში განცხადება გამაკეთებინა და ამდენი საიდუმლო გამანდო. ვფიქრობ, ისიც მოატყუეს.
– მოატყუეს? – გაიმეორა გიგაურმა და დააყოლა, – ვინ და რატომ?
– ვინ და ალბათ, იმათ, ვინც საოპერაციო იყო. ალბათ, იმიტომ რომ, როცა ამ საქმეში ჩემი ჩართვის შესახებ შეიტყვეს, ვარლამს ყალბი მისამართი მისცეს. ოპერაცია კი სხვაგან ჩატარდა, რის მერეც ვარლამი მოკლეს, თავად გაუჩინარდნენ, მე კი გზა-კვალი ამიბნიეს. თუმცა, ბოლომდე მაინც ვერ მოახერხეს ეს.
– რას გულისხმობთ? – ჰკითხა გიგაურმა ექიმს.
კვირიკაშვილმა ნაფაზი დაარტყა და თქვა:
– თბილისში რომ დავბრუნდი, ყველაფერი გავიაზრე და ფაქტები რომ ავწონ-დავწონე, ვარლამის ძებნას შევუდექი. ჩემი მეგობრის მოსკოვში გამგზავრებიდან თვე-ნახევრის შემდეგ, ანუ 24 აპრილს, თბილისი-მოსკოვის მატარებლის იმ შემადგენლობას მივაგენი, რომლითაც ცხრა მარტს ვარლამი მოსკოვში გაემგზავრა. ვიპოვე გამცილებელიც. მას მე ორგანოს თანამშრომლად წარვუდექი და ვარლამის შესახებ გამოვკითხე, თან მისი ფოტოც ვუჩვენე. ოცდახუთიოდე წლის გრიგოლ ბეჟუაშვილმა ვარლამი უმალვე იცნო და მითხრა:
– ეგენი გორში ჩავიდნენ.
– ვინ ეგენი? – ვკითხე გამცილებელს.
– ვინ და აი, ეგ კაცი და კიდევ ქალი და კაცი, – მითხრა ბეჟუაშვილმა და დააყოლა, – ერთად იყვნენ. ერთი კუპეთი მგზავრობდნენ და ჩასვლისას კინაღამ იჩხუბეს.
– იჩხუბეს? კი მაგრამ, რატომ?
– აბა, მე რა ვიცი, – მხრები აიჩეჩა გამცილებელმა, – მე მგონი, მაგ კაცს მატარებლიდან ჩასვლა არ უნდოდა, ქალი და კაცი კი – აძალებდნენო.
– აძალებდნენო? – გაიმეორა გიგაურმა.
– დიახ. ასე მიპასუხა იმ გამცილებელმა. მოკლედ, მე გორში გავემგზავრე და ახლა რომ ტაქსების გაჩერებაა, მაშინ იქ მედროგეები იდგნენ და მგზავრები გადაჰყავდათ. მედროგეებს გამოვკითხე ყველაფერი. მათაც ორგანოს თანამშრომლად წარვუდგინე თავი. ერთმა მედროგემ, ვინმე ანტონ ოქრუაშვილმა, ვარლამის სურათს რომ დახედა, მითხრა:
– აი, ეს ბიჭი და კიდევ ორი – ქალი და კაცი, წავიყვანე სადგურიდანა კოკინაშვილებისასო.
– ეგ სადაა-მეთქი, რომ ვკითხე, მედროგემ პირჯვარი გადაიწერა და მითხრა:
– სადღაა შვილო, გუშინწინ, ოცდაორში მთელი სახლი დაიწვა და საცოდავი მაგდაც გამოიბუგაო.
ერთი სიტყვით, იმ სახლში, სადაც მედროგე ანტონ ოქრუაშვილმა ვარლამი და წყვილი მიიყვანა, ოთხმოცი წლის მარტოხელა მოხუცი, მაგდა კოკინაშვილი ცხოვრობდა. 1946 წლის 22 აპრილს კი მისი სახლი დაიწვა და ჩემი ძიების ჯაჭვიც იქ გაწყდა. საქმე მილიციას ჰქონდა. მე მასში არავინ ჩამახედებდა. ასე სიარული, ორგანოს თანამშრომლად თავის წარმოდგენა და ძიება კი, ძალიან საშიში იყო. ამიტომ, ამ საქმეს თავი დავანებე. მას მერე თითქმის ცხრამეტი წელი გავიდა. ამ საქმეზე არც არაფერი გამიგია ახალი და არც არავის მოუკითხავს ჩემთვის. ახლა კი თქვენ გამოჩნდით და მთელი სიმართლე მოგიყევით. მეტი მე არაფერი ვიცი. შეგიძლიათ, ტყავი გამაძროთ, მაგრამ გარწმუნებთ, რაც არ უნდა მაწამოთ, ახალს ვერაფერს გეტყვით. აი, სულ ესაა, რაც ვიცი, – გივი კვირიკაშვილმა ღრმად ამოისუნთქა. შემდეგ სიგარეტი გააბოლა და სახიდან ოფლი მოიწმინდა.
ზურაბ გიგაურმა მასპინძელს გაუღიმა და უთხრა:
– მჯერა თქვენი მონათხრობის და მეტი შეკითხვა ამ ეტაპზე არ მაქვს. სამაგიეროდ, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან.
 – რა თხოვნა?
– რა, ბატონო გივი და ამ საუბრისა და საერთოდ, ამ ისტორიის შესახებ, არავინ არაფერი არ უნდა იცოდეს. შევთანხმდით?
– დიახ. შევთანხმდით, –  მიუგო მაიორს ექიმმა.
– მაშინ, დაგემშვიდობებით, ნახვამდის, – უთხრა გიგაურმა მასპინძელს და ხელი გაუწოდა.
– ნახვამდის, – დაემშვიდობა კვირიკაშვილიც. ხელი მაგრად ჩამოართვა და სახლიდან გაისტუმრა.
მაიორი ზურაბ გიგაური მეორე დღესვე დაბრუნდა მოსკოვში. გენერალ-მაიორ პავლოვს ყველაფერი დაწვრილებით უამბო და უთხრა:
– მაგდა კოკინაშვილის დაღუპვის ამბავია გამოსაძიებელი. ვფიქრობ, უბედური შემთხვევა არ ყოფილა და ხანძარი შეგნებულად მოაწყვეს.
– გორის მილიციის არქივში მოგიწევს ქექვა, – თქვა გენერალმა.
– არა მარტო, – გაეღიმა გიგაურს, – საბედნიეროდ, მატარებლის გამცილებელიც ცოცხალია, ყოფილი მედროგეც და მაშინდელი გორის მილიციის უფროსიც.
– შესანიშნავია, – თქვა პავლოვმა და დააყოლა, – დაბრუნდი უკან და საქმეს მიხედე. თუ რამე დაგჭირდება, შეგიძლია, ნებისმიერ დროს დამირეკო.
***
მაიორი უთენია ჩაფრინდა თბილისში, ტაქსი აიყვანა და რკინიგზის სადგურისკენ აიღო გეზი. დილის რვა საათი სრულდებოდა, სადგურის ბაქანზე ფეხი რომ შედგა. სწორედ ამ დროს გამოაცხადა სადგურის დიქტორმა რადიოში: სამგზავრო მატარებელი „მოსკოვი-თბილისი“ შემოდის პირველ ლიანდაგზეო. ზურაბი უამრავ დამხვდურს შორის იდგა, რომლებსაც მთავარი ბაქანი გაევსოთ და მოუთმენლად ელოდნენ ახლობლებთან შეხვედრას. მატარებელი რომ გაჩერდა, გიგაური მეთორმეტე ვაგონისკენ გაემართა და ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცს მიაპყრო მზერა, რომელიც გამცილებლის უნიფორმაში იყო გამოწყობილი. გიგაურმა უმალვე იცნო გრიგოლ ბეჟუაშვილი, რომლის ფოტოც ჯიბეში ედო და მისი სახე კარგად ჰქონდა დამახსოვრებული. ზურაბს ერთი სული ჰქონდა, გასაუბრებოდა გამცილებელს, მაგრამ მოცდა არჩია. ოციოდე წუთის შემდეგ კი, როცა ვაგონი სრულიად დაიცალა, ბეჟუაშვილი კი უკან შებრუნდა, რომ კარი ჩაერაზა, გიგაური ავაზასავით შეხტა ვაგონში.
– საით, ამხანაგო! მატარებელი ჩიხში შედის, – შეუბღვირა დაუპატიჟებელ სტუმარს გრიგოლ ბეჟუაშვილმა და ხელით გააჩერა.
– თქვენთან საქმე მაქვს, – მიუგო გამცილებელს მაიორმა. ბეჟუაშვილს მაგრად ჩაავლო მაჯაში ხელი და ვაგონიდან გადავარდნისგან იხსნა, რადგან მატარებელი მკვეთრად დაიძრა ადგილიდან და გამცილებელმა წაიბორძიკა.
– კინაღამ გადამაგდეთ, – იხტიბარი არ გაიტეხა ბეჟუაშვილმა და მაიორს ისევ შეუბღვირა.
– მე? – გულწრფელად გაუკვირდა ზურაბს.
– მე, რა, თხა ხარ? – თქვა ბეჟუაშვილმა და დააყოლა, – თქვი, რამდენი რაა და სადამდე გინდა.
– რა რამდენი რაა და სადამდე მინდა? – გაიმეორა მაიორმა. მოთმინებიდან გამოსულმა გამცილებელმა კი ხმას აუწია:
– კაცო, შენ არ თქვი, – შენთან საქმე მაქვსო?!
– დიახ, ვთქვი, – დაუდასტურა ზურაბმა.
– მერე რამ გაგაკვირვა? თქვი, თუ არა და რამდენი „ტავარი“ გაქვს, რამდენი „მესტა“ და სადამდე გინდა წაგაღებინო. შემდეგ რეისში ერთი კვირის შემდეგ გავდივარ. მიდი, გადადი საქმეზე.
– ააა. – გაეცინა გიგაურს, – მე სხვა საქმე მაქვს თქვენთან.
– სხვა საქმე? – ენა დაება ბეჟუაშვილს. კედელს მიეყუდა და მაიორი ყურადღებით შეათვალიერა.
გიგაურმა წითელი წიგნაკი გაუხსნელად უჩვენა, რომლის ყდაზეც ეწერა: „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი“ და ვინაობის დაუსახელებლად უთხრა:
– თქვენთან პირისპირ მინდა ლაპარაკი.
– პირისპირ? – გაიმეორა დაბნეულმა გამცილებელმა, რომელიც მიხვდა, რომ „კაგებეშნიკი“ ბარგის გადაზიდვის გამო არ მიაკითხავდა. თუმცა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რაში იყო საქმე და შიშისგან გაფითრდა. თან, ცივმა ოფლმა დაასხა.
– თქვენს კუპეში შეიძლება, ვისაუბროთ? – იკითხა მაიორმა.
– დიახ. მობრძანდით, – ბეჟუაშვილი გამცილებლის კუპეში შეუძღვა ზურაბს და ერთმანეთის პირისპირ რომ დასხდნენ, უთხრა:
– გისმენთ. ბრძანეთ, რაშია საქმე?
– ბატონო გრიგოლ, როგორი მეხსიერება გაქვთ?
მეხსიერების ხსენებაზე გამცილებელს კვლავ ცივმა ოფლმა დაასხა, რადგან მიიჩნია, „კაგებეშნიკი“ მას შორიდან უვლიდა და მისი მახეში გაბმა უნდოდა. ამიტომ, ხმის კანკალით მიუგო:
– ნორმალური.
– შეგიძლიათ, ცხრამეტი წლის წინანდელი ამბები გაიხსენოთ?
– რა ამბები?
– ბატონო გრიგოლ, აქ იმიტომ მოვედი, რომ მშვიდად, მოწმეების გარეშე გესაუბროთ. თანაც, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს საუბარი  ჩვენში უნდა დარჩეს და შეთანხმების დარღვევა კანონით ისჯება.
– არავისთან ვიტყვი. ბრძანეთ, რა გნებავთ, – თქვა კვლავ ფერზე მოსულმა ბეჟუაშვილმა.
ზურაბმა კუპეს მაგიდაზე ცოლ-ქმარ მოროზოვებისა და ვარლამ კოვზირიძის სურათები დაალაგა და  ბეჟუაშვილს უთხრა:
– ორმოცდაექვსი წლის მარტის დასაწყისში, თქვენთან ეს ადამიანები მგზავრობდნენ და თუ გახსოვთ?
გამცილებელს გაეცინა და მაიორს უკვე ყოველგვარი შიშისა და გულისფანქალის გარეშე მიუგო:
– ამ ტრიომ ჩემი, მეათე ვაგონის, მაშინ მეათეზე ვმუშაობდი, მეოთხე კუპეთი 1946 წლის 9 მარტს იმგზავრეს. ჩამოვიდნენ გორში და ჯერ კიდევ ამ ცხრამეტი წლის წინ გამომკითხა მათ შესახებ მილიციის ოპერმა.
გიგაურს გაეღიმა. თავი გააქნია და ბეჟუაშვილს უთხრა:
– მშვენიერი მახსოვრობა გქონიათ და იქნებ დეტალურად გაიხსენოთ ყველაფერი. ბოლოს კი კითხვებს დაგისვამთ.
– თითქმის სულ ესაა, რაც გითხარით. ეს ტრიო გორში ჩავიდა და მომეჩვენა, რომ – გამცილებელმა კოვზირიძის ფოტოზე მიუთითა, გიგაურს – ამ კაცს გორში ჩასვლა  არ უნდოდა და ლამის, ძალით ჩააგდეს.
– სულ ესაა?
– დიახ, – თავი დააქნია გამცილებელმა.
– ბატონო გრიგოლ, თუ გახსოვთ, ბილეთები სადამდე ჰქონდათ?
– მოსკოვამდე. მე გამიხარდა კიდეც, გორში რომ ჩავიდნენ. ხაშურში „ლევი“ მგზავრები ავიყვანე და პატარა ფულიც გავაკეთე, – გულწრფელად თქვა ბეჟუაშვილმა.
– გასაგებია, – თქვა მაიორმა. ჩაფიქრდა და უბრალოდ იკითხა, – ამ სამთაგან რომელიმე კვლავ ხომ არ შეგხვედრიათ სადმე?
– კი. აი, ეს კაცი შემხვდა ორმოცდაშვიდში ქუთაისში, – თქვა გამცილებელმა და ვარლამ კოვზირიძის სურათს თითი დაადო.
ზურაბ გიგაური წასვლას აპირებდა, რადგან ბოლო კითხვა ფორმალურად დასვა და უკვე ფეხზე იდგა, მაგრამ, მოულოდნელი პასუხის გაგონებაზე საკუთარ ყურებს არ დაუჯერა და გრიგოლ ბეჟუაშვილს ჰკითხა:
– რა ბრძანეთ?
– აი, ეს კაცი შემხვდა ორმოცდაშვიდი წლის 2 თებერვალს, ქუთაისში, – გაიმეორა გამცილებელმა და კვლავ ვარლამ კოვზირიძის სურათს დაადო თითი.
უშიშროების მაიორმა ამჯერად უკვე დაუჯერა საკუთარ ყურებს. მასში მონადირის ინსტინქტი გაღვივდა და გულმა ბაგაბუგი დაუწყო. მაგრამ, თავი მოთოკა და გამცილებელს ჰკითხა:
– ხომ არ გეშლებათ?
– არა, რას ბრძანებთ. თავს დავდებ, რომ ნამდვილად ამ კაცს შევხვდი ორმოცდაშვიდის ორ თებერვალს ქუთაისში.
საუბრის მოულოდნელმა გაგრძელებამ გიგაური ააფორიაქა და ცოტა რომ დამშვიდებულიყო, სიგარეტის მოწევა გადაწყვიტა და ბეჟუაშვილს ჰკითხა:
– შეიძლება, მოვწიო?
– რა თქმა უნდა და მეც მომაწევინეთ, თუ შეიძლება. თამბაქო გამითავდა, – თქვა გამცილებელმა და მაგიდაზე შუშის საფერფლე დადო.
სიგარეტი რომ გააბოლეს, მაიორმა გამცილებელს ჰკითხა:
– ქუთაისში სად, რა ვითარებაში შეხვდით ამ კაცს?
– მკურნალ აპოლონ ხვიჩიასთან. გაგონილი გექნებათ აპოლონ ხვიჩია, დამწვრობის მალამოებს ამზადებს. ჩემს ძმას, ვიქტორს ხელი ჰქონდა დამწვარი. ხვიჩიას მალამოთი ვმკურნალობდით და ქუთაისშიც ამიტომ ვიყავით.
– ეს კაციც ხვიჩიასთან იყო?
– დიახ. ჩვენ უკვე გამოვდიოდით ოდიდან, ის კი შედიოდა და ჭიშკარში შეგვხვდა.
– მარტო იყო?
– კი. მარტო იყო, – თქვა ბეჟუაშვილმა და დააყოლა, – ყოველ შემთხვევაში, ეზოში მარტო შემოვიდა და გარეთ თუ ვინმე ელოდებოდა, არ ვიცი.
– თვითონ თუ გიცნოთ?
 – ჩვენთვის არც კი შემოუხედავს, – თქვა გამცილებელმა.
მატარებლის გამცილებლის სიტყვები იმდენად დაუჯერებლად ჟღერდა, რომ გიგაურმა ბეჟუაშვილს უთხრა:
– ბოდიშს გიხდით ამ სიტყვებისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დავაზუსტო, ბატონო გრიგოლ, ხომ არ გეშლებათ და ხვიჩიასთან ნამდვილად ეს კაცი – მაიორმა კოვზირიძის სურათისკენ გაიშვირა თითი – შეგხვდათ?
– ნამდვილად. თავს დავდებ, რომ არ მეშლება, – მტკიცედ თქვა გამცილებელმა.
– ბოდიშს გიხდით, მაგრამ ასეთი პროფესია მაქვს, ბატონო გრიგოლ და რა ვქნა? – თქვა ზურაბმა, – ხშირად ადამიანებს ბევრი შეკითხვებით თავს ვაბეზრებ.
– გასაგებია, – ხელები გაშალა ბეჟუაშვილმა.
მაიორმა მაგიდაზე გაშლილი ფოტოები ჯიბეში ჩაიწყო და გამცილებლებს უთხრა:
– ბატონო გრიგოლ, კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ ამ საუბრის შესახებ არავინ არ უნდა შეიტყოს.
– არავის ვეტყვი.
– ჰოდა, კიდევ ერთი, თუ იცით, ის აპოლონ ხვიჩია ცოცხალია?
– შარშან ცოცხალი იყო. ჩემი ქალიშვილისთვის მალამო ვიყიდე მასთან.
– მისამართი ხომ არ გახსოვთ?
– საფიჩხიაზე ცხოვრობს. ქუთაისში, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა გეტყვით. ქუჩა და სახლის ნომერი კი ნამდვილად არ ვიცი.
– კარგი. მე ჩავხტები აქ და წავალ, ხოლო თუ დაგვჭირდით, დაგიკავშირდებით. თქვენი კოორდინატები მაქვს, –  უთხრა გიგაურმა ბეჟუაშვილს და კარისკენ გაემართა, რომ ჩიხში ნელი სვლით მიმავალი მატარებლიდან გადამხტარიყო.
– ერთი წუთით, ამხანაგო, სიტყვა დააწია გიგაურს გამცილებელმა, – თქვენი სახელი შეიძლება, გავიგო?
– უშიშროების კომიტეტის მაიორი ზურაბ გიგაური, მაგრამ ესეც ჩვენ შორის დარჩეს, – უთხრა ზურაბმა ბეჟუაშვილს, მატარებლიდან ჩახტა და ლიანდაგს გაუყვა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3