კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

ფრანგული აფერა #12

პიერ დიუმანმა, ცნობილმა კრიტიკოსმა, ვერ გააცნობიერა იმ საფრთხის რეალობა, რასაც დუელში მონაწილეობა უქადდა. აურზაური ერთი უნიჭო, დამწყები სცენარისტის პიესას მოჰყვა, რომელიც პოპულარულ ჟურნალში ნაცარტუტად აქცია. ამას სკანდალი მოჰყვა, მაგრამ სკანდალს ვინ ჩივის, პიესის ავტორი ყოფილი ოფიცერი გამოდგა – თითქმის ფსიქიკური აშლილობის მქონე ლამონი, რომელიც სამეფო გვარდიაში მსახურობდა და უხეშობის, მუნდირისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, გამოუშვეს. პიერი „შხამიანი“ მწვავე რეცენზიებით ყოველთვის გამოირჩეოდა, თუმცა, ამ შემთხვევაში, ბომბივით აფეთქდა სახელოვნებო წრეებში.
პიერი თავის საყვარელ კაფე „მეგანში“ ყავას სვამდა, როცა კოლეგა ბერნშტეინი „დაესხა“ თავს. მხრებში მოჰკიდა ხელი და მაგრად შეაჯანჯღარა.
– გილოცავ! ახლა ერთ სტრიქონში იმდენს გადაგიხდიან, რამდენსაც მე სტატიაში. მაგარი იყო!
– დიდი ვერაფერი, – მხრები აიჩეჩა დიუმანმა, – ის დავწერე, რასაც ყოველთვის ვწერ, როცა უნიჭობას ვაწყდები.
– ჰო, მესმის, მაგრამ ის ტიპი დიდი თავზეხელაღებული ვინმეა. მთელი ქალაქი თქვენს მოსალოდნელ დუელზე ლაპარაკობს. ჰო, მართლა, მძიმე დღე გელოდება. ლამონთან დუელი ადვილი არ იქნება. თავზეხელაღებული ვინმეა. თან, როგორც მითხრეს, სნაიპერი ყოფილა. ნერვები წესრიგში გაქვს? ამ დღეებში დაგჭირდება.
– ბერშტეინ, რისი თქმა გინდა? დარწმუნებული ვარ, თუკი ლამონი მომკლავს, მხოლოდ გაგიხარდება.
კრიტიკოსმა განცვიფრებული და შეურაცხყოფილი გამომეტყველებით გაშალა ხელები.
– ხომ გითხარი, ნერვები წესრიგში არ გაქვს-მეთქი. მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ თუ ლამონის ტყვიას გადაურჩები, დიდი სიურპრიზი გელოდება – ლამპერდი მოიხიბლა შენი „კალმით“ და თავისთან გიპირებს აყვანას. ხვდები, ეს რას ნიშნავს? სახელი, ფული და დიდება არ მოგაკლდება.
– ჰო, თუ ცოცხალი დავრჩი, – ჩაიბურტყუნა პიერმა და ოფიციანტის მოტანილი ყავა მოსვა.
– მე შენ ადგილას სროლაში დავიწყებდი ვარჯიშს. დუელამდე სამი დღე რჩება, იქნებ იმდენი მაინც მოახერხო, ხელში დაჭრა და მიზანს ააცილოს. მომისმინე, მეგობარო, მე შენი კეთილდღეობისთვის ვზრუნავ. ლამონთან ხუმრობა საშიშია.
– რას მირჩევ, სამარცხვინოდ გავიქცე? – ამას არ გავაკეთებ.
– იცოდი? – არ ცხრებოდა ბერნშტეინი, – მიუნხენში, საიდანაც ჩამოვიდა, ორი ოფიცერი მოუკლავს დუელში. კალამიც რომ ასე უჭრიდეს...
– საკმარისია. მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის, მაგრამ ძიძა არ მჭირდება. საკუთარ თავზე როგორმე ვიზრუნებ, – პიერი მოიღუშა. ბერნშტეინს ისედაც ვერ იტანდა და იგრძნო, როგორ ივსებოდა მისდამი სიძულვილით.
***
ზოგჯერ სიმამაცე ის კი არ არის, თავით გადაეშვა ხიფათში, არამედ, სწრაფად განერიდო უსიამოვნებას. მით უფრო, თუკი შენი სიცოცხლე ღირებულია. პიერი უზარმაზარ ნაბიჯებს დგამდა, თან ფიქრობდა. უცებ გენიალური აზრი მოუვიდა. მონპარნასიდან რენიეს ქუჩაზე ჩაუხვია და ძველებურ სახლს მიადგა, რომელსაც წარწერა ამშვენებდა: „ალბერ ფილიპსი, ფარიკაობისა და მიზანში სროლის ოსტატი – ამერიკული სტილი“. ზარი დარეკა და დაელოდა. ზღურბლზე ჯმუხი მამაკაცი გამოჩნდა.
– საქმეზე მოხვედით? – ჰკითხა მისალმების მაგივრად.
– რა თქმა უნდა, ათასი ფრანკის გამომუშავებას გთავაზობთ.
– ფული არასდროსაა ზედმეტი. შემოდით, ვილაპარაკოთ.
– თქვენზე მითხრეს, რომ ბრწყინვალედ ფლობთ როგორც დაშნას, ისე პისტოლეტს, – უთხრა პიერმა შესვლისთანავე.
– მასწავლებლად გინდათ ამიყვანოთ?
– არა, ღირსების საკითხია. უნდა დამეხმაროთ. ჩემი ადგილი უნდა დაიკავოთ დუელში, რომელიც სამი დღის შემდეგ გაიმართება სიურესენის ხიდზე, სენის ნაპირას.
– ეს როგორ? – წარბები გაოცებით ასწია ალბერ ფილიპსმა.
– მომისმინეთ. თქვენ არაფერს რისკავთ. ჩემი მოწინააღმდეგე თქვენზე ნაკლებად გამოცდილია. პირველმა ესროლეთ და დაჭერით. ფულს მიიღებთ, ხუთას ფრანკს – ახლავე, ხუთასს ბრძოლის დასრულების შემდეგ. მე ის სახეზე არ მიცნობს, თანაც მოვითხოვ, რომ დუელი ნიღბებით შედგეს. ამაზე უარს არც ის იტყვის, რადგან ასე პოლიციასთან პრობლემებიც ნაკლები ექნება. ხომ არ გეშინიათ?
მასწავლებელს გაეცინა.
– მე? ყმაწვილო, თქვენ წინ პროფესიონალი დგას.
– ძალიან კარგი, ესე იგი, სწორად მოვსულვარ. აი, ხუთასი ფრანკი და ჩავთვალოთ, რომ ჩვენი მოლაპარაკება შედგა. დანიშნულ დროს მარტო მოხვალთ. ჩემს მეგობრებს ვეტყვით, რომ მოწმეები არ გვჭირდება. მისი მოწმეები კი არც თქვენ გიცნობენ და არც მე. სიმაღლე თითქმის ერთნაირი გვაქვს. პრობლემები არ იქნება.
– კი მაგრამ, ვინ ხართ?
– თეატრალური კრიტიკოსი. აბა, რას იტყვით?
– სად არის ფული? მე თანახმა ვარ.
დუელამდე დარჩენილი ორი დღე პიერმა მშვიდად და კმაყოფილმა გაატარა. დარწმნებული იყო, რომ ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით ჩაივლიდა. მეგობრების მძაფრი პროტესტის მიუხედავად, შეთანხმდნენ, რომ დუელზე მარტო მივიდოდა. თავად ერთი საათით ადრე მივიდა და დუელის ადგილის მახლობლად, პატის რესტორნის ვერანდა აირჩია თვალყურის სადევნებლად. დილაადრიან რესტორანში არავინ იყო. ოფიციანტები ჭურჭელს წმენდნენ და ამთქნარებდნენ. პიერმა ომლეტი და ყავა შეუკვეთა. ამოირჩია მაგიდა, საიდანაც მთელი სენა და ხიდი ხელის გულივით ჩანდა და მოხერხებულად მოეწყო. ძალიან გაუკვირდა, როცა მყუდროება უცნობმა მამაკაცმა დაურღვია. უცნობი სწორედ მის მაგიდასთან დაჯდა. ესეც არ იკმარა და სანამ რამის თქმას მოასწრებდა, გამოელაპარაკა.
– დღეს ცივა, არა?
– მე გეუბნებით, მისიე?
– დიახ. შეიძლება, აქ ვიჯდე? მინდა, რაღაც დავინახო. ხელს ხომ არ შეგიშლით?
პიერმა მხრები აიჩეჩა. უცნობი აშკარად ლაპარაკისთვის იყო მომართული.
– დიახ, ცივა, მაგრამ მე ეს არ მაწუხებს. უფრო პირიქით, მყუდროდ ვზივარ და ყავას ვსვამ. მაშინ, როცა სხვა, ჩემ მაგივრად დუელში იბრძვის.
პიერი გველნაკბენივით შეხტა.
– რა ბრძანეთ?
– ჰო, სიბრძნე ფილოსოფოსთა გვასწავლის, რომ გამოსავლის პოვნა ყოველთვის შეიძლება, თანაც, საუკეთესო გამოსავლის. დღეს ერთ ბრიყვ კრიტიკოსს უნდა შევბრძოლებოდი დულში. იდიოტი! ჩემზე საზიზღრობები დაწერა. თითქოს ისე არ ვიცოდე, რომ გენიოსი არ ვარ. მაგრამ იმდენი კი მესმის, საკუთარი სიცოცხლე საფრთხის წინაშე არ დავაყენო. მთავარი და სასაცილო ის არის, რომ იდეა თავად მიკარნახა – ნიღბებით ვიბრძოლოთო. ჰოდა, მეც ერთ ოსტატს ფული გადავუხადე და ვთხოვე, ჩემ მაგივრად ებრძოლა. ვინმე ალბერ ფილიპსი – ამერიკული სტილი... გსმენიათ მის შესახებ?
 პიერი მიხვდა, ვინც იჯდა მის წინ, ყავა გადასცდა და ხველა აუტყდა

скачать dle 11.3