კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

როგორ მოატყუა სტალინმა ჰიტლერი მუსოლინის მეშვეობით #12

სტალინის ეშმაკობასა და პოლიტიკურ ცბიერებაზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა. საბჭოთა ბელადი თავის ქმედებებს ყოველთვის საბჭოთა კავშირის ინტერესებს უქვემდებარებდა და ოპონენტებიც არაერთხელ მოუტყუებია. პროფესორი პავლე სახაროვი წერს: „სტალინი ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეში აბითურებდა თავის ოპონენტებს. მაშინ, როცა მცირე ძალაუფლება ჰქონდა. მოგვიანებით კი, საბჭოთა ბელად-დიქტატორი უკვე ევროპულ არენაზე იყენებდა ჩვეულ ხერხებს და არაერთი წარმატებული სვლა აქვს გაკეთებული. მარტო ის რად ღირს, რომ სტალინმა მუსოლინის მეშვეობით, თავად ჰიტლერი მოატყუა და ამ სვლამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებაში.
1938 წლის სექტემბერში, სტალინის პირადი დავალებით, საბჭოთა დიპლომატები იტალიის დიქტატორ ბენიტო მუსოლინიზე გავიდნენ და ის ყირიმში ფარულად ჩამოიყვანეს, სადაც მისი და სტალინის საიდუმლო შეხვედრა შედგა. საბჭოთა უშიშროების გენერალ-ლეიტენანტი ევგენი ბასოვი, რომელიც დიპლომატიური საფარის ქვეშ მუშაობდა 1935-1939 წლებში ევროპაში, იხსენებდა: „1938 წლის აგვისტოში მოსკოვში გამომიძახეს. მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების ოფიცერი (მაშინ პოლკოვნიკის ჩინი მქონდა) ვიყავი, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატში ვირიცხებოდი. თავად მოლოტოვმა მიხმო და მითხრა:
– ევგენი საფრონოვიჩ, ჩიანოს ხომ კარგად იცნობ?
ჩიანო იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუსოლინის სიძე და მისი უახლოესი, ნდობით აღჭურვილი პირი გახლდათ. ვილა ბორგეზეში (ასე ეწოდებოდა ფაშისტური იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას) ჩიანოს ხშირი სტუმარი ვიყავი და ბილიარდს ვთამაშობდი.
– დიახ, ძალიან ახლოს  ვიცნობ, – მივუგე ვიაჩესლავ მიხაილოვიჩს.
– ჰოდა, მისი მეშვეობით თავად მუსოლინიზე უნდა გახვიდე და სტალინთან შეხვედრაზე დაითანხმო. იცოდე, ეს აუცილებელია და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
თავად დუჩესაც (მუსოლინი. დუჩე ბელადს ნიშნავს) კარგად ვიცნობდი. თუმცა, ჯერ ჩიანოს შევხვდი და მერე – მუსოლინისაც.  ფაშისტ დიქტატორს სტალინის თხოვნა გადავეცი მასთან საიდუმლო შეხვედრის თაობაზე და დუჩესაც ბევრი ხვეწნა არ დასჭირვებია. უფრო სწორად კი, ის დაინტერესდა, დაინტრიგდა სტალინის წინადადებით და შევთანხმდით, რომ 28 სექტემბერს ყირიმში გემით ჩამოვიდოდა. ამით ჩემი მისია ამოიწურა და მხოლოდ ომის შემდეგ შევიტყვე ამ საიდუმლო შეხვედრის შინაარსის შესახებ...“
1938 წლის 28 სექტემბერს, დილის 10 საათსა და 45 წუთზე, ყირიმში ჩავიდა მუსოლინის მოდერნიზებული გემი. დღის 15 საათზე იტალიელ სტუმარს სტალინი უკვე რომანოვების ყოფილ სასახლეში შეხვდა – იქ, სადაც მოგვიანებით ყირიმის კონფერენცია გაიმართა. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინს ძალიან გაუხარდა, რომ მუსოლინის უნდა შეხვედროდა და 26 სექტემბერს მითხრა:
– კარგია, რომ აქ ჩამოვიტყუეთ. ვფიქრობ, წამოვაგებთ ფანდზე და ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გამოვა.
სტალინი მრავლობითში ამბობდა – წამოვაგებთო. თუმცა მხოლოდ მან იცოდა, თუ რაზე უნდა წამოეგო დუჩე და ღიმილით ვკითხე:
– რაზე წამოვაგებთ?
– მე მას შევთავაზებ ციმბირის სიმდიდრეებით სარგებლობას, – მითხრა სტალინმა. გააბოლა და გაჩუმდა.
კარგა ხანს ხმა რომ არ ამოუღია, ვკითხე:
– სანაცვლოდ რას მოსთხოვ?
– იმას, რომ ჰიტლერთან საქმე ჩაგვიწყოს.
– კონკრეტულად?
– კონკრეტულად ის, რომ თუკი მუსოლინი ჰიტლერს დაიყოლიებს, რომ გერმანიამ ჩვენთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი, დროს მოვიგებთ და დიდი ომისთვის სამზადისის ვადას გავიხანგრძლივებთ.
– გონიერი სვლაა, მაგრამ არ ჯობია, თავად ჰიტლერს შესთავაზო ციმბირის სიმდიდრით ერთობლივი სარგებლობა, ამით ხომ უფრო დაიყოლიებ გერმანიის მმართველს ჩვენთან თანამშრომლობაზე? – ვუთხარი სტალინს. მან კი თავი გააქნია:
– არავითარ შემთხვევაში.
– რატომ? – მხრები ავიჩეჩე მე.
– იმიტომ რომ, გერმანელები ციმბირში თუ შეუშვი, მართლა გამოიყენებენ მის სიმდიდრეს და კიდევ უფრო გაძლიერდებიან. იტალიელები კი, თავიანთი ბუნებრივი წყობითა და ტემპერამენტით, ამას ვერ მოახერხებენ.
– შენ რა, მართლა აპირებ მუსოლინის ციმბირში შეშვებას? – ვკითხე სტალინს.
– არა, არც მიფიქრია. მე, უბრალოდ, შევპირდები და გავუწელავთ ამ პროცესს. ჰიტლერს რომ ეს შევთავაზო, ის ჯერ ციმბირში შესვლას მოითხოვს და მხოლოდ ამის მერე წამოვა ჩვენთან მეგობრობაზეო, – მითხრა სტალინმა, რაც აბსოლუტური სიმართლე იყო. მას ასეთი რამეები არ ეშლებოდა.
მართლაც, მუსოლინი სტალინმა ისე მოაჯადოვა თავისი მასპინძლობით, რომ იტალიის მმართველს ერთგვარი დაბნეულობაც კი ეტყობოდა – სწორედ მან გაგვიყვანა ჰიტლერზე. შემდეგ თავდაუსხმელობის პაქტი იყო, რომელმაც თითქმის ორი წელი მოგვაგებინა და დიდი ომისთვის ვემზადებოდით...“
სტალინის პირადი მთარგმნელის, ვლადიმირ პავლოვის, მოგონებებიდან: „მუსოლინისთან შეხვედრას ამ ორი ლიდერის გარდა, მხოლოდ მე ვესწრებოდი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრები – მოლოტოვი და ჩიანო, ცალკე საუბრობდნენ. შეხვედრის წინ სტალინმა მითხრა:
– ამხანაგო პავლოვ, ალბათ, საჭირო არაა თქვენთვის იმის შეხსენება, რომ ამ შეხვედრის შესახებ არავინ არ უნდა შეიტყოს. თქვენს ლინგვისტურ განსწავლულობაში კი ეჭვიც არ მეპარებაო.
სტალინი მუსოლინის სამხრეთული გულღიაობით ესაუბრებოდა. ბევრს ხუმრობდა და ხაზს უსვამდა საბჭოთა კავშირ-იტალიის მეგობრობის დიდ მომავალს. დუჩეს საბჭოთა ბელადმა ქართული ეროვნული სამოსი და სპეციალურად დამზადებული ვერცხლის ქამარ-ხანჯალი უსახსოვრა. ტემპერამენტულმა და მგრძნობიარე იტალიელმა კი ძღვენი ადგილზევე მოიზომა. ფოტოებიც კი გადაიღო ამ სამოსში (ჩოხაში) სტალინთან ერთად. გამომშვიდობების წინ კი, გადაეხვია საბჭოთა ბელადს და კუნძულ კაპრიზე დაპატიჟა სტუმრად, სადაც ადრე გორკი მკურნალობდა.“
სტალინის სვლამ, როგორც ყოველთვის, გაამართლა. მუსოლინი უკვე ერთი კვირის შემდეგ შეხვდა ჰიტლერს. საბჭოთა კავშირთან მეგობრობაზე დაითანხმა და სულ მალე ამას სტალინისა და ჰიტლერის პირველი საიდუმლო შეხვედრა მოჰყვა.

скачать dle 11.3