კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართველი გოგონას იდეალურად შედგენილი გეგმით, ბანდიტებმა 570 ათასი მანეთი გაიტაცეს #11

უპრეცედენტო დანაშაული
1975 წლის 4 აპრილს, პარასკევს, მოსკოვში, „მურის“ (მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრო) თანამშრომელთა ხელფასი გაიტაცეს, რომელიც 570 ათას მანეთს შეადგენდა.
დილის 10 საათზე ცენტრალურ ბანკში ორი მოლარე გამოცხადდა. მათ მთავარ მოლარეს „მურის“ თანამშრომლების ბეჭდიანი საბუთები წარმოუდგინეს და „შინაურულად გაანდეს“, რომ მათი წინამორბედი მოლარეები ფინანსური მაქინაციებისთვის „ობეხეესმა“ (დღევანდელი ფინანსური პოლიცია) „ჩააყუდა“ და მათ მაგივრად მუშაობენ. შემდეგ, თანხის მისაღები ყველა საბუთი გააფორმეს, 570 ათასი მანეთი აიღეს და წავიდნენ. მთელ ამ პროცედურას სულ რაღაც 20 წუთი დასჭირდა. ათი წუთის შემდეგ კი, დილის თერთმეტის ნახევარზე, ცენტრალური ბანკის მთავარ მოლარეს, ირინა სარკოვას ანდრეი კოტელნი და ვადიმ ბრუსკინი ეწვივნენ კაბინეტში. სარკოვამ რომ მათ შეხედა, ენა მუცელში ჩაუვარდა. ახალმოსულები, „ობეხეს“ მიერ „ჩაყუდებული“ მოლარეები იყვნენ. ცენტრალური ბანკის მთავარი მოლარე ერთხანს გაოგნებული მისჩერებოდა „მურის“ მოლარეებს. ბოლოს კი, როდესაც მიხვდა, თუ რაში იყო საქმე, სახე წამოეჭარხლა და საშინელი ხმით აღრიალდა: „გვიშველეთ, გვიშველეთ, ხუთას სამოცდაათი ათასი გაიტაცეს...“
ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ყალბი მოლარეები ფალსიფიცირებული საბუთებით მივიდნენ ბანკში და მსხვილი თანხით გაუჩინარდნენ.

მოკვლევა
„მურის“ „ხელფასების საქმეს“ ყველაზე კვალიფიციური გამომძიებლები იძიებდნენ და მოსკოვის მილიცია 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა ამ საქმეზე. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ოფიციალური ბლანკები, რომლითაც ბანკიდან 570 ათასი მანეთი დაუბრკოლებლად გაიტანეს, კუსტარულად, მაგრამ საკმაოდ მაღალ დონეზე იყო დამზადებული. გაირკვა ისიც, რომ როდესაც „მურის“ მოლარეები და ორი შეიარაღებული მილიციელი ფურგონიანი „მოსკვიჩით“ ბანკში მიემგზავრებოდნენ, მანქანას ორი ბორბალი გაუსკდა გზაში და მის გამოცვლას 20 წუთი დასჭირდა, რაც დანაშაულის ჩასადენად იყო საჭირო. ტრასოლოგიურმა და ტექნიკურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბორბლების გახეთქვა მათზე მიმაგრებულმა გოგირდმჟავიანმა პაკეტებმა გამოიწვია. თვითმხილველთა გამოკითხვამ კი, უჩვენა, რომ ყალბი მოლარეებიც ზუსტად ისეთი ფურგონიანი „მოსკვიჩით“ მივიდნენ ბანკში, როგორითაც ნამდვილი მოლარეები დადიოდნენ და მანქანას იგივე სანომრე ნიშანი ეკეთა, ანუ ნომერი ყალბი იყო. დადგინდა ბოროტმოქმედთა რაოდენობაც და გაირკვა, რომ მოქმედებდა ხუთკაციანი ჯგუფი. ორი მოლარე – რომლებმაც ბანკიდან ფული გამოიტანეს, მანქანის მძღოლი და ორი თანმხლები მილიციელი. ანუ, ზუსტად ისეთივე შემადგენლობის ჯგუფი, როგორიც სინამდვილეში. გამომძიებლებმა მხოლოდ ყალბი მოლარეების სიტყვიერი პორტრეტები შეადგინეს. თუმცა, ვერავისთან მოახდინეს იდენტიფიკაცია. ერთი სიტყვით, სკურპულოზური საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, მილიციას ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდა, ხელჩასაჭიდი სამხილები კი საერთოდ არ გააჩნდა.

ეძიეთ მოლარე
მას მერე, რაც მოკვლეული მასალები უამრავჯერ გააანალიზეს, „მურის“ ანალიტიკური სამსახური იმ დასკვნამდე მივიდა, რომ დანაშაულის თანამონაწილე აუცილებლად მოქმედი ან ყოფილი მოლარე უნდა ყოფილიყო – ის, ვინც შეუცდომლად იცნობდა ბანკიდან ფულის გამოტანის პროცედურის ყველა ნიუანსს. ამ დასკვნამდე ანალიტიკოსები იმან მიიყვანა, რომ დანაშაული უზადოდ, „სუფთად“ იყო შესრულებული, რაც დამნაშავეთა მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებდა. მოლარის ძებნა თივის ზვინში ნემსის ძებნას ნიშნავდა, მაგრამ, რადგან მილიციელებს სხვა ხელჩასაჭიდი არ ჰქონდათ, ამ ვერსიას მიჰყვნენ და ყველა ცოცხალი მოლარის გადამოწმებას შეუდგნენ, ვინც დანაშაულის ჩადენის პერიოდში ან მანამდე, მეტ-ნაკლებად საეჭვოდ მოეჩვენათ გამომძიებლებს. დრო გადიოდა. სამხილები არ ჩანდა. არც აგენტებისგან შემოდიოდა ამ საქმეზე ინფორმაციები და მიუხედავად იმისა, რომ ასეულობით მოლარე გადაამოწმეს, დადებითი შედეგი არ ჩანდა. მაგრამ, კაპიტან ანდრეი სკვორცოვის ყურადღება 27 წლის ყოფილმა მოლარემ, დიანა ანთელავამ მიიქცია. ქართველი გოგონა მოსკოვის ¹19 შემნახველ სალაროს ყოფილი მოლარე იყო და სამსახურიდან „უყურადღებობისა და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებისთვის“ გაათავისუფლა გამგემ, ინესა ლაბაძემ, რომელიც ასევე ქართველი  გახლდათ. სკვორცოვმა დაადგინა, რომ ანთელავა წასვლის წინ დაემუქრა ლაბაძეს – გაგამწარებო. სინამდვილეში ლაბაძემ ანთელავა ვინმე ანზორ გვალიას გამო გააგდო სამსახურიდან. 30 წლის გვალია ლაბაძის საყვარელი იყო და ანთელავამ მას კაცი წაართვა.
გენიალური გეგმა
როგორც სკვორცოვმა დაადგინა, 30 წლის ანზორ გვალია ბინის ქურდობაზე 3 წელი იჯდა ციხეში. მოსკოვში კი ჯერ გაუთხოვარ ინესა ლაბაძესთან ცხოვრობდა, შემდეგ თავის ახალ საყვარელთან – დიანა ანთელავასთან, რომელიც ქვრივი გახლდათ და გარდაცვლილი მეუღლის ბინაში ცხოვრობდა მოსკოვის ცენტრში. სკვორცოვი და „მური“ საყვარლებს კუდზე დაასხდნენ. მანამდე კი ინესა ლაბაძე დაჰკითხეს და ქალმა გამომძიებლებს უთხრა:
– დიანა უკიდურესი ნაძირალაა. ის ყველაფერს იკადრებს. მე დამემუქრა გაგამწარებო და ვფიქრობ, ჩემს მოკვლას აპირებს.
მილიციელებმა დაამშვიდეს აღელვებული ლაბაძე და გაუთქმელობის ხელწერილი ჩამოართვეს. შემდეგ ერთი თანამშრომელი მის ბინაში დატოვეს და წავიდნენ.
ანთელავა-გვალიას დუეტზე მურელთა თვალთვალი 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ძარცვიდან სამ-თვენახევრის შემდეგ, ანუ 1975 წლის 21 ივლისს, მოსკოვის მილიციის თანამშრომლებმა ანთელავას ბინაში ხუთი ადამიანი დააკავეს. ორი მათგანი სწორედ იმ ფოტორობოტს ჩამოჰგავდა,  ცენტრალური ბანკის თანამშრომლებმა რომ შეადგინეს და მათში მილიციელებმა სწორედ „მურის“ ის ყალბი მოლარეები ამოიცნეს, ვინც 570 ათასი მანეთი წაიღეს ყალბი საბუთებით. მილიციამ ანთელავას ბინაში გატაცებული ფულიც იპოვა, რომელიც ძველებურ ღუმელში იყო დამალული და კაპიკიც არ აკლდა. როდესაც ყველას პიროვნება დაადგინეს, გაირკვა, რომ დანარჩენი ოთხი მამაკაცი, ანზორ გვალიას კრიმინალი მეგობრები იყვნენ თბილისიდან, რომლებიც თავდაპირველად, ლაბაძის ¹19 სალაროს გაძარცვას აპირებდნენ. თუმცა, მოგვიანებით, დიანა ანთელავამ უკიდურესად თავხედური გეგმა წარმოადგინა და თავის საყვარელსა და მის მეგობრებს „მურის“ ხელფასების ძარცვა შესთავაზა. ავანტიურისტმა და ჭკვიანმა ანთელავამ იდეალური გეგმა შეადგინა. როლებიც ძალიან ჭკვიანურად გაანაწილა და რომ არა მურელების თავგანწირული, ტიტანური მუშაობა, რასაც გამართლებაც თან ახლდა, ეს დანაშაული, ალბათ, არასდროს გაიხსნებოდა.
ფული მილიციას დაუბრუნეს. დიანა ანთელავასა და ანზორ გვალიას 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დანარჩენ ბოროტმოქმედებს კი 10-10 წლით აღუკვეთეს თავისუფლება.
P.S. კრიმინალი საყვარლები ციხეში დაქორწინდნენ. ბოლომდე მოიხადეს სასჯელი და რუსეთში დასახლდნენ.

скачать dle 11.3