კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყირამალა საყვარლები #11

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

 გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-10(845) 

ისტორია მერვე
სხვა ცოლი, ანუ თეოს მეგობარი
(მოქმედი პირი: ირა-მირა, თეოს მეგობარი)
თეოს ბავშვობიდან ვიცნობ. ერთად გავიზარდეთ. იტალიურ ეზოში – თან, რაც იმას გულისხმობს, რომ მართლაც ერთად გავიზარდეთ – ერთად ვსადილობდით, ერთად ვთამაშობდით. ჩვენი მშობლები ერთდროულად გვტუქსავდნენ და გვდარაჯობდნენ, ნაყინსაც ერთად ყიდულობდნენ ჩვენთვის და ახალ სათამაშოსაც, სხვაგვარად აზრი არ ჰქონდა. მაინც მოუწევდათ ყიდვა! ვინც იცის, რას ნიშნავს იტალიური ეზო და იქ მეგობრები, მიმიხვდება, რომ თეო ჩემთვის დაც არის, მეგობარიც და კიდევ უფრო მეტიც, თუ, რა თქმა უნდა, მეტი შესაძლებელია.
ჰოდა, საბოლოოდ გადავწყვიტე - უნდა დაველაპარაკო. უკვე რამდენი ხანია, თავს ხელებით ვაკავებ. აი, მიუნჰაუზენივით თითქმის. მაგრამ, მეტი აღარ გამოვა. რამდენჯერაც ჩამოვუგდე ამ თემაზე სიტყვა, თავს არიდებს საუბარს, ვითომც არაფერიო. მის დასთან, მაკასთანაც, ვმეგობრობ, მაგრამ ვიცი, მაკა ამ თემაზე ისეთ წიოკს ატეხავს, ისეთ გრანდსკანდალს გამოაცხობს, მერე თეო გამიბრაზდება და საქმესაც არ წაადგება. ზედმეტად პურიტანული შეხედულებები აქვს მაკას! ვერასდროს გაიგებს, რომ თეო შეიძლება, ვინმეს საყვარელი იყოს. საერთოდაც, არ ესმის, თუ შეცდა და რამე ასეთ სიტუაციაში გაება, ამ ქალთან მერე რაღაზე შეიძლება ლაპარაკი. აქ დასრულდება მისთვის ყველაფერი და ასეთი ქალი სამუდამოდ დაღდასმული და უვარგისია მის თვალში.
მოკლედ, თეომ არ იცის, რომ მე ვიცი ზურას ამბები. ვიცი, რადგან ჯონდომ მითხრა. დიდი დამპალი ვინმე კია ეს ჯონდო-ჯონი-ჯამლეტა! ისეთი სიფათი აქვს, თითქოს ამწუთას გადაისვა ღორის ქონი და აიპრიალა. სულ მგონია, თვალებით მხდის და მაშიშვლებს, ინსტინქტურად დისტანციას ვიჭერ, რომ არ შემეხოს. თეო სულ დამცინის – კაი რა, გოგო, ამის როგორ უნდა გეშინოდეს, ვერ ხედავ, რა ცუციკასავით დამყვებაო. კი, დაჰყვება უკვე კაი ხანია და მართლაც თოკგამობმულივით, მაგრამ, არ ვიცი, რატომ, მეშინია და გულისრევის შეგრძნება მაქვს მისი ხმის გაგონებაზეც.
იმ საღამოს ჩემი ქმრის დაბადების დღე იყო, რესტორანში ვისხედით და მობრძანდა. არავის დაუპატიჟია, მაგრამ რაკი იცოდა, თეო იქ იყო, შემოტორღიალდა ურცხვად. ჰოდა, მერე დამიმარტოხელა და გესლიანად ჩამიკაკლა... მე რაო, თეოა ცოდო, ატყუებს ზურა და ცოლს არასდროს დათმობს, მისი ძმის ფულებს როგორ შეელევა, სხვა თუ არაფერიო... ისე ცუდად გავხდი, თითქოს მდუღარე გადამავლეს. მას მერე ვერა და ვერ ვბედავ, თეოს დაველაპარაკო. მეც კი ვიეჭვე, რამდენიმეჯერ ზურასთან ერთად რომ დავაკვირდი, როგორ ეცვლება სუნთქვა, უბრჭყვიალებს თვალები და ხმის ტემბრი რაღაცნაირი ღრმა და მოგუდული უხდება. ჩემსავით თეოს არავინ იცნობს... და ასეთი ცვლილება მხოლოდ მაშინ სჭირდა, პირველად რომ შეუყვარდა...
აი, იმ უიღბლო სიყვარულის ბრალია, დღესაც რომ მარტოა. უფრო ზუსტად კი, სხვისი საყვარელი გახდა და მე ვერა და ვერ გამიბედავს, საუკეთესო მეგობარს დაველაპარაკო. ვინმემ უნდა უთხრას, რომ სხვისი ოჯახის საქმეში ჩარევა დანაშაულია! ვერც კი წარმომიდგენია, თავის დროზე ჩემები რომ არ ჩარეულიყვნენ, სადამდე მივიდოდა ჩვენი ოჯახის ამბები. ვის არ ჰყოლია საყვარელი, მაგრამ ოჯახს კაცი არ დაანგრევს, თუ ქალი ყურებს გამოიფხიკავს და ქმარი ენდომება. არც ზურას ცოლი დათმობს ასეთ ქმარს და დარჩება ჩემი თეო მოტყუებული...
ჰოდა, მორჩა, უნდა გავბედო და დაველაპარაკო. რაც არის არის... მე თუ არა, აბა, ვინ?!

რძალი, ანუ ქეთას ვნებები
(მოქმედი პირი: ქეთა, ლანას რძალი)
ლანა მაგარი ქათამია, შეხედავ თუ არა, მიხვდები, რომ დაუკმაყოფილებელია. ჰაჰაჰა… საწყალი! არადა – როგორი კდემამოსილი სახით დაიარება და გასხივოსნებული, რომ ქმარი ჰყავს და ოჯახი აქვს. დაფუსფუსებს სახლში ჭიანჭველასავით – ოო, ჭიანჭველასთან შედარებით სპილოს კი ჰგავს, აი!.. და შესციცინებს თვალებში ამ თავის ზურას, თითქოს ფადიშაჰი ჰყავდეს. ნუ – ახლა ზურაც როლშია, ოჯახის ერთგული მამის. ჰო-ჰო, მამის, მამის და კიდევ – ფადიშაჰის.
როგორ ვერ მიტანს ლანა და თან, ჰგონია, რომ ვერ ვხვდები, გადაიფენს ხოლმე პირზე ღიმილს და ისე შემომეგებება, მაგრამ მე ხომ ვიცი, ერთი სული აქვს, ლაშა გამეყაროს. ვერ ეღირსება. მე ვიცი, რა მოსწონთ კაცებს. ისე, ლანასნაირი ქათმებიც მოსწონთ. კი-კი, მოსწონთ.
ჩემი დაკვირვებით, რამდენიმენაირი მამაკაცია: ერთი ტიპისას მოსწონს საწყალი ქალები. არა, კი არ მოსწონს, ჰგონია, რომ ასეთი ქალი მის გარეშე დაიღუპება და სწორედ ის იზიდავს, რომ ქალი მასზე ჰგონია დამოკიდებული. არადა, კარგი ხვითოები არიან ასეთი ქალები. თითქოს ჭიანჭველას არ დააბიჯებენ ფეხს, მაგრამ ყველაფერზე წავლენ, რომ ქმარი დაიტოვონ. თან, რაც უფრო ისაწყლებენ თავს და უმწეოდ გამოიყურებიან, უფრო იჯაჭვავენ ქმარს.
მეორე კატეგორიაა, რომელსაც ცოტა შეუხედავი ქალი ურჩევნია ან ასეთად გადააქცევს, იმიტომ რომ, არ აქვს ლოგინში კონკურენციის თავი (თუ, რაც არის). ცოტა შეუხედავი ქალის შეცდენის მსურველები გაცილებით ცოტანი არიან და ამიტომ, ეყოლება ეს თავისი ცოლიკო მუდმივად სამზარეულოში.
კიდევ „იჩითებიან“ კაცები, რომლებსაც „ისტერიჩკა“ ქალები მოსწონთ და მათ ღალატობენ. მერე კი უმტკიცებენ, ეს გატაცება იყო, შენ ხარ ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარულიო. ან არ ღალატობენ, მაგრამ ცოლის მიერ მოწყობილი ისტერიკები თვითშეფასებას განუმტკიცებს, ეს რა მაგარი ვარ, იხევს ჩემ გამოო. ჰაჰაჰაჰა… ცოლებიც ატარებენ უფასო კონცერტებს, მერე თავწაკრულები დადიან შეწუხებული სახეებით და ყველა კმაყოფილია.
…ოო, ეს ვინ რეკავს? ზურა. მე რატომ მირეკავს? ისე, კი გაიჟიმება ერთხელ. ჰაჰაჰაჰა.
– ჰო, ზური, არა, ლაშა როგორ ვარ?! ქეთა ვარ. ვიჩხუბებთ მე და შენ, კაცი როგორ გეგონე?! ვის არ მოსვლია, ლაშა საცაა მოვა. კი, კი, მოდი. სახლში ვარ. რამდენ ხანში მოხვალ? აბაზანაში ვაპირებ შესვლას, კარს ღიას დავტოვებ და პირდაპირ შემოდი.
…სულელი, მოდის... ლაშა კიდევ ორ საათს არ მოვა. აბა, ვნახოთ, როგორი შესაცდენია ლანას ქმარი. მაგას საყვარელი უნდა ჰყავდეს, თვალიც კი არ გამოურბის ხოლმე ჩემკენ. ერთხელაც არ შემიმჩნევია, მომჩერებოდა: რაც მე მაგას უხერხულ პოზებში ვაჩვენებ ხოლმე თავს. ლანას ქმარი, აბა, როგორი იქნება, რძალს ხომ არ შეხედავს, როგორც ქალს?! ქათამი ლანას დაკმაყოფილებულს არ ჰგავს. კიდევ ვიღაცაა. მოდი, ვნახოთ, ცუნცულ, როგორ გამიძლებ და სადამდე. თამაში დაიწყო. ვაჩვენებ შენს ცოლს სეირს, არ უნდოდა ჩემთან მეგობრობა? ჰოდა, ახლა ვიმეგობრებ შენს ქმართან, ქათამო.

ისტორია მეცხრე
პირველი სიყვარული - პირველი საყვარელი
(მოქმედი პირები: ირა-მირა და თეო)
- თეო, მე ვარ, საყვარელო. კი, მომენატრე, და თან, როგორ! უნდა გნახო, საქმეც მაქვს. მოდი. ჩვენს ძველ კაფეში. ჰო, ქუჩის კუთხეში, დავსხდეთ და ვიჭუკჭუკოთ. კარგი, როცა გამოხვალ ზარი გამოუშვი და გამოვალ მეც. გაკოცე, გელოდები! - უფ, როგორც იქნა, გავბედე. ახლა მთავარია, იქ რომ მივალ, არაფერი დამავიწყდეს, თეოს ჭკუაზე არ ავცეტდე, როგორც ყოველთვის. თორემ, ვიცი, მე მაგის ამბავი – დამიწყებს გამოკითხვას, ბავშვებიო, ქმარიო და იმისი ყოფილი ხომ ყოფილია ისევო და სულ გადამავიწყებს, რისთვის დავიბარე. ამჯერად არ გაუვა ეს ხრიკი – ეგრევე უნდა ვატაკო!..
 ... საღამოს რვა ხდება. თეო კი ისევ არ რეკავს. რა უნდა, გადაირიოს კოტე?! გვიან თუ სახლში არ ვარ, დაუბმელი ხდება თუ დასაბმელი, ნუ, როგორც ამბობენ, ისეთი. დავრეკავ ისევ, თუ ჰგონია, რომ თავს დაიძვრენს... აი, რეკავს, გადამირჩა!
- კაი, გამოვდივარ, ხუთ წუთში მანდ ვარ. არა, ფეხით ჩამოვირბენ, მანქანის გაჩერებაში დრო უნდა დავკარგო. კაი, მოვდივარ... – დედა, რა შვიდთვიანია, ეს გოგო! კაფეში რომ შევედი, თეო უკვე სიგარეტს უკიდებდა, მაინც ვერ გადაეჩვია ამ მავნე სენს! დეიდა ნატომ რომ იცოდეს, რა დღეშია მისი სანაქებო ხუთოსანი გოგო! ისე, მე მგონი, ენამ უყივლა დეიდა ნატოს – ქალი რომ სიგარეტს მოწევს, ის ბოზობასაც იკადრებსო. რასაა, რომ ვჩურჩუტობ?! თეო ბოზი კი არადა, მსხვერპლია. უყვარს ეს აფერისტი კაცი და იმედი აქვს...
- სიხარულო, მშვენივრად გამოიმზირები! როგორ მომანატრე თავი, ასე უნდა, ხომ?
- კაი, რა, ირა-მირა, საყვედურებით ნუ დამატყდები თავს, დედაჩემის მყოფნის.
- აი ზუსტად ახლა ვფიქრობდა დეიდა ნატოზე. რაც შენი და გათხოვდა და მისი შვილების უფასო ძიძად იქცა, არც დამილანდავს. ხანდახან კი ვურეკავ, მაგრამ არასდროს სცალია, ხან ერთს აძინებს და ხან მეორეს ასეირნებს. ისე, ბედი არ გინდა, დეიდა ნატოსნაირი ძიძა რომ მყავდეს, რაღა დამაბერებს...
- ჰოდა, წამოზრდის აწი ლევანიკოს და შეუთანხმდი, რა იცი, იქნებ ისე მოეწონა ეს საქმე, დაგთანხმდეს კიდეც!
- შენ სულ ხუმრობის ხასიათზე ხარ. კარგია, მაგრამ დღეს სახუმარო საქმე არ მაქვს მე შენთან. თუ ჩემი და ხარ, მომისმინე და სწორად გამიგე.
- აუფ, ირა! ისეთი შესავალია, მე მგონი, ომში მიდიხარ და ბალღებს მე მიტოვებ!
- თეო, ომშიც წავალ თუ საჭირო გახდა და ახლა, ვატყობ, არანაკლები ომი მექნება აგერ, შენთან.
- უკვე კაპიტულაციას ვაცხადებ და პარიტეტულ მშვიდობას ვითხოვ!
- თეო!
- კარგი, ბატონო, „ჰენდე ჰოჰ“ და „გიტლერ კაპუტ“! მიდი, დამესხი თავს და ხელს არ გავატოკებ, გეფიცები.
- მოკლედ რა, მე აქ ერთი სიკვდილი გავათავე, სანამ ეს გადაწყვეტილება მივიღე და შენ კიდევ ბავშვივით იქცევი. ძალიანაც კარგი! რაკი ასე ხალისობ, ესე იგი, სადარდელიც არაფერია, ჰოდა, გეტყვი, ბატონო და მორჩა! აი, გეუბნები – მე ვიცი შენი და ზურას ურთიერთობების შესახებ! დიდი ხანია, ვიცი და ახლა უნდა დავილაპარაკოთ. ნუ მიყურებ მასეთი თვალებით! მაინც უნდა გითხრა...
- რა უნდა მითხრა, ირა-მირა? რომ კარგი გოგოები ასე არ იქცევიან?! მეც ვიცი ეს და მართლა, თუ გიყვარდე, არ გინდა ეს ზნე-მორალი-ლექცია-ნოტაცია.
- თეო, მე ნოტაციას არ გიპირებ. მე გული მტკივა, რომ შენ, რომ იმას, რომ...
- ირა! მორჩი ზლუქუნს, რა გატირებს გოგო, არ გრცხვენია?
- მრცხვენია, დიახ, მე მრცხვენია, რომ ის ქლესა ჯონდოა თუ ჯონია შენზე ვითომ დარდობს და გესლს აფრქვევს.
- მაგას ვინ ჰკითხავს, მაგ ნაბიჭვარს, მაგას!
- ასე მითხრა, მე რა, მებრალება, ზურა ცოლს არასდროს მიატოვებს და დარჩება შენი მეგობარი სულ მარტო და მოტყუებულიო...
- მარტო დარჩენა მირჩევნია მაგნაირ სლე კაცთან ყოფნას. მაგას ვაჩვენებ მე დარდს, დამაცადოს, გამომივიდა აქ სახალხო დამცველი!
- არაფერი უთხრა, მერე მე ამომიჩემებს და ეგ ხომ იცი, რა გველაძუაა, რამეს მიხიმანდრებს. მთავარი ისაა, რომ ზურას ცოლი მართლა ჰყავს. და თან, საკმაოდ კარგი გოგოაო, გავიკითხე. ისეთ სამაგალითო ცოლ-ქმრად დამიხასიათეს... თეო, რად გინდა ეს ზურა, გათხოვდი, შვილები გააჩინე...
- და ვის გავყვე? ჯონდოს?!
- რატომ, მაინცადამაინც, ჯონდოს? დაილია კაცი?
- დაილია, ირა! არ იცი, რომ ერთ დანჯღრეულ კაცზე 15 ანგელოზივით ქალი მოდის საქართველოში? და თან, უკვე ფერადებიც დაგვემატნენ და კონკურენცია მთლად გამძაფრდა.
- ნუ მაცინებ...
- ჰოდა, გაიცინე, რა არის აქ სატირალი? მე აღარ ვტირი, ირა-მირა! კაი ხანია, უკვე.
- ვიცი. შენ ყველა ცრემლი დუდუს მიალიე. ეგეც ვიცი. მას მერე არც ტირი და არც იცინი, სულ დაგვცინი და ჯღანაობ. მაგრამ მე ხომ გიცნობ. მაგ თვალებში ფერფლი არ განელდა მაინც. ზურას დანახვაზე კი ისევ ბრჭყვიალებ, მაგრამ ეს მაინც არ არის ის...
- ის როგორ იქნება, გოგო?! ის იყო პირველი და, ალბათ, ერთადერთიც... მაშინ მოვკვდი მე და ახლაც არ გავცოცხლებულვარ, ისევ, ნახევრად ცოცხალი დავდივარ.
- მაშინ შენ კი არა, მე მომცა სიცხეები. გახსოვს? რომ გავიგე დუდუმ ცოლად ის გრძელცხვირა და ჭკუამოკლე ლენა მოიყვანა... არა მაინც, რა ბედზე გავაცანი ეს ტუტუცი გოგო, მე თავგასახმობელმა. ვერასდროს ვაპატიებ თავს!
- შენ რა შუაში ხარ... უნდა ეფიქრა, ლოგინში რომ შეუგორდა...
- აბა, ქალიშვილი ვიყავი და ბავშვს ველოდებიო...
- ღმერთო, რა დროში ვცხოვრობდით!? ამ ტუტუცმაც გაყო ყულფში თავი, მაგრამ შენც დააშავე. რომ გეპატიებინა და ზურგი არ გექცია მისთვის...
- ეს ახლა ვარ მე მაგარი გოგო, თორემ მაშინ მიწა გამისკდა და სამყარო ჩამომემხო. ასე მეგონა, სიცოცხლე დასრულდა და აღარასდროს გათენდებოდა. დუდუ რომ მეფიცებოდა, არც ვიცი, როგორ მოხდა და რა მოხდაო, მე მხოლოდ ლენას ვხედავდი, როგორ იწვა მის მკერდზე და როგორ ხვევდა კისერზე ხელებს... მაშინ მოვკვდი მე და მერე, ცოლად რომ დაისვა, უკვე აღარ მიგრძნია არც ტკივილი და არც წყენა. მკვდარს აღარაფერი ეყურება, ირა...
- მოგიკვდი მე შენ! და ჭრელი კუბო დავდგი ამ ქუჩის ქალი ლენასი. სად გდია ნეტა, ალბათ, სადმე კიდევ სხვა კაცს აეტორღიალა. დუდუმ მალევე მიატოვა და გადაიკარგა. ხომ არაფერი გაგიგია მის შესახებ?
- არა, კაი ხანია, არაფერი ვიცი. ბარნაულში იყო, ასე ხუთი წლის წინ. დიდი ბიზნესი ააწყოო და ქალებს არ ეკარებაო. საერთოდ, გაგონება არ უნდაო ცოლის და ქალისაცო... გარეკა, ეტყობა, ან ჩემმა ცოდვებმა უწია და დაერხა ბიჭს!
- იმას არ უშვებ, რომ ისევ უყვარხარ და ამიტომ არ იკარებს სხვას?
- რაში მაინტერესებს, გოგო, დუდუს სიყვარული? ახლა სხვა შარში ვარ, იცი, როგორშიც.
- ვიცი და ამიტომ უნდა გითხრა, შენ და ხარ ჩემი და ამ სამკუთხედიდან უნდა დაიძვრინო თავი! არ შეიძლება სხვის უბედურებაზე ბედნიერების აგება, ეს აქსიომაა! საკუთარ თავსაც უნდა მიხედო, სადამდე გეგმავ მარტო ხეტიალს. წლები გემატება, ხომ არ გაკლდება, ადამიანო?
- კაი, ახლა, ვიცი, რომ არ მაკლდება, ამიტომ გადავწყვიტე, ზურა სახლიდან წამოვიყვანო!
- რას ამბობ, თეო?! ხვდები მაინც, რა სისულელეს აპირებ? ფიქრობ, ზურა ოჯახს დათმობს?
- ანუ, ფიქრობ, მე არაფრად ვუღირვარ? მადლობა, საყვარელო! გამახარე და ეგაა, წავედი მე. სულ კარგად ბრძანდებოდე. და ვიფიქრებ, დაგპატიჟო თუ არა ქორწილში...
- თეო, კაი, რა, არ მინდოდა შენი გაბრაზება, თეო, არ წახვიდე, გთხოვ...
- სულ კარგად ბრძანდებოდე, დაიკო. მოკითხვა შენს ერთგულ მეუღლეს ჩემგან, ანუ შენი მოღალატე დაქალისგან...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3