კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა სილამაზე კლავს #11

ბილი ფადენმა გასაძარცვი სახლი ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ შეამჩნია – პრესტიჟულ უბანში, ფართო აივნებითა და ლავანგარდებით. მედისონ-ავენიუზე ბოლოს რომ იყო, ჩავარდა და ციხეშიც კარგა ხანს აყურყუტეს. არავითარი სურვილი არ ჰქონდა, იგივე დამართნოდა. ამიტომ, მთელი კვირის განმავლობაში აკვირდებოდა...
ფანჯრის საკეტი ადვილად დაემორჩილა. ამ საქმეში გამოცდილება დიდი ჰქონდა. ქურდობა მისთვის პროფესია იყო. რაფაზე მსუბუქად შეხტა. მიაყურადა. სრული სიბნელე და სიჩუმეა. მისმა მახვილმა ყურმა სუსტი ფართხალი აღიქვა. „ეს ჩიტია“, – გაუელვა ფიქრმა და არც შემცდარა. ფანჯრის სიახლოვეს, მოჩუქურთმებულ მაგიდაზე, ძვირფასი გალია იდგა ეგზოტიკური ფრინველით. ბილმა მას მხოლოდ შეხედა – ზუსტად ჰქონდა გათვლილი დრო. გეზი სასადილო ოთახისკენ აიღო. ბიბლიოთეკა, მიუხედავად იმისა, საკმაოდ მდიდრული გახლდათ, მისი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენდა. სხვა საქმე იყო სასადილო ვერცხლეული, რომლითაც სპეციალურად წამოღებული ჩანთა გაავსო. ფანრის საშუალებით ინათებდა გზას, თუმცა სიბნელეშიც შესანიშნავად ხედავდა. სახლი სავსე იყო ძვირფასი ნივთებითა და სამშვენისებით. კომოდიდან ძვირფასი ქვებით ინკუსტირებული სურათის ჩარჩო აიღო და ქურთუკის შიდა ჯიბეში ჩაიდო. იქვე, სამკაულის შესანახ კოლოფს მოჰკრა თვალი და ისიც ჯიბეში ჩაიტენა. კმაყოფილი იყო, რომ არჩევანში არ შეცდა. მოულოდნელად შიმშილი იგრძნო. სახლში ისეთი სიჩუმე და სიმშვიდე სუფევდა, რომ სიფრთხილე დაავიწყდა. სამზარეულოსკენ გაემართა. მაცივარი გამოაღო და ცნობისმოყვარედ შეიხედა. ალუბლის ღვეზელის მოზრდილი ნაჭერი, ქათმის შემწვარი ხორცი და ჩაშუშული ბოსტნეული სრულიად აკმაყოფილებდა მის გემოვნებას. აუჩქარებლად ჭამდა. სიამოვნებას იღებდა გემრიელი საკვებისგან. უცებ შედგა. ვიღაც მოდიოდა. მისმა მახვილმა ყურმა კიბეზე ჩამომავალი ადამიანის ნაბიჯების ხმა გაარჩია. ერთი ნახტომით სამზარეულოს კართან გაჩნდა. ჯიბეში ქლოროფორმის აეროზოლი მოისინჯა და გაიყურსა. ნაბიჯების ხმა უფრო მკვეთრი ხდებოდა. მალე შეღებული კარის ჭრილში ადამიანის სილუეტიც გამოჩნდა. ძნელი იყო იმის დადგენა, ვის ეკუთვნოდა ეს  სილუეტი – ქალს თუ მამაკაცს. თუმცა, ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. როგორც კი სილუეტმა ადამიანის ფორმა მიიღო, მძარცველი მყისეულად ამოქმედდა. ქლოროფორმმაც თავისი საქმე გააკეთა, წუთსაც არ გაევლო, რომ მამაკაცის ზორბა სხეული იატაკზე ეგდო. ბილს თავი არ შეუწუხებია იმაზე ფიქრით, სახლის მეპატრონეს ეკუთვნოდა ეს სხეული თუ მოსამსახურეს. ელვის უსწრაფესად ძირს დაგდებულს ხელები და ფეხები ტილოთი გაუკოჭა. პირზე კი სკოჩი გადააკრა. საფრთხე განეიტრალებული იყო და შეეძლო, თავისი საქმე გაეგრძელებინა. სახლში კიდევ შეიძლებოდა ვიღაც ყოფილიყო, ამიტომ, ისევ ჩუმად განაგრძო ოთახების დათვალიერება. მეორე სართულის დერეფანს გაუყვა. ერთმანეთის მიყოლებით აღებდა ოთახებს და ფანრის სუსტ შუქზე ათვალიერებდა. იმ საძინებლიდან, რომელიც სავარაუდოდ, სამზარეულოში გაკოჭილ მამაკაცს ეკუთვნოდა, მძარცველმა ნაღდი ფული – ორას ოთხმოცი დოლარი და ძვირფასი საათი აიღო. ასევე, მოოქრული ვერცხლის პორტსიგარი და სპილოს ძვილის, ინკუსტირებული სანთებელა. მეორე საძინებელში და კაბინეტში მოსაპარი ბევრი არაფერი იყო, გარდა წითელი ხის კალმების ჩასაწყობისა. კიდევ ერთი ოთახი რჩებოდა. ბილმა ფრთხილად შეაღო კარი და გაშეშდა. ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი სუსტად ანათებდა ღია ვარდისფერი ქსოვილით აკრულ კედლებს. საწოლზე უმშვენიერეს გოგონას ეძინა. მშვიდად და თანაბრად სუნთქავდა. მხატვრის მიერ დახატულ პორტრეტს ჰგავდა, ბალიშზე გაშლილი თავთავისფერი კულულებით. თოთხმეტი-თხუთმეტი წლის იქნებოდა. ოთახში ყველა ნივთი მისი დიასახლისივით ნატიფი და მშვენიერი იყო. ბილ ფადენს მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. აქამდე უცნობმა გრძნობამ შეიპყრო. ხომ შეიძლებოდა, მასაც ჰყოლოდა ასეთი ლამაზი ქალიშვილი, რომელსაც ასეთივე მშვენიერ ოთახს გაუკეთებდა. არც ცოლი ჰყავდა, შვილზე რომ არაფერი ვთქვათ, მაგრამ ოცნების უფლება ხომ ჰქონდა. არა, ამ ოთახში ვერაფერს მოიპარავდა. უყურებდა, როგორ თანაბრად მოძრაობდა საბანი გოგონას სხეულზე და ფიქრობდა მასზე – ამ დაუცველ, სუსტ არსებაზე – რა საშიშროების მოლოდინი უნდა ჰქონოდა მისგან?! რა თქმა უნდა, არანაირი. რა შეეძლო, გაეკეთებინა ამ პაწაწინა არსებას? იდგა და ტკბებოდა მშვენიერებით. თეთრ კომოდზე, მოოქრულ ფეხებზე რომ იდგა, ოქროს სამაჯური იდო. კარგად რომ დააკვირდა, საათი აღმოჩნდა, რომელსაც ციფერბლატის ნაცვლად, ძვირფასი ქვები ჰქონდა. გოგონა, ალბათ, თავს იწონებდა ამ სამკაულით. არც კი გასჩენია ცდუნება, აეღო და ჯიბეში ჩაედო. გოგონას მშვენიერებამ სიხარბის სურვილი გაანეიტრალა. შებრუნდა და ოთახიდან გასვლა დააპირა, რომ მოულოდნელად წკრიალა, მბრძანებლურმა ხმამ ადგილს მიაჯაჭვა.
– ხელები მაღლა! – გაოცებისგან ლამის ენაც კი ჩაუვარდა. გოგონა საწოლთან იდგა და ხელში მინიატურული რევოლვერი ეჭირა. მისი ლულა ბილს პირდაპირ მხარში ჰქონდა დამიზნებული. გოგონა ისეთი საყვარელი იყო, რომ კაცს გაეცინა.
– დამშვიდდი, პატარავ, არაფერს დაგიშავებ, უკვე მივდივარ.
– მე პატარა არ ვარ და ასე ნუ მომმართავთ. არ გეგონოთ, რომ ხელში სათამაშო რევოლვერი მიჭირავს. მისის ვანდერჰუფის რაინდთა აკადემიის სნაიპერი ვარ. საუკეთესოდ ვისვრი. მთელ სასწავლებელში ბადალი არ მყავს. არ გირჩევთ, ჩემი სიტყვების სისწორე გამოსცადოთ. გაფრთხილებთ – პირველ ტყვიას მხარში გესვრით, მეორით კი მუხლს გაგიხვრეტთ. პოლიციაშიც დავრეკავ. მამაჩემი სად არის?
– თქვენ, ალბათ, იმ მამაკაცს გულისხმობთ, სამზარეულოში ხელფეხშეკრული რომ წევს. თქვენ მასზე გაცილებით მამაცი ყოფილხართ, გოგონი.
– გოგონი კი არა, მაიორი ვენტვორფი უნდა დამიძახოთ. ახლა კი ჯიბეებიდან ამოალაგეთ ყველაფერი, რაც ჩემს სახლში მოიპარეთ. ვითვლი – ერთი... ორი... სამი...
ბილმა დაინახა, როგორ დაეჭიმა გოგონას რევოლვერზე შემოჭდობილი თითები.
– ოთხი... ხუთი... ექვსი... გაფრთხილებთ, ვისვრი...
– მესმის, რომ თავს დაუცველად გრძნობ, პატარავ. დედაც არ გყავს, ალბათ და იძულებული ხარ, ამ სათამაშოთი გაერთო.
– შვიდი... რვა... მაიორო ვენტვორფ-მეთქი! ცხრა...
– მოვრჩეთ თამაშს, მაიორო. მე ახლა წავალ. შენ კი ისევ დაწვები და დაიძინებ, – ბილმა მეტი ვერაფრის თქმა მოასწრო, ტყვიამ მხარში აუტანელი ტკივილი აგრძნობინა და დაიღმუვლა. გოგონამ მიზანს არ ააცილა. მეორე ტყვიამ, დაპირებისამებრ, მუხლის ძვალი დაუმსხვრია და იატაკზე მოცელილივით ჩაიკეცა. გოგონამ გაიღიმა. ნატიფი ხელით სპილოს ძვლის ყურმილი აიღო და ნომერი აკრიფა.
– ალო, პოლიციაა? ჩემს სახლში მძარცველია. მე ის გავანეიტრალე, მაგრამ მაინც იჩქარეთ, მშვენიერი ცოცხალი სამიზნეა, მეშინია, ცდუნებამ არ მძლიოს.

скачать dle 11.3