კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი #11

მონანიება
შეძრწუნება მიპყრობს და თრთოლვას ვიწყებ, როგორც კი გავიხსენებ, თუ რაოდენი შემიცოდავს ჩემი სიჭაბუკიდან ამ ჟამამდე. როცა ვიხსენებ ამას, არ ძალმიძს, მწუხარების გარეშე შევღაღადო უფალს: მოწყალე იყავ, ჩემდამი ღმერთო! მთელმა ჩემმა ცხოვრებამ ცოდვებისადმი მსახურებაში განვლო და დღენი ჩემნი ბოროტ საქმეებში გამიტარებია. მე არ ვფიქრობდი განკითხვის დღეზე და იმ სატანჯველზე, ცოდვილებს რომ მოელით. შემიწყალე მე, უფალო, იმ დღეს, როცა გამოაშკარავდება ჩემი დაფარული საქმეები! ვაგლახ, მე! ვცოდავდი ამ წარმავალ საწუთროში, და აჰა, საზღაური მომელის წარუვალ სამყაროში. იტირეთ და ვაებდეთ ჩემთვის. ჰოი, ჩემო მსგავსო ცოდვილებო! საშინელი და შემაძრწუნებელია შენი სამსჯავროს დღე, მაცხოვარო ჩვენო. ვძრწი მე, უფალო, რადგან ჩემი ცოდვები ყოველგვარ ზომას აღემატნენ. ვუყურებ, უფალო, ჩემს ცოდვებს და ვიურვი, რადგან დიდია მათი სიმრავლე, მაშინებს მე ცეცხლი, უკეთურთ რომ მოელით. ყოველნი დღენი ჩემნი ცოდვებში დიოდნენ, ისე, რომ ერთი დღეც არ მიმსახურია სიმართლისთვის. საძულველი იყო ჩემთვის ცხოვრების სავანისკენ მიმავალი გზა; ხოლო გეჰენიაში მიმავალი ბილიკი შევიყვარე. და ვაი, მე, მაშინ, როცა ცეცხლი ხმაურით ატკრციალდება და აღეგზნება, რათა ცოდვილები დაწვას! სად დაგემალები მაშინ, უფალო?! უდიდესია მართალთა სიმდიდრენი და საუნჯენი; მაგრამ მე ჩემი ნებით ამაოება შევიყვარე; იმაზე ვოცნებობდი, რომ ამა ქვეყნის სიმდიდრენი წარმავალი და ცვალებადი არ ყოფილიყო და არ მიფიქრია იმაზე, რომ მხოლოდ მომავალი საუკუნის სიხარულია წარუვალი და უცვალებელი. მოწყალე იყავ ჩემდამი, უფალო, მონანულთა მწყალობელო და შემინდე ყოველნი შეცოდებანი შენი უსაზომო სახიერებით!

ღმერთი მხოლოდ სინანულს მოელის ცოდვილისგან, რათა შეუნდოს მას
როგორც მკურნალი გეტყვის ხოლმე, ღმერთიც გეუბნება: მიჩვენე შენი წყლული და მე განგკურნავ! მისთვის სასურველია შენი მიმართვა და მაშინ შეგეწევა, გიწამლებს. შენი ნებით მიუძღვენი მას სინანული და იგიც სიყვარულით შეგიწყნარებს! ლოცვად მიაქციე გული შენი, რათა შენდა მოიქცეს მისი მადლი! იარე სინანულის გზით, რათა შეგეგებოს მისი კაცთმოყვარეობა! ნუ შეიყვან თავს შეცდომილებაში, რათა შენი აღსასრული გოლიათივით არ დაგეცეს ანაზდეულად. მაშინ ვეღარ ნახავ დროს სინანულისთვის. დაე, სინანულის ღვაწლში გეწიოს აღსასრული! დაე, წმიდა ბრძოლაში გიწიოს სიკვდილმა! დაე, სარწმუნოებისთვის ბრძოლაში დასრულდეს შენი მსახურება ამქვეყნად! დაე, სიმართლის გვირგვინით დამთავრდეს შენი ცხოვრების მდინარება! ნუ ჰყოვნი, ჰოი, მონანულო, სანამ შესაძლებელია შესვლა საქორწინო პალატაში. განიმზადე თავისთვის ნათელი შესამოსელი, შეიმოსე სპეტაკი სამოსი სერობისთვის, ვიდრე ანაზდად სიძე არ მოსულა! განიმზადე ნათლად მგზნებარე ლამპარი, სანამ არ მოსწვდენია შენს სასმენელთ შემაძრწუნებელი ხმა: აჰა, ესერა სიძე მოვალს! რატომ ჰყოვნი, ცოდვილო! რატომ ზიხარ უდარდელად, მოვალევ, თითქოს შენი მევალე არაფერს გეტყვის იმ ვალზე, რომელიც სესხად მოგცა? მან დაგიმტკიცა თავისი მრავლმოთმინება; მაშ, შენც დაუმტკიცე მას ცრემლებით შენი სულის შემუსვრილება.

ყოველივე ქვეყნიური სიკვდილის ჩანასახს თავის თავში ატარებს
უგზო-უკვლოდ მიმოვედებოდი მე მანკიერებათა გზებზე და არც მიფიქრია მარადიულობისკენ მიმავალ გზაზე. მიტოვებული მქონდა მე სიმართლის ბილიკები და ამაოებას ვიყავი გამოდევნებული. ვაი, რომ მოახლოვდა აწ საზღაურის მიგების დღე. შენი მადლიმც დამიცავს მე უკეთურთა დამწველი ცეცხლის ამ დღეს! შენი მარჯვენამც, ადამის შემქმნელი და სიმონ-პეტრეს აღმომყვანებელი ზღვიდან, აღმომიყვანს მეც ჩემს წინააღმდეგ აღმდგარი ამა ქვეყნის ზვირთთაგან! შენი ჯვარიმც მეყოს მე, უფალო, კვერთხად და საყრდენად ჩემს სავალ გზაზე! უდიდეს შიშში ვარ მე: არც ქონება, არც სიმდიდრე არ იქნება ჩემი თანმხლები ამა დროებითი საცხოვრებელიდან განსვლისას. როგორიც შემოვედი მე ამსოფლად, ისეთივე წარვალ მისგან შიშველი. შიშველი მოვსულვარ მე მოკვდავთა სამკვიდრებელში, შიშველივე გავალ მისგან სამსჯავროზე და შემდეგ – ტანჯვისთვის. რა მშვენიერია მსოფლიო, ქვეყანა ესე! მაგრამ სიკვდილით არის ის აღსავსე! გაზაფხულის თვეში გამოსულ ყვავილს ჰგავს იგი: ვიდრე ნამი და წვიმა აცოცხლებს მას, ჰყვავის, ხოლო როცა პაპანაქება სიცხე დააჭერს, ჭკნება. ასევე, სიკვდილიც აიძულებს ღაწვებს გაფერმკრთალდეს და მშვენიერი აგებულების სხეულსა დაარღვევს და განხრწნის საფლავში. სამოთხე უფრო ნათლად ბრწყინავს, ვიდრე მზე წყვდიადით აღსავსე ამ სამყაროში, მაგრამ ჩვენი სულიერი თვალები მეტისმეტად დაბნელებულია იმისთვის, რომ სიხარულთა სავანის ჭვრეტა შესძლოს. ამიტომაც მიწის შვილები ყოველთვის მხოლოდ მიწას დაჰყურებენ. ჰოი, შენ, მზეზე უნათლესო ნათელო, გამინათე მე საფლავის წყვდიადში.

ცოდვის ტირილი
დაიტირეთ ჩემი სიშიშვლე, ჰოი, საყვარელნო ძმანო! ქრისტე განვარისხე მე ჩემი მანკიერი ცხოვრებით. მან შემქმნა მე და თავისუფლება მომანიჭა, მე კი ბოროტის ქმნით მივაგე მას. ყოველთა უფალმა სრულყოფილი შემქმნა მე და თავისი დიდების იარაღად მაქცია, რათა მას ვემსახურებოდე და წმიდა-ვჰყოფდე მის სახელს. მე კი, საწყალობელმა, ჩემი არსების ნაწილები ცოდვის იარაღად  ვაქციე და უმართლობებს ვიქმდი მათი მეშვეობით. ვაგლახ მე! – რადგან უფალი განმიკითხავს თავის სამსჯავროზე. ჩემი სამარცხვინო საქმეები წინამისწრობენ მე სამსჯავროზე და ბრალს დასდებენ ჩემს სულს. მოუკლებლად გევედრები, მაცხოვარო ჩემო, დამიფარე შენი ფრთებით და ნუ გამოამჟღავნებ ჩემს სიბილწეებს შენს სამსჯავროზე, რათა განვადიდებდე შენს სახიერებას. ბოროტი საქმეები, რაც კი მიქმნია ყოველთა უფლის წინაშე, განმაგდებს მე წმიდანთა ერთობისგან. ჩემი ცხოვრებით ღმერთს არ ვემსახურებოდი და არ მაქვს არანაირი ნაწილი მათს კეთილ საქმეებში.  აწ მწუხარება მოიწევა ჩემზე, რასაც ვიმსახურებ კიდეც. რადგანაც მოუძლურებული ვიყავი და ვნებებს ვემსახურებოდი, ამიტომ არ ვეკუთვნი ძლევამოსილთა დასს, არამედ გეჰენიის დამკვიდრებას ვიმსახურებ. და აი, შენ გევედრები მოუკლებლად, ძლევამოსილო, ჯვარზე სამსჭვალთაგან მოწყლულო მაცხოვარო ჩემო, განეშორე თვალნი შენნი ჩემი ცოდვებისგან! ხოლო შენი ვნებებით განკურნე ჩემი წყლულები, რათა განვადიდო შენი სახიერება.

скачать dle 11.3