კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩაკეტა რუსეთმა აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოსკენ გზები და როგორ ახდენს სომხეთი ზეწოლას საქართველოზე რუსეთის მეშვეობით #11

თუმცა უკვე დაზუსტებით ვიცით, რომ „ნატოს“ მორიგ საგაზაფხულო სამიტზე არ მიგვიწვევენ, მიუხედავად ჩვენი ასპირანტობისა, სამაგიეროდ, „ნატოს“ გენმდივანი დაგვპირდა, რომ „ნატოს“ სამხედრო კომიტეტი გესტუმრებათო და მართლაც გვესტუმრნენ. იმის პარალელურად, რომ ვაზიანში ერთობლივი წვრთნები გაიმართა და კვლავ აქტუალურია შავ ზღვაზე „ნატოს“ ყოფნის გაძლიერება –  შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში. მეორე მხრივ, საქართველოში მომხდარ ამბებს რუსეთიც გამოეხმაურა, პათოსით, რომ ფოთის პორტში „ნატოს“ ფლოტი აპირებს ჩადგომას. იმ მარტივი მიზეზით, რომ „ნატოს“ არაწევრ ქვეყანაში „ნატოს“ ფლოტი ვერ შეყოვნება (თუმცა, უდავოდ, მისასალმებელი იქნებოდა), ცხადია, რუსული პროპაგანდა თავისი მიზნებისთვის ცდილობს ვითარების გამოყენებას. როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები შავ ზღვაში გავლენების გადანაწილების პროცესში, რა როლი ერგება საქართველოს და რა საფრთხეებსა და უსარფრთხოებას შეიცავს ეს აქტივობა ჩვენთვის, –  თემას კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან, ზაალ კასრელიშვილთან, ერთად განვიხილავთ.
– რამდენად რეალურია „ნატოს“ ფლოტის ხომალდების განთავსება საქართველოს საზღვაო აკვატორიაში, შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში და რის პრევენციას ცდილობენ რუსები ამ ამბის უტრირებულად გაშუქებით საკუთარი აუდიტორიისთვის?
– წლებია, „ნატო“ საქართველოს ჯარს უწრთვნის.
– დიახ, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო „წრთვნისა და აღჭურვის პროგრამა“.
– და ისიც ფაქტია, რომ „ნატოს“ მიერ მომზადებული სამხედროები ვერ ჩაერთვნენ საქართველოს ომში 2008-ში.
– ვერ ჩამოასწრეს, თუმცა აშშ-მა თავისი ხარჯით გამოუშვა.
– ამ შემთხვევაში მხოლოდ წრთვნაზე არაა ლაპარაკი, აქ იქნება სასწავლო ცენტრი და ისინი კონკრეტულად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მოამზადებენ ქართველ სამხედროებს და არა შიდა კონფლიქტებისთვის.
– ისევე, როგორც „წრთვნისა და აღჭურვის პროგრამა“ ჩვენს სამხედროებს მხოლოდ კოალიციის სამხედრო მიზნების გადასაჭრელად ამზადებს.
– ჯერ კოალიციას სხვა გაცხადებული მიზანი არ აქვს. ევროპაში მათი გაცხადებული მიზანი იყო ბალტიისპირეთისა და პოლონეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა და დამატებითი კონტინგენტიც შეიყვანეს. როგორც ჩანს, საქართველოში ეს ჩანაფიქრი ჯერ არ აქვთ და მხოლოდ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად მომზადებაა მიზანი.
– „ნატო“ ვერც შემოიყვანს თავის სამხედროებს, თუმცა აშშ-ს შეუძლია თავისი სამხედროების შემოყვანა 2002 წლის სამთავრობოთაშორისო შეთანხმებით.
– არც ამერიკას შემოჰყავს სამხედრო მოსამსახურეები,  მხოლოდ  ინსტრუქტორები ჰყავს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მოსამზადებლად. ერთი სიტყვით, ალიანსს სხვა გაცხადებული მიზანი საქართველოში არ აქვს და, ალბათ, ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილებში აქედან უფრო იაფი უჯდება სამხედროების მომზადებაც და ტრანსპორტირებაც. როგორც ჩანს, თავისი გეოგრაფიული ფუნქცია უბრუნდება საქართველოს და ის გახდება რადიკალურ ისლამთან ბრძოლის ცენტრი.
– რუსები რატომ გახელდნენ?
– სავსებით ბუნებრივია. რუსები სთავაზობენ პარტნიორობას ამერიკელებს რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამერიკელები თანახმანი არიან, მაგრამ, პარალელურად, ქართულ არმიას თავის ტერიტორიაზე საკუთარი მისიის აღსრულებისთვის ამზადებენ. როგორც ჩანს, რუსები ვარაუდობდნენ, რომ თავიანთი ანტიტერორისტული პროგრამით გადაფარავდნენ მთელ სამხრეთ კავკასიას, მაგრამ გაღიზიანდნენ, რაკი აღმოჩნდა, რომ ამერიკელები მათთან არ აპირებენ თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიაში. ბუნებრივია, რუსებს ჰქონდათ იმედი, რომ რუსეთი, როგორც ამერიკის პარტნიორი, კავკასიას სრულად მოიცავდა. მანამდე, გახსოვთ, საქართველოში გადმოსასვლელი დამატებით გზების გაყვანასაც აპირებდნენ. ეს ნიშნავს, რომ იმედი ჰქონდათ, შეერთებული შტატები მათ პლაცდარმად დაუთმობდა სამხრეთ კავკასიას, რომელიც წინა აზიის ზურგია. რუსეთს, ცხადია, იმედი ჰქონდა და შეიძლება, კიდევ აქვს, რომ საქართველოშიც, ისევე, როგორც აზერბაიჯანში, გაიხსნებოდა ერთობლივი რუსულ-ამერიკული საწვრთნელი ცენტრი. ასევე, გაღიზიანებულები იქნებიან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოც.
– ლავროვმა უცნაური დათქმები წამოაყენა რუსეთთან უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ: ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლა და დიპურთიერთობის აღდგენა. ამ ფასად ვის სჭირდება რუსეთში უვიზოდ სიარული?
–  პირდაპირ გვსაყვედურობენ, ჩვენთან ჯერ დიპლომატიური ურთიერთობა არ აღგიდგენიათ და უვიზო მიმოსვლას აფორმებთ ევროპასთან, როდესაც თქვენი ტერიტორიული მთლიანობის გასაღები ჩვენთანააო. რა თქმა უნდა, საქართველოში ერთობლივი, ქართულ-ამერიკული საწრთვნელი ბაზის გახსნა ხელს არ აძლევს, უპირველესად, სომხეთს.
– სომხეთს რაში შეუშლის ხელს, აქ თუ ამერიკული საწრთვნელი ცენტრი გაიხსნება?
– რუსეთიდან პირდაპირი დახმარების იმედი აღარ ექნებათ, ხოლო, თუ საქართველოსა და აზერბაიჯანში ერთობლივი საწვრთნელი ცენტრები გაიხსნა, სომეხი მებრძოლები, როცა მოესურვებათ, ვეღარ დაბომბავენ ყარაბაღში აზერბაიჯანელების პოზიციებს, რადგან, როგორც ჩანს, ამ ცენტრებში დამკვირვებლებიც განლაგდებიან. სომხეთს, ასევე, უნდა რკინიგზის გახსნაც, გასასვლელი შავ ზღვაზე…
– რუსული ტანკების უპრობლემოდ გამოტარება საქართველოზე და სანაცვლოდ არაფერს გაიღებენ?
– სომხეთი ჩვენ არც გვთხოვს არაფერს, რუსეთის მეშვეობით ახდენს ზეწოლას. რუსეთის ძირითადი კოზირი კი ტერიტორიული მთლიანობაა. მეორე მხრივ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სათქმელს ახმოვანებს სომხეთი. ასე რომ, როგორც სომხეთს, ისე რუსეთს ხელ-ფეხს უკრავს საქართველოს სამხედრო პარტნიორობა აშშ-სთან. შესაბამისად, მათ გაუჭირდებათ ზეწოლა აზერბაიჯანზეც. როგორც ჩანს, აშშ თანახმაა, ითანამშრომლოს რუსეთთან ტერორიზმთან ბრძოლაში, მაგრამ არ გამორიცხავს საქართველოს დამოუკიდებელ მონაწილეობას.
– მაგრამ ფოთში „ნატოს“ ფლოტის განთავსება ხომ სრული ზღაპარია?
– ვფიქრობთ, ფოთის აკვატორიაში მცირე წყალწყვის კატარღები განთავსდება, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ფოთში დიდი გემები ვერ შემოვლენ. ტვირთმზიდი დიდი ტანკერებიც კი ვერ შემოდიან. ისიც ცხადია, რომ საქართველოს ფლოტი არ ჰყავს და უახლოეს 10-20 წელიწადშიც ვერ ეყოლება ისეთი ფლოტი, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს გაუწევს წინააღმდეგობას. ჩვენი აზრით, „ნატოს“ კატარღების პატრულირება საქართველოს საზღვაო აკვატორიაში და მათ მიერ დახმარების გაწევა წვრთნის პროგრამაში რუსეთს ხელს შეუშლის თურქეთთან კარგ ურთიერთობაში, რადგან, სავარაუდოდ, „ნატოს“ კატარღებზე იქნება თურქული ფლოტილიის ეკიპაჟები. ამასთან, „ნატოს“ თურქულ კონტინგეტში ბევრი ეთნიკური ქართველი ოფიცერია, რომლებიც თავიანთ წარმომავლობას არ მალავენ. როგორც ჩანს, ეს სიახლოვე კიდევ უფრო ამძაფრებს რუსული პოლიტიკური ელიტის ეჭვებს. ერთი სიტყვით, რუსეთი გაღიზიანებულია, რომ თავისი ადგილი ვერ იპოვა სამხრეთ კავკასიაში სომხეთის გარდა.
– აფხაზეთიდან გადმოსასვლელები „ნატოს“ კონტექსტში ჩაიკეტა?
– როგორც ჩანს, აღარც აფხაზებს ენდობა, რადგან კავშირი გაჩნდა აფხაზებსა და ქართველებს შორის. ეს გააჩინა შემოვლითმა გზებმა და მათი ჩაკეტვით, კიდევ ერთხელ უთხრა ქართველებსაც და მის სტრატეგიულ პარტნიორებსაც, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემის მოგვარების გასაღები მის ხელშია. გასაღები კი მას აქვს, მაგრამ რამდენად ზემოქმედებს ეს ფაქტი ვინმეზე, გარდა საქართველოს მოსახლეობის ნერვებისა, ამას ანგარიშს აღარ უწევს რუსეთი. ასე რომ, არ გვაქვს იმის იმედი, ავიამზიდი და კრეისერები მოადგნენ ფოთს, მაგრამ, როგორც ჩანს, თურქული სამხედრო ეკიპაჟიანი კატარღები შავი ზღვის ჩვენს აკვატორიაში შემოვლენ. ნახეთ, რა მოცემულობაა: ინგლისი გადის ევროკავშირიდან და ამერიკელებთან პირდაპირ სტრატეგიულ პარტნიორობაზე დებს ხელშეკრულებას. სწორედ თქვენთან ინტერვიუში ვახსენეთ პირდაპირ, რომ იდეოლოგიური საფუძველი ამ კავშირისა იქნებოდა ჯვაროსნობა.  ძალიან მალე, ალბათ, საბერძნეთიც გამოვა ევროკავშირიდან და ისიც ამ კავშირს შეუერთდება. ანუ შეერთებულ შტატებს ევროპის უკიდურეს ჩრდილოეთით და სამხრეთით ეყოლება პირდაპირი პარტნიორები, ევროპის ცენტრში კი, იქმნება ერთიანი ევროპული არმია გერმანიის მეთაურობით. ამ მოცემულობაში არავინ დაუშვებდა, სამხრეთ კავკასია დაბრუნებულიყო რუსეთის გავლენის ქვეშ. ამდენად, გაუგებარია, რატომ ჰქონდა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამის იმედი. აზერბაიჯანიც კი ვერ დაითანხმეს იმაზე, რომ რუსულ-აზერბაიჯანული ერთობლივი ბაზა გახსნილიყო. აზერბაიჯანმა თავის ტერიტორიაზე რუსეთისა და ამერიკის ინტერესები დააბალანსა. მის ტერიტორიაზე შეიქმნება ერთობლივი ამერიკულ-აზერბაიჯანული ანტიტერორისტული სამხედრო ბაზა და რუსებიც მიიღებენ მონაწილეობას. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, რუსეთის  ინტერესიც გაითვალისწინეს, რადგან სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რუსის მონაწილეობას, რომ აზერბაიჯანსა და ირანს შორის კონფლიქტის პროვოცირება არ მოხდეს. ამდენად, აზერბაიჯანისთვის ხელსაყრელი იყო რუსების იქ ყოფნა, რითაც ის ეჭვიც კი გამორიცხა, რომ რამეს აკეთებს რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ „ნატოსა“ და ამერიკელებთან ერთად. ჩვენი აზრით, მთავარი მაინც ის პროცესია, რაც ევროპაში ვითარდება: ბუნდესტაგის ბაზაზე იქმნება ევროპული არმია, რომელიც, ფაქტია, პრორუსული არ იქნება. ანგლოამერიკულ გაერთიანებას კი, საბერძნეთიც რომ შეუერთდება, სულ აღარ სჭირდება აშშ-ს განსაკუთრებული, რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარების განთავსება ისეთ მცირე ზომის ქვეყნებში, როგორიც ჩვენია.
– თქვით, რომ რუსეთს შიდა მოხმარებისთვის სჭირდება განგაშის ზარების დარისხება, რომ „ნატოს“ ფლოტი ფოთში აპირებს ჩამოდგომას, თუმცა ცოტა კომიკურია, ისეთი პათოსით აშუქებენ ვაზიანზე წვრთნებს, თითქოს ჩვენ ვიყოთ 150 მილიონი, ისინი კი –  4 მილიონი.
– ეს ჩვეულებრივი პროპაგანდაა.
– გასაგებია, მაგრამ ხომ აქვს თავისი მიზანი. თუ მტრის ხატი იქმნება „საზიზღარი“ ქართველებისა და ამერიკელებისგან?
– რა თქმა უნდა, რუსეთის სპეცსამსახურები მუშაობენ საქართველოში თავიანთი აგენტურული ქსელის მეშვეობით. მაგრამ თვითონ რუსეთში არ არის სახარბიელო ვითარება: ახლა სახელმწიფო ობლიგაციებს უშვებენ, რითაც უნდათ, რომ რუსეთის მოსახალეობისგან ამოიღონ თანხა. როდესაც უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი აქვს, დაპირისპირებულია დასავლეთთან, სირიაში არაფერი არაა გარკვეული და ღმერთმა უწყის, რა ცეცხლი აინთება ახლო აღმოსავლეთში, რადგან დასავლეთს ჯერ თავისი კოზირები არ გაუთამაშებია; როდესაც აქვს ყირიმის პრობლემა; მყიფე ზავი –  თურქეთთან, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაშიც რომ კონფლიქტი წამოიწყოს, უფრო მეტი ხარჯიც ექნება და მეტი სანქციაც დაუწესდება. შიდა პოლიტიკური პროცესებიც დაიძაბება რუსეთში და პუტინის ოპოზიციაც გააქტიურდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მტრის ხატის შექმნა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სჭირდებათ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა, რომ ასე იყოს და კიდევ ერთხელ არ ჩაერიოს რუსეთი ფიზიკურად საქართველოს შიდა საქმეებში. ვფიქრობთ, რომ 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლაიტმოტივი იქნება ის, რომ რუსეთი ალყაშია, გარშემორტყმულია მტრული მეზობლებით და ერთადერთი მხსნელი  ის პოლიტიკური გუნდია, რომელიც დღეს რუსეთს უდგას სათავეში. რომ არა ეს გუნდი,  „საზიზღარი მტრები“, არადა მთელი მსოფლიო ხომ მათი მტერია?! რუსეთს დაშლიან. რუსი ამომრჩევლის დიდ ნაწილზე იმუშავებს ეს იდეოლოგია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი აქეთკენ მიდის. დარწმუნებით მინდა, გითხრათ, რომ, თუ სამხედრო ინტერვენციას გადაწყვეტს რუსეთი, ეს იქნება ძალიან მოკლევადიანი სამხედრო წარმატება, რომელსაც უდიდესი უბედურება მოჰყვება რუსეთის მთელ ტერიტორიაზე და არა მარტო რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის. ამდენად, ურჩევნია, შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში თავისი წვლილი შეიტანოს, ვიდრე ჩვენ გვლანძღოს. ხომ ვხედავთ, რომ ჩვენი და აზერბაიჯანის ლანძღვითა და დაკნინებით ამდენი წელია, შედეგი ვერ მიიღო?! ვერც ახლო აღმოსავლეთში მოაგვარა კონფლიქტი, ვერც დასავლეთთან და ვერც სანქციები მოიხსნა. ახლა უმჯობესია, შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან საერთო ინტერესებსა და გავლენების არაგეოგრაფიულ გაყოფაზე ილაპარაკონ. ცოტა უხერხულია, რომ ამხელა მონსტრს ჩვენ ვარიგებთ ჭკუას, მაგრამ ჩვენ იმას ვხედავთ გარედან, რასაც ისინი შიგნიდან ვერ ხედავენ.
– ესე იგი, თქვენ გამორიცხავთ სამხედრო ინტერვენციას?
– რუსეთი ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოში თავისი აგენტურის მეშვეობით და ამიტომ არ გვგონია, რომ სამხედრო ინტერვენცია დასჭირდეს, იმ მარტივი მიზეზით, რომ ძალიან კარგად იცის, საქართველოში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, როგორ მოიყვანოს ხელისუფლებაში პრორუსული ორიენტაციის ადამიანები და თავისთვის სასურველი ძალები. ამდენად, მაინც ვფიქრობთ, რომ ის, რის პროპაგანდასაც ეწევა საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის შიდა პოლიტიკური ბაზრისთვისაა გათვლილი. თუმცა ეს ჩვენი სურვილია, თორემ არაფერს გამოვრიცხავთ. თუ ასე არ იქნა, შეიძლება, სამხრეთ კავკასიაში მცირე სამხედრო წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ ისეთი სანქციების ქვეშ აღმოჩნდება და ისე ძლიერად დაუპირისპირდება მას დასავლეთი და თურქეთი…
– რომ არ უნდა უღირდეს, წესით?
– მეტიც, ძალიან სერიოზულად აუგორდება შიდა კონფლიქტები თათრეთში, ჩრდილო კავკასიაში, უკრაინას კი უკვე პირდაპირ გადასცემენ ლეტალურ იარაღს. ისედაც, უკვე მოაწერა შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ხელი განკარგულებას უკრაინისთვის 150 მილიონი დოლარის გამოყოფაზე სამხედრო დახმარების მიზნით.

скачать dle 11.3