კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აგიჟებს გიორგი კალატოზს და როდის ხდება ის შეყვარებულისთვის აუტანელი #10

სპორტის მოყვარულები კარგად იცნობენ ახალგაზრდა კომენტატორსა და „იმედის დილის“ სპორტის წამყვანს, გიორგი კალატოზს. გიორგი პაროდირების ნიჭითაც გამოირჩევა და მისი ვიდეოპაროდიები ინტერნეტში განსაკუთრებულად პოპულარულია.
გიორგი კალატოზი: დავამთავრე 53-ე სკოლა და ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ვთამაშობდი ფეხბურთსაც, კალათბურთსაც. თუმცა, სამოყვარულო დონეზე მოკვდა ყველაფერი – 15 წლის ასაკში დავანებე თავი. ან უნდა მესწავლა, ან სპორტს გავყოლოდი. მშობლებს დაველაპარაკე და მათ გამიკვლიეს გზა: ჟურნალისტიკაზე თუ ჩააბარებ, შეგიძლია, სპორტის განხრითაც წახვიდეო. ჩავაბარე და პირველივე კურსიდან დავიწყე მუშაობა კომენტატორად. „იმედის დილაზე“ უკვე ორი წელია, ვმუშაობ. პაროდიებსაც ვაკეთებდი „იუ თუბიზე“ და როდესაც სამუშაოდ მივედი, უკვე ყველამ იცოდა, ვინ ვიყავი, ნანახი ჰქონდათ.
– ვინმე ხომ არ განაწყენდა პაროდიების გამო?
– ასეთი რამ არ მომხდარა, რადგან სადაც მიმიღეს, იქ მყოფთა 80 პროცენტის პაროდიას ვაკეთებდი. რომ ყოფილიყო აგრესიული დამოკიდებულება, მეტყოდნენ: მოაშორეთ აქედან, რა გაგვიხურა საქმეო. პირიქით, თუ ვინმე არ მოვა, ეს შევუშვათო – ასეც  ხუმრობდნენ. მახსოვს, პაატა გურასპაულის პაროდია გავაკეთე და „ფეისბუქზე“ ავტვირთე. იმდენად მოეწონათ, იმდენმა გააზიარა, სხვადასხვა გვერდმაც, რომ მერე „იუ თუბიზეც“ ავტვირთე. ბოლოს კი წავშალე.
– რატომ წაშალე?
– მაშინ ცოტა პატარაც ვიყავი და როგორც ჩანს, რაღაცეებისთვის არ ვიყავი მზად. 90 პროცენტი პოზიტიური კომენტარი იყო, მაგრამ ერთი კომენტარი არ მომეწონა, თან, ვიფიქრე: ამ ვიდეომ თავისი საქმე გააკეთა-მეთქი და ჩემი „ექაუნტიდან“ წავშალე. მერე ნელ-ნელა აქტიურად ჩავერთე ამ საქმეში. თავიდან არ ვახმაურებდი, მაგრამ ახლა დავდე კიდევ ახალი ვიდეო, 23 პაროდია: ჯემალ ბაღაშვილის, აქუბარდიასი, გიორგი გაბუნიასი, ქეცბაიასი და ასევე, მულტფილმების.
– შენი ნიჭი ხომ არ გამოგიყენებია ვინმეს გასაშაყირებლად ან სკოლაში მასწავლებლების გასაბრაზებლად?
– მე და ჩემი ძმაკაცი ერთად ვაკეთებდით მასწავლებლის პაროდიას. თან, იმ მასწავლებელთან არა, ვის პაროდიასაც ვაკეთებდით, სხვა მასწავლებელს ვაჩვენებდით და ისიც ერთობოდა. ტელეფონზე დავურეკე ანდრია გველესიანს – ჩემი მეგობარია. ჯემალ ბაღაშვილთან იყო „იუმორინაში“ და ჯემალის ხმით დავურეკე: ანდრია, როგორ ხარ-მეთქი. ვერ მიხვდა: ბატონო ჯემალო... გადაცემაში სტუმრად რომ იყავი, მოეწონა ხალხს და გვინდა, კიდევ მოგიწვიოთ-მეთქი. კი, ბატონოო და ბოლოს სიცილი წამსკდა. დაიბნა, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა... ბოლოს მიხვდა, მე რომ ვიყავი. ფეხბურთზე რომ დავდიოდი, ზოგჯერ მწვრთნელის პაროდიას ვაკეთებდი. ერთი ბავშვი არ მოვიდა ვარჯიშზე და მწვრთნელის ხმით დავურეკე: რატომ არ მოხვედი-მეთქი. დამიწყო ახსნები... თან, ყველას ესმოდა მისი ხმა, ისეთი სიცილი დააყარეს.
– კომენტატორებს ხშირად აკრიტიკებენ ხოლმე.
– რომ დაჯდები, პირველი 5-10 წუთი ცოტა რთულია, სანამ გახურდები. მერე კომპლექსები გეხსნება და ყველაფერი კარგად მიდის. პირველად რომ დავჯექი, ბევრი ვინერვიულე. კრიტიკას უკვე მიჩვეული ვარ. მეც მომსვლია სერიოზული შეცდომა და ისეთიც, ჩემ გარდა, ვერავის რომ ვერ გაუგია. ფეხბურთელის გვარი რომ შეგეშლება, არ მგონია, ეს შეცდომა იყოს. მთავარია, ხშირად არ გეშლებოდეს, გვარს არ ამახინჯებდე. ახალი დამჯდარი ვიყავი ეთერში, უნდა მეთქვა „უმეთვალყურეოდ“ და ვთქვი: „უთვალმოყვაროდ“, ბევრი ვინერვიულე. საიდან მოვიტანე ეს სიტყვა, არ ვიცი. კიდევ ვცადე და იგივე ვთქვი. ასეთ დროს საერთოდ არ უნდა სცადო, უნდა დაცხრე. მიხვდე, უცებ დაიწერო და წაიკითხო. ისეთი სისულელე ვთქვი, შემრცხვა, გავშრი: მეც კი გავგიჟდი.
– კონფლიქტური არ ჩანხარ.
– არა, საერთოდ არ ვარ კონფლიქტური. ერთი ჩემს ძმას გამოვყავარ ხშირად წყობიდან. იმდენად მშვიდია, რაღაცას რომ ვეტყვი, ვუხსნი მთელი ემოციებით, განცდებით, ის კი  ამ დროს ისე ფლეგმატიურად შემოგხედავს და გიპასუხებს, რომ გადაგრევს. ისეთი ალოგიკური პასუხები აქვს, რომ მაგიჟებს. ისეთი კონფლიქტური და ცეცხლოვანი ვარ, როგორც ყველა ადამიანი.
– „იმედის დილაში“ ძალიან ლამაზი გოგონების გარემოცვაში გიწევს ყოფნა. ესეც ერთგვარად სასიამოვნოა.
– სასიამოვნოა, თუმცა, როცა დილის 7 საათზე, რვის ნახევარზე მიდიხარ, არაფერი გაინტერესებს, ძილის გარდა. ყველა მეუბნება: რა ლამაზი გოგონები არიან. კი, ლამაზები არიან, მაგრამ იმდენად გათიშული ვარ, ვერაფერს ვხედავ. თან, შეყვარებული მყავს.
– როგორ იპოვე შეყვარებული: ღამე კომენტატორი ხარ, დილით – წამყვანი.
– სანამ მუშაობას დავიწყებდი, მანამდე ვიპოვე. 4 წელია, ერთად ვართ. უნივერსიტეტში ერთ ჯგუფში ვიყავით და მას მერე მოვდივართ. პირველი კურსი ისე დავამთავრეთ, კარგა ხანი არაფერი მითქვამს მისთვის. ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ნელი ვიყავი ამ ამბავში. თან, არ ვმუშაობდი და განა რამეს მეტყოდა, მომთხოვდა. სადმე უხერხულში რომ არ ჩავვარდნილიყავი, ამის შიშიც მქონდა. გულში ყველამ ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ მუშაობა რომ დავიწყე, პირველი ხელფასით კინოში დავპატიჟე და ჩადგა ყველაფერი კალაპოტში.
– ხშირად კამათობთ?
– შეყვარებულები ძირითადად ბევრს ჩხუბობენ, მაგრამ ჩვენ, სხვებთან შედარებით, იდიალური ურთიერთობა გვაქვს. ამ რეჟიმის გადამკიდე, ერთმანეთს  ვერ ვნახულობთ, მაგრამ ამ პირობებშიც ვინარჩუნებთ კარგ ურთიერთობას. სანამ მუშაობას დაიწყებდა, პროტესტი ჰქონდა, მაგრამ, მერე თვითონაც რომ დაიწყო მუშაობა, მიხვდა: ეს რომ მნიშვნელოვანია და მინელდა. ზოგჯერ ისეთი სიტუაცია იქმნებოდა, თითქოს დამნაშავე ვიყავი, რომ ვმუშაობდი.
–  ყურადღებიანი ხარ? გიყვარს სიურპრიზების მოწყობა მისთვის?
– ყვავილების მიტანა არ მიყვარს, მირჩევნია, ტკბილეული ვაჩუქო, სუვენირი, აქსესუარი. საჩუქრისთვის მიზეზი არ არის საჭირო, თუმცა გარკვეულ დღეებზე გამოწერილია. თვითონაც, ხელფასზე მაჩუქებს ხოლმე რაღაცეებს: პერანგი მოუტანია ან სხვა რამ. ერთხელ, მახსოვს, „აიფონ 5“ ვაჩუქე, როცა „აიფონ 5-ბდა“. გაუკვირდა  და ისე გაუხარდა, ცრემლები წამოუვიდა. მთავარია, რომ ვუგებთ და ვავსებთ ერთმანეთს. გარეგნული თვისებების გარდა, ძალიან კარგი ადამიანია და ჩემი მეგობარია, მასთან კარგად ვგრძნობ თავს.
– აპირებთ დაქორწინებას?
– კიდევ მეტ სტაბილურობას ველოდები. ათასი ნიუანსია, თორემ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ვიცი, რომ ეს ადამიანი ჩემი ცხოვრების მეგზურია, უბრალოდ, რაღაც ფაქტორების გამო, თავს ვიკავებ.
– „ქალი ვიცი, კუხნაში“ – ალბათ, არ ფიქრობ ასე.
– არა, წარსულს ჩაჰბარდა, როცა ქალი ნივთად მიიჩნეოდა. გენდერული ბალანსი ურთიერთობაში დაცულია. სახლში რომ გამომყავს ჩემთან, ერთად ვაკეთებთ რაღაცეებს. თუმცა, უფრო ნერვებს ვუშლი, აუტანელი ვარ: ან მე უნდა გავაკეთო, ან  არ უნდა ვიყო იქ. მე რეცეპტს მივყვები, ქალებმა უფრო გადახვევა იცით. ბოლოს მეუბნება, შემეშვიო.

скачать dle 11.3