კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სჯობნის ქართველი ქალი ქართველ მამაკაცს ლიდერობასა და ინტელექტში და გადააბარებენ თუ არა მამაკაცები მათ ოჯახის რჩენასთან ერთად ქვეყნის დაცვის ფუნქციას #10

საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა, რომლის ავტორი ითხოვს სამხედრო-სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას, რომ ჯარში სავალდებულო წესით, ქალებიც გაიწვიონ და ამის პარალელურად, დამკვიდრდეს ტერმინი „ჯარისქალი“. თუმცა ჩვენმა ქართულმა ენამ იმთავითვე ჩადო ეს შინაარსი თავად ტერმინ „ჯარისკაცში“, იმ მარტივი მიზეზით, რომ კაცი დედაკაცსაც ნიშნავს და მამაკაცსაც, ანუ ადამიანს, მიუხედავად სქესია. თუმცა პირადად მე, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო იმისა, რომ ქვეყანა მამაკაცებთან ერთად, დედაკაცებმაც დავიცვათ (დღეს ქალებს სურვილისამებრ შეუძლიათ ჯარში სამსახური), მაინც უცნაური სურათი იკვეთება. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში ქალმა ოჯახის რჩენის ფუნქცია, შვილების გაჩენისა და აღზრდის საკითხს, წარმატებით შეუთავსა. თუ ამას ქვეყნის დამცველის ფუნქციასაც დავუმატებთ, იბადება რიტორიკული კითხვა: მაშ, რა სარგებლობა მოაქვს მამაკაცს?! ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად შევეცდებით.
–  ხშირად მომისმენია მამაკაცებისგან, თუ გენდერული თანასწორობა გინდათ, იმსახურეთ ჯარშიო, თუმცა დუმილის უფლებას იყენებენ იმ ფაქტის შეფასებისას, რომ ქალს გადაულოცეს ოჯახის რჩენის ფუნქცია. მამაკაცის როლი ბუნებრივად დაკნინდა და როგორ მივედით იქამდე, რომ ქალმა მათ ჩამოართვა რიგი ფუნქციები?
–  უფრო ცხოვრებამ მოიტანა, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ცხოვრებამაც მოიტანა და მამაკაცის სიზარმაცემაც. ჩვენ აღმოსავლური ყაიდის ხალხი ვართ, რაც უნდა ვიჯიუტოთ დასავლურ ორიენტაციაში. ბევრი მიდგომა გვაქვს აღმოსავლური ტიპის. მაგალითად, იმავე გენდერულ საკითხში. აღმოსავლური ტიპისას იმიტომ ვამბობ, რომ ხშირად ვნახავთ აღმოსავლეთში, რომ მამაკაცი თავის თავზე იღებს ბრძოლისა და აგრესიის ფუნქციას, სხვა შემთხვევებში კი, პასიურია, ზის ჩრდილში და სვამს ჩაის, ჩვენთან –  ღვინოს.
– არაბულ ქვეყნებში მამაკაცი არჩევს თავის ცოლებს და იმდენი ცოლის ყოლის უფლება აქვს, რამდენის შენახვის –  შნოც, თუ არადა, იყოს უცოლო.
– ოღონდ იმ არაბულ ქვეყნებში გამოჩნდა მამაკაცური სამუშაო –  კომერცია და ის საწარმოო ურთიერთობები, რომლებშიც მამაკაცია ჩართული. ეს ხდება ოჯახის რჩენის წყარო. საქართველოში ცოტა სხვანაირი სიტუაციაა: სად შეიძლება, დასაქმდეს მამაკაცი, როდესაც არ არის წარმოება და საკუთრებასთან მიმართებაში ქალსა და მამაკაცს თანაბარი უფლებები აქვთ?! არ ვიცი, თქვენ მიერ ნახსენებ არაბულ ქვეყნებში, საკუთრების თვალსაზრისით, არის თუ არა განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის.
– ქმრის უფლების გარეშე, ქვეყანას რომ ვერ ტოვებს ქალი, არ მგონია, საკუთრების უფლება ჰქონდეს.
– აქ კი, თუ საკუთრების თემაში ერთმანეთს არ ეპუებიან, მაშინ საქართველოში მესაკუთრე ქალიც შეიძლება, იყოს. სხვა მხრივ, სადაც სამუშაო ადგილებია, იქ არის დასაქმებული ადამიანი. ჩვენთან სამუშაო ადგილები, ძირითადად, შეიქმნა რესტორნებში, რომლებშიც მიმტანებად უმეტესად ქალები მუშაობდნენ. ბოლომდე კორექტული არ არის ასეთი გამიჯნვა, მაგრამ ასეთი ტრადიცია იყო საქართველოში მეტნაკლებად. ამიტომ აღმოჩნდა, რომ ქალმა უფრო იპოვა სამუშაო. უცხოეთშიც თუ მიდიან სამუშაოს საძებნელად, იქაც, ძირითადად, მომვლელის ადგილებია და ამდენად, იქაც ქალები უფრო აღმოჩნდნენ დასაქმებულები. ასე რომ, ქალის მიერ ოჯახის რჩენის ფუნქციის საკუთარ თავზე აღება, არსებითად იმის შედეგია, რომ სამუშაოს პოვნის, სახსრების მოძიების საშუალება ქალს უფრო მეტი აქვს საქართველოს სინამდვილეში. აქ არც წარმოება გვაქვს და არც სოფლის მეურნეობა იმდენად განვითარებული, რომ დასაქმდე. თან, ისიც არის ფაქტორი, რომ საქართველოში უფრო ქალები არიან ინიციატივიანები.
– რაკი უცხოეთში მომვლელების სამუშაო ადგილებია, ქალები უფრო იოლად დასაქმდნენო, მაგრამ ვითომ შავი მუშის სამუშაო ადგილები არ არის? მომვლელობა ქალისთვის ისეთივე შავი სამუშაოა, როგორ მამაკაცისთვის –  სიმძიმეების თრევა. იქნებ მამაკაცებმა ითაკილეს ასეთი სამუშაო, ქალებმა კი –  არა?
– არ არის გამორიცხული. სამუშაოსადმი დამოკიდებულება განსხვავებული აქვთ: ქალი ყველაფერს აკეთებს  და არ არის პრეტენზიული სამუშაოს შესრულებისას. ოჯახშიც ხომ ქალი ყველაფერს აკეთებს, მამაკაცი კი ყველაფერს არ აკეთებს. შეიძლება, ეს ტრადიცია ოჯახის გარეთაც გაგრძელდა. თუმცა შეიძლება, ისიც იყოს, რომ შავი მუშის ადგილი იმდენი არ არის, რამდენიც მომვლელის. არც იმას გამორიცხავ, რომ ნაკლებია ანაზღაურებაც. მომვლელს თუ ქირაობს ადამიანი, იგულისხმება, რომ შეძლებულია და შეუძლია თანხის გადახდა ამ მომსახურებაში.
– საკონტროლო „გასროლასაც“ დავაყოლებ: უფრო ცოტას უხდიან და არ უღირს, მაგრამ აი, ქალი იმუშავებს და იმას გამოართმევს. ეს უღირს? ვითაკილებ, რომ ცოტას მიხდიან, მაგრამ არ ვითაკილებ, ქალს გამოვართვა ფული? თაკილთან, ანუ ღირსებასთან მოდის ჰარმონიაში ასეთი ქცევა?
– როგორ მოდის ჰარმონიაში ღირსებასთან ის ფრაზა, ჯერ თავო და თავო და მერე ცოლო და შვილოო?! თუ ჩავთვლით, რომ ეს ფრაზა გარკვეული სტერეოტიპის ანარეკლია, თუმცა ამასაც კვლევა უნდა, ესე იგი, ცუდი სტერეოტიპი გვაქვს. ცუდი, იმ მხრივ, რომ დისკრიმინაციულია. ამ ფორმულით, მამაკაცისთვის თავის  თავზე ზრუნვა უპირატესი გამოდის, ვიდრე ცოლსა და შვილზე. თუ ეს ასახავს დამოკიდებულებას, მაშინ ამ ფორმულით შეიძლება, აიხსნას მამაკაცის იმ პასიურობის ბევრი მომენტი, რაზეც თქვენ ჩივით.
– ქალის აქტიურობის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელეთ ის, რომ ქალი უფრო ინიციატივიანია. ზოგადად, ქალია ინიციატივიანი თუ ქართველი ქალი კონკრეტულად?
– ზოგადად არ ვიცი, მაგრამ ქართველი ქალი რომ ინიციატივიანია, ბევრი რამით ჩანს. საერთოდ, მცირე ზომის ქვეყნებში ქალები უფრო მასქულანურები არიან. ანუ მამკაცური თავისებურებები ახასიათებთ.
– ქვეყნის მცირე ზომა რა შუაშია?
– იმიტომ რომ, ომების დროს ქვეყანას არ ჰყოფნიდა საბრძოლო რესურსი და არ ჰქონდა იმის ფუფუნების საშუალება, ქალი სახლში დაესვათ და მხოლოდ მამაკაცებს ებრძოლათ. ამიტომ, თუ ქალი უშუალოდ არ იღებდა ბრძოლაში მონაწილეობას, დამხმარე პირი მაინც იყო: იარაღს უტენიდა და ასე შემდეგ. ამიტომ ვამბობ, რომ ქალების გამამაკაცურება მცირე ზომის ქვეყნების მახასიათებელია და ამ ფონზე, არა მარტო ფიზიკური კომპონენტები ვითარდება, არამედ ფსიქოლოგიურადაც უფრო მამაკაცურიც შეიძლება, აღმოჩნდეს ქალის აზროვნება: გადაწყვეტილებების მიღების უნარი, მართვის ტენდენცია. აი, აღმოსავლურ ოჯახებში რაღაც ასაკის შემდეგ დედა ხდება წამყვანი ფიგურა. ისლამურ კულტურებშიც დედაა უფრო მნიშვნელოვანი. საქართველოშიც დედის სიტყვას ოჯახში, შვილებისთვის შეიძლება, უფრო დიდი წონა ჰქონდეს, ვიდრე მამისას. რაც შეეხება ინტელექტსა და აზროვნებას: ბედმა ისე მოიტანა, რომ ქართველი ქალები ხშირად ხვდებოდნენ ჰარემებში და ძალიან ხშირად მთავარი ცოლის ფუნქციასაც ასრულებდნენ სწორედ იმიტომ, რომ ლიდერის თვისებები ჰქონდათ, ვიდრე სხვებს. ბევრი რამ მიუთითებს, რომ ლიდერის ელემენტი არის ქართველ ქალში  და შეიძლება, ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მუშაობის დროსაც ისეთ საქმეს ჰკიდებს ხელს, რომელსაც ლიდერის თვისებები სჭირდება. ინტელექტისა და ლიდერის თვისებებში ქართველ ქალს რომ უფრო დიდი უნარები აქვს, ვიდრე მამაკაცებს, მიუთითებს ჭადრაკი. ქალები გვყავს უბადლო მოჭადრაკეები, მამაკაცები კი –  ნაკლებად. მგონი, ჭადრაკის ამ ფენომენმა ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს.
– თუმცა მამაკაცები ლიდერობენ ძალისმიერი სპორტის სახეობებში: ჭიდაობა, რაგბი.
– სადაც ინტელექტია, იქ ქალები არიან წარმოდგენილნი. სხვათა შორის, იგივე სურათია ჩინეთშიც. არ არის გამორიცხული, რომ ეს ბუნებრივი ტენდენციებია: მთელ რიგ ინტელექტუალურ ამოცანებს ქალები უფრო წარმატებით წყვეტენ, სამაგიეროდ, ტექნიკურ ამოცანებს უფრო კარგად წყვეტენ მამაკაცები.
– ეს უფუნქციოდ ხომ არ ტოვებს მამაკაცებს? ქალს ბევრი ფუნქცია დაუგროვდა, თავისიც, სხვისიც და მამაკაცს ბევრი არაფერი დარჩა.
– ნელ-ნელა ბიზნესი განვითარდება, წარმოება განვითარდება. ქვეყნის სტრუქტურამ გამოაცალა მამაკაცს ფუნქციები. ერთ-ერთი განვითარებული სექტორია სამშენებლო, მაგრამ სად არიან მშენებლობებზე ქალები?! მხოლოდ მამაკაცები მუშაობენ.
– იქაც ფიზიკური ძალაა საჭირო.
– მიუხედავად ამისა, მაგალითად, რუსეთში ქალები მშენებლობებზეც მუშაობენ და რკინიგზაზეც. ეს მათთვის არაფერია. ასე რომ, კულტურას, საზოგადოებას აქვს გენდერული სტერეოტიპები ამა თუ იმ პროფესიაში და ამ სტერეოტიპებს აქვს გავლენა, რა თქმა უნდა.
– მცირე ერებისთვის დამახასიათებელი იყო ქალების გამამაკაცურებაო. დიდ ქვეყნებში, ესე იგი, ქალები უფრო ქალურები და მამაკაცები უფრო მამაკაცურები უნდა იყვნენ. რუსეთი ახსენეთ და ამიტომ ასე ვიტყვი: ჩრდილოელ მამაკაცებს დიდად ვერ დავაბრალებ მამაკაცურობას.
– დიდ ქვეყნებში მამაკაცები, ძირითადად,  ომობდნენ. არც მახსენდება რუსულ სინამდვილეში მეომარი რუსი ქალი, ანუ ქალი ხმლით ხელში. უპირატესად, მამაკაცების საქმე იყო ეს, სამაგიეროდ, მთელ შიდა მეურნეობას უძღვებოდნენ ქალები. თუმცა შემდეგ ამ შიდა მეურნეობაში იგულისხმება თუ არა მშენებლობა და რკინიგზის დაგება, ეს უკვე აღარ ვიცი.
– ჩრდილო კავკასიაშიც, სავარაუდოდ, იმავე როლს ასრულებდნენ ქალები, როგორსაც საქართველოში. მათაც ძლიერი ქალები ჰყავთ, მაგრამ მამაკაცების მორჩილები. ქართველი ქალი ასეთი მორჩილი არ არის. რელიგიის გავლენაა?
– მგონი, უფრო რელიგიის გავლენაა. იმიტომ რომ, ჩრდილო კავკასიაში, ძირითადად, ისლამია გავრცელებული.
– ჩრდილო ოსეთშიც საკმაოდ დაქვემდებარებულია მამაკაცს ქალი, თუმცა ოსი ქალები არ არიან ნაზი-ნარნარები. ისინიც ქრისტიანები არიან, მაგრამ არ მალავენ იმას, რომ ჩრდილო ოსეთში საქართველოსთან შედარებით, ირანია. ეს მათი შედარებაა.
– ოსები მომხიბვლელი ქალები არიან, ენერგიულები და ძლიერები. ქრისტიანობა კულტურის მხოლოდ ერთი კომპონენტია. როგორც ჩვენ განვიცდიდით საუკუნეების განმავლობაში ისლამის გავლენას და ბევრი ელემენტი შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში ისლამური, ჩრდილო კავკასიის ხალხებში, ცხადია, ეს გავლენა უფრო ძლიერი იქნებოდა. გავიხსენოთ „შუშანიკის წამება“, შუშანიკი რომ ამბობს, ქალები და მამაკაცები ერთ სუფრას არ უნდა უსხდნენო.
– ეს ძალიან საინტერესო მომენტია: ერთად რას მიქვიან, დავსხედითო და ამ დროს ჯოჯიკს, მამაკაცს, თავზე დაალეწა ჯამ-ჭურჭელი. ერთად ტრაპეზი არ ჯობდა ჯოჯიკის ცემას?
– ალბათ, სპეციფიკური მახასიათებლებიც გვქონდა, რის მიზეზიც ისტორია იყო და არა მხოლოდ რელიგია. საერთოდ თემა: გენდერი და კულტურა, კიდევ დიდ ხანს იქნება მსჯელობის საგანი და ბევრი კანონზომიერებაა დასადგენი.
– მეორე მხრივ, ხომ არ აჯობებს, რომ ქალები მართლაც გაიწვიონ ჯარში. იქნებ მათ ისეთივე წვლილი შეიტანონ ქვეყნის დაცვა-გამთლიანებაში, როგორიც ოჯახების ფეხზე წამოყენებაში? ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ მამაკაცების ძალისხმევამ რაც მოიტანა, ვხედავთ ამას საქართველოს რუკის კონტურით?
– როდესაც ისრაელმა ქალების გაწვევა გადაწყვიტა ჯარში, ეს იმდენად გენდერული თემით არ იყო განპირობებული, არამედ უფრო იმით, რომ მტრების გარემოცვაშია ისრაელი, მცირე ზომის ქვეყანაა და ბრძოლისთვის ხელები არ ჰყოფნის. იქ ჯარში მყოფი ქალი უსაქმურად არ არის, ისევე, როგორც –  მამაკაცი. სულ დაძაბულობაა და ამ ფონზე ქალების გაწვევის საკითხის დაყენება ლოგიკურია. შენთან კი, მადლობა ღმერთს, ასეთი დაძაბული ფონი არ არის. რაც ისრაელში ხდება, არის ქრონიკული ომი, ან ქრონიკული ტერორისტული შეტევა. შენთან კი არც ერთია და არც მეორე –  ქალებს ჯარში რატომ იწვევ, უსაქმურობისთვის?! უსაქმური არმია ირყვნება. ნაპოლეონის დამოკიდებულება ასეთი იყო: ჯარის გაჩერება არ შეიძლება. ჯარმა უნდა იმოქმედოს, თორემ გაირყვნებაო. ნაპოლეონის ჯარზეა ლაპარაკი და ჩვენსაზე, მით უმეტეს, ითქმის. ამიტომ შესასწავლია, არის თუ არა ქალების ჯარში გაწვევის ობიექტური აუცილებლობა, თორემ საკითხის გენდერულ ჭრილში დასმა, ჯარში სავალდებულო გაწვევით  გავათანაბროთ ქალი და მამაკაციო, მგონი, სისულელეა.

скачать dle 11.3