კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ოთარ რამიშვილის მუსიკოსი შვილი ადვოკატი და რას სთავაზობდნენ მას, სანდრო გირგვლიანის საქმიდან ჩამოცილების სანაცვლოდ #9

დეკანოზ გიორგი მამალაძის გახმაურებულ საქმეში, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ბრალდებულის ოჯახის გადაწყვეტილებით ჩაერთო. ადვოკატი, რომლის პრაქტიკაშიც კიდევ ერთი რეზონანსული საქმე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობა იყო, სასულიერო პირის დაცვას განსაკუთრებული ემოციებით აღიქვამს. მიხეილ რამიშვილი ცნობილი მუსიკოსის, ოთარ რამიშვილის შვილია, სანამ ადვოკატი გახდებოდა, მისი ცხოვრებაც მუსიკა, სოლფეჯიო, ალტი იყო, რაც მოგვიანებით, რომის სამართალმა ჩაანაცვლა. გახმაურებული საქმის ადვოკატი დეკანოზის საქმის, საკუთარი ცხოვრებისა და მამასთან ურთიერთობის ეპიზოდების შესახებ გვიამბობს. 
მიხეილ რამიშვილი: ჩემი ჩართვა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში მისი ოჯახის გადაწყვეტილებით მოხდა, ისინი დამიკავშირდნენ თხოვნით, ჩავრთულიყავი ამ საქმეში. მამა გიორგის ადრე არ ვიცნობდი. მასთან არანაირი კავშირი არ მქონია. ვერ ვიტყვი, რომ სასულიერო პირის დაცვა წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, სპეციფიკური შემთხვევაა და რაიმე განსაკუთრებულობას წარმოადგენს ადვოკატისთვის. კანონმდებლობა ყველასთვის ერთია – ეს ყველამ კარგად ვიცით. გარედან შესაძლოა, არსებობს ემოციური დამოკიდებულება, როდესაც ბრალდებულის რანგში საქმე სასულიერო პირს ეხება, თუმცა ადვოკატისთვის სხვა რამ არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის ეს საქმე საინტერესოც არის და საპასუხისმგებლოც. ბრალდება, რომელიც წაყენებული აქვს მამა გიორგის, საკმაოდ მძიმეა, ის ძალიან კარგი ადამიანია და შესაბამისად, რა არის სიმართლე, არის თუ არა ბრალდება, რაც მას აქვს წაყენებული, სამართლიანი და ასე შემდეგ უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს. დღეს ეს კითხვები იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე თავიდან მქონდა საქმესთან დაკავშირებით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მამა გიორგი უდანაშაულოა. დეტალებზე მას შემდეგ შევძლებ საუბარს, როცა ჩვენებას მისცემს. ადვოკატობის გარდა, მე ვარ მოქალაქე, მართლმადიდებელი, შესაბამისად, ეს საქმე ჩემთვის ძალიან პრინციპულია. იმიტომაც ჩავერთე, რომ გამოძიება სამართლიანად წარიმართოს, თორემ ეს არც იმიჯის შექმნისთვის მჭირდება და არც პოპულარიზაციისთვის. მთავარია, გაირკვეს სიმართლე.
– ამ საქმეს, რომელიც ჯერ კიდევ ბუნდოვანია საზოგადოებისთვის, განსაკუთრებული ვნებათაღელვა მოჰყვა, რადგან საპატრიარქოს, მაღალი რანგის სასულიერო პირებს და თავად მის უწმიდესობას ეხება.  როგორია თქვენ მიერ დანახული და აღქმული პროცესები, რაც დღეს საპატრიარქოში ხდება. მით უმეტეს, რომ თქვენ შეხვდით მის უწმიდესობას, გადაეცით დაკავებული დეკანოზის თხოვნა, რომელსაც მასთან შეხვედრა სურდა.
– ასეთი პროცესები, არეულობა თუ გაუგებრობა, ყველა დროსა და ეპოქაში იყო, მათ შორის, სასულიერო წრეებშიც. ისტორიაში ამისი არაერთი მაგალითი არსებობს. მე ამ პროცესების შემფასებლად ვერ გამოვდგები, ყველაფერს დრო აჩვენებს. მთავარია, ვიცხოვროთ საზოგადოებაში, სადაც უპირველესი სამართლიანობა, ერთგულება, სიყვარულია. ჩვენი, ადვოკატების შეხვედრა პატრიარქთან, დიდხანს არ გაგრძელებულა. ის წინა დღის ჩამოსული გახლდათ გერმანიიდან. სულ რამდენიმე წუთი შევხვდით, შესაბამისად, მოვუფრთხილდით მის ჯანმრთელობას და კონკრეტული საუბარი არ გვქონია. ჩვენ არ მივსულვართ პატრიარქთან დეკანოზის სურვილის გადასაცემად. ჩვენი მიზანი იყო, პატრიარქისთვის გვეთქვა, რომ მამა გიორგი თავს დამნაშავედ არ ცნობს და წარდგენილი ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო საქმის ზოგადი გაცნობით შემოვიფარგლეთ.
 – მისი მდივან-რეფერენტი ესწრებოდა ამ შეხვედრას?
– არა, შეხვედრაზე ვიყავით მხოლოდ ადვოკატები. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, რომ პატრიარქმა მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე მოიკითხა და ბოლოს ის ჩვენთან ერთად დალოცა.
– აქამდე თუ ყოფილა თქვენს პრაქტიკაში გახმაურებული და რეზონანსული საქმეები?
– მე ვიყავი სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი. ცხონებული ირინა ენუქიძის სურვილით ჩავერთე ამ საქმეში. სანდროს პირადად არ ვიცნობდი. მე მისი მკვლელობის შემდეგ დამიკავშირდნენ. ჩვენ გვყავდა საერთო მეგობრები. მე იმ დროს ჩავერთე ამ საქმეში, როცა გამოძიებამ ახალი „ვერსია,” სვანური კლანების დაპირისპირების თემა შემოგვთავაზა, რაც, ალბათ, ყველას გახსოვთ. ამ საქმეზე მუშაობა ძალიან რთული იყო. პროკურატურის დახურული კარი, ჩვენთვის, ამ საქმის ადვოკატებისთვის, უფრო მეტად იკეტებოდა. იყო მცდელობა, ჩემთვის შემოეთავაზებინათ გარკვეული თანხა, ამ საქმიდან ჩამოშორების სანაცვლოდ, რაზედაც ძალიან მძაფრი რეაქცია მქონდა. რა დროც არ უნდა გავიდეს, არასდროს დამავიწყდება ირინა ენუქიძის თავგანწირული დედობრივი გრძნობა, რაც მას ჰქონდა. ირინა იყო საოცარი ადამიანი, გამორჩეული. ერთ ისტორიას მოგიყვებით. იმ დროს, როცა სანდრო ახალი გარდაცვლილი იყო და მე ამ საქმეზე ვმუშაობდი, ქალბატონ ირინას, რომლის მიმართ უდიდეს პატივისცემას ვგრძნობდი, საკმაოდ ხშირად ვხვდებოდი. ზუსტად იმ პერიოდში დაიბადა ჩემი ვაჟი. ერთ დღეს ქალბატონმა ირინამ ცალკე ოთახში გამიხმო. შენ ხომ შვილი გეყოლაო, მკითხა. კი-მეთქი, დავუდასტურე. ზარდახშიდან ოქროს ბეჭედი ამოიღო და გადმომცა: ამ ბეჭედს სანდროს ცოლისთვის ვინახავდი და შენი შვილი რომ გაიზრდება და ცოლს მოიყვანს, მას აჩუქეო. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა, ემოციების გარეშე ამ ისტორიას ვერასდროს ვიხსენებ.
– როგორ მოხვდით მუსიკოს, ოთარ რამიშვილის შვილი ადვოკატურაში?
– ეს დიდი ისტორიაა (იცინის). მე ვსწავლობდი ნიჭიერთა ათწლედში, მევიოლინე ვიყავი. მერე ჩავაბარე კონსერვატორიაში, ალტზე ვუკრავდი. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში, როცა ამ ქვეყანაში ყველაფერი აირ-დაირია, მუსიკისთვის არავის ეცალა და ავტომატებით დარბოდა ხალხი. ჩემი მუსიკით, ახალდაოჯახებული ოჯახის რჩენას რას შევძლებდი და შევიცვალე „პროფილი” – ჩავაბარე უნივერსიტეტში იურდიულ ფაკულტეტზე. ვიოლინო, ალტი, ჰარმონია, ბეთხოვენი, სოლფეჯიო, რომის სამართალმა და რიტორიკამ შეცვალა, რაც თავიდან, ჩემთვის ჩინური იყო (იცინის). მუსიკას, რა თქმა უნდა, ვერ და არ ჩამოვცილდი, დღემდე ვწერ მუსიკას, ლექსებს, სიმღერებს. ჩემი სიმღერები ტრიალებს სხვადასხვა რადიოს ეთერში, როცა თავისუფალი დრო მაქვს, სიამოვნებით ვმღერი. თუმცა, თავიდან, როცა იურდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე, ის ყველაფერი, რასაც ვსწავლობდი, ჩემთვის მუსიკის ფონზე, ნამდვილი „სატანჯველი” იყო. ნელ-ნელა დავინტერესდი, ჩამითრია ამ საქმემ და კარგადაც ვსწავლობდი. ის, რაც ამ პროფესიაში ძალიან დამეხმარა, ჩემი თვისებაა – ვერასდროს ვიტანდი, როცა სადმე უსამართლობას ვაწყდებოდი – ვხედავდი, რომ ვიღაცას ჩაგრავდნენ. ამიტომაც ავირჩიე ადვოკატურა და არ წავედი პროკურატურაში. თუმცა, მქონდა კარგი შემოთავაზება. ვარჩიე, ვყოფილიყავი დამცველი და არა – ბრალმდებელი. შემიძლია გითხრათ, რომ მუსიკა ამ პროფესიაშიც გამომადგა. იურისპრუდენცია, ადვოკატურაც თავის მხრივ ხელოვნებაა. ხომ გინახავთ, სასამართლო პროცესზე ადვოკატი მონოტონურად, მოსაწყენად რომ საუბრობს. არადა, ადვოკატს თავისი სიტყვის წარმოთქმისას, მოსამართლესთან წარმოდგენის შესაქმნელად, საპაექრო სიტყვაში ძალიან ადგება ორატორული თვისება – დაბალი და მაღალი ინტონაცია, რაც არსებობს მუსიკაში და მე ხშირად ვიყენებ. მოსამართლისთვის ისიც კი შემითავაზებია, თუ გინდათ, ჩემს სიტყვას სიმღერით ვიტყვი-მეთქი. რატომაც არა (იცინის)!
– თქვენი პროფესიული „ხრიკები” გქონიათ. მამამ გზიდან გადახვევა იოლად „გაპატიათ”?
– ეს ხრიკი არაა, ხელოვნებაა (იცინის). მამა ლიბერალი კაცი იყო. მან იცოდა, რომ ხელოვნებას და მუსიკას ვერასდროს ჩამოვშორდებოდი, ადვოკატი ვიქნებოდი თუ თანამდებობის პირი. ჩვენი გზა გააგრძელა ჩემმა შვილმა ლიზიმ. ლიზი 19 წლისაა. ჟენევაში, უმაღლეს მუსიკალურ აკადემიაში სწავლობს, ჩელოზე. ლიზის ჰქონდა სოლო კონცერტები „კარნეგი ჰოლში,” არაერთი კონკურსის გამარჯვებული და სახელოვანი ადამიანების სტიპენდიანტია. საინტერესო შემოთავაზებები აქვს და დარწმუნებული ვარ, წარმატებული მუსიკალური კარიერა ექნება.
– ჰგავხართ მამას? გამოვიდა თქვენი ცხოვრება მისი ცხოვრების მსგავსად ბოჰემური და ეპატაჟური? უქმნიდით მას პრობლემებს, ახალგაზრდულ წლებში?
– მამაჩემს ვერ შევედრები, ალბათ, მას ბევრად საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. ბევრი პრობლემა მისთვის არასდროს შემიქმნია. იყო იმ წლებში რამდენიმე შემთხვევა, როცა მეგობრებთან ერთად, პატარ-პატარა უსიამოვნებების გამო, მილიციაში მოვხვედრილვარ. თუმცა, იქ, ყველანაირად ვცდილობდი, ჩემი ვინაობა არ გაეგოთ. მამის სახელს სხვას ვამბობდი, მაგრამ, რას გამოაპარებდი, მაინც იგებდნენ, რომ ოთარ რამიშვილის შვილი ვიყავი (იცინის). საკუთარ თავზე რა გითხრათ, მაგრამ, როგორც შვილი, რა თქმა უნდა, ბევრი თვისებით ვგავარ მას. ჩვენ ძალიან გვესმოდა ერთმანეთის და მაგარი მეგობრებიც ვიყავით. როგორც ამბობენ, მამას ვგავარ სამართლიანობით, პრინციპულობით, ერთგულებით, თავდადებით. მამა უკან არაფერზე დაიხევდა. თუ გვერდით ედგა ადამიანს, ბოლომდე ჩაჰყვებოდა, ძალიან კეთილი იყო. მამის მსგავსად, მეც ძალიან მიყვარს ადამიანები, ჩემი მეგობრები. მათ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. როცა რთულ საქმეზე ვმუშაობ, „დავეკარგები” ხოლმე ყველას. მათ იციან, რომ ვმუშაობ და თვითონაც „ქრებიან” დროებით. დანარჩენ დროს ჩემთან ურთიერთობა „კრუგლასუტოჩნია.” სულ მცალია ყველასთვის და ყველაფრისთვის. როგორც მამაჩემისთვის იყო, ჩემთვისაც ყველაზე დიდი ღირებულება თავისუფლებაა. მე არასდროს მადევს პროფესიული ან ბიუროკრატიული ბორკილები. ხომ ნახეთ, აგერ ხელწერილიც კი არ დავწერე პროკურატურაში, გაუთქმელობაზე. იმ ეტაპზე საქმის მასალებზე ისედაც მქონდა ინფორმაცია, ვიცოდი, რასთან მქონდა საქმე და ვარჩიე, ამ ვალდებულებისგან თავისუფალი ვყოფილიყავი. ჩემთვის თავისუფლებას ყველაზე დიდი „ფასი” აქვს.

скачать dle 11.3