კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მფარველობდა მეუფე პეტრე მკვლელობაში ეჭვმიტანილ თორნიკე კაჭარავას და დამნაშავეა თუ არა ინტერპოლის თანამშრომელზე თავდასხმაში პრეზიდენტის სიძე #9

2011 წლის 17 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადამიანმა 23 წლის ზურა ტარყაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილა. მოკლულს 17 ტყვია მოხვდა, მათ შორის, ერთი – საკონტროლო. შემზარავ დანაშაულს წინ 2010 წლის მარტში, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე „არტ კაფეში“ მომხდარი მკვლელობა უძღვოდა, რა დროსაც 21 წლის სანდრო გოგბერაშვილი მოკლეს. შემთხვევის დროს დაიჭრნენ ზურაბ ტარყაშვილი და მისი მეგობრები – ძმები ჩიჩუები, რომლებიც ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლეს. გოგბერაშვილის მკვლელობაში კი მის მეგობარ თორნიკე კაჭარავას დასდეს ბრალი. თუმცა, მოკლულის მამა ივერი გოგბერაშვილი დამნაშავედ ზურაბ ტარყაშვილს მიიჩნევდა და რადგან ის მკვლელობის ბრალდებით არ გაასამართლეს, გადაწყვიტა, თვითონ ეძია შური. ამ მიზნით, გოგბერაშვილი, შვილის მეგობრებთან ერთად, თავს დაესხა ზურა ტარყაშვილს, რომელიც საპატიმროდან ერთი კვირის გამოსული იყო და რუსთაველის გამზირზე ჩაცხრილა. ამჯერად საქმეზე მხოლოდ სამი ადამიანი იხდის სასჯელს, თუმცა, ტარყაშვილის მშობლები უკვე წლებია, დანარჩენი მკვლელების, მათ შორის, თორნიკე კაჭარავას და პრეზიდენტის სკანდალური სიძის, მაშო ჩიჩუას მეუღლის, მინდია გოგოჭურის დასჯას მოითხოვენ. ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 15 თებერვალს, შატბერაშვილის ქუჩაზე, ინტერპოლის თანამშრომელზე მომხდარ თავდასხმაშიც, მინდია გოგოჭურის სახელი ფიგურირებს.  რა ინტერესი შეიძლება, ჰქონოდა მინდია გოგოჭურს ინტერპოლის თანამშრომლის მიმართ და რას ითხოვს მოკლული ახალგაზრდის ოჯახი, ზურაბ ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი გვესაუბრება:
– იმ დღეს მე და ზურა კბილის ექიმთან ვიყავით და ერთად წამოვედით კონსერვატორიამდე. მე მოსწავლე მელოდებოდა და შენობაში შევედი, ზურა კი იქვე გაჩერდა. ხუთი წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ სროლის ხმა გავიგე. კონსერვატორიასთან ზურას დაედევნა ის სამი პირი, რომლებიც ახლა სასჯელს იხდიან – ივერი გოგბერაშვილი, დავით რუსიშვილი და დავით ჯოხაძე.... ზურამ მოახერხა და გაიქცა რუსთაველზე, სადაც ის ორმა პიროვნებამ დაიჭირა, მესამემ კი, მინდია გოგოჭურმა პირველი ტყვია წინიდან ესროლა. ზურა დავარდა, მერე კი  სხვებიც დაესივნენ და ჩაცხრილეს. კადრებში კარგად ჩანს მინდია გოგოჭური როგორ ესვრის ზურას, შემდეგ აგდებს იარაღს და გადარბის ქუჩაზე.
თავიდან ვერც კი წარმოვიდგინე, რომ შეიძლებოდა, ეს ყველაფერი დაემალათ, რადგან მკვლელობა დღისით, მზისით მოხდა. სავსე იყო რუსთაველი, იმდენი ადამიანი შეესწრო ამ ამბავს... მაგრამ რუსთაველზე მდებარე მაღაზიებისა და ოფისების სათვალთვალო კამერებიდან კადრები, სადაც გოგოჭური და ვიღაც-ვიღაცები ჩანდნენ, მთლიანად ამოიღეს და გააქრეს. დაიმალა ერთი იარაღიც, დამალა გამოძიებამ. მოგვიანებით კი, მოვიპოვეთ მაღაზია „ლუტეციას“ სათვალთვალო კამერის და ერთი ადამიანის მიერ ტელეფონით გადაღებული ვიდეო, სადაც ყველაფერი ნათლად ჩანს. როცა მთავრობა შეიცვალა, იმედი მოგვეცა. მივიტანეთ ეს კადრები თბილისის პროკურატურაში, ნახეს, დაგვეთანხმნენ, რომ მართლები ვიყავით, მაგრამ, რაღაც დროის შემდეგ გვითხრეს, რომ აქ არაფერი ჩანსო. თბილისის რამდენი პროკურორი შეიცვალა მას შემდეგ, მაგრამ მაინც ვერაფერს მივაღწიეთ.
– თუმცა, იმ პერიოდში, არც გიორგი მარგველაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი და არც გოგოჭური – მისი სიძე. ვინ მფარველობდა გოგოჭურს?
– დეიდა, ლალი კობერიძე, რომელიც „კუდის” თუ „სოდის” ერთ-ერთი განყოფილების გამგე იყო. გოგოჭურსა და კაჭარავებს ბევრი გავლენიანი მფარველი ჰყავდათ. როცა სანდრო გოგბერაშვილი მოკლეს, ზურაც მასთან ერთად იყო კაფეში. გარედან ესროლეს და ყველა დაიჭრა, მათ შორის, ზურაც. ამ მკვლელობაში მაშინვე თორნიკე კაჭარავას დასდეს ბრალი, მაგრამ ვერ დაიჭირეს, რადგან მას მეუფე პეტრე ცაავა მფარველობდა, მასთან იმალებოდა მონასტერში.  იმ პერიოდში, პირველი სამმართველოს განყოფილების უფროსი, გრიგოლ კვინიკაძე იყო. მან მითხრა: როცა თორნიკე კაჭარავას წასაყვანად მივედით, ის მეუფე პეტრეს მანქანაში იყო. რომ გადმოვიყვანე და უკვე უნდა ამეყვანა, დამირეკეს და მითხრეს, ხელი არ ახლოო. საბოლოოდ, კაჭარავა დაუსწრებლად გაასამართლეს და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაგრამ, როცა მთავრობა შეიცვალა, ყველაფერი გააკეთეს მის გასამართლებლად. გიორგი უდესიანი ყოფილა კაჭარავების ოჯახის ნათლია და ალბათ, ისიც აქტიურობდა ამ საქმეში. ამის შემდეგ ძმებმა კაჭარავებმა კიდევ ერთი მკვლელობა ჩაიდინეს. ამას პროკურატურაც არ უარყოფს, მაგრამ დამამტკიცებელი საბუთი არ გვაქვსო, ამბობენ. ახლახან ვაკეში მომხდარ თავდასხმაშიც ფიგურირებს მათი და გოგოჭურის სახელი.
– რადგან გოგბერაშვილის მამას ზურაზე ჰქონდა ეჭვი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ზურა არ ფიქრობდა, რომ მათი მხრიდან საფრთხე ემუქრებოდა?
–  ზურა ამბობდა, დამნაშავე არ ვარ და რის უნდა მეშინოდეს, ან რატომ უნდა დავიმალოო? მითხრა, დაველაპარაკები მამამისს და არ არსებობს, ვერ მიხვდეს, რომ მე არაფერ შუაში ვარო. ამიტომ არ ეშინოდა, თუმცა, მთელმა მთაწმინდამ იცოდა, რომ ეს კაცი ნარკოტიკებით ვაჭრობდა, იარაღით დადიოდა და არაადეკვატური იყო. უამრავი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ კაციშვილი ხმას ვერ სცემდა, ისეთი კავშირები ჰქონდა.
– გოგბერაშვილის მკვლელობამდე ზურა იცნობდა ამ ბიჭებს? როგორი ურთიერთობა ჰქონდა მათთან?
– ეს ბავშვები, ყველანი ერთად გაიზარდნენ. პირველ სკოლაში სწავლობდნენ ზურაც, გოგბერაშვილიც, კაჭარავებიც და გოგოჭურიც. ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. თუმცა, გოგოჭური სანდროს ახლო მეგობარი იყო. მათ ჰქონდათ ძალაუფლება და ყველას აჩვენებდნენ ამას. რაც მთავრობა შეიცვალა, მათი ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან ახლა უკვე პრეზიდენტი მფარველობთ.
გახსოვთ, გიორგი მარგველაშვილი რომ გამოვიდა ტელევიზიით და განაცხადა, ჩემს ოჯახზე ზეწოლააო? ამ განცხადების წინა დღეს, ენგელსის ქუჩაზე ესროლა სწორედ მინდია გოგოჭურმა ბაჩო სირაძეს, მაგრამ ვერ მოარტყა. ამ ფაქტის გამო პოლიციამ გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. თუმცა, ვერაფერი აღმოაჩინეს, რადგან მათ წინასწარ შეატყობინეს მინდიას ცოლს, მაშო ჩიჩუას, რომ ჩხრეკაზე მიდიოდნენ. ჩიჩუამ იარაღი მეზობელთან გაიტანა და დამალა... პრეზიდენტმა კი წარმოიდგინა, რომ მის ოჯახზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
– თქვენ ეს ვინ გითხრათ?
– პოლიციიდან გავიგე. მოასწრეს იარაღის გაქრობა. ან  როცა გოგოჭური დაჭრეს იანვარში,  მაინტერესებს, რატომ არ აღიძრა საქმე მის დაჭრაზე? რატომ არავინ კითხულობს, ვინ დაჭრა, რისთვის, როგორ გადარჩა? არც ბოლო ფაქტზე იღებს ხმას ვინმე.  თქვეს, რომ ინტერპოლის ეროვნული ბიუროს თანამშრომლის მანქანა დაცხრილესო და დამთავრდა... დაჭრილი ბიჭი მიიყვანეს საავადმყოფოში  და ვეღარ გაიგეს, ვინ იყო მასთან ერთად? ეს ყველაფერი ცენტრალურ ქუჩებზე ხდება და კადრები არსებობს.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ინტერპოლის თანამშრომელზე თავდასხმაშიც მინდია გოგოჭურის ბრალეულობა უნდა იყოს?
– რა თქმა უნდა. რადგან ტატო ლორთქიფანიძის მანქანაში იყო ბაჩო სირაძეც, რომელსაც გოგოჭური წლებია, დასდევს მოსაკლავად. ამიტომ ვფიქრობ, ეს ყველაფერი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ სულაც არ იყო დაგეგმილი. ყველა მაინც პასუხს აგებს, ცხოვრებაში არავის არაფერი შერჩენია. ასე იოლი არ არის, კაცი მოკლა, წახვიდე და მშვიდად იცხოვრო.  ვერ ცხოვრობენ მშვიდად, თვითონ დაერივნენ ერთმანეთს მეგობრები. გოგოჭური და სირაძე მეგობრები იყვნენ, მაგრამ მაშო ჩიჩუას გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ესროლეს, მას შემდეგ სერიოზული მტრობა აქვთ. ლორთქიფანიძის მანქანაც იმიტომ შეარჩიეს, რომ, როცა არაფერზე აგებ პასუხს, არც არაფრის გეშინია. 
– ყველაფრის მიუხედავად, იქნებ ერთხელ გეცადათ და პრეზიდენტს შეხვედროდით ზურას მკვლელობაზე სასაუბროდ?
– ვფიქრობ, როცა ადამიანი ასე მფარველობს ამდენი დანაშაულის ჩამდენებს, აზრი არ ექნება მასთან შეხვედრას. მკვლელი არ იყო თავისი ცოლისძმა, რომ შეიწყალა? – ისევ დაიჭირეს და აიყვანეს. რა უნდა უთხრა მაგისთანას?! ზურასთვისაც მითქვამს და ვფიცავ მის სულს, მართლა ასე იქნებოდა – თუ რამე დააშავე, პასუხიც უნდა აგო-მეთქი! ხომ არ შეიძლება, ასეთ საშინელ დანაშაულზე პასუხი არ აგო?
– გამოძიება რა ეტაპზეა, რისი იმედი გაქვთ?
 – ნაციონალების დროს მოვახერხეთ როგორღაც, რომ საქმე არ დაიხურა, იმიტომ რომ, კადრებში იმდენი რამ ჩანდა, ვერაფერი გვითხრეს. საქმე გადავიდა მთავარ პროკურატურაში, იქ დაიწყეს მოძიება, ახლა ისევ დააბრუნეს თბილისის პროკურატურაში. გვპირდებიან საქმეს ბოლომდე მივიყვანთო, მაგრამ შედეგი არ ჩანს. კადრი წინ გიდევს და როგორ ვერ ამტკიცებ? – მინდა სიმართლემ იზეიმოს და მკვლელები დაისაჯონ. დაისაჯოს თითოეული მათგანი, ვინც ჩემს შვილს ესროლა, თუნდაც იმიტომ, რომ სხვისი შვილებიც არ შეიწირონ, სხვაც არ გააუბედურონ!

скачать dle 11.3