კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

როგორ გახდა ზურა ანთელავა ტრეფიკინგის მსხვერპლი და რის გახსენება არ სურს მას #9

მრავალწლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო. ბევრი სირთულის, ემიგრაციაში გატარებული მძიმე წლების, ტყუილისა და ღალატის მიუხედავად, ფეხზე დადგომა მოახერხა და ყველაფერი ცუდი უკან მოიტოვა. დღეს ერთ-ერთი აქტიური და წარმატებული მსახიობია, რომელსაც ყველაზე დიდი პოპულარობა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებულმა – კვაზი მანტკავას როლმა მოუტანა.
ზურა ანთელავა: ჩემი შვილი – შალვა ანთელავა მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია, „ჩემი ცოლის დაქალებში“ სინჯებზე დაუძახეს და ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ ჩემ შესახებ ჰკითხა: სად არისო? ოთხი წელია, საქართველოში დავბრუნდი და არ იცოდა, რას ვაკეთებდი. მთხოვა, სინჯზე მივსულიყავი და ასეც მოვიქეცი. მაგრამ, სანამ გადაღებები არ დაიწყო, კიდევ არ მჯეროდა, რომ ამ როლზე ამიყვანეს. ისე ამზადებდნენ კვაზი მანტკავას გამოჩენისთვის მაყურებელს, არ მეგონა, თუ არჩევანს ჩემზე შეაჩერებდნენ. სცენარისტს თავის ჩანაფიქრი ჰქონდა, მე ცოტა ჩემიც დავამატე და პერსონაჟი შედგა. ეს არის თანამედროვე ფეოდალი, რომელსაც ურჩევნია, რაიონში იყოს პირველი, ვიდრე ქალაქში მესამე ან მეორე. კაკაჩიასნაირი მილიონერები კი, ალბათ, თბილისში კიდევ არიან, შესაბამისად, მარტვილში მეფობა ჯობია, თბილისში მესამეობას.
– როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ პროფესიაში?
– ყოველთვის ცოტა როხროხა ხმა მქონდა (იცინის). საბავშვო ბაღიდან მოყოლებული, სულ ლექსებს ვამბობდი, პიესებში ვიღებდი მონაწილეობას. სკოლის დამთავრების შემდეგ,  ჩავაბარე თეატრალურზე, მაგრამ საბუთები მე კი არა, ჩემმა გამზრდელმა მამიდამ შეიტანა. როცა ვთქვი, რომ მსახიობობა მინდოდა, მთელი ანთელავები ფეხზე დადგნენ – როგორ შეიძლება, ანთელავა იყოს მსახიობი, როცა ყველა აკადემიკოსი ან ექიმიაო?! ყველაზე ცუდ ვარიანტში, შეიძლებოდა ჩემი პოლიტექნიკურში სწავლა. მე ეს არ მინდოდა. მაშინ ჯარში წავალ-მეთქი – დავაყენე საკითხი. მოკლედ, ჯარში არ გამიშვეს და ასე აღმოვჩნდი თეატრალურში. მიხეილ თუმანიშვილი იყო ჩემი პედაგოგი და მთელი ჯგუფის, ვინც დღესაც თუმანიშვილის თეატრშია – ჩემი მეგობრები. პირველივე კურსიდან დაიწყო მისი სახელობის თეატრის მშენებლობაც. მერე მე თელავში წავედი ბატონ ნუგზარ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით. მან სრულიად ახალ რელსებზე გადაიყვანა თელავის თეატრი. იმ დროიდან დაიწყო ამ თეატრის „ოქროს ხანა“ და ასევე, ჩემიც. 22 წლისა სახელმწიფო პრემიაზე წარმადგინეს, 24 წლისა კი – რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდებაზე.
– ოჯახური ცხოვრებაც თელავში აიწყვეთ?
– კი, მთლიანად თელავში დავფუძნდი. იქ ჩამოვყალიბდი პიროვნულად და პროფესიულადაც. მეუღლეც იქაური მოვიყვანე, ულამაზესი ქალბატონი. პედაგოგია 24-წლიანი გამოცდილებით. ორი შვილი გვეყოლა – ლევანი და შალვა. შალვაზე ცოტა ნაწყენი ვარ. მე 1999 წელს წავედი ესპანეთში, რომ იტყვიან საშოვარზე. შალვაც ჩავიყვანე, ძალიან კარგად თამაშობდა კალათბურთს და დიდი მომავალიც ჰქონდა, მაგრამ თეატრალურზე მინდაო და როგორი წინააღმდეგიც არ უნდა ვყოფილიყავი, ეს იყო მისი გადაწყვეტილება. საქართველოში დაბრუნდა და აქ ჩააბარა  თეატრალურში. მისგან შვილიშვილიც მყავს – 5 წლის ზურა ანთელავა. როგორც კვაზი აკეთებს ყველაფერს შვილიშვილისთვის, ასე ვარ მეც. სხვანაირად წარმოუდგენელია. მასთან ვინაზღაურებ იმ მომენტებს, რომელიც ძალაუნებურად, გამომრჩა შვილებთან ურთიერთობისას. 
– ესპანეთში ცხოვრების წლები გაიხსენეთ.
– ტიპური ტრეფიკინგის მსხვერპლი გავხდი. გადავიხადე თანხა, რომლის სანაცვლოდაც, იქ ჩასულს უნდა დამხვედროდა სამსახური და საცხოვრებელი. ექვსი თვით წავედი მშენებლობაზე სამუშაოდ. იმ პერიოდში თეატრიდან ზუსტად ამხნიანი შუალედი მქონდა. მინდოდა, ერთიანი თანხა მეშოვა, მაგრამ იქ რომ ჩავედი, აღმოვაჩინე, რომ „გადამაგდეს“. მაშინ ტერმინი ტრეფიკინგი არ იყო ჩვენთან, მაგრამ ზუსტად ეს სიტუაცია იყო. უსახლკაროდ და უსამსახუროდ დავრჩით ქუჩაში 35 კაცი. საბედნიეროდ, „კარიტასში” მოვხვდით. მათ და წითელმა ჯვარმა გვიპატრონეს. თუმცა, თავიდან ვერ ხვდებოდნენ, ვინ ვიყავით და რა გვინდოდა. ამდენი უმაღლესდამთავრებული კაცი, ასე უპატრონოდ, ცოტა საეჭვოდ ეჩვენებოდათ და დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში მიდიოდა ჩვენი სისტემატური დაკითხვა. ნელ-ნელა დავარწმუნეთ, რომ ინტელექტუალური რასის წარმომადგენლები ვიყავით. ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარეთ, მაგრამ ღმერთი სამართლიანია. მამიდა ყოველთვის მასწავლიდა, რომ უფალი ყველას საკადრისს მიუსჯის და ყველა, ვინც ჩვენ ამ დღეში ჩაგვაგდო, მძიმედ დაისაჯა. პირველი ორი წელი განსაკუთრებით რთული იყო, მაგრამ უკან ვერ დავბრუნდებოდი, რადგან ნასეხსები ფულით ვიყავი წასული და ვალი ხომ უნდა დამებრუნებინა?!. მერე, ნელ-ნელა დავდექი ფეხზე და ცოლ-შვილიც თან წავიყვანე. უფროსს უნივერსიტეტი და მაგისტრატურა წითელ დიპლომზე ჰქონდა დამთავრებული, ორი წიგნის ავტორი იყო. მინდოდა, სწავლა მადრიდში გაეგრძელებინა, მაგრამ თავად ასე არ მოისურვა. უმცროს შვილზე ზემოთ მოგახსენეთ და ორი წლის შემდეგ, ორივემ გამომიცხადა, ეს ჩვენი სამყარო არ არისო. იქიდან გამომექცნენ და მარტო დამტოვეს.
– თუმცა, იმ წლებში, რომ არა ესპანეთი, ალბათ, აქ უფრო გაგიჭირდებოდათ ოჯახთან ერთად.
– 90-იანებში არ მქონდა მატერიალურად მძიმე პირობები. ოთხმა მსახიობმა ჩვენი სპექტაკლებიდან ავიღეთ კომედიური ეპიზოდები და 55-წუთიანი პროგრამა „ალალე და ცეტები“ შევკარით, რომლითაც მთელი საქართველო შემოვიარეთ. ნორმალური შემოსავალი შემქონდა ოჯახში. მაგრამ, ჩემს მეუღლეს პაპისეული სახლი ერგო, რომელსაც ხელის შევლება სჭირდებოდა და მინდოდა, ერთიანი თანხა მეშოვა. ასე მოვხვდი ესპანეთში. ექვსი თვე ათ წლად გადამექცა, შემდეგ ოთხი წელი გერმანიაში გადავედი, რადგან როგორც იცით, ესპანეთში კრიზისი დაიწყო. იქაც ფიზიკურად ვშრომობდი. იქ ჩვენს უნიჭიერეს მსახიობს, რეზო ჩხიკვიშვილს შევხვდი. ჩემს მეგობარს ბიზნესი ჰქონდა და მასთან ვმუშაობდი, პარალელურად, რეზოსთან ვტრიალებდი. რეზო მთელი მონდომებით ცდილობდა, მის გვერდით, მეც ამედგა ფეხი გერმანიაში, მაგრამ, როცა ფიზიკურად ბევრს შრომობ, დრო აღარ გრჩება ამისთვის და რაც მთავარია, ენის ბარიერი მქონდა. ამ მხრივ ესპანეთში გამიმართლა, „კარიტასში” ენას გვასწავლიდნენ და ესპანური მთლად სერვანტესის დონეზე არა, მაგრამ ვისწავლე. თან, იქ დავუმეგობრდი განსწავლულ ესპანელს – მწერალი და ფილოსოფოსია ის კაცი, რომელსაც მოყვარულ მსახიობთა დასი – „ეკილიბრიო“ ჰქონდა დაარსებული. რომ გაიგეს, მსახიობი ვიყავი, ერთი-ორჯერ თავისთან მიმიწვიეს და პარასკევ-შაბათ-კვირას იმ ჯგუფს მეც ვუერთდებოდი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ყველაფერი თავიდან დავიწყე.  თელავის თეატრში აღარ დავბრუნებულვარ. უმუშევარი ვიყავი და ბატონმა ნუგზარ ლორთქიფანიძემ მიმიწვია სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. მერე ქეთი დოლიძემ დამიძახა თუმანიშვილში, მერე რუსთავშიც მიმიწვიეს სპექტაკლზე. ასე, ნელ-ნელა დავიწყე ყველაფერი ნულიდან.
– სერიალში ბიზნესმენი ხართ. სინამდვილეში არ გქონიათ მსგავსი მცდელობა?
– ძალიან სერიოზულ ბიზნესს წამოვკარი ხელი, მაგრამ აქ წინააღმდეგობა დამიხვდა. ესპანეთში შემახვედრეს ადამიანებს, რომლებსაც ხე-ტყის ბიზნესი ჰქონდათ და შემომთავაზეს, საქართველოდან მიმეწოდებინა მასალა. ჩამოვედი, ვიპოვე გზები, ოფიციალურად ყველაფერი მოვაგვარე, მაგრამ დიდი მაფიური კლანები ჩაერივნენ და საქმე ჩაიშალა. მერე ციმბირიდან ვცადე მასალის მოპოვება, მაგრამ იმ დროს რუსეთთან აირია ურთიერთობა და მოკლედ, არ გამოვიდა. ყველას ყველაფერი უკვე განაწილებული ჰქონდა.
– ემიგრაციის წლები, ალბათ, რთულად გახსენდებათ.
– რომ მივდიოდი, ნუკრი ქანთარიამ მითხრა, ბევრი რამის გამოვლა მოგიწევს, ჩაიწერე და რომ ჩამოხვალ, რაღაც ფორმა მივცეთ, დავდგათო. ჩავედი და დავიწყე რაღაცეების ჩანიშვნა. ძალიან ბევრი სირთულის შემდეგ, ფეხზე რომ დავდექი და ამ ჩანაწერებს თვალი გადავავლე, დავწვი. საშინელება იყო, არ შეიძლებოდა იმის შენახვა. არ არის აუცილებელი, ადამიანმა წარსული ჩიჩქნო და მაზოხისტურად იცხოვრო. ხომ გადავრჩი? უცხო სამყარო, ბევრი არაქართული თუ  ქართული სიბინძურე შემეხო, მაგრამ ვერ დამახრჩო. ამიტომ დავწვი. რომ დამეტოვებინა და აქ ჩამოსულს კიდევ წამეკითხა, ხელმეორედ უნდა განმეცადა ეს ყველაფერი. იმდენი ცუდი იყო, რომ აღარ მინდოდა.

скачать dle 11.3