კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებთ ერთმანეთთან საქართველოს პრეზიდენტს და „მისტერ ვალენტინს” და აპირებს თუ არა თორნიკე ძავაშვილი პრეზიდენტობას #9

სამოდელო სააგენტო „ბესტ მოდელსის“ ორგანიზებით, 13 თებერვალს კონკურსი „მისტერ ვალენტინი“ ჩატარდა, რომლის გამარჯვებულიც თორნიკე ძავაშვილი გახდა. თორნიკეს, წლების განმავლობაში, არაერთი სირთულის გავლა მოუწია, ის 15 წლის ასაკიდან მძიმე შრომას ეწეოდა, დღეს კი მშვიდი, გაწონასწორებული და სასიამოვნო „მისტერ ვალენტინი“ წარმატებულია და მის მოქსოვილ სამოსს ბევრი ცნობილი თუ არაცნობილი ადამიანი ატარებს.
– თორნიკე, მიამბე შენ შესახებ. რას საქმიანობდი „მისტერ ვალენტინამდე“?
თორნიკე ძავაშვილი: 15 წლის ასაკიდან ვმუშაობ, თან პარალელურად, სკოლაში ვსწავლობდი. პირველი სამსახური იყო მშენებლობაზე დამხმარედ. ოჯახში დიდად სახარბიელო სიტუაცია არ იყო და გადავწყვიტე, მემუშავა. ფიზიკურად ძალიან რთული იყო, თუმცა ოჯახი ისეთ მძიმე მდგომარეობაში გახლდათ, რომ მათ აუცილებლად უნდა დავხმარებოდი. დაახლოებით ერთი წელი ვიმუშავე. შემდეგ გადავწყვიტე, მიმტანად დამეწყო მუშაობა. ვაკანსია ვნახე და მივედი გასაუბრებაზე. ამიყვანეს რესტორანში. სრულიად გამოუცდელი ვიყავი. დაახლოებით ერთი კვირა დამჭირდა, რომ ყველაფერი ამეთვისებინა. თავიდან მიჭირდა ხალხთან კონტაქტში შესვლა, მაინც პატარა ვიყავი, კომპლექსები მქონდა. მაგრამ, რადგან ეს საქმე ძალიან მჭირდებოდა, შევძელი და ავითვისე. ბევრი რამ ვისწავლე სტუმრებისგან. მათ ქცევებს, ურთიერთობებს ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი. თანამშრომლებიც დამეხმარნენ, გავიხსენი და შევძელი კომპლექსების დაძლევა. საბოლოოდ, ამ სფეროში 6 წელი დავრჩი.
– საზოგადოების, ხალხის მხირდან იყო ცუდი დამოკიდებულება?
– არასასიამოვნო შემთხვევებიც ყოფილა რესტორანში: სტუმართან კამათი, შეურაცხყოფა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოითმინო, აიტანო, რადგან სამსახურია. მეც ვცდილობდი, ამეტანა. ახლა იმდენად არა, მაგრამ წლების წინ, როცა ბიჭი მიმტანად მუშაობდა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობდა, რომ ასეთი ბიჭი ქალაჩუნაა და ასე შემდეგ. ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, სტუმარმა შეურაცხყოფა მომაყენა. გამოვბრუნდი და სამსახურიდან მოვდიოდი, მაგრამ მენეჯერებმა, უფროსობამ დამითანხმეს და მეც იუმორში გავატარე. კონფლიქტური არ ვარ. კონფლიქტს მირჩევნია, იქვე დავამთავრო ყველაფერი. მერეც იყო რაღაცეები, მაგრამ ხუმრობაში გადამქონდა. საკუთარ თავს  ვამხნევებდი და ასე გავქაჩე 6 წელი.
– ამის მერე რას საქმიანობდი?
– მამა გახდა ძალიან მძიმედ ავად, სიმსივნე ჰქონდა. მიხედვა სჭირდებოდა, საავადმყოფოებში სიარული. სახლშიც მე ვუვლიდი და საავადმყოფოშიც მე ვპატრონობდი. დედა და მამა წლებია, გაშორებულები არიან. ჩემს დას ასეთი რაღაცეები არ შეუძლია და მე მომიწია მისი მოვლა. დაახლოებით წელიწად-ნახევარი ვმკურნალობდით და მერე გარდაიცვალა.
– მშობლების დაშორების შემდეგ, ხშირად შვილები ვერ ინარჩუნებენ ორივე მშობელთან კარგ ურთიერთობას. თქვენ როგორ მოახერხეთ ეს?
– ალბათ, თვითონ უნდა იყო შინაგანად ისეთი, რომ სხვის აზრს ზედმეტად არ უსმენდე. ჩემი აზრი გამაჩნდა ყოველთვის. ხან ერთთან ვიყავი, ხან – მეორესთან. 9 წლის ვიყავი, როცა დაშორდნენ. რა თქმა უნდა, მტკივნეული იყო. მაგრამ, დედამ ისე ამიხსნა ყველაფერი, რომ მივხვდი, მათი ერთად ყოფნა შეუძლებელი იყო. მეც შევეგუე სიტუაციას. მამა რომ გარდაიცვალა, დაახლოებით 6 თვე ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა. ამას დაემთხვა მატერიალური, ფინანსური პრობლემები. არასდროს გვილხინდა, მაგრამ ვშრომობდით და ოჯახის წევრებს ერთმანეთი გაგვქონდა. დედა დაგვიდგა გვერდში, დაგვეხმარა. მძიმე პერიოდი დამ გადამატანინა, რომელიც ჩემი ერთადერთი მეგობარია. ერთი წლით ჩემზე უფროსია და ჩემი ერთადერთი მესაიდუმლე.
– როგორც ვიცი, ამჟამად ძალიან კარგად ქსოვ და ეს უკვე შენი პროფესია გახდა.
– დედა ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად. სულ ქსოვდა და მეც ბავშვობიდან მიზიდავდა ხელოვნება. ვხატავდი, თოჯინებს კაბებს ვუკერავდი. ერთ ზამთარს დედას მძიმე სამუშაო მოუწია. მოსკოვიდან ჰქონდა შეკვეთა, ვერ ასწრებდა და შევთავაზე, დავხმარებოდი. თუმცა, მანამდე არასდროს მიცდია ქსოვა. დედამ მითხრა: არ მაქვს ახლა ამის დროო, თან ცუდი მასწავლებელია: სწრაფად ქსოვს და ნელა ვერ მაჩვენებდა. ჩემმა დამაც იცის ქსოვა და მან მასწავლა. ძაფიც კი დაენანათ, რაღაც ნაკუწები ვიპოვე და მთელი ღამე ვქსოვდი. თან, მემარცხენე ვარ და სხვანაირად გამომაქვს თვლები, დღემდე ჩემებურად ვქსოვ. დილით დავახვედრე დედას, გაუხარდა და ერთ კვირაში დავიწყე შეკვეთების აღება. რა თქმა უნდა, თავიდან დედა მეჯდა გვერდით და მისწორებდა. ამ მუშაობაში დავიხვეწე და გავხდი პროფესიონალი მქსოველი.
– როგორი იყო საზოგადოების დამოკიდებულება?
– დედას უკვეთავდნენ სელებრითები. დიზაინერებს უქსოვდა და მერე ისინი ყიდიდნენ. მეც ვქსოვდი, მაგრამ დედას სულ ვეუბნებოდი: არსად თქვა-მეთქი. დიდი ხნის განმავლობაში ვმალავდი. ბევრი კარგი შემკვეთი ჰყავს დედას. ერთმა მითხრა, რატომ მალავო და მეც გადავწყვიტე, არ დამემალა. თავიდან იყო გამოხმაურება: რას ჰქვია ბიჭი ქსოვსო. საკონტაქტო ნომერს რომ ვაძლევდი შეკვეთისას, სახელს ვეუბნებოდი და რას ჰქვია, თორნიკე ქსოვსო. რამდენიმეს ამის გამო უარიც უთქვამს. თუმცა, ბევრს უფრო უხაროდა: ბიჭი ქსოვსო და ამით მეტი კლიენტი შევიძინე. ახლა მყავს ჩემი მუდმივი და არამუდმივი კლიენტები. „ფეისბუქ-გვერდიდან“ ვიღებ შეკვეთებს და სახლში ვმუშაობ. ფოტოები მოაქვთ და მეც ისეთს ვუქსოვ ან ჩემს დიზაინს ვთავაზობ.
– დედას უფრო მეტი შეკვეთა აქვს თუ შენ?
– თანაბრად. მე და დედა ერთნაირად არ ვქსოვთ. დედა სულ ხუმრობს: მე მაჯობეო. მე ცოტა უფრო დახვეწილი ხელი მაქვს, სხვანაირად გამომყავს თვალი. ერთ ჟაკეტს ორივე ვერ მოვქსოვთ, ეტყობა ხოლმე განსხვავება.
– ცნობილი ადამიანებიდან ვინ არიან შენი შემკვეთები?
– მარკუს მეტრეველი, შორენა ბეგაშვილს ვუქსოვდით ჟაკეტებს ბურთებში და ყიდდა. ასევე, ვმუშაობდით „ლალო კარდიგანთან“ თითქმის ერთი წელი. ოღონდ, მაშინ არ ვამხელდი, მე რომ ვქსოვდი. ერთი ქალბატონი გვიკეთავს მოსკოვიდან და შემდეგ აგზავნის სხვადასხვა ადგილას. გეგმაში მაქვს რაღაცეები. მინდა, გავაფართოო. ჩხირებითაც ვქსოვ, ყაისნაღითაც, ვქარგავ.
– შენ და საქართველოს პრეზიდენტს დიდი საერთო გაქვთ – ორივე ქსოვთ.
– კი, მაგრამ მე არ ვაპირებ პრეზიდენტობას. ამაზე ხუმრობდნენ: პრეზიდენტი ქსოვდა და მერე გახდა პრეზიდენტი და შენც დიდი წარმატება გელოდებაო. პატარა იმედი იყო ჩემთვისაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას არ ვახმაურებდი. ვფიქრობდი, მეც მივაღწევ გარკვეულ წარმატებას-მეთქი.
– რატომ გადაწყვიტე „მისტერ ვალენტინზე“ გამოსვლა?
– შარშანწინაც შემომთავაზეს მონაწილეობა, მაგრამ მამაჩემის ავადმყოფობისა და პრობლემების გამო, უარი ვთქვა. თან, იყო მეორე მომენტი: რას ჰქვია ბიჭი მოდელი – ხომ არის ასეთი სტერეოტიპი. ამის გამოც ვიკავებდი თავს. წელსაც არ ვაპირებდი გასვლას, მაგრამ მეგობრის დაჟინებული თხოვნით გადავწყვიტე გასვლა. საზოგადოებაში გამოჩენა ცოტა მაკომპლექსებს. არასდროს მიყვარდა ხმაურიანი ადგილები, ქეიფი. მიყვარს ბუნებაში ყოფნა, ცხოველების მოვლა, ცხენზე ჯირითი. ამიტომაც ხშირად მივდიოდი სოფელში. ფინალზე ვფიქრობდი: უკან გავბრუნდები-მეთქი, მაგრამ მაინც დავძლიე კომპლექსი და გამოვედი. მიხარია, რომ გამოცდილება შევიძინე, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს, სამოდელო საგენტო „ბესტ მოდელსს“, მის ხელმძღვანელს. ასევე, სპონსორებს: „ნინო ქარდავას სტომატოლოგურ კლინიკას“, სილამაზის ცენტრ „კალას“და „მოლისანს“.
– შეყვარებული გყავს?
– მყავს, თუმცა დიდი ხანია, უცხოეთშია. შორს კი ვართ ერთმანეთისგან, მაგრამ ინტერნეტით, ტელეფონით ვკოტანქტობთ. რთულია, მაგრამ მივეჩვიეთ უკვე. ინტერნეტით გავიცანით, მერე ზაფხულში ჩამოვიდა და პირადად გავიცანი. ახლა ისევ უკრაინაშია – სამედიცინოზე სწავლობს, პლუს მოდელია.
– ალბათ, გგულშემატკივრობდა კონკურსზე.
– ყოველდღე მწერდა: რომც არ გაიმარჯვო, შენ მაინც ჩემი ვალენტინი ხარ, თუმცა, გული მიგრძნობს, გაიმარჯვებო.

скачать dle 11.3