კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაეცნო სიკვდილმისჯილის საქმეს ლია ელიავა და როგორ წარიმართა მისი ცხოვრება მას შემდეგ #9

ლია ელიავას გმირს, თიკო ორბელიანს დათა თუთაშხია ეტყვის: „ეს მხოლოდ ქალს შეეძლო, თანაც თქვენისთანას... მე მაინც მოგზავნილი მგონიხართ, ქალბატონო.” ის მართლაც მოგზავნილი იყო, ოღონდ სინატიფის ჟანდარმერიიდან… ის იყო მაგალითი იმის, თუ როგორ არ უნდა გაბოროტდე, თავსდატეხილი ტრაგედიების მიუხედავად. და მაინც, როგორ გადაადნო მისი სულის ბრძმედმა ცხოვრების გზაზე შეხვედრილი ათასი სიავე, ტკივილი იმ სიკეთედ? განუმეორებელი სიცილი, იუმორი – განუყრელი მეგობარი – იარაღი ამ წუთისოფელთან საომრად, საოცარი სინათლე და სიმსუბუქე, შემთბარი ნაღველი თვალებიდან. ჰაეროვანი სევდა ათბობდა მის სილამაზეს… (რ. შატაკიშვილი)  ლია ელიავას მამამ, შალვა ელიავამ გერმანიაში დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი, კარგა ხანს გერმანიაშივე მოღვაწეობდა, საქართევლოში სრულიად ახალგაზრდა დაბრუნდა. 34 წლისა ფინანსთა მინისტრად დანიშნეს, მაგრამ 1937-ში 37 წლის ასაკში დაიჭირეს. ბრალად წაუყენეს გერმანიის შპიონობა, დივერსიების მოწყობა… და დახვრიტეს... პაწაწინა ლიას კი მალე დედაც დაუჭირეს. დედამ 9 წელი გაატარა პატიმრობაში. ლიას ბებია და ბაბუა ზრდიდნენ.
ნანა კობერიძე (შვილი): „ბავშვობა მართლაც რთული ჰქონდა. ყოველგვარ ზარზეიმსა და ბრწყინვალებას მოკლებული. მის ბავშვობას მხოლოდ კეთილი ადამიანები და ჰანგები ალამაზებდნენ...” „სრულიად პაწაწინა ვიყავი, როდესაც 1937 წელს, დააპატიმრეს და დახვრიტეს მამაჩემი.  ბრალად  ედებოდა... ღმერთო ჩემო, მაშინ რა არ ედებოდათ ბრალად, ოღონდ დაეჭირათ და დაეხვრიტათ, თუ ამოიჩემებდნენ ვინმეს. დააბრალეს გერმანიის „შპიონობა“, დივერსიების მოწყობა და ათასი საშინელება. მე მქონდა საშუალება, გავცნობოდი იმ საქმეს – სამეულმა მიუსაჯა დახვრეტა და აქვე თბილისში დახვრიტეს. მისი საფლავიც არ ვიცი, სად არის. მალე დედაც დაიჭირეს. 9 წელიწადი გაატარა პატიმრობაში. მე ბებიას და ბაბუას გაზრდილი ვარ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ არ წარიმართა ისე, როგორც უნდა წარმართულიყო… ბევრი იხსენებს ხოლმე განსაკუთრებულ ბავშვობას, რაღაც ულამაზესს, უბრწყინვალესს. მე არ მქონდა ასეთი ბავშვობა, მაგრამ ჩემი ბავშვობა ბედნიერი იყო იმით, რომ ჩემ გარშემო იყვნენ საოცარი ადამიანები. მე გავიზარდე სოლოლაკში, ამ ლამაზ თბილისურ უბანში. კარგი ხალხი მეხვია გარს. დედაჩემის მეგობრები დიდ ყურადღებას იჩენდნენ ჩემ მიმართ. საერთოდ, ხალხი იყო სხვანაირი… ქუჩებში ჟღერდა მუსიკა – ვიღაცა კლასიკურ მუსიკას უკრავდა, მეცადინეობდა, ვიღაცა მღეროდა, უბრალოდ, იმიტომ რომ, ემღერებოდა. საღამოობით დადიოდნენ ახალგაზრდები და რამდენიმე ხმაში მღეროდნენ. ზოგჯერ მეძინა და ძილში მესმოდა სიმღერა ქუჩიდან. რომ წამოვიზარდე,  ჩემს ფანჯრებთანაც მღეროდნენ, როგორც სადღაც სევილიაში...” – იხსენებდა ლია ელიავა. ლია ელიავამ სწავლა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო, პირველ კურსზევე შეამჩნია დავით რონდელმა და ეპიზოდურ როლში გადაიღო ფილმში „მწვერვალთა დამპყრობნი”. მალე ცნობილმა საოპერო მომღერალმა ვერა დავიდოვამაც შეამჩნია და სარძლოდ ისურვა. გათხოვების გამო, ლია ელიავას მოსკოვის თეატრალურ ინსტიტუტში მოუწია გადასვლა. მაგრამ, პირველი ქორწინება ხანმოკლე და უიღბლო აღმოჩნდა. მალევე დაშორდნენ. ინსტიტუტს ამთავრებდა, რომ „ბაში-აჩუკში” მიიწვიეს გადასაღებად. ოთარ კობერიძემ ლია ელიავა სწორედ „ბაში-აჩუკის” გადაღებაზე ნახა პირველად და დააბრმავა მისმა სილამაზემ... აი, ლია ელიავამ კი ოთარ კობერიძე გაცილებით ადრე ნახა. ლიას დედის მეგობარი ნინა სტეპანოვა სამსახიობო სტუდიაში ცეკვას ასწავლიდა. გამოსაშვებ საღამოზე პატარა ლიაც წაიყვანა. ოთარ კობერიძე იმ სტუდიაში სწავლობდა… „მაშინ ვნახე პირველად. ის ცეკვავდა ესპანურს. ეს ცეკვა დღესაც მახსოვს,” – იხსებდა ლია ელიავა... მისი ეკრანული გმირები გამოირჩეოდნენ ზომიერებითა და გემოვნების ერთგულებით... მის საოცნებო როლებად დარჩა ქეთევან წამებული და ნინო ჭავჭავაძე. დიდი გულისტკივილით იხსენებდა ხოლმე, თუ როგორ უნდოდათ კინომსახიობებს საკუთარი თეატრის გახსნა. მაგრამ, როცა ამ თეატრის შექმნა რეალური გახდა, ახალგაზრდები მიიყვანეს და მათ უგანეს... „ჩვენ ვხსნიდით ჩვენს თეატრს კინოსტუდიაში. კინომსახიობთა თეატრს, რომელიც დღესაც არსებობს. ეს ჩვენი, მსახიობებისა და ადმინისტრაციის იდეა იყო. როდესაც მისი შექმნა უკვე რეალური გახდა, ჩვენს დასს უგანეს, დატოვეს სამუშაოს გარეშე. მოიყვანეს ახალგაზრდობა – ბატონი მიშას კურსი, რომელთაც დაარქვეს კინომსახიობთა თეატრის მსახიობები. მაშინ, განსხვავებით დღევანდელისგან,  არცერთი არ იყო კინომსახიობი. დავხვდით ჩვენ, ვისი სახელიც წლების განმავლობაში დაკავშირებული იყო ქართული კინოს სახელთან. ჩვენ ვთქვით, თუ ასეა, ასე იყოს. ჩვენც ვიქნებით და მათთან ერთად გავაკეთებთ სპექტაკლებსო. არ ინდომეს ასე. მათ ცალკე უნდოდათ…” რატომღაც მოხდა ისე, რომ ლია ელიავას ბედმაც და ადამიანებმაც გზა გადაუკეტეს სცენისკენ. ოფელია უნდა ეთამაშა ლილი იოსელიანის „ჰამლეტში”, მაგრამ კონფლიქტის გამო, რეჟისორი თეატრიდან წავიდა. ლია ელიავას ოფელიაც წავიდა, ოღონდ არა მონასტერში, არამედ შეუმდგარ როლთა სიაში. რანევსკაია უნდა ეთამაშა მიხეილ თუმანიშვილთან, ჩეხოვის „ალუბლის ბაღში”. არც ეს სპექტაკლი შედგა. ქეთევან ბარათელი უნდა ეთამაშა „მონანიებაში”, ფილმი შედგა, მაგრამ მის გარეშე. მისთვის განაწილებული როლი ზეინაბ ბოცვაძეს მისცეს. ლია ელიავა თავად დახვრეტილი მამისა და დაპატიმრებული დედის შვილი იყო და გასაგებიცაა, როგორ ენდომებოდა ამ როლის თამაში. მაგრამ, როცა ზეინაბ ბოცვაძის ქეთევანი ნახა, აღტაცება არ დაუმალავს. მხარს უჭერდა პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას. სამოქალაქო ომი იმდენად მტკივნეულად განიცადა, რომ ჯანმრთელობა შეერყა – ინფარქტი მიიღო... „ძალიან ბევრმა ახლობელმა ატკინა გული. იყო ძალიან ბევრი ცუდი ზარი, ძალიან ბევრი ახლობელი განუდგა. რაღაც პერიოდის მერე, თვითონ მოვიდნენ, აღადგინეს ურთიერთობა. დედა დიდსულოვანი ადამიანი იყო და არ ახსენებდა“.

скачать dle 11.3