კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუძლია მსურველს, ინტერნეტით გამოწერილი მოწყობილობით, თქვენი სატელეფონო საუბრებისა და ინტერნეტაქტივობების მიყურადება #9

მოსმენების თემა კვლავ აქტუალურია, ისევე, როგორც მოსმენების კანონიერება-უკანონობის გამიჯვნისა და მასზე კონტროლისა. ამ მიზნებისთვის ახალი უწყების შექმნაც კი იგეგმება, თუმცა, თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ და საკითხის პოლიტიკურ მხარეს გვერდზე გადავდებთ, აშკარაა, თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში პირადი და არა მხოლოდ პირადი ინფორმაციის დაცვის ერთადერთი საშუალება ენაზე კლიტის დადებაა, იმ მარტივი მიზეზით, რომ, თუკი იყენებთ თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემებს, ძეხორციელი ვერ დაგიცავთ ვერც მოსმენებისა   და ვერც თვალთვალისგან. მეტიც, თქვენი ნებითა და სურვილით გასცემთ საკუთარ თავზე უამრავ ინფორმაციას, ხშირად ისე, რომ თავადაც ვერ ხვდებით. მოსმენის ტექნიკურ საშუალებებზე უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორთან, ექსპერტთან კიბერუსაფრთხოების საკითხებში –  ლაშა პატარაიასთან ერთად ვისაუბრებთ.
– თავი დავანებოთ უცხო თუ ჩვენივე ქვეყნის სპეცსამსახურების პოტენციალს სასურველი ინფორმაციის მოპოვებისთვის. რიგით მოქალაქეს რა საშუალება აქვს, მოუსმინოს და უთვალთვალოს მისთვის საინტერესო მეორე რიგით ან არარიგით მოქალაქეს?
– იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეწოდება სპეცსაშუალებები. ეს სპეცსაშუალებები საიდუმლოა და სამოქალაქო სექტორს ბოლომდე ვერ მივაწოდებთ ინფორმაციას. თუმცა უკვე ხელმისაწვდომია რიგი საშუალებები, რომლებიც სპეცსაშუალებების ფუნქციებს ასრულებს. მათ შორის, ინტერნეტითაცაა შესაძლებელი მათი შეძენა. ძალიან ბევრი ტექნიკა ბოლომდე სპეცსაშუალება არ არის, მაგრამ გარკვეულწილად, უტოლდება სახელმწიფოს ხელში არსებულ სპეციალურ საშუალებებს. უნდა ვთქვათ, რომ მიყურადების საშუალება მხოლოდ სახელმწიფოს არ აქვს. აქ ჩართულია უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებიც, კერძო კომპანიებიც, პოლიტიკური ჯგუფებიც, მედია-საშუალებები. ნებისმიერ ინდივიდს, ვისაც აქვს ინფორმაცია ამ ტექნიკის არსებობაზე, შეუძლია, შეიძინოს, შემოიტანოს და გამოიყენოს ის. მაგალითად, ლოკალური მობილური სადგურები. სატელეფონო საუბრის მოსმენის პრინციპი ასეთია: თქვენი ტელეფონი ავტომატურად უკავშირდება უახლოეს სატელეფონო ანძას, სადგურს, რომელიც პროვაიდერის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ანუ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ისმინება შესაბამისი უწყებების მიერ სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ. ასეთი ტექნიკის შეძენა ძვირი არ ჯდება –  დაახლოებით, 500 დოლარი. ადამიანს შეუძლია, ის შეიძინოს, დადგეს თქვენს საცხოვრებელ სახლთან და გახდეს თქვენი უახლოესი სატელეფონო სადგური. ეს ნიშნავს, რომ თქვენი სატელეფონო საუბრები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ინტერნეტაქტივობები მობილური ტელეფონით გავა ამ ჰაკერის სადგურში. შესაბამისად, ჰაკერს ექნება უამრავი საშუალება თქვენი მოსმენის, მიყურადების, სიგნალის გადაჭერის, ასევე, სხვადასხვა მანიპუციით –  „ესემესების“, ეგრეთ წოდებული მავნე კოდების, „ტროიანების“ შემოგდება, თუ სმართფონი გაქვთ.
– და ამის შემდეგ ის 500-დოლარიანი სადგური აღარ დასჭირდება მისაყურებლად.
– „ტროიანი“ იმით განსხვავდება ტრადიციული ფარული მიყურადებისგან, რომ უკვე შესაძლებელი ხდება თქვენი ტელეფონის ეკრანის გადაღება. თქვენი კამერის, მიკროფონის გააქტიურება, მათ შორის, მაშინ, თუ თქვენ ტელეფონით არ ლაპარაკობთ.
– ანუ იმ ადგილის გადაღება შეუძლია და იქ საუბრების მოსმენა, სადაც ვარ ფიზიკურად, თუმცა ტელეფონით არ ვლაპარაკობ?
– დიახ. ეს შესაძლებელია „ტროიანით“. თავად თქვენი ტელეფონი მოგისმენთ და გადასცემს ინფორმაციას. ანუ არ არის საჭირო, ვინმემ, მაინცდამაინც, რადიოსადგური დადგას თქვენთან ახლოს. ამასთან, ეს შეიძლება, გაკეთდეს ელექტრონული ფოსტითაც: გამოგიგზავნით რაღაცას, რასაც თქვენ გახსნით ან იმ ლინკზე შეხვალთ თქვენი სმარტფონით და ავტომატურად დაინფიცირდება კომპიუტერიც და სმარტფონიც. ერთი სიტყვით, უამრავი საშუალებაა როგორც კომპიუტერის, ისე სმარტფონის ინფიცირების. ამიტომაცაა, რომ კიბერუსაფრთხოებაა ყველაზე დიდი გამოწვევა და კომპლექსური სფერო, რომელსაც ვაკვირდებით და ვეძებთ ახალ რეცეპტებს ამ საფრთხეების აღმოსაფხვრელად.
– რომ მოვინდომო, ვისწავლო რამდენიმე თვეს, შევძლებ, უპრობლემოდ მივაყურადო ნებისმიერს, ვინც მომესურვება?
– თუ 4-5 თვის განმავლობაში შეისწავლით ამ დომეინს და ელემენტარული ცოდნა მაინც გაქვთ ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ალბათ, რაღაცას შეძლებთ.
– კანონს შეუძლია, დამიცვას ასეთი ცნობისმოყვარეებისგან?
– ვერცერთი სახელმწიფო თქვენ ვერ მოგცემთ უსაფრთხოების ვერანაირ გარანტიას, როცა ლაპარაკია მესამე პირის ტექნიკასა და პროგრამებზე. თქვენ არ იყენებთ არც სახელმწიფოს მიერ შექმნილ პროგრამულ უზრუნველყოფას, არც სახელმწიფოსგან ყიდულობთ მობილურ ტელეფონსა და კომპიუტერს. ამდენად, იმ კომპიუტერში, იმ ტელეფონსა და იმ პროგრამულ უზრუნველყოფაში არსებულ საფრთხეებს, ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ გასწვდება. როდესაც არჩევთ ელფოსტის პაროლად იმავეს, რაც გაქვთ „ფეისბუქზე” და ორივე შემთხვევაში, თქვენი პაროლია თქვენი შვილის სახელი ან დაბადების თარიღი, აქ ვერანაირ კიბერუსაფრთხოებაზე ვერ ვილაპარაკებთ. „ფეისბუქს”, „გუგლს”, „თვითერს” და ასე შემდეგ, აქვთ თავისი უსაფრთხოების მექანიზმები და, როდესაც მათ იყენებთ, თქვენი ვალდებულებაა, დაიცვათ თქვენივე უსაფრთხოება. არავინ გაიძულებთ, გამოიყენოთ სოციალური ქსელი და იქ განათავსოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია და შემდეგ განაცხადოთ პრეტენზია, რომ ვიღაცამ გამოიყენა, აედევნა თქვენი ოჯახის წევრს. იცით, რომ პედოფილიის საფრთხეც ყოფილა. ამდენად, თქვენვე მოგეთხოვებათ, გაერკვეთ ამ ტექნოლოგიებში. როდესაც ტელეფონს იძენთ, ხომ სწავლობთ დარეკვასა და ტექსტური შეტყობინების გაგზავნას?! როდესაც ყიდულობთ კომპიუტერს და იყენებთ სოციალურ ქსელს, უნდა განსაზღვროთ, რას აქვეყნებთ, არის თუ არა ამის გამოქვეყნება საჭირო. არის დილემაც: გჭირდებათ, რაღაც გამოაქვეყნოთ, მაგრამ ეს შეიცავს რისკს, მაგრამ იმდენად გჭირდებათ, რომ რისკავთ. ტექნოლოგიური პროგრესით მივიღეთ ბევრი ბენეფიტი, გამარტივდა კომუნიკაცია, დაიზოგა რესურსი და დრო. ეს არის ის ფუფუნება, რის საშუალებაც ათიოდე წლის წინათ არ გქონდათ. ეს ბენეფიტები, ერთი შეხედვით, უფასოა, მაგრამ თქვენი პრივატულობაა ამის საფასური. როდესაც იყენებთ სოციალურ ქსელს: „ფეისბუქს“, „ვაიბერს“, „სკაიპს“ თუ რამე სხვას, ავტომატურად თანხმდებით, რომ საფასურს იხდით პრივატულობით. თქვენ მიერ ამ ქსელში გაცემული ინფორმაცია უკვე აღარ არის მხოლოდ თქვენი.
– კომპიუტერით სარგებლობის შემთხვევაშიც, იმავე ტიპის საფრთხეებია?
– სოციალური ქსელებით უფრო კომპიუტერით სარგებლობენ, შესაბამისად, საფრთხეებიც იგივენაირია, როგორც ტელეფონზე. ჩვენ არ გვინდა, შევიძინოთ ფასიანი, ოფიციალური ვერსია კომპიუტერული პროგრამების. ვარჩევთ, უკვე გატეხილ ვერსიებს, რითაც ვზოგავთ, ვთქვათ, 50 დოლარს და ამ დროს ამ გატეხილი 10 ვერსიიდან, 9-ში არის მავნე კოდი, რომელიც იპარავს თქვენ შესახებ ინფორმაციას და იყენებს. იმდენად გაუმჯობესებულია ტექნოლოგიები, რომ ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი, თუ იყენებთ სმართტელეფონს, სმართტელევიზორს, სმართპლანშენტს და მალე თქვენი მაცივარიც კომპიუტერიზებული იქნება.
– ბუნებრივი კითხვაა: როგორ დავიცვათ თავი?
– ადრე შეიძლებოდა, გვეთქვა, აიმაღლეთ ცოდნა, გაერკვიეთ საკითხში, მაგრამ დღეს ასე აღარ არის საქმე. თუ გსურთ უსაფრთხოება, ამაში უნდა გადაიხადოთ. ინვესტირება უნდა მოხდეს უსაფრთხოებაში. მეც კი ვიხდი გარკვეულ საფასურს მომსახურებაში და, ამდენად, უფრო დაცული მაქვს ჩემი ელექტრონული აქტივობები. ანალოგიურად, თუ მნიშვნელოვანია თქვენ შესახებ ინფორმაციის დაცულობა, ამისთვის თანხა უნდა გაიღოთ: ეს შეიძლება, იყოს ტრენინგის გავლა, სერვისების შეძენა. დღეს უკვე აღარ არის ისე მარტივი, რომ წაიკითხოთ სტატია და გაერკვეთ უსაფრთხოებაში.
– სახელმწიფო უფრო მოწყვლადია ამგვარი საფრთხეების წინაშე და უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფო ელექტრონული აქტივობების დაცვა, რადგან ეს უფრო მნიშვნელოვან საკითხს: ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება. თუ ის არ იქნა დაცული, პირადი უსაფრთხოება უბრალოდ აზრს კარგავს. ამ მხრივ, რა დონეზე ვართ დაცულები?
– როდესაც დაცულობას ვაფასებთ, უნდა გავიხსენოთ ბოლოდროინდელი საარჩევნო ჰაკინგის სკანდალი ამერიკის შეერთებულ შტატებში. განვითარებული ქვეყნების წამყვან პოლიტიკურ ლიდერებსაც კი უჭირთ საკუთარი კიბერუსაფრთხოების უზრენველყოფა. არ არსებობს უნივერსალური მეთოდი. ეს მუდმივი პროცესია და ერთადერთი საშუალებაა, რომ სახელმწიფომ მუდმივად მოახდინოს ინვესტირება თავისი უსაფრთხოებისთვის და მიიზიდოს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები.
– ჩვენი პაროლები ფიქსირდება ინტერნეტპროვაიდერბთანაც და მობილურ კომპანიებთანაც. ანუ, მათ აქვთ წვდომა?
– თქვენი „ფეისბუქის” პაროლი მისაყურადებლად არ სჭირდებათ. ტრაფიკის წაკითხვა შეიძლება, რასაც პაროლის ცოდნა არ სჭირდება.
– ერთია, რომ ისედაც შეუძლია კონტროლი და მეორე, პაროლები ისედაც იცის.
– ასე ვთქვათ, რთული პაროლია უსაფრთხოების მინიმალური ზომა. ეს დაგიცავთ გარეშე პირებისგან, თუმცა მათგან არც ისე ბევრისგან. სასურველია, გქონდეთ დაშიფრული კომუნიკაცია. ამასთან, არსებობს სერვისები, რომლებიც დაგიცავთ.
– არ მაქვს არანაირი ფასიანი სერვისები. უბრალოდ, ვარ აბონენტი. ანუ ვარ სრულიად დაუცველი?
– ვერცერთი კომპანია, რომელიც გთავაზობთ აპლიკაციასა ან სერვისს, ვერ მოგცემთ ვერანაირ გარანტიას, რომ დაიცავს თქვენს ინფორმაციას. უბრალოდ, სახელმწიფო დაინტერესდება მაშინ, თუ კიბერკრიმინალის მსხვერპლი გახდებით. უმეტესწილად კი, ვერც გაიგებთ, რომ მსხვერპლი ხართ.
– და ამ ფონზე რა არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვის ექნება გასაღები თუ რა უწყებები გააკონტროლებს ეგრეთ წოდებულ უკანონო მოსმენებს?
– ნებისმიერ ზომიერ და გონივრულ დისკუსიას უსაფრთხოების თემაზე აქვს აზრი, მაგრამ, როდესაც ასეთი საუბრები იძენს ზეწოლის ფორმებს, როდესაც ის სამოქალაქო აქტივობიდან გადადის კამპანიაში, აჩენს ეჭვს, რომ ეს კამპანია მართულია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიერ. თუმცა ის ხალხი, ვინც ამგვარ დისკუსიაში იღებს მონაწილეობას, კარგად ერკვევა საკითხში და მათ არ სჭირდებათ იმის ახსნა, რასაც ახლა მე  გეუბნებით. საფრთხეების პალიტრა გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე სატელეფონო მოსმენები. სატელეფონო მოსმენებზე აქცენტი ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამით გარკვეული განწყობის შექმნას, რომ შემდეგ ზეწოლა მოხდეს სახელმწიფო სტრუქტურებზე გარკვეული მიზნის მისაღწევად.
– ძალიან უცნაურია, რომ მოსმენა-თვალთვალზე მსჯელობისას არავინ ახსენებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, თითქოს მათ აგენტურას არ ჰქონდეს მიყურადების საშუალება. ვერ ხვდებიან თუ რატომ არ აქცევენ ამ პრობლემას ყურადღებას?
– ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც სხვა არაერთ ქვეყანაში სამოქალაქო ცნობიერება ისეთ კომპლექსურ საკითხზე, როგორიცაა უსაფრთხოება, ძალიან დაბალია და არცთუ იშვიათად, ეს დაბალი დონე უცხო სპეცსამსახურების მუშაობის შედეგია, იქმნება საზოგადოებრივი აზრი, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი.

скачать dle 11.3