კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ განელებია თამრიკო ჭოხონელიძეს ის სიყვარული, რომლითაც ოჯახი შექმნა და რატომ უნდა მის ვაჟს, რომ დედა გათხოვდეს #8

თამრიკო ჭოხონელიძის ვაჟი, კოკო როინიშვილი, პროფესიით მსახიობია და აპირებს, თავისი ძალები რეჟისურაში სცადოს. მისი დებიუტი ამ პროფესიაში უკვე შედგა, როცა მან დედის ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალს გაუწია რეჟისორობა. თავიანთი ცხოვრების დეტალებზე ქალბატონი თამრიკო და კოკო თავად გვესაუბრებიან.
თამრიკო ჭოხონელიძე: დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან უცნაური დამთხვევა მოხდა ჩემი შვილების დაბადებით – ორივე ცხრა დეკემბერსაა დაბადებული, ერთი წლის სხვაობით. მარიამია ერთი წლით უფროსი. დაბადებიდანვე ძალიან კარგად მქონდა აღქმული, რომ ესენი იყვნენ პიროვნებები. მით უმეტეს, რომ განსხვავებული სქესი, აბსოლუტურად სხვადასხვანაირ დამოკიდებულებას  მოითხოვს. მარიამისგან განსხვავებული იყო კოკო – თავისი სამყარო ჰქონდა. ძალიან ხშირად ვაკვირდებოდი მის სამყაროს და ეს იყო ძალიან საინტერესო. იმასაც ვაკვირდებოდი, როგორ ვითარდებოდა მასში მამაკაცი და სწორად მიდიოდა თუ არა. ოთხი წლის იყო,  ძალიან ხშირად მითქვამს: მოდი, კოკოს ვკითხოთ აზრი-მეთქი. რა თქმა უნდა, ამ ასაკში არც იყო მისაღები, მაგრამ მე ყოველთვის ვეთანხმებოდი, რადგან ასე იყო საჭირო, თავი რომ დაემკვიდრებინა როგორც მამაკაცს, ეს კი ჯერ პატარა სახელმწიფოსგან – თავისი ოჯახიდან უნდა დაეწყო. რაც შეეხება ფიზიკურ მხარეს, ხშირად მითქვამს, რომ ძალიან მიჭირს, მომეშველე-მეთქი და ის თავისი ძალით უფრო მქაჩავდა და მიძნელდებოდა იმ ტვირთის აწევა. მაგრამ, მას ნამდვილად ეგონა, რომ  ის მამაკაცია და მე მისი დახმარება ძალიან მჭირდება.
– თავიდანვე ავლენდა კოკო სამსახიობო ნიჭს?
– შევამჩნიე, რომ ის ძალიან კარგად ხატავდა. მოვუტანე ყველა  სახატავი საშუალება და არაფერს მიეკარა, კალმით ხატავდა კონტურს. შეიძლება გეცნო, ის რასაც ხატავდა, იყო ადამიანი, რომელსაც დაიჭერდა თავისი პლასტიკით, ან ცხოველი, რომელიც ზოოპარკში ჰყავდა ნანახი და მასზე შთაბეჭდილება მოახდინა. როცა მისი ეს გამორჩეულობა ძალიან მომეწონა, ვაჩვენე ერთ მხატვარს. მან მითხრა, ძალიან გამორჩეული ნიჭი აქვს და არავის მიუყვანოო. მერე მოვუყევი ჩემი ოჯახის წევრებს, დედას, მამას, ახლობლებს, თუ როგორი აღფრთოვანებული ვიყავი მხატვრების შეფასებებით. გავიდა დრო და როცა მოვიკითხე ეს ნახატები, მითხრა, ყველაფერი დავხიე და გადავყარეო, ანუ არ უნდოდა, ამ ყველაფრის აფიშირება. თავიდანვე ასე, არამყვირალა იყო. პარალელურად, ბევრ რაღაცას აკეთებდა ჩუმად. წერდა ლექსებს და მალავდა. შემიძლია, როგორც მუსიკოსმა, თამამად ვთქვა, ძალიან საინტერესო მუსიკალური ჩანახატები აქვს. მე ვასრულებ, ბევრს ძალიან მოსწონს, მაგრამ არ იციან, რომ კოკოსია.
– კოკო, ასეთმა მოკრძალებულმა ბავშვმა მსახიობის პროფესია რატომ აირჩიე?
კოკო: როგორც ბევრმა ბავშვმა, მეც ძალიან ბევრი პროფესია მინდოდა და საბოლოოდ, მოვედი აქამდე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, დიდი სურვილი მქონდეს, ვიყო ფიზიკოსი, ჩემი ტვინი არ არის ისე განვითარებული, სხვა პროფესიით წავიდე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტრესებს. მიმაჩნია, ეს არის ჩემი პროფესია. ის ავირჩიე, რაც უნდა ამერჩია – თეატრი. თეატრში გავიზარდე, დიდი ხნის განმავლობაში რაღაცეები ვითამაშე. სცენა ძალიან მომხიბვლელია ყველასთვის, მით უმეტეს, პატარა ბავშვისთვის. გავყევი. რატომ გავყევი, ვიცი, მაგრამ ამის ახსნას ახლა არ დავიწყებ, ძალიან ბევრი თეორიაა და შორს წაგვიყვანს. ახლა რეჟისორობა ნამდვილად მინდა. დადგება დრო, როცა მთლიანად გადავერთვები რეჟისურაზე. მომღერლობაზე არასდროს მიფიქრია. ვფიქრობ, თამრიკომ ოჯახში, რაც ყველაზე კარგად გამომიმუშავა, არის თვითშეფასების უნარი. ვიცი, მე რა შემიძლია, გავაკეთო და რა არ შემიძლია, გავაკეთო, არა მხოლოდ მუსიკაში, არამედ ჩემს პროფესიაშიც. ვიცი, ვინ არის ჩემზე კარგი მსახიობი, ვინ არა. რა თქმა უნდა, ამას ხმამაღლა არ ვამბობ, მაგრამ ვიცი ჩემი შესაძლებლობები. თუმცა, მუსიკას რომ გავყოლოდი, ვიცოდი ნოტები, დაკვრა ნორმალურად, რატომაც არა, ვიქნებოდი კარგი ჯაზმენი.
თამრიკო: ძალიან გამიკვირდა, რომ მან პროფესიად მსახიობობა აირჩია. რომ გამომიცხადა, მსახიობი უნდა გამოვიდეო, ეს იყო ჩემთვის შოკი. ვერაფრით ვერ გამეგო, რატომ უნდოდა მსახიობობა. მაშინ იყო ძალიან დიდი ცდუნებების პერიოდი, სერიალების მთელი კასკადი ტელევიზიებში და მე შემეშინდა, ამ ცდუნებას,  პოპულარობის ცდუნებას ხომ არ აჰყვა-მეთქი, რომელიც ჩემთვის ძალიან იაფი და იოლი გზაა. მაგრამ ამიხსნა, რამდენად აინტერესებდა. მსახიობობაც უნდოდა და რეჟისორობაც და ორივე გააკეთა. ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი ვარსკვლავის გახსნის შემდეგ, ყველა მეკითხება, ვინ იყო რეჟისორიო და რეჟისორი იყო კოკო. პირველი ცდა ჩემზე ჩავატარებინე და ძალიან გაამართლა. ყველას ჰქონდა ერთი და იგივე შეფასება, რომ ეს იყო მაქსიმალისტურად მიღწეული სისადავე, თან ზეიმი და ისეთ ჩარჩოებში მოქცეული, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ინტელექტუალურ ადამიანს შეეძლო. მე ეს ძალიან მსიამოვნებს, რადგან ეს კოკოს გამარჯვებაა და არა მხოლოდ ჩემი. აწი ყოველთვის კოკოს მივმართავ, იმიტომ რომ, ძალიან კარგი რეჟისორი გამოდგა. ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ კარგი გამოვიდოდა. როცა დამთავრდა და გამოვედი, შორიდან, თვალით ვეძებდი ჩემს შვილებს. ცოტა მოგვიანებით მომიახლოვდნენ. მარიამს სულ სხვა თვალები ჰქონდა – ბედნიერების ნაპერწკლებით სავსე. კოკოს კი ყველაფერი ერთად – გახარებული თვალებიც ჰქონდა და წაშლილი, მოშვებული.
კოკო: მადლობა თამრიკოს, რომ ექსპერიმენტი ჩამატარებინა და ამხელა თავი რისკის ქვეშ დააყენა. ძალიან საპასუხისმგებლო და სასიამოვნო იყო. რომ დამთავრდა, მერე იყო ისეთი მომენტი, დიდ თავისუფლებას, სიამოვნებას, ყველაფერს ერთად რომ გრძნობ. ვისაც გაუკეთებია, ალბათ, მარტო ის მიხვდება, რა დიდი ბედნიერება და სიამოვნებაა, კაიფია.
– როგორი დედამთილი ხართ?
– კოკო ადრეულ ასაკში დაქორწინდა. ამ დროს ისტერიკებს მართავენ მშობლები: რა დროს ცოლია და ასე შემდეგ. მაგრამ მე კოკოსთვის ერთი სიტყვაც არ მითქვამს – რა დროს შენი ცოლია... შორიდან ვაკვირდებოდი, როგორ მიდიოდა ურთიერთობა მათ შორის და  რომ ვხედავდი, ერთმანეთის მიმართ უდიდესი სიყვარული ჰქონდათ, მივესალმე იმ ფაქტს, მათი ურთიერთობა ასე დაგვირგვინებულიყო.  მე მყავდა ძალიან კარგი ბებო, რომელიც ასევე კარგად აზროვნებდა. როდესაც ვიყავი 17-18 წლის, გოგონა არ მეგულება, რომ თაყვანისმცემელი არ ჰყავდეს და ბებიაჩემმა ჩემს თაყვანისმცემელზე, რომელსაც ვეპრანჭებოდი, სხვათა შორის, იკითხა, ვინ არიან მისი მშობლები და რა ოჯახში იზრდებაო. მახსოვს, მე პროტესტი გამოვთქვი – მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, მე ვამბობ, რომ კარგი ადამიანია-მეთქი. მახსოვს, საოცარი დინჯი თვალებით შემომხედა და მითხრა: ბები, შენ ჩემს ასაკამდე მოსვლა არ დაგჭირდება, ისეთ დროში იკითხავ ამას, ოღონდ, როცა იკითხავ, აუცილებლად გამიხსენეო.  მე აუცილებლად უნდა მეკითხა, როგორ ოჯახში იზრდებოდა ანი. როდესაც ვნახე მისი ძალიან კარგი დედიკო, რომელიც ძალიან ახალგაზრდაა და როგორ საოცარ ოჯახში გაზრდილია, მივხვდი, ამ ოჯახში გაზრდილი გოგო სხვაგვარი არ უნდა ყოფილიყო. ყოჩაღ კოკო, რომ ასეთს მიაგნო. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიიდან გამომდინარე, ვხუმრობდი, არც სიძე მინდა მსახიობი და არც რძალი-მეთქი, მაინც ასე მოხდა. ბედის ირონია იყო ნამდვილად. ვერც მივხვდი იმ გარდამავალ სირთულეს, როდის შემოვიდა ჩემს ოჯახში – ასე იოლად მოხდა ყველაფერი. მაშინ, როცა ვხედავ, როგორ უყვარს ანის კოკო, მე ყოველთვის ფეხქვეშ გავეგები ასეთ ურთიერთობას. როგორი დედამთილი ვარ და დედამთილი რას ნიშნავს, არ ვიცი. მე ვერ ავიტან, რომ დედა დამიძახოს. მე ვარ კოკოს დედა, უპირველესად, და მისთვის ვარ მეგობარი. მე და ანი ხშირად ისეთ რაღაცეებზე ვსაუბრობთ, რაც კოკომ არ უნდა იცოდეს. ძალიან საინტერესოა მათი ყოველი დღე. მეც არ ვარ იმ ასაკის, ხელი რომ აქვთ ჩაქნეული და მარტო შვილების ცხოვრებით ცხოვრობენ. ასეც არ არის, მაგრამ იმდენად მაძლიერებს მათი ურთიერთობა... კოკოს, სამწუხაროდ, ისეთი პერიოდის გავლა მოუწია, როცა მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს და ეს, ორივეს ძალიან ეტკინა. ამის მაგალითზე, მან კიდევ უფრო კარგად იცის, რა არის ოჯახის ფენომენი და უძღვება მას ძალიან კარგად, თან ზეიმით. მე რა დამრჩენია, გარდა იმისა, რომ ამ ყველაფერს მივესალმო – ამ ზეიმში კიდევ ერთი ზარი შემოვკრა. ჯერ როგორი ურთიერთობა აქვს კოკოს თავის შვილთან და დისშვილთან – ეს ერთი ზეიმია. როგორი ბიძაა ელენესთვის, რომელსაც გაორმაგებულად სჭირდება მამაკაცის ყურადღება და მოფერება, რიგ მიზეზთა გამო და იმას აძლევს, რაც ელენეს აკლია.
კოკო: ჩვენი შეყვარებულობის დროს, მარიამს რომ შვილი შეეძინა, თამრიკომ მითხრა, ახლა შენგან ველოდებიო. ძალიან თბილად შეხვდა ანისაც. შვილმაც ბევრი რამ შეცვალა. როცა მამა ბავშვის აღზრდაში ერთვება, იქ ყველაფერი კარგად გამოდის. მე და ანიმ ორმოცდაათი ორმოცდაათზე გავინაწილეთ ბავშვის აღზრდა და ვცდილობ, მეც ისეთივე მონაწილეობა მივიღო, როგორიც ანიმ.
– ქალბატონო თამრიკო, თქვენ აღარ გიფიქრიათ თქვენს პირად ცხოვრებაზე, ოჯახის შექმნაზე?
თამრიკო: მე ძალიან საინტერესო ცხოვრება წარვიმართე  ჩემს შვილებთან ერთად. სულ ვამბობ, რომ რთულია და ახალგაზრდა ქალი მარტო არ უნდა იყოს. უფლება არ მაქვს, მაგრამ მე რაღაცნაირად თავად აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში – მე თვითონ წარვმართე ჩემი ცხოვრება ასე. იყო საშუალება, მეფიქრა ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს მომავალზე, მაგრამ ახლა უკვე ეს გზა ავირჩიე და მივეჩვიე. მეტი სიახლე არ მინდა, მხოლოდ – შემოქმედებაში. ამ ეტაპზე ნამდვილად არ მინდა.
კოკო: როგორ არა, მე მივესალმები, თუ დედაჩემი ბედნიერი იქნება. ახალგაზრდა ქალია და მას თავისი პირადი ცხოვრება უნდა ჰქონდეს.
– ქალბატონო თამრიკო, თქვენ ქორწინების ბეჭედი ახლაც გიკეთიათ, რატომ?
თამრიკო: მე რამდენი წლისაც ვარ, უფრო დიდი ხანია, ბეჭედი მიკეთია. რომ გავიკეთე, არ მომიხსნია ამდენი წელიწადი და ეს არის დასტური იმ ბედნიერებისა, რომელმაც მე, კოკო და მარიამი მაჩუქა და მეკეთება მთელი ცხოვრება. ეს ბეჭედი ჩემი განუყოფელი ნაწილია, რომელიც სულ ჩემთან არის. ის სიყვარული, რომლითაც ოჯახი შევქმენი, დღემდე მაქვს და არ გამნელებია, მაგრამ დღეს უკვე მოგონებებითა და შვილების რეალობით ვცხოვრობ.

скачать dle 11.3