კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რატომ ამოათხრევინა ბათუმში მიცვალებული დეკანოზმა გიორგი მამალაძემ და ვის წაართვა ბინა მეუფე პეტრემ #8

კვირაზე მეტია, ქვეყანა შეძრა დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ წაყენებულმა ბრალდებამ, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, კერძოდ, კათოლიკოს-პატრიარქის მოწამვლის მცდელობის გამო. პროკურატურის ინფორმაციით შეიტყო საზოგადოებამ, რომ აღნიშნელი ფაქტის დამადასტურებლად, ჩანაწერებიც არსებობს. მას შემდეგ, რაც საქართველოს პატრიარქის შესაძლო მკვლელობაზე მსოფლიო ალაპარაკდა, მოულოდნელად, იმავე პროკურატურამ გამოგვიცხადა, რომ თურმე პატრიარქის და რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერი პირის კი არა, მამალაძე ვიღაცის მოკვლას გეგმავდა.  მაგრამ, ვიდრე საბოლოო ვერსიას დადებენ და საქმეს გამოიძიებენ, საკუთარი ვარაუდისა და აზრის გამოხატვის უფლებას თავს როგორც საერო, ასევე სასულიერო პირები აძლევენ. ამჯერად, სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წევრ ირაკლი კუპრაძის საჯარო სტატუსებით დავინტერესდით, რაზეც განმარტებას თავად ირაკლი აკეთებს: 
– წარმოშობით ბათუმიდან ვარ. მრევლი ვიყავი, როცა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) „კარზე,“ გიორგი მამალაძე გამოჩნდა და ძალიან სწრაფად დაწინაურდა. უცნაური იყო, რომ ის წარგზავნეს რუსეთს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, დონეცკის ეპარქიაში სასწავლებლად და სამუშაოდ. როცა იქიდან ჩამოდიოდა, ყურადღებას  თავისი  სლავური სკუფიით (მღვდლის თავსაბურავი) იქცევდა. მამალაძე, ვიდრე სასულიერო პირი გახდებოდა,  ბათუმის სასულიერო გიმნაზიის ინსპექტორი იყო და საკმაოდ მძიმედ ეპყრობოდა ბავშვებს. ჩემი მეგობრები, რომლებიც გიმნაზიაში სწავლობდნენ, უარყოფითად იყვნენ განწყობილი მის მიმართ. გიორგის სახელი და პიროვნება საკმაოდ უარყოფითად არის შეფასებული აჭარაში. ხალხს ახსოვს ფაქტი, როდესაც ბათუმის ნაგავსაყრელის სასაფლაოდ გადაკეთება გადაწყვიტეს, გაასუფთავეს ტერიტორია და დაკრძალეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც მალევე, გიორგი მამალაძის მოთხოვნით, ამოთხარეს. იმ მოტივით, რომ თითქოსდა, ეს ტერიტორია მას ეკუთვნოდა. მეორედ ატირა ის ქალი მამალაძემ ოჯახს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა,  მიწა სახელმწიფოს საკუთრებაში იყო.
დაახლოებით 2012 წელს, როცა გიორგი მამალაძე უკვე ბათუმის წმიდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი გახლდათ,  სრული კანონდარღვევით შეცვალა მე-18-19 საუკუნეების მიჯნაზე ბრიტანელების მიერ აშენებული ტაძრის არქიტექტურა, – დაანგრიეს ეკლესია და თავიდან ააშენეს, „გადმოაქართულეს“ თავიანთი პრინციპის მიხედვით. ეს იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის ხელყოფაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საქმეა. მაგრამ, მამალაძეს ჰქონდა მფარველობა ხელისუფლების მხრიდან და ძიება არ დაწყებულა. საქმეში ჩართული იყო პატრიარქის ძმისშვილი მეუფე დიმიტრი. მეუფე დიმიტრი სწორედ მამალაძის ასეთი დაწინაურებით ცდილობდა საპატრიარქოში თავისი გავლენის გაძლიერებას. საპატრიარქოში  ძალაუფლებას ორი მთავარი ფიგურა ფლობდა – პატრიარქის დაცვის უფროსი, მეუფე დიმიტრის ქალიშვილის მეუღლე სოსო ოხანაშვილი და გიორგი მამალაძე, რომელიც პარალელურად, იყო მეუფეს დაქვემდებარებული პირი და მისი ინტერესების გამტარებელი. იმდენი მოახერხეს, რომ მამალაძე გახდა ქონების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საპატრიარქოს ქონება, რესურსები და ფინანსები  მის ხელში აღმოჩნდა. ვფიქრობ, ეს არის კლანური დაპირისპირება, სადაც შესაძლოა, ხელისუფლების ფაქტორი მნიშვნელოვანი იყოს. იმიტომ რომ, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი წარმოადგენს ძველ სახელისუფლებო რგოლს, პრონაციონალურ მოძრაობას, თავისი ჭყონდიდის ეპისკოპოსი პეტრე ცაავათი, პარალელურად, ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ქორ-ეპისკოპოს იაკობზე, რომელიც უფრო ხელისუფლების ძალაა. შესაძლოა, ეს პროცესი იყოს დიმიტრი შიოლაშვილის დემონიზების და „გაშავების“ მცდელობა, რადგან სოსო ოხანაშვილზე, თვეებია, მიმდინარეობს ზეწოლა, ისტორიების გავრცელება, რამდენჯერმე დაკითხეს კიდეც... ასევე, მინდა გაგახსენოთ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ბევრს გამორჩა, ეს არის ქორეპისკოპოსი თეოდორე, რომელიც ცოტა ხნის წინ დიდ სკანდალში გაეხვა რამდენიმემილიონიან ქონებასთან დაკავშირებით. მეუფე თეოდორე სწორედ შიოლაშვილის დაჯგუფების წევრია. ეს ყველაფერი ბადებს ეჭვს, რომ  ვიღაც ცდილობს, მეუფე დიმიტრის რეპუტაციის შერყევას.
ვფიქრობ, თუ მამალაძე ალაპარაკდება, ბევრ საიდუმლოს აეხდება ფარდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის არაფერს იტყვის, რადგან შედგება მარტივი გარიგება, ისევ ეკლესიის ინტერესებიდან და რეპუტაციიდან გამომდინარე.
ის რომ,  ჩემი აზრით, მამალაძე არ არის დადებითად შეფასებული საზოგადოების მიერ, –  არ იძლევა  საფუძველს, მას მკვლელობის  მცდელობაში ბრალი დავდოთ. მტკიცებით ფორმაში საუბარი მამალაძის ბრალეულობაზე ხელისუფლების მხრიდან, თუნდაც არსებობდეს ჩანაწერები, არასწორია მანამ, სანამ პროკურატურა ფაქტებს არ წარმოადგენს.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ არსებობს წერილი, რომელიც, სავარაუდოდ, გიორგი მამალაძემ პატრიარქს გაუგზავნა, სადაც საუბარია იმ ფინანსურ დარღვევებზე, რაც საპატრიარქოში მიმდინარეობს...
– გიორგი მამალაძის  მისწრაფებიდან გამომდინარე,  მატერიალური კეთილდღეობისადმი, ვფიქრობ, ეს წერილი ყალბია. წერილს „რუსთავი-2” ავრცელებს იმისთვის, რომ  პირი მობანოს იმ ფრთას, რომელიც ხელისუფლებას ეწინააღმდეგება. როცა ვსაუბრობთ ქონებაზე, მახსენდება გიორგი მამალაძე, რომელმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყო და დღეს არის რამდენიმე კომპანიის დიდი წილების მფლობელი: 100 პროცენტი ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, 50-50 პროცენტი სხვადასხვა საწარმოში, მაღაზიებში... ასეთი სიმდიდრე როგორ მოაგროვა ადამიანმა, რომელიც დილიდან საღამომდე, თითქოსდა, ქართული ეკლესიის ქონების დაცვას უნდება? ის დღემდე აქტიურად თანამშრომლობს უკრაინის ეკლესიის იმ ნაწილთან, რომელიც რუსული საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშაა.
– საიდან გაქვთ ეს ინფორმაციები?
– ვინც ეკლესიაში დადის, ყველამ კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს. თუმცა, მე ვფიქრობ, ტრაგედიამდე სწორედ იმან მიგვიყვანა, რომ პრობლემებზე არავინ საუბრობს – არც სასულიერო პირები, რომლებიც ყველაფერს ხედავდნენ, მაგრამ გაჩუმებას ამჯობინებენ, რადგან ყველას აქვს კომპრომატი საკუთარ თავზე. თუმცა, ბევრი სასულიერო პირია, ვინც ღირსეულად იმსახურებს ხალხისა და ეკლესიის ნდობას. 
მცირედი შემოკლებით გთავაზობთ გაზეთ „ალიას“ ¹ 22-ში გამოქვეყნებულ სკანდალურ ინტერვიუს ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტ ილია ზუკაკიშვილთან, რომელმაც 24-წლიანი დუმილი დაარღვია და ჭყონდიდის ეპისკოპოს მეუფე პეტრეს (ცაავა) შესახებ, აქამდე დაფარულ სიმართლეს ყვება:
– ინტერვიუ ერთი პირობით დავიწყოთ, ვიტყვი სიმართლეს და არაფერს, სიმართლის გარდა!.. შემიძლია, დავიფიცო ხატზე, ბიბლიაზე და ყველაფერ იმას, რაც ქართველებს წმიდა გაგვაჩნია, რომ ვიტყვი მხოლოდ სიმართლეს. ეს ისტორია 24 წლის წინათ მოხდა. არასდროს არსად ამაზე არ მისაუბრია ძალიან ვიწრო წრის გარდა. მედიის არცერთი საშუალებისთვის ინტერვიუ არ მიმიცია და თქვენთან ვარღვევ 24-წლიან დუმილს. ვცდილობდი, მხოლოდ ჩემი ოჯახის ტკივილად დარჩენილიყო ის, რაც მოხდა. სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ ეს პიროვნება, ადრე თუ გვიან, გამოჩნდებოდა და პატიებას მაინც მთხოვდა, მით უმეტეს, სასულიერო ცხოვრებაში მას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ამ პოზიციიდან გამომდინარე, უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი და სულ ცოტა, ბოდიში მოეხადა. ყოველ წელს, მიტევების დღეს ველოდი მას, რაც არ გააკეთა. ისტორია კი დაიწყო ასე: დაახლოებით 1992 წელი იყო, მაშინ ტელევიზიაში ვმუშაობდი „მეორე არხის” რეჟისორად, ორი საავტორო გადაცემა მქონდა. პარალელურად, ვსწავლობდი ინსტიტუტში და ხელფასზე ვცხოვრობდით. როგორც ყველას, იმ პერიოდში ჩვენს ოჯახსაც უჭირდა. ისე მოხდა, რომ ჩემი არასრულწლოვანი ძმა წვრილმანი ხულიგნობისთვის დაიჭირეს. ჩემს ოჯახს მისი ციხიდან დახსნის საშუალება არ ჰქონდა, პოლიცია 2 000 დოლარს ითხოვდა თავისუფლების სანაცვლოდ. თუ საქმე პროკურატურასა და სასამართლოს გადაეცემოდა, შესაბამისად, თანხაც გაიზრდებოდა. მაქსიმალურად ვიყავი გადართული ჩემს სამუშაოზე, რომ, რაც შეიძლება ბევრი სარეკლამო შეკვეთა ამეღო და ძმის გამოსახსნელი ფული შემეგროვებინა. ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა თანამშრომელმა მითხრა: დამკვეთია მოსული, ბევრი გადაღება მაქვს და თუ სურვილი გექნება, დაელაპარაკეო. რა თქმა უნდა, შევხვდი ამ ადამიანებს, ერთ-ერთი მათგანი იყო პაატა ცაავა (მეუფე პეტრე). აღმოჩნდა, რომ მათ რეკლამა კი არა, დოკუმენტური ფილმის შეკვეთა უნდოდათ. დოკუმენტური ფილმის შინაარსის შესახებ პირველ დღეს ჩემთვის არაფერი უთქვამთ. პაატა ცაავამ მითხრა, რომ ამ ფილმში 2 000 დოლარს გადაიხდიდა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ვიფიქრე, ამ ფილმს გადავიღებ და ჩემს ძმასაც დავიხსნი-მეთქი... პაატა ცაავამ დეტალურად გამომკითხა, ვინ ვიყავი, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები, როგორც ხდება ხოლმე ქართველებში… დედაჩემი წარმოშობით სამეგრელოდანაა და ეს რომ გაიგო, ძალიან გაუხარდა. ერთი სიტყვით, ცაავა დარწმუნდა, რომ ჩემი ნდობა შეიძლებოდა. მის პიროვნებაში ეჭვი არ შემპარვია. მეორე დღეს შემატყობინეს, რომ დოკუმენტურ ფილმს ვიღებდით არა საქართველოში, არამედ სომხეთში... არც ამისთვის მიმიქცევია ყურადღება, დავთანხმდი.
– რა უნდა გადაგეღოთ სომხეთში?
– როგორც პაატა ცაავამ მითხრა, უნდა გადაგვეღო სომხეთის ღირსშესანიშნაობები და კადრში უნდა აღგვებეჭდა ფაქტები, როგორ ვითარდება სომხეთის სახელმწიფო, როგორ ცხოვრობს ხალხი და ასე შემდეგ. ჩემს პრობლემებზე ვიყავი ფოკუსირებული და ნამდვილად არ მიფიქრია რაიმე ცუდზე.
– როგორ წარმოგიდგათ პაატა ცაავა, ვინ იყო მაშინ?
– მოძველბიჭო ტიპს უფრო ჰგავდა, მაგრამ მითხრა, რომ ბიზნესმენი იყო... მას ახლდა მეგობარი, რომელსაც არ ვიცნობდი. პაატამ მითხრა, რომ სამ დღეში უნდა წავსულიყავით, მაგრამ წასვლის დრო გაიწელა, არადა მე ჩემი პრობლემა მქონდა მოსაგვარებელი და კონკრეტული ვადები დამითქვა პოლიციამ, რომ ფული მიმეტანა ძმის გამოსახსნელად. ჩემი პრობლემის შესახებ პაატა ცაავა საქმის კურსში ჩავაყენე და ავუხსენი, თუკი პოლიციაში ფულის მიტანას დავაგვიანებდი, თანხა გაორმაგდებოდა. თან, იყო ცაავას ასეთი პირობა, რომ მე დამონტაჟებული კასეტა უნდა მიმეცა მისთვის, რის შემდეგაც გადამიხდიდა გასამრჯელოს. ჩვენი წასვლის დრო კი ძალიან გაიწელა. პაატამ მითხრა, რომ ფულს ელოდებოდა. ამასობაში ძალიან დამიახლოვდა, ჩემს ოჯახში ამოვიდა, დედაჩემი გაიცნო, მეგრულად საუბრობდნენ და ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. პაატამ დედაჩემი დაამშვიდა, არაფერზე ინერვიულოთ, თქვენს შვილსაც გამოვიყვანთ, სერიოზულ დოკუმენტურ ფილმს ვაკეთებთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. მოკლედ, რამდენიმე კვირაში მისივე მანქანით წავედით სომხეთში, სადაც შემახვედრა ვიღაც სომეხ ჟურნალისტს, ალბათ, რომ დავრწმუნებულიყავი, რა სერიოზულ ფილმს ვიღებდი სომხეთზე და მეორე დღეს მეუბნება: ილია, ახლა ჩვენ მივდივართ ყარაბაღში. ეს ის პერიოდია, როცა ყარაბაღში ომია და მახსოვს, ძალიან გამიკვირდა, რადგან ჩვენს გეგმებში ეს არ შედიოდა. გადავედით ყარაბაღში. ვხედავ, აფეთქებებია, ძალიან კარგად მახსოვს, პაატა ცაავას იმ დონეზე ჰქონდა გარკვეული ყველაფერი სომხურ მხარესთან, რომ არაფერი გასჭირვებია, დროებით რწმუნებულსაც იცნობდა და შევიდა გამგეობაში. კაბინეტში მასთან ერთად შევედი და წარმადგინა, დაგვაბინავეს ერთ-ერთ დაბომბილ, ძველ სასტუმროში და იმავე ღამეს პაატა ცაავას ვეკითხები: აქ რა უნდა გავაკეთოთ-მეთქი. პაატა მპასუხობს - უნდა შევიდეთ ციხეებში, გადავიღოთ აზერბაიჯანელი პატიმრები და მათგან ინტერვიუები აიღოო. კონკრეტულად კი უნდა მეკითხა, როგორ ექცევიან სომხები აზერბაიჯანელ პატიმრებს, რა პრობლემები აქვთ და ასე შემდეგ. ეს ამბავი მაშინვე ცუდად მენიშნა. მივხვდი, ჩემს თავს კარგი ამბავი არ ხდებოდა. ჩვენ ვიყავით სამ ქალაქში, ესენია: შუში, აგდამი, ფიზული და პატიმრები იქ გადავიღეთ. მაშინ არ ვიცოდი, ვისთან მიჰქონდა კასეტა. რომ ჩამოვედით, პაატა მეუბნება, – ილია, დაუმონტაჟებელი მასალა მომეციო. მე შევახსენე პირობა, რომ დამონტაჟებული მასალა უნდა წაეღო ჩემგან და გამიკვირდა, მაშინ მხოლოდ ტელევიზიაში იყო სამონტაჟო და დაუმონტაჟებელ მასალას ვერსად გამოიყენებდა. რა თქმა უნდა, კასეტა მივეცი იმ პირობით, რომ მეორე დღესვე დააბრუნებდა. მეორე დღეს, როგორც თქვენ არ გინახავთ ჩინეთის იმპერატორი, ისე გაქრა პაატა ცაავა ჩემი ცხოვრებიდან. თავისთავად, მისი ძებნა დავიწყე, მეგრული კილოთი ლაპარაკობდა და არ დაუმალავს, რომ სენაკიდან იყო, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, სად ცხოვრობდა. მის ძებნაში დრო გადიოდა, პოლიციელების მხრიდან ფულის მიტანის ვადა იწურებოდა... როგორც იქნა, მივაგენი ცაავას, ძალიან შეშინებული ჩანდა... მე მას ჩემი სიცოცხლე ვანდე, მან კი მომატყუა.
– რას მიხვდით, რომ პაატა ცაავა აზერბაიჯანის უშიშროებასთან იყო შეკრული და მათ დავალებას ასრულებდა?
– სამწუხაროდ, ასეა... პაატა მიხვდა, რომ მისი გამშვები აღარ ვიყავი და აღარც ცდილობდა ჩემგან გაქცევას. მაწყნარებდა, ვისაც ველოდები, ხაზზეა და ანაზღაურებას მიიღებო... დაიგინა, დაიფიცა და ყველა ამოიწყვიტა. ცემით დავემუქრე და ვუთხარი, საეჭვო პიროვნება ხარ, ყველანაირი ნდობის ძაფი გაწყვიტე, მე თვითონ შემახვედრე იმ ხალხს-მეთქი. ცაავა ისე შეშინდა, გამოსავალს ვერ ხედავდა, ჩამსვა მანქანაში და მითხრა, წავედით, ოღონდ არა სომხეთში, არამედ აზერბაიჯანშიო... გზაში ვეკითხები, რატომ მივდივართ აზერბაიჯანში, როცა ფილმი გადავიღეთ სომხეთში-მეთქი. ის მეუბნება, რომ ამ ფილმის დამკვეთი იყო აზერბაიჯანული მხარე, მაშინ ხმას ავუწიე, პაატა ამიხსენი, რა თამაშს თამაშობ, რა შარში გამაყოფინე თავი-მეთქი... გამომიტყდა, რომ აზერბაიჯანის ძალიან ზედა ეშელონების უშიშროება არის ამ საქმეში ჩართული. ამის გამხელა შემეშინდა, რადგან შეიძლება, უარი გეთქვა და მასალის გადასაღებად არ გამომყოლოდიო... პაატა მეუბნება, – მე ვერ გეტყოდი, რა დანიშნულებით მივდიოდით ყარაბაღში, რადგან შეიძლება ისე დავემარხეთ, პატრონიც ვერ გვიპოვიდა, შენთან ერთად მეც გავრისკე, მეც ფული მჭირდებოდაო. პაატას ვუთხარი, რომ დრო აღარ მრჩებოდა, ფულის გამოგზავნას ვეღარ დაველოდებოდი. ამ დროს მთავაზობს, - მოდი, შენი ბინა გავყიდოთ, ჩემს ნათესავს უნდა ბინის ყიდვა, კლიენტის მოძებნაში დრო აღარ დაგეხარჯება, ხოლო როგორც კი ფულს მომცემენ, დაგიმატებ და კარგი ბინა ვიყიდოთო. სხვა გამოსავალი არ იყო და მას რომ არ შეეთავაზებინა, საბოლოო ჯამში, მაინც ამის გაკეთებას ვაპირებდი, ჩემს პატარა ძმას ციხეში არ დავტოვებდი. ვარკეთილში გვქონდა სამოთახიანი გარემონტებული ბინა. მოგეხსენებათ, ამ უბანში მაშინ ბინების ფასი მერყეობდა 2 700-3 000 დოლარის ფარგლებში და პაატა ცაავამ ისე მოახერხა, რომ თავის ნათესავზე ეს ბინა მიმაყიდვინა 1 600 დოლარად, დანარჩენი 400 დოლარი მეზობლებში ავაგროვე და ჩემი ძმა ციხიდან დავიხსენი. ამის შემდეგ დაველოდე, როდის მომცემდა ჩემს კუთვნილ ფულს პაატა ცაავა, ოჯახს მხოლოდ ეს ერთი ბინა გვქონდა... პაატა ცაავას წყალობით, აგერ უკვე 24 წელია, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ...
– რატომ არ დააწერინეთ ცაავას ხელწერილი, რომ თქვენი ვალი ჰქონდა და უნდა გაესტუმრებინა?
– ხელწერილი რომ დაეწერა, მერე რა?!. რა აზრი ჰქონდა, მაინც არ გადაიხდიდა... მოკლედ, პაატა ცაავა ისე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, თითქოს ცამ ჩაყლაპა. მახსოვს, 2004-2005 წელი იყო, მხვდება პატრიარქის პირადი მდივანი შორენა თეთრუაშვილი. მან იცის ჩემი დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ და მეუბნება: ილია, შენ რადგან ამერიკა გიყვარს და ამერიკულ წიაღში ხარ, ახლა ჩამოდის ამერიკის მიტროპოლიტი და პატრიარქთან ერთად შენც წამოდიო... ტაბახმელაში და მეორე ბოდბეში. ტაბახმელაში იმართებოდა სასულიერო კონფერენცია და ამ კონფერენციას ვიღებდი... შესვენებისას მამა დემეტრეს ვესაუბრები, ამ დროს ვიღაცა მხარზე ხელს მადებს. ავხედე და ვხედავ ანაფორაში გამოწყობილ პაატა ცაავას... ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, გაკვირვებულმა ვკითხე: პაატა, შენ ხარ?!. მახსოვს, მაშინ მეუფე დემეტრემ მითხრა: ილია, მეუფეს როგორ ელაპარაკებიო... მეუფე დემეტრე დაიხარა და თაყვანი სცა მეუფეს, როგორც ხდება ხოლმე... მეუფე დემეტრემ ეს ამბავი არ იცოდა. ამ ამბის მოყოლას აზრი არ ჰქონდა და არც არაფერი მითქვამს. პაატა ცაავას ვუთხარი, ტელეფონის ნომერი მომეცი, შევხვდეთ და დავილაპარაკოთ, სალაპარაკო ბევრი გვაქვს-მეთქი. იმ ნომერზე დავრეკე და როგორც ჩანს, მეუფემ არასწორი ნომერი მომცა. მოგვიანებით, მეგობრებმა გამაფრთხილეს, მეუფე პეტრეს „ნაციონალური მოძრაობის” გავლენიანი ფიგურები მფარველობენ, მიხეილ სააკაშვილის შვილის ნათლიაა და ფრთხილად იყავი, რამე არ გაგიჩალიჩონო... ადამიანი, რომელმაც მთელი ჩემი ოჯახი შიმშილისთვის და სასიკვდილოდ გაწირა, მოგვატყუა, ვის გამოც დედაჩემს ინფარქტი დაემართა, დღეს არის პატივსაცემი. საზოგადოება მას „მეუფეს“ ეძახის და მრევლი აღსარებას აბარებს... ბოლოს პაატა ცაავას შევხვდი 2009 წელს გასვენებაში, გარდაცვლილი დეპუტატის ნაული ჯანაშიას „ჯიპით” მოვიდა. ტელეფონის ნომერი ისევ გამოვართვი და იქვე გადავამოწმე. მას შემდეგ რამდენჯერმე დავურეკე და არ მიპასუხა...
– პატრიარქს ეს ამბავი არ მოუყევით?
– არასოდეს ჩამითვლია საჭიროდ, პატრიარქთან ამ თემაზე მესაუბრა. ეს ამბავი რომ მომეყოლა, ამით პატრიარქს გულს ვატკენდი, რადგან მისი ხელდასხმულია პაატა ცაავა ეპისკოპოსად... ვიღაცამ პატრიარქი შეცდომაში შეიყვანა, როცა ცაავა ეპისკოპოსად აკურთხა.
დღემდე მაქვს ეჭვი, რომ პაატა ცაავა არის უშიშროების კადრი. უშიშროება მაშინ ცდილობდა, ყველა ეკლესიაში ჩანერგილი ადამიანი ჰყოლოდა და სავარაუდოდ, მათ შორის იყო პაატა ცაავა. მის ისტორიას რომ გადახედოთ, როგორ გახდა ეპისკოპოსი, აუცილებლად გაჩნდება ეჭვი, რადგან სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ძალიან მოკლე დროში გახდა ეპისკოპოსი. 24 წელი გავიდა და ემოციის ბოლო ნაპერწკალი ჩაქრა. ჩემს თავს ვეუბნები – ილია, ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და ყველაფერი ხდება. ვეცადე, პაატა ცაავას საქციელი გამემართლებინა ამ სიტუაციაში, მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნები, ხომ ხედავ, ეკლესიაში წავიდა, ალბათ, მოინანია, მაგრამ შინაგანი ხმა მპასუხობდა: მან შენ მოგატყუა და არ ეცადა შენ მოძებნას, შენდობის თხოვნას. ადამიანობას, ჩემს შვილებს, ქვეყანას ვფიცავ, პაატა ცაავას ბოდიში რომ მოეხადა და პატიება ეთხოვა, ჩავეხუტებოდი და ვეტყოდი, შენ არაფერ შუაში ხარ, ორივე მოტყუებული ვართ-მეთქი. იქით დავაწყნარებდი... მაგრამ მან ეს არ გააკეთა...

скачать dle 11.3