კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (108)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რატომ გააქრეს ბერიას ბრძანებით 2 ათასი სომეხი მუშა #8

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების შუა პერიოდში, ანუ მაშინ, როდესაც სტალინს აბსოლუტური ძალაუფლება ეპყრა ხელთ და ხელქვეითებს მცირეოდენ გადაცდენასაც არ აპატიებდა, ზოგჯერ ლავრენტი ბერია ბელადის გვერდის ავლით, თვითნებურად მოქმედებდა. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და გენერალ-მაიორი ანტონ კაკაფონოვი წერს: „ბერია რომ სტალინისადმი აბსოლუტურად ლოიალური იყო, მის ბრძანებებს სანიმუშოდ ასრულებდა და ბელადი მას ეყრდნობოდა, დადასტურებული ფაქტია. მაგრამ ისიც მართალია, რომ ბერია ზოგ შემთხვევაში, მოდით, ასე ვთქვათ, იმპროვიზაციას მიმართავდა სტალინის დირექტივების შესრულებისას და ამას, თავისი სამშობლოს, საქართველოს სასიკეთოდ ახორციელებდა.
1935 წელს, გამოიცა სტალინის სპეციალური საიდუმლო დირექტივა, კოდური სახელწოდებით – „გვირაბი“. ანუ, ეს იყო სამოქალაქო თავდაცვის კუთხით განხორციელებული ღონისძიება, რომელიც უზარმაზარი გვირაბ-ბუნკერების ტოტალურ მშენებლობას ისახავდა მიზნად მთელი საბჭოეთის მასშტაბით. სპეციალური გეგმის შედგენის შემდეგ, საიდუმლო ფონდიდან 960 მილიონი მანეთი გამოიყო და დადგინდა, თუ რომელ რესპუბლიკაში რამდენი ბუნკერი უნდა აშენებულიყო. გაწერილი ხარჯთაღრიცხვა და ბუნკერის მშენებლობის ტექნოლოგია, პირადად რესპუბლიკის ცეკას პირველ მდივანს ეგზავნებოდა. პირველი მდივანივე იყო პასუხისმგებელი, როგორც მშენებლობის ხარისხზე, ასევე, საიდუმლოების დაცვაზეც. მსგავსი დირექტივა მიუვიდა ლავრენტი ბერიასაც. საიდუმლო საბუთში ეწერა, რომ საქართველოში ორი თავდაცვითი გვირაბ-ბუნკერი უნდა აშენებულიყო: ერთი – თბილისში, ერთიც – ქუთაისში. თითოეულის ღირებულება ტიპური პროექტის მიხედვით, 11-11 მილიონი მანეთი იყო. ამიტომ, რესპუბლიკას 22 მილიონი მანეთი გამოეყო. საბუთზე კი, რომელსაც პირადად სტალინი აწერდა ხელს, ბელადის ხელითვე იყო მიწერილი, რომ მშენებლობა 8 თვის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო. გენერალი სერგო გოგლიძე 1953 წლის დეკემბერში ასეთ ჩვენებას აძლევდა სამხედრო მოსამართლეს: „თავდაცვითი ბუნკერები, გათვალისწინებული რვა თვის მაგივრად, შვიდ თვეში ავაგეთ თბილისსა და ქუთაისში და ორივე სრულიად შეესაბამებოდა დამტკიცებულ ტექნოლოგიებს. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ გამოყოფილი 22 მილიონი მანეთიდან, მათი მშენებლობა 16 მილიონი დაჯდა. დანაზოგი კი რესპუბლიკის სხვა, აუცილებელი და გადაუდებელი საჭიროებებისთვის  დაიხარჯაო“.
ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლოზე გენერალი სერგო გოგლიძე ზემოხსენებულ ჩვენებას რევიზორ ვიქტორ ბაკუნინის მკვლელობის ორგანიზებაში ბერიას დადანაშაულების გამო იძლეოდა. ბერია იმ ამბებიდან 18 წლის შემდეგ, აგრეთვე ადამიანთა ერთი ჯგუფის გენოციდსა და სახელმწიფოს კუთვნილი 6 მილიონი მანეთის არამართებულ ხარჯვაშიც დაადანაშაულეს. ჩვეულებრივ ენაზე კი ეს ნიშნავს: – ბერიამ ორივე თავდაცვითი ბუნკერი შვიდ თვეში, ერთი თვით ადრე იმიტომ ააშენა, რომ მშენებლებს სამ ცვლად ამუშავებდა და მშენებლობა წამითაც არ შეჩერებულა. ექვსი მილიონი მანეთის დაზოგვა კი კვლავ მშენებლების ხარჯზე მოახერხა, ანუ მათ ხელფასს არ უხდიდა და მხოლოდ დღეში ორჯერ კვებავდა. დაბოლოს, სამშენებლო მუშახელი ლავრენტი ბერიამ სომხეთიდან ჩამოიყვანა. ისინი, სულ ორი ათასი ადამიანი, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, დაშნაკებთან კავშირში იყვნენ ბრალდებულნი, სასჯელს იხდიდნენ და რადგან ბერია ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანიც იყო, ხელი მიუწვდებოდა ასეთ რამეზე. ბუნკერების მშენებლობა 1935 წლის დეკემბერში დასრულდა და ორი ათასი სომეხი მუშა საპყრობილეში აღარ დაბრუნებულან. ისინი უკვალოდ გაქრნენ. არსებობს დაუდასტურებელი ცნობა, რომ ყველანი ქუთაისისა და თბილისის შემოგარენში დახვრიტეს და იქვე ჩამარხეს. სომეხთა გენოციდის ფაქტი ვერც ბერიას ფალსიფიცირებულ პროცესზე დადგინდა და ამ ისტორიის ერთადერთი ცოცხალი მოწმე (ბერია უკვე ვერაგულად იყო მოკლული) ყველაფერს უარყოფდა. რაც შეეხება ვიქტორ ბაკუნინის მკვლელობის ორგანიზებას: 57 წლის ინჟინერ-პოლკოვნიკი ვიქტორ ბაკუნინი მთავარი ექსპერტი იყო, რომელიც მოსკოვის დავალებით, საიდუმლო გვირაბებს არა მხოლოდ უშუალოდ ამოწმებდა, არამედ დოკუმენტაციასაც საგულდაგულოდ სინჯავდა და ბოლოს, აბსოლუტურად უშეცდომო დასკვნას წერდა. საქართველოში ის 1936 წლის იანვარში ჩამოვიდა. ორი კვირა საფუძვლიანად იმუშავა და დაადგინა, რომ ორივე თავდაცვითი ნაგებობა 16 მილიონი დაჯდა. მოსკოველი ექსპერტის ამ დასკვნას ბერიას აგენტები მანამდე გაეცნენ, სანამ სასტუმრო „ინტურისტში“ მცხოვრები ბაკუნინი მას მოსკოვში წაიღებდა. იმავე ღამეს, 1936 წლის 29 იანვარს, ბაკუნინი გულგახეთქილი აღმოაჩინეს სასტუმროს ნომერში და ექიმმა აბშილაძემ მას ინფარქტის დიაგნოზი დაუდგინა. სწორი დასკვნა კი გაქრა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მილიციამ სხვა, ნაბეჭდი დასკვნა აღმოაჩინა, ბაკუნინის ხელმოწერით, თუმცა მასში არაფერი იყო ნათქვამი გამქრალ ექვს მილიონ მანეთზე. სავარაუდოდ, ბერიას აგენტებმა ბაკუნინს სხვა დასკვნაზე მოაწერინეს ხელი სასტუმროს ნომერში. შემდეგ იქვე დაალევინეს კონიაკში გაზავებული საწამლავი, რომელიც ინფარქტს იწვევდა და იქიდან გაუჩინარდნენ. ასეთი ვარაუდი გამოითქვა 1953 წლის დეკემბერში ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე. თუმცა, მას ვერც ინჟინერ ბაკუნინის მკვლელობის ორგანიზება დაუმტკიცდა.
1954 წლის მარტში, შვეიცარიაში ბუღალტერი ტიტე მარშანია გაიქცა, რომელიც 1935 წელს საქართველოს ცეკაში მუშაობდა საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოში და ბერიას ნდობით სარგებლობდა. ბერიას ვერაგული მკვლელობის მერე, მარშანია რუსეთში იმალებოდა. შემდეგ გაქცევა მოახერხა და 1961 წელს გამოაქვეყნა წერილი, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტშიც წერია: „ბერია მკაცრი და დაუნდობელი ადამიანი იყო, მაგრამ სახელმწიფოს კუთვნილი ერთი კაპიკიც არასდროს მიუთვისებია. პირიქით, ის ყოველთვის თავისუფალ სახსრებს ეძებდა, რომ ერთი დარგიდან გამოთავისუფლებული ფული მეორეში ჩაედო და განევითარებინა“...
საგულისხმოა, რომ იმ 6 მილიონით, რომელიც ბერიამ პატიმარი მშენებლების ხარჯზე დაზოგა, 1936 წელს ათასი ჯიშიანი ძროხა შეიძინა შვეიცარიიდან; თბილისში 25 ათასი ხე დარგო და თორმეტი ტყე-პარკი მოაწყო. აგრეთვე, ჩამოაყალიბა ალკოჰოლიკების რეაბილიტაციის ცენტრი და საქართველოს „ენკავედეში“ მძიმე დანაშაულთან მებრძოლი განყოფილება შექმნა...
მე, რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლავრენტი ბერია უმანკო კრავი გახლდათ და აღმშენებლობა ასეთი ფასი უნდა დაჯდეს. მაგრამ, სხვა რესპუბლიკებში მხოლოდ დახვრეტის გეგმები სრულდებოდა და ადამიანებს ტოტალურად აშინებდნენ. ამ დროს კი, ლავრენტი ბერია შედარებით მცირე დანაკარგებით ავითარებდა საქართველოს.“

скачать dle 11.3