კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეიძლება თუ არ სასულიერო პირებისთვის სოციალური ქსელით სარგებლობა და როდის იმყოფებიან ისინი ფარისევლურ მდგომარეობაში #8

წმიდა მამების დახმარებით მინდა, დაგანახვოთ, რა ხდება თქვენს სულში, როგორი ფარული ამპარტავნება არსებობს ჩვენს შინაგან მდგომარეობაში. ამპარტავნების საწყისი საკუთარი თავის არცოდნაა. საკუთარი თავის შეცნობის აუცილებლობის შესახებ ბევრი წერია ახალ აღთქმაში. როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი, ჩვენი სულიერი მდგომარეობა, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – ბევრი რამ ვიცით ჩვენი მეუღლის, მეგობრების, მეზობლების, შვილების შესახებ, რა ხდება ქვეყანაში, ამერიკაში, ევროპაში, სხვის ოჯახში, მაგრამ არაფერი ვიცით საკუთარი თავის შესახებ. იქნებ, შენ უარესი ხარ ან უარეს მდგომარეობაში იმყოფები იმასთან შედარებით, ვისზე ლაპარაკსაც აპირებ? აქედან იწყება სწორედ ამპარტავნება. როცა ადამიანმა იცის, ვინ არის, ის სხვაზე აღარ იწყებს საუბარს. ვინც კარგად მიხვდება, ვინ არის თვითონ, არ დაიწყებს სხვების განკითხვას. „ამპარტავანი ადამიანი ყველა ხერხით ეძებს სხვა ადამიანებისგან ქებას“. ეს სამღვდელოებასაც ეხება: გვინდა, რომ ყველა გვაქებდეს, ყველა გვიცნობდეს, გვიჯერებდეს ნებისმიერ მდგომარეობაში. თუ შენ გინდა ქება, თითი გამოიშვირონ შენკენ: როგორი ლამაზია, როგორი საყვარელია, როგორი ნიჭიერი, განათლებულია, ესე იგი, შენ ამპარტავნებაში ხარ. „ყოველთვის სურს რაღაცის მითითება და სწავლება სხვისთვის“. ეს განსაკუთრებით ხშირად ხდება ეკლესიაში: აქ არ გაიარო, იქ არ გაიარო, თავზე დაიხურე, ასე ჩაიცვი. როცა ეკლესიაში ვინმეს შენიშვნას აძლევ, ჯერ დაფიქრდი, თავად რა მდგომარეობაში ხარ, როგორ გაცვია, როგორ ლოცულობ, როგორ დადიხარ, როგორ იქცევი. თუ რამის სწავლება გინდა ვინმესთვის სახლში ან გარეთ, ჯერ საკუთარი თავი გამოასწორე, გახდი ისეთი, როგორიც უნდა იყო და მერე მოგბაძავენ სხვა ადამიანები.
„ვინც მის სურვილს ეწინააღმდეგება, ურისხდება და ემტერება“. როგორც კი რაღაც გვინდა და ეს არ არის სწორი, ამიტომაც გვეწინააღმდეგება მეუღლე, ოჯახის წევრი ან მოძღვარი, მაშინვე ვიწყებთ ბუზღუნს: არ ესმით ჩემი, ვერ გაიგეს, რომ მე კარგი მინდა. როცა ვინმე გეწინააღმდეგება, დაფიქრდი: იქნებ უფალს არ უნდა შენი ეს ქმედება, რადგან ხანდახან უფალი გველაპარაკება ჩვენი ახლობლების პირით. მაგრამ ჩვენ მაინც ვჯიუტდებით, „არ იციან მე ეს რატომ, რისთვის მინდა“ და ამიტომაც ბევრი უაზრო და უსარგებლო გეგმა გვაქვს.
„იწყებს საკუთარ ძალებზე აღმატებულ საქმეებს“. ეს განსაკუთრებით ეხება ბანკის ვალს. სანამ რაიმე საქმის გაკეთებას გადაწყვეტ, იღებ ვალს, კარგად დაფიქრდი: შეგიძლია თუ არა ამ ვალის გადახდა. კარგად შეისწავლე ის საქმიანობა, რომელიც დაიწყე. რომ გადავარდები ვალებში, მერე იწყებ წყევლას – ბანკს, მთავრობას, შენს ოჯახს აბრალებ ყველაფერს. არადა საკუთარი თავის გამო ჩავარდი ასეთ მდგომარეობაში. თავიდანვე უნდა დაფიქრდე, რომ ეს არ არის ის საქმე, რომელიც უნდა დაიწყო, რომლის შესრულებასაც ვერ შეძლებ.
„სხვის საქმეებში თვითნებურად ჩარევა“. თუ შენი შვილი დაოჯახებულია, გკითხავენ რამეს: უპასუხე, თუ არადა ჯობია, ჩუმად იყო. რადგან ოჯახში უსიამოვნებას სწორედ ერთმანეთის საქმეებში ჩარევა იწვევს. თუ შენი შვილი შენთან ცხოვრობს, ჯერ არ დაქორწინებულა, მიეცი რჩევა პირადი მაგალითით. მაგრამ, თუ უკვე თავისი ოჯახი აქვს, მოკრძალებით, მოშიშებით უნდა მისცეთ რჩევა. თუ გაითვალისწინებს, ხომ კარგი, თუ არადა, ფინანსურად, ან როგორც შეგიძლია, ისე დაეხმარე.
„ურცხვად აქებს, ადიდებს საკუთარ თავს“. ვინც შედარებით კარგად ცხოვრობს და ისინი ამისთვის არ მადლობენ უფალს: „მადლობა ღმერთს, რომ მე შენით მივაღწიე ყველაფერს“, ძალიან მალე დაკარგავენ იმას, რაც გააჩნიათ. როცა სარკეში ვიყურებით, საკუთარი თავი მოგვწონს ან ვინმე გვაქებს, თქვით: ეს ღვთის წყალობაა და მადლობა ღმერთს. განსაკუთრებით სასულიერო პირებს გვეხება ეს. რომ გვეუბნებიან: მამაო, რა კარგი ხარ, რა ძვირფასი ხარ, მუდამ უნდა გვახსოვდეს – რომ მე ვარ სახედარი ქრისტესი, ჩემს კისერზე ოლარი რომ კიდია, ეს არის უღელი ქრისტესი და რომ არა ქრისტე, მე მის გარეშე, ვერაფერს გავაკეთებდი. ღმერთმა ამიყვანა ამ რანგში, ღმერთი მაძლევს ყოველივეს, რაც  დღეს გამაჩნია. ის, რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში კარგი, ღმერთმა მოგანიჭათ და მადლიერი რომ არ იყავით, იმიტომ დაკარგეთ.
– დღეს სოციალური ქსელით ბევრი სასულიერო პირი სარგებლობს. ძალიან ბევრ ფოტოს დებენ, ხალხიც კომენტარებს უწერს: მიყვარხარ, მამაო, რა საყვარელი ხარ და ასე შემდეგ. ეს გამართლებულია?
– სახლში რომ მიხვალთ, „ფეისბუქზე“ შედით და მაშინვე გაიშიფრებით, როგორი და რანაირი ხართ. როცა გათხოვილი ხარ და სოციალურ ქსელში სხვადასხვა პოზაში გადაღებულ ძალიან ბევრ ფოტოს დებ, ვის ეპრანჭები – განა საკმარისი არ არის, შენს ოჯახთან გადაღებული ფოტო დადო? როცა რაიმე კარგს გაიგებთ: გამოგონებას, კარგ ქადაგებას, კარგ შეგონებას, მეცნიერულ მიღწევას, ის დადეთ და არა ის, რომ ძალიან ლამაზი და ბედნიერი ხარ. ესეც ერთგვარი ფარისევლობა და თავმომწონეობაა. ამიტომაც, არ არის საჭირო ყველაფრის ასე გამოფენა. ახალგაზრდა გოგონები, ბიჭები რომ დებთ ფოტოებს,  სადაც შენი ქმრის კისერზე ხარ ჩამოკიდებული, როგორ გკოცნის, ეს რას ნიშნავს? შენი სიყვარული იმდენად ღაფავს სულს, რომ გამოფინე სხვების დასანახად: ნახე, როგორ ვუყვარვარ ჩემს ქმარს, როგორი კაბა მიყიდა, როგორი ყვავილები მომართვა. თუ შენი ცოლი გიყვარს, რა საჭიროა, ვინმეს ანახო ეს? იყავით სოციალურ ქსელში, მაგრამ ინტელექტითა და თავმდაბლობით. უარესსაც გეტყვით: მე ვნახე ახალგაზრდა დედაოების გამოპრანჭული ფოტოები თუთიყუშებით, ყვავილებით... მოდელები არიან თუ რა ხდება? დედები, ნორმალური სასულიერო პირები სახეში არც კი  გიყურებენ. ჩემთვის ძვირფას დედაოს, მამაოს ვთხოვე, ფოტო გადაეღოთ ჩემთან ერთად და უარი მითხრეს. მივხვდი: ისინი რაოდენ განშორებულები არიან ამსოფლისგან. სამაგიეროდ, შედიხარ სოციალურ ქსელში და უყურებ სხვა ბერებს, როგორი გამოჭიმულები არიან. ან სად სცალიათ მღვდელ-მონაზვნებს, 24 საათი „ფეისბუქზე“ რომ არიან. თან, იმდენ სისულელეს წერენ, პატარა გოგონებთან ჩახუტებულები: „მამაო, გენაცვალე“. მამაოს, დედაოს სიყვარული სხვანაირად გამოხატე. ერის კაცი მერე უყურებს ამას და ფიქრობს: შენ ეკლესიური ხარ, სულიერი ცხოვრება გაქვს, შენ დედაო ხარ, შენ მამაო ხარ? სუფთა ფარისევლობაა. როცა დაჩოქილი ვდგავარ, ვლოცულობ და ვიცი, ამ დროს სურათს მიღებენ და მე არაფერს ვეუბნები. ესე იგი, ფარისეველი ვარ. რატომ? რომ დაიდოს მერე „ფეისბუქზე“: ნახეთ, მამაო რა საყვარლად ლოცულობს, როგორ მოსდის ცრემლები, ტირილი მინდება. ეს რა სპექტაკლია, ეს არის ერის სულის შემოსვლა ეკლესიაში. იდება „ფეისბუქზე“ ბერად აღკვეცის ფოტო, შიგნით ხელდასხმა, როგორ შეიძლება? რატომ არის კანკელი გადაღობილი, რაღაც საიდუმლო ხომ უნდა არსებობდეს. ყველგან კი არ უნდა შევიდეს კამერა, საერო სულისკვეთება. ვისაც აინტერესებს ეს ყველაფერი, მან ეს ისედაც იცის და ვისაც არ აინტერესებს, მას ისედაც არ დააინტერესებს.
– როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ შვილებს მშობლების მიმართ – მათ ყველაფერში უნდა დაემორჩილონ?
– არსებობს ამპარტავნობის ასეთი მდგომარეობა: „ხელისუფლებას და მშობლებს არ ემორჩილება“. არსებული ხელისუფლება ღმერთმა დაუშვა. პავლე მოციქული ამბობს: არ არსებობს ხელისუფლება ღვთის დაშვების გარეშე. გინდათ უკეთესი და გამოსწორდით. შვილი, რომელიც არ ემორჩილება მშობელს, ის დაიღუპება. თუმცა, როგორც პავლე მოციქული ამბობს: მშობლებო, ნუ გააღიზიანებთ შვილებს ზედმეტი დარიგებებით. დღეში რომ 47-ჯერ ურეკავთ: სად ხარ, რას აკეთებ, დიდი სიბრძნე გმართებთ მშობლებს შვილებთან ურთიერთობაში. „მხილება და დარიგება არ უყვარს, თავი სულ მართალი ჰგონია, განსაცდელებისა და უბედურების დროს მოუთმენელია, შფოთავს და ხშირად გმობს კიდეც“. თუ გინდათ გაიგოთ, როგორი სულიერი მდგომარეობა გაქვთ, თქვენი განსაცდელის ზომა და წონა შეამოწმეთ. თუ განსაცდელი შედარებით იოლია, ესე იგი, თქვენი სულიერი მდგომარეობა შედარებით ნაკლებია. თუ მძიმე განსაცდელია, ღმერთმა იცის რომ თქვენ მის გადატანას შეძლებთ, თქვენი სულიერი მდგომარეობა უფრო დიდია. ასეთ დროს თუ არ იასპარეზებ, დამარცხდები, მტერი გაიმარჯვებს შენზე. 9 ნეტარება ისწავლეთ ზეპირად და განსაცდელის დროს თქვით ხოლმე. დაბოლოს, „სიყვარული უცხოა მისთვის“ – ამპარტავანს, ფარისეველს არავინ უყვარს. საკუთარი თავი სხვაზე უკეთესი ჰგონია. გადავხედოთ საკუთარ თავებს და მივხვდებით, რომ ფარისევლებზე უარესები ვართ – ამპარტავანი ქართველები, გარეგნულად ყველას რომ ვუყვარვართ, კეთილშობილები ვგონივართ, მაგრამ შიგნიდან თეთრად შეფეთქილი საფლავები ვართ.

скачать dle 11.3