კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეაფარა თავი აბაღა ყაენის წინააღმდეგ აჯანყებულმა მონღოლმა უფლისწულმა დავით ნარინის სამეფოს #7

1260-იანი წლებიდან მონღოლთა დიდ იმპერიაში დაიწყო ურთიერთდაპირისპირება. 1265-1266 წლებში ჩაღატას ულუსის ყაენი გახდა ჩაღატას შთამომავალი – ბარახა. ბარახა გაუმეზობლდა საილხანოს, რომელსაც 1262 წლიდან მართავდა ჰულაგუს შვილი – აბაღა ყაენი. ჩვენი ქვეყანა საილხანოს დაქვემდებარებაში იყო. ჩინგიზ ყაენის შვილის, ჩაღატა ყაენის შვილიშვილი, თეგუდარი, რომელსაც ქართული წყარო ბარახას ძმას უწოდებს, 20 000 ჯარისკაცით და დედა-წულით აბაღა ყაენის სამფლობელოში მივიდა თავისი წილი ხარკის მისაღებად. აბაღამ მიიღო ის, მისცა თავისი წილიც და საუფლისწულოც: საზაფხული სადგომად არარატის მთის დაბლობი, რომელიც საქართველოს ეკუთვნოდა იმ დროს, ხოლო საზამთროდ – ნახჭევანი.
თეგუდარმა გადაწყვიტა, ეღალატა აბაღასთვის და თავის ძმას, ბარახას, რომელიც მდინარე ჯეონის (ამუდარიის) მიდამოებში მბრძანებლობდა, გაუგზავნა წერილი – გამოემართე შენ მანდედან, მე აქედან შევუტევ, შევმუსროთ აბაღა და დავიკავოთ მისი საბრძანებელიო.
რადგან მონღოლები გზებზე ყველას ამოწმებდნენ, თეგუდარმა აიღო სამი ისარი, თავები გამოუთხარა, სპილოს ძვლით შეაერთა და მათ შორის ჩადო წერილი.
თეგუდარის წინადადება მოეწონა ბარახას და პაემანი დაუთქვა. ორივეს ერთი და იმავე დროს, ორი მხრიდან უნდა დაერტყა აბაღას საბრძანებლისთვის. მაგრამ, შეცდომა მოუვიდათ შეთქმულ ძმებს. ბარახას მწიგნობარი შეცდა და მთვარის ორი მოქცევით შეეშალა პაემნის დრო. მონღოლები მთვარის მოქცევით ითვლიდნენ დროს.
თეგურადმა საომარი სამზადისი დაიწყო, მაგრამ მხოლოდ 10 500 კაცი აღჭურვა, სხვები არა, რახსის პირას მყოფნი, რათა აბაღას ხალხს არ შეემჩნია და დროზე ადრე არ გამჟღავნებულიყო მათი საქმე. გამოემართა შავშეთისკენ. კაცი გაუგზავნა სარგის ჯაყელს, სთხოვა გზა აფხაზეთისკენ და შუამავლობა დავით ნარინთან, რომელიც იმ დროს აფხაზეთში იმყოფებოდა. თან, შეჰპირდა, თუ გავიმარჯვებთ, დიდ პატივს გცემო. ეტყობა, დავით ნარინის მიმხრობა უნდოდა, რუსუდანის ძე არ ემორჩილებოდა ილხან აბაღას და მისდამი მტრულად განწყობილებთან კავშირს ამყარებდა. მონღოლთა შორის დაპირისპირება აწყობდა აფხაზეთის ხელმწიფეს.
უცხოური გადმოცემების მიხედვით კი, როცა ყველაფერი გაირკვა, შეშინებულ თეგუდარს უნდოდა, აღმოსავლეთ საქართველოში, იქიდან კი შირვანში გადასულიყო და დარუბანდის კარით გასულიყო, კასპიის ზღვა შემოევლო და ჩაღატას ულუსში დაბრუნებულიყო.
სარგის ჯაყელს მოსწონებია თეგუდარის სიტყვა. მაგრამ, ამასობაში, აბაღა ყაენმა გამოაგზავნა თავისი ჯარის ნაწილი სირმონ ნოინის (ჩორმაღან – ჭორმაღონ ნოინის შვილის, დავით ულუს ბოლო ცოლის ძმის) მეთაურობით და დაავალა მანდატურთუხუცეს, ივანე შანშეს ძეს, დახმარებოდა მათ. დადგნენ არტაანთან.
ამასობაში კლარჯეთს მიადგა თეგუდარის ჯარი, იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს. თეგუდარმა გადაწყვიდა ოპიზის მონასტრის გაძარცვა, გააგზავნა ათასი კაცი. ისინი ოპიზასა და მიძნაძორს შორის, წმიდა გიორგის ეკლესიის მახლობლად, მთის ძირში დადგნენ, რომელსაც ჰქვია ძეგლი. მოულოდნელად ამოვარდა სასტიკი ქარი, წამოვიდა ხოშკაკალა სეტყვა და თქეში წვიმა. ადიდდა შავშეთის წყლის შენაკადი, მიაღწია ძეგლის წვერამდე და ნიაღვარმა წალეკა მონასტრების საძარცვავად გამზადებული მონღოლთა ათასეული. მხოლოდ ერთი კაცი გადარჩა, დაბრუნდა თეგუდართან და შეჰღაღადა: „ეს ადგილი ღვთის სახლი ყოფილა, არ გაეკაროთ“.
თეგუდარი დაბანაკდა არსიანის მთაზე. მოახსენეს აბაღას ლაშქარი გვიახლოვდებაო.  აყარა თეგუდარმა თავისი დედაწული და განარიდა მთის გადაღმა. თვითონ კი მეომრებით გადმოიარა არსიანი. ყველის ციხესთან, სახელოვანი სირმონ ნოინი წინ დაუდგა თეგუდარს. მეორე მხარეს თეგუდარის არანაკლებ სახელოვანი მეომრები იდგნენ: სეგზი ჯოლაქი, აბიშხანოხი, თელქა-დემური. ბრძოლაში ორივე მხრიდან მრავალი მეომარი დაიღუპა. დამარცხდა თეგუდარი და დედაწულითურთ ილტვოდა ღადოს მთისკენ. სირმონი უკან მისდევდა. გამაგრდა მთაზე თეგუდარი. იქაც ორდღიანი სასტიკი ბრძოლა გაიმართა.
გაუჭირდა თეგუდარს და გაიქცა უცნაურად. ერთი ნაწილი მისი ჯარისა აჭარისკენ ილტვოდა, მეორე ნიგალისხევით, რომლის ტყეც კაცთაგან და ნადირთაგანაც უვალი ყოფილა, გვიამბობს მემატიანე. უცებ მთა მოსკდა და ზვავმა ქვეშ მოიყოლა 1 000 თათარი მეომარი დედაწულითურთ და ცხენებითურთ. შემდეგში იმ ადგილას მოსახლეობას არაერთხელ უნახავს, თურმე, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები ზვავის ქვეშ დამარხული ქალებისა.
გაიარეს აჭარა და ნიგალისხევი, მერე გურია და მივიდნენ ქუთათისში დავით ნარინთან. რუსუდანის ძემ სიხარულით მიიღო საილხანოს მტრები და დიდი სერიც (ვახშამი) გაუმართა. ხუთასი ძროხა მოხარშული, უამრავი ღორი და ცხვარი. ჯარის საკვებად იმავე დღეს მისცა ექვსასი ცხენი (მონღოლები ცხენის ხორცს ჭამენ), ათასხუთასი ძროხა, ათასი ცხვარი, ორიათასი ღორი. ღვინოც უზომოდ ბევრი ასვეს მრავალრიცხოვან სტუმარს. ყველაფერი იმავე დღეს მიართვეს თეგუდარს. მონღოლთა უფლისწული და მისი ჯარი გაკვირვებული იყვნენ ქართველების სტუმართმოყვარეობით.  დავით მეექვსე ნარინი იყო უხვი და თავმდაბალი ადამიანი. თვითონ, პირადად ემსახურა სტუმარს. ქართველთა დედოფალი თეოდორაც, ბიზანტიის იმპერატორის, მიხეილ მერვე პალეოლოგის ასული, პირადად ემსახურებოდა თეგუდარის ცოლს. ასეთი ტრადიცია ქართველ მეფე-მთავართა კარზე არსებობდა. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ დავით ნარინი და აბაღა ყაენი ქვისლები იყვნენ. დავით ნარინის მეუღლის, დედოფალ თეოდორას, ქორწინებისგარეშე შობილი და – მარია დესპინა ცოლად ჰყავდა აბაღა ყაენს.
დავით ნარინი დიდ ყურადღებას აქცევდა სტუმრებს და მათი ძალის გამოყენებას ფიქრობდა აბაღა ყაენის წინააღმდეგ. მონღოლების ურთიერთბრძოლა აწყობდა მას. სირმონ ნოინმა ვერ გაბედა აფხაზეთში გადასვლა, იცოდა, დავით ნარინი შეებრძოლებოდა. უკან გაბრუნდა და დაბრუნდა აბაღა ყაენთან.
ამასობაში ბარახა ყაენი შეიჭრა აბაღა ყაენის სამფლობელოში აღმოსავლეთიდან. როგორც აღვნიშნეთ, ბარახასა და თეგუდარს პაემნის დათქმაში ვადები შეეშალათ. აბაღა ყაენმა თან იახლა დავით ულუ, რომელიც იმ დროს ტფილისში იჯდა, და დაამარცხა ბარახა.
სანამ ხორასანში იბრძოდა აბაღა ყაენი ბარახა ყაენის წინააღმდეგ, თეგუდარმა თავისი სარდლები: სეგზი ბადურ, აბიბახა, თოლაქ დემურ და ჯოლაქა დედაწულით გააგზავნა ლიხის მთის დასავლეთ მხარეს, ღადოს რომ უწოდებდნენ ადრე. დადგნენ დემოთისა და ლომისმთის ციხეებს შორის. იქიდან არბევდნენ ჯავახეთს ფარავნის ტბამდე. ეს ტერიტორიები კახა თორელის გამგებლობაში შედიოდა. შემდეგ თათრები გაემართნენ ეკერის ხევით, აწყურთან ფონი ნახეს მტკვარზე და გადავიდნენ. ჯავახეთში დახვდათ კახა თორელის ჯოგი. კახა თორელმა, რომელსაც მეჭურჭლეთუხუცესის პატივი ჰქონდა და ახალქალაქის ერისთავი იყო, 1260 წლის აჯანყებისას უღალატა დავით ულუს და მონღოლებთან ერთად შეებრძოლა მეფეს. იქვე იყო აბაღას არმიის ათასისთავის, ვინმე ყურუმჩის ჯოგიც. გამოიტაცეს ჯოგები და ლომისთავს დაბრუნდნენ. ყურუმჩი ბადურმა შეატყობინა კახა თორელს და გამოეკიდნენ, თუმცა უშედეგოდ.
მალე თეგუდარი ქართლში გადავიდა და აოხრებდა. სთხოვდა აბაღა ყაენი დავით ნარინს, ნუღარ დაეხმარები თეგუდარსო. ნარინიც, როგორც ჩანს, უკვე უკმაყოფილო იყო თეგუდარის ქმედებებით. შეეტყო კიდეც, თეგუდარი შეთქმულების მოწყობას აპირებდა მის წინააღმდეგ. დავით ნარინმა შეუკრა უკანა გზები. აბაღა ყაენმა რომ შეიტყო, დავით ნარინი აღარ დაეხმარება თეგუდარსო, გამოაგზავნა კვლავ სირმონ ნოინი და სხვა სარდლები. დავით ულუსაც სთხოვა დახმარება. ლაშას ძე ავად იყო, თუმცა ჯარი მიაშველა სირმონს. ქართლის ტერიტორიაზე გაიმართა მონღოლთა სამოქალაქო ბრძოლა. გაიმარჯვა სირმონმა და დაატყვევა თეგუდარი და მისი ძე.

скачать dle 11.3