კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იყიდა თუ არა ეკა აბულაძემ „ნიჭიერის“ ტიტული და რაზე საუბარი არ უნდოდა მას საჯაროდ #6

„ნიჭიერი – 2017”, შემოსული ხმების 42 პროცენტით,  მომღერალი ეკატერინე აბულაძე გახდა. ეკა 28 წლისაა, ქალაქ რუსთავიდან. ჰყავს მეუღლე და მალე თავიანთ ოცნებას აიხდენენ - საკუთარ ბინაში გადავლენ საცხოვრებლად. როგორც თავად მომღერალი ამბობს, მუსიკალური განათლება არ მიუღია, მაგრამ ყოველთვის კარგი მსმენელი იყო. გამარჯვება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა, როგორც ფინალისტი დიდ სცენაზე სწორედ „ნიჭიერის“ ტიტულის მოსაპოვებლად გავიდა. პროექტის მონაწილეების ცხოვრებაზე, ყოველდღიურობაზე და ასე შემდეგ, ინფორმირებულია ხოლმე საზოგადოება. თუმცა, ეკას შესახებ, მისი სურვილიდან გამომდინარე, ბევრი არაფერი ყოფილა ცნობილი. როკ-გოგონას ცხოვრების გზას დეტალურად სტატიიდან შეიტყობთ.
ეკა აბულაძე: ჩემი სურვილი არ ყოფილა „ნიჭიერში“ გასვლა. ეს პროექტი არასდროს მომწონდა და არც ვუყურებდი. რამდენჯერმე მეგობრებმა მიიღეს მონაწილეობა და ისე შევავლებდი ხოლმე თვალს, მათ გამო. გული მწყდებოდა, რომ დიდ სცენაზე არ ვიდექი და საზოგადოება  არ მიცნობდა. მაგრამ, არ მხიბლავდა ამ და მსგავსი პროექტების ფორმატი, ასევე, ხალხის დამოკიდებულებაც.  ჩემი მეუღლე და ჯგუფის წევრები იყვნენ ძალიან აქტიურები. ჩემი დრამერი ორი წელი მეხვეწებოდა, რომ გავსულიყავი, რომელიმე პროექტში. სწორედ მათ მომცეს ბიძგი  და შეიძლება ითქვას, ძალით გამიშვეს ქასთინგზე.
– ელოდებოდი ასეთ ფინალს? ძლიერი კონკურენტები გყავდა...
– პირველად რომ მივედი შიდა ქასთინგზე, იმდენად პესიმისტურად წამოვედი, რომ ვერც ვიფიქრებდი... ჟანრი, რასაც ვმღერი, ამ ქვეყანაში ბევრს არ უყვარს. რეალურად, არც მომეცა საშუალება მემღერა ის, რასაც, ზოგადად, ვასრულებ. შესაბამისად, რეპერტუარით უკმაყოფილო ვარ. თავიდან სიტუაცია არ მომეწონა. ერთი სიტყვით, მივედი ქასთინგზე და გადავიფიქრე გასვლა. მაგრამ, რომ დამირეკეს და მითხრეს, რომ 100 პროცენტით პროექტში ვიყავი, მერე უკვე სტიმულიც მომეცა.  ოქროს ღილაკმა ხომ საერთოდ ყველაფერი დააგვირგვინა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო რუსკას. ამის მერე დავიწყე ფიქრი გამარჯვებაზე და საბრძოლო განწყობაც ჩამომიყალიბდა. ვფიქრობდი,  რატომაც არა. ჩემი აზრით, ყველა თანაბარი შესაძლებლობის მონაწილე იყო. იქ განსაკუთრებული უნიჭობითა და ნიჭიერებით არავინ გამოირჩეოდა.
– გააცნობიერე უკვე შენი ტიტული, თუ ჯერ კიდევ ემოციებში ხარ?
– შინაგანად ძალიან ემოციური ვარ. შეიძლება, ეს სახეზე არ ამესახოს, მაგრამ ორი დღე ძალიან ცუდად ვიყავი ემოციებისგან. ახლაც ვერ მოვირჩინე თავის ტკივილი. ჩემი ემოცია არის ცრემლები. ჯერ ვერ გავითავისე და ვერ გავაცნობიერე. რომ მეუბნებიან, გილოცავ „ნიჭიერო“, უცნაურად ვუყურებ – მავიწყდება, თუ ეს მართლა მე ვარ (იცინის). მყავს ძალიან ბევრი გულშემატკივარი და ზუსტად ვიცი, რომ ბევრი მათგანის გული გავახარე.
– შენს გამარჯვებას მოჰყვა ბევრი კრიტიკაც, თითქოს საზოგადოება არ ელოდებოდა ამ ყოველვიეს...
– წელს, ზოგადად მომღერლის გამარჯვებაზე იყო  ძალიან დიდი პროტესტი. მეც რომ არ ვყოფილიყავი და რომელიღაც მომღერალს გაემარჯვა, მაინც უარყოფითი  ემოცია წამოვიდოდა. დავიწყებ იქიდან, რომ ყოველ მონაწილეს თავისი გულშემატკივარი ჰყავს. თითოეულმა მათგანმა, რომ ერთი უკმაყოფილო კომენტარი დაწეროს, საერთო ჯამში, ბევრი გამოდის. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩემი მეგობრები, ახლობლები არ არიან „ფეისბუქ“-აქტიურები და ჩემი თხოვნაც არის, რომ არაფერი დაწერონ, არც დადებითი და არც უარყოფითი. ვფიქრობ, მსგავსი უარყოფითი რაღაცეები ყურადღებას არც იმსახურებს. მარტო დადებითი მიხარია და ვცდილობ, მას შევხედო, გავიხარო და ვიხალისო. იმ ადამიანებს კიდევ, ვინც მაკრიტიკებს, სისულელეების დაწერას და წაკითხვას, ერჩიათ, დაერეკათ საკუთარი რჩეულისთვის, ბევრად უკეთეს შედეგს მიიღებდნენ.
– ითქვა ისიც, რომ დიდი თანხა დახარჯე ხმების მოსაპოვებლად. თუმცა, ამას პოსტით უპასუხე, სადაც აღნიშნე, რომ ამ თანხის ქონის შემთხვევაში, დას უმკურნალებდი. რა სჭირს შენს დას?
– „ნიჭიერში“ არ მივსულვარ თავის შესაცოდებლად და არ მიფიქრია იმაზე, რომ ვინმეს შევბრალებოდი. შესაბამისად, ხალხისთვისაც საინტერესო არ აღვმოვჩნდი. თურმე, აუცილებლად უნდა მეტირა, რომ ჩემს წარმატებაზე ვინმეს ეფიქრა. მაინცდამაინც ტრაგიკული ისტორია უნდა მქონოდა. ვისაც ეს პოსტი დავუწერე, მათ ეგონათ, რომ არანაირი გასაჭირი არ მაქვს ამ ცხოვრებაში, ვარ გალაღებული, გახარებული და უამრავი ფულის პატრონი. თურმე, „ნიჭიერში“ ეს ჩემი ტიტულიც კი მიყიდია. ამხელა თანხა რომ მქონოდა, რომელმაც „ნიჭიერი“ მომაგებინა, ამ პროექტში კი არ გავიდოდი, ჩემს დიდ ოცნებას ავიხდენდი და კარიერასაც მოვიწყობდი. სულ არ სჭირდება ამას პროექტში გამარჯვება, ჩემი სახლი მექნებოდა, სადაც გავიღვიძებდი და დავიძინებდი ბედნიერი. ასევე, ჩემს დას ვუმკურნალებდი, რომელსაც ცერემბრალური დამბლა აქვს. ღმერთის წყალობით, ისე მძიმედ არ გამოიყურება, როგორც არის. ეს  დედას დამსახურებაა, თუ კი რამე შეძლო, ყველაფერი გაუკეთა. მაგრამ, საქართველოში ამ დაავადების ბოლომდე განკურნება შეუძლებელია. უცხოეთში კიდევ, ამას დიდი ფინანსები სჭირდება. ასე რომ, ვიდრე, რაღაცას იტყვიან, ცოტა კარგად გაარკვიონ. მგონი, შევცვალე ტრადიცია და მხოლოდ საწყალი და საცოდავი ისტორიის მქონე აღარ გაიმარჯვებს (იცინის). ჩემ შესახებ ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ. არ მივიჩნიე საჭიროდ ჩემს პრობლემებზე საჯაროდ მესაუბრა.
– ალბათ, ბავშვობიდან მღერი. მუსიკალური განათლებაც გაქვს?
– მუსიკალური განათლება არ მაქვს, უბრალოდ, ვიყავი კარგი მსმენელი. ვმღერი პატარა ასაკიდან. სკოლიდან დაიწყო ყველაფერი - სასკოლო ფესტივალებში  ყოველთვის აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას. მაქვს ბევრი გამარჯვება, თან იმ პერიოდში ეს ღონისძიებები და კონცერტები ბევრი იყო. შესაბამისად, არაერთ მოწვევას ვიღებდი. ამ ყოველივემ გადამაწყვეტინა მომღერლობა. თუმცა, ამას დიდი ფინანსები სჭირდებოდა და ჩემმა მშობლებმა ვერ გამაგრძელებინეს. ამიტომ, ჩავაბარე უნივერსიტეტში, გავხდი სტუდენტი და დავანებე თავი სიმღერას. პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი ვარ. ვაპირებდი ჟურნალისტობას, თუმცა სწავლაც ვეღარ გავაგრძელე, რასაც ასევე, თავისი მიზეზები აქვს.
– როგორი ბავშვობა გქონდა? ამ ეტაპზე კიდევ, რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– ჯერჯერობით, ვითავისებ ამ ტიტულს. ძალიან ბევრ მოლოცვას, ბევრ სითბოსა და სიყვარულს ვიღებ. ყველას ჰყავს თანამოაზრეც და ოპოზიციაც. ვფიქრობ, ეს ნორმალურია. ჩემი ცხოვრება ყოველთვის აქტიური იყო, მიუხედავდ შუქის, გაზისა და წყლის უქონლობისა - 90-იან წლებს ვგულისხმობ. კონცერტებზე ვიყინებოდით და შუქი გვიქრებოდა, მაგრამ კარგი ბავშვობა მქონდა. ბევრი საჩუქარი და სიურპრიზიც იყო. ეს ყველაფერი ისე კარგად მახსენდება, რომ 90-იანების სირთულეს ვეღარ აღვიქვამ. ძალიან იღბილიანი ვარ. ყველაფერი გამომდის, ოღონდ ცოტა გვიან – ნელ-ნელა, წვალებითა და ბრძოლით. ხალხის ასეთი დამოკიდებულებაც ბრძოლაა. თუმცა, იმდენი სირთულისთვის გამიძლია 28 წლის განმავლობაში, ეს საერთოდ არაფერია. ღმერთმა მომცეს აწყობილი და გალაღებული ცხოვრება, მაგრამ, სამწუხაროდ, თავად უნდა შევიქმნა მსგავსი მდგომარეობა.
– გყავს მეუღლე, თქვენს შესახებ მიამბე.
– ოთხი თვეა, რაც ოჯახი შევქმენი. ვცხოვრობთ ბევრ ადამიანთან ერთად – ვახოს ოჯახთან. ვცდილობთ, ერთმანეთს შევუქმანთ ახალი ოჯახური გარემო. ახლა უკეთესად იქნება ყველაფერი, რადგან ცალკე ოჯახად შევძლებთ ცხოვრებას.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– ძალიან საინტერესო ისტორიაა. ვმღეროდი ბარში, სადაც ვახოს მეგობრები მუშაობდნენ.  ერთ დღესაც მოვიდა. ბარი ორნაწილიანი იყო. ერთ ნაწილში ვმღეროდი,  მეორეში – თავად იჯდა. ნანახი არ ვყავდი ფიზიკურად. მოეწონა სიმღერის ხმა, გამოვიდა, აინტერესებდა, ვინ მღეროდა. ზუსტად 15 წუთში მოვიდა და მითხრა, მიყვარხარო. ბუნებრივია, გამეცინა და არ დავიჯერე, რადგან ბევრი მოდიოდა ასე. თუმცა, ეს სულ სხვა „მიყვარხარ“ ყოფილა (იცინის). იმის მერე, ვახო ყოველდღე მოდიოდა ორი თვის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში არ მჯეროდა მისი გრძნობების. მერე, ნელ-ნელა კარგად გავიცანით ერთმანეთი, დავახლოვდით და ჩვენი ურთიერთობაც დაიწყო, რომელიც ოჯახის შექმნით დასრულდა. ორი წელი ვიყავით შეყვარებულები. ეს არ იყო ნაჩქარევი ნაბიჯი, გადაწყვეტილი გვქონდა, რომ უნდა შეგვექმნა ოჯახი.

скачать dle 11.3