კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ურჩევს ინგა მამუჩიშვილი მშობლებს და როგორ უნდა ვებრძოლოთ ვირუსულ ინფექციებს #5

ქალბატონ ინგა მამუჩიშვილს   ბავშვები და მშობლები კარგად იცნობენ. ის ბავშვებთან უშუალო მიდგომითა და  გულისხმიერებით  გამოირჩევა. სწორედ ამიტომაც, გამოარჩიეს ქალბატონი ინგა პაციენტებმა და წლის რჩეულ პედიატრად დაასახელეს.
– ქალბატონო ინგა, თქვენი, როგორც პედიატრის, მთავარ ღირსებებად რა მიგაჩნიათ?
– ძალიან ძნელია, საკუთარ თავზე საუბარი. ერთი რამ ფაქტია, ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემი თითოეული პაციენტის ოჯახის წევრი გავხდე, მათი ნდობა მოვიპოვო, თამამად, სიყვარულით ჩავხედო თვალებში და დავინახო იგივე – რაც მთავარია, ნდობა. ამისათვის არ მეზარება დაუღალავად ვესაუბრო, ამომწურავად გავცე პასუხი მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას, პოპულარულ ენაზე  ავუხსნა და განვუმარტო დაავადების არსი... სანამ გასინჯვას დავიწყებ, ყოველთვის ვინტერესდები მათი ცხოვრებით, ხასიათით, საყვარელი სათამაშოებით, თამაშებით... თეთრ ხალათს ამბულატორიული მიღების დროს არ ვიცვამ. ოთახში მაქვს სათამაშოები და სიხარულით მორბიან... ტელეფონის ზარებს, შეძლებისდაგვარად, ყოველთვის ვპასუხობ დღე-ღამის განმავლობაში. მიყვარს ჩემს კოლეგებთან, ვიწრო სპეციალისტებთან აზრის გაზიარება. მათი აზრის მოსმენა და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება... საჭირო შემთხვევებში ყოველთვის ვაწყობ კონსილიუმს და მინდა, აღდგეს ოფიციალურად ეს სისტემა. ბევრს ვიხარჯები პაციენტთან. ხანდახან მიკვირს, საკუთარი ოჯახის, შვილების პრობლემებიც კი მავიწყდება, კლინიკის კარს რომ შევაღებ და ვიწყებ ცხოვრებას ჩემი პატარა პაციენტებისა და მათი მშობლების პრობლემებით. ძალიან იშვიათად მახსოვს დიაგნოზის გამტყუნება. თუმცა, უშეცდომო ექიმი ნამდვილად არ არსებობს. მთავარია, გულგრილობას არ ჰქონდეს ადგილი... ზოგჯერ შუაღამეს გამახსენდება ზოგიერთი საყურადღებო პაციენტი და დამირეკავს ღამის 3-4 საათზე. რომ არ დავურეკო, რა დამაძინებს-მეთქი, მითქვამს... გაოცებული ხმით მპასუხობენ დედიკოები. აი, ასე, თითქოს რუტინული, მაგრამ საკმაოდ მძიმე ცხოვრება მაქვს. ფიქრში, კითხვაში, დარდში, ლექციებისა და პრეზენტაციების მომზადებაში მიყვება უძილო ღამეები და დატვირთული დღეები ერთმანეთს... პატარები იზრდებიან და ზოგიერთმა უკვე თავისი პატარა შვილიც კი მომიყვანა ვიზიტზე. ყველა პედიატრმა იცის, რომ ჯანმრთელი მოზრდილი პოპულაციის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის მასზე მზრუნველ ექიმ-პედიატრს. ეს არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი მისია... 
– თქვენ პაციენტები გახასიათებენ წლის რჩეულ პედიატრად და როგორ ფიქრობთ, რით დაიმსახურეთ მათი ნდობა?
– ეს, ალბათ, მათ უნდა ჰკითხოთ.  პაციენტებთან და მათ მშობლებთან მეგობრობა, ერთგულება, ექიმის თავდადება, ყურადღება, განუწყვეტელი ზრუნვა მათ ჯანმრთელობაზე, პრევენციული ღონისძიებების დროული გატარება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, სწორი, ბალანსირებული, ჯანსაღი კვების შერჩევა, ძუძუთი კვების პროპაგანდა, პაციენტის მშობლების სამედიცინო განათლების და კულტურის რეგულარული ამაღლება – თითოეული ჩვენგანის ვალია. განსაკუთრებით კი დღეს, როდესაც  ჩვენი ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით – გახშირდა სხვადასხვა დაავადება ბავშვებში, რასაც განაპირობებს ბევრი ეგზოგენური ფაქტორი: დაბინძურებული გარემო პირობები, არასასურველი პროდუქტები – გენმოდიფიცირებული, გამდიდრებული პესტიციდებითა და ჰერბიციდებით, მძიმე სოციალური ფონი, უკონტროლო მედიკამენტები, ტექნოგენური ცივილიზაცია, ინფორმაციული სტრესები. ეს კი სხვადასხვა დაავადების განვითარებას იწვევს. ნებისმიერი დაავადება, თუნდაც გენეტიკურად დეტერმინირებული, ხშირად გარკვეული გარემო და სოციალური ფაქტორების გავლენით ვითარდება. ამიტომ, საჭიროა ნებისმიერი პაციენტის მჭიდრო კონტაქტი ოჯახის ექიმთან, რათა დროულად მოვახდინოთ დაავადების განვითარების პრევენცია. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ხანგრძლივი ბუნებრივი კვება  ბავშვის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის საწინდარია.
– ჩვენი მშობლები ელოდებიან თქვენ რჩევებს გრიპთან და ბოლო დროს გახშირებულ ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით. როგორია თქვენი კონსულტაციები ამ მიმართულებით?
– შემოდგომა-ზამთრის სეზონი განსაკუთრებით გამოირჩევა ვირუსული ინფექციების სიხშირით და რა თქმა უნდა, იზრდება პაციენტთა მომართვიანობა ამ მიზეზით. დეკემბერში და იანვარში განსაკუთრებით გააქტიურდა  სეზონური გრიპის ვირუსი, რომელსაც ახასიათებს მაღალი ცხელება, ზოგადი სისუსტე, თავისა და სახსრების ტკივილი, ღებინება. გრიპის თავიდან არიდება ხშირად შეუძლებელია. უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, ხშირად დავბანოთ ბავშვებს ხელები, გავანიავოთ ბინა, ვაჭამოთ ვიტამინებით მდიდარი საკვები, დავტვირთოთ სითხეებით... მშობლებს ხშირად ადარდებთ მაღალი ტემპერატურა და ამის გამო პანიკა იპყრობთ, აძლევენ სხვადასხვა ანტიპირეტულ საშუალებებს, ანტიბიოტიკებსაც კი (რაც ვირუსული ინფექციის შემთხვევაში, კატეგორიულად დაუშვებელია). ძვირფასო მშობლებო, შევეცდები, ავხსნა პოპულარულად. ვირუსულ ინფექციას ხშირად ახასიათებს, ჰიპერთერმია, რომელიც ასე ძალიან გაშინებთ. დაავადების პირველი 48 საათის განმავლობაში, ტემპერატურა რთულად ექვემდებარება დაწევას, იმიტომ რომ, ვირუსი მრავლდება, ორგანიზმი კი სიცხის მეშვეობით ებრძვის მას. არ არის საჭირო ტემპერატურასთან დაუნდობელი ბრძოლის გამოცხადება. ამით აქვეითებთ ორგანიზმის უნარს, იბრძოლოს ვირუსის წინააღმდეგ... ტემპერატურას არ შეებრძოლოთ მინიმუმ 38,5 გრადუსამდე. გააგრილეთ ბავშვი, არ მისცეთ სიცხის დამწევი 8-საათიან, ზოგჯერ 6-საათიან ინტერვალზე ადრე. გამოიყენეთ ის ბუნებრივი საშუალებები, რასაც ექიმი გირჩევთ. არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული პრეპარატები, ის არ მოქმედებს ვირუსზე. დაელოდეთ ექიმის გადაწყვეტილებას. სიცხე ვირუსული ინფექციის დროს ორგანიზმის სიგნალიცაა (განგაში) და იმავდროულად, თავდაცვაც. ნუ შეგეშინდებათ, ვირუსის ელიმინაციას (გამოსვლას) ორგნიზმიდან სჭირდება 5-7 დღე. თუ დამოუკიდებლად დაიწყებთ მკურნალობას, შეიძლება, პირიქით, გაართულოთ. ვირუსს, არ სჭირდება მკურნალობა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უკონტროლოდ დატოვოთ. დატვირთეთ ბავშვი ვიტამინებით მდიდარი საკვებით. თუმცა, არ დააძალოთ. მიეცით სითხეები. დაბანეთ კიდეც და ჰაერზეც გაიყვანეთ. ხშირად გაანიავეთ ბინა.
ძვირფასო მშობლებო! ხშირად მესმის თქვენგან, „ჩემს შვილს სუსტი ყელი აქვს, როგორც კი ავად ხდება, ყელი უწითლდება და სტკივდება. ამის გამო მაღალ სიცხეს აძლევს, გლანდები უნდა ამოვაჭრა,“ – ეს არ არის სწორი. მინდა, გითხრათ, რომ ვირუსული ინფექცია თითქმის ყოველთვის იწვევს ხახის ჰიპერემიას (გაწითლებას). ეს არის ადგილი, საიდანაც, ძირითადად, ხდება ვირუსის ორგანიზმში შეჭრა, ხახაში არის ვეგეტაციური ლიმფოიდური რგოლი, ნუშისებრი ჯირკვლები, ეგრეთ წოდებული, გლანდები, რომლის ზედაპირზეც შეიმჩნევა ლორწოვანის დეფექტი. შეჭრილი უცხო აგენტი ეწებება ლორწოვანს, დაეძებს გასაგრძელებელ გზას და ორგანიზმში იწყება პანიკა. მობილიზდებიან მცველები – იმუნური უჯრედები, რომლებიც გამორბიან იმ უცხო აგენტის შესაცნობად, რათა ბრძოლა გამოუცხადონ. სწორედ იმ ლორწოვანის დეფექტის მეშვეობით ხვდებიან ისინი გლანდების ზედაპირზე და ომს უცხადებენ იმ უცხო აგენტს. მათ შორის ხელჩართული ბრძოლის შედეგია სწორედ ის, რომ ნუშისებრი ჯირკვლები (გლანდები) იბერება და წითლდება. ეს არის ადგილობრივი რეაქცია, რაც ტკივილსაც იწვევს. არსებობს გლანდების მოცილების კრიტერიუმებიც, თუ ბავშვს წელიწადში ექვსჯერ მაინც აქვს ჩირქოვანი ანგინა და ინტოქსიკაციის ნიშნები – უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, გულის რითმის ცვლილება, სახსრების ტკივილი, შეცვლილი ლაბორატორიული მონაცემები, რასაც თქვენი ექიმის მიერ დანიშნული კვლევებით გამოავლენთ. ასეთ დროს დადგება საკითხი ტონზილექტომიის აუცილებლობის შესახებ. ასე რომ, ყელის ტკივილი ვირუსული ინფექციის დროს სუსტ ლოკუსს სულაც არ ნიშნავს. იქ ბრძოლა მიმდინარეობს უცხო აგენტთან, რაც პირიქით, ამ შემთხვევაში, მისასალმებელია.
– პედიატრის მთავარ ღირსებად რა მიგაჩნიათ და კიდევ, რას ურჩევდით მშობლებს?
– მინდა, ვთხოვო, ყველა მშობელს, ნუ მიიყვანთ ბავშვთა დაწესებულებებში ვირუსით დაავადებულ ბავშვს. არასდროს მიმართოთ თვითმკურნალობას ანტიბაქტერიული და კიდევ სხვა არაპროფესიონალის ნაკარნახები პრეპარატებით, არ დაპანიკდეთ ბავშვის ავადმყოფობით, გაითვალისწინეთ თქვენი ექიმის რჩევები და  ენდეთ მას.                                                                                                                                                           
პედიატრის მთავარი ღირსება არის ერთგულება, აკადემიური მიდგომა, ღრმა ცოდნა და უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა პატარა პაციენტების მიმართ. ისინი ჩვენში ხედავენ საყრდენს, მათ ჩვენგან სჭირდებათ პროფესიონალიზმი, სითბო, სიყვარული და იმედი, დიდი იმედი.

скачать dle 11.3