კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (106)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

მიაგნო თუ არა მაგდა ანიკაშვილმა პლანეტის გადარჩენის გზას და როგორ ექცა მას „ცეცხლის ხაზი” შუაგულ ცეცხლად #5

პოლიტიკიდან ჟურნალისტიკაში დაბრუნებული მაგდა ანიკაშვილი ტელეკომპანია „მაესტროზე,”  რაც „დაბანაკდა”, ერთდროულად ორი  პროექტის წამყვანია.    მის მიერ გაკეთებული განაცხადის გამო, რაც  პლანეტის  „გადარჩენის” ყველაზე ფილოსოფიურ ვერსიას გამოხატავდა,  მაგდა საზოგადოების  კრიტიკის ობიექტი გახდა.  მას გადაცემა  „ცეცხლის ხაზი”  შუაგულ  ცეცხლად ექცა.  ამ და კიდევ სხვა თემებზე, რაც ტელესახის ცხოვრების კადრს მიღმა რჩება, თავად მაგდა ანიკაშვილს გავესაუბრეთ.  
– მაგდა, თქვენს ვერსიას, რომ პლანეტის ჭარბი მოსახლეობის პრობლემა შეიძლება, ქართველებმა გადავწყვიტოთ, თუ ბევრ შვილს არ გავაჩენთ, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.  მართლა ასე ფიქრობთ, რომ ეს პლანეტის გადარჩნის გზაა?  
– არა, ასე არ ვფიქრობ (იცინის). როდესაც პროექტი  „ცეცხლის ხაზი” დავიწყეთ, თავიდანავე ვიცოდით, რომ კრიტიკას ვერ ავცდებოდით. ეს არის განსხვავებული ფორმატის გადაცემა,  რაც ითვალისწინებს, განსხვავებულ მოსაზრებათა და მხარეთა დაპირისპირებას. გადაცემის არსი არის ის, რომ თემა გაშუქდეს მაქსიმალურად, რადიკალური და განხვავებული პოზიციებიდან და არა იმ ჭრილში,  რა  აზრიც აქვთ ამა თუ იმ თემაზე გადაცემის წამყვანებს – მაგდა ანიკაშვილს ან ვაკა გორგილაძეს. გადაცემა არსებობს იმისთვის, რომ მაყურებელი  რომელიმე პოზიციას დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს. რადგან ჩვენი საზოგადოება, ძირითადად, ლიბერალებისა და კონსერვატორებისგან შედგება, მე და ვაკამაც ეს „როლები” მოვირგეთ – მე უფრო ლიბერალური  იდეების გამომხატველი ვარ, ვაკა კონსერვატიულის. ლიბერალები კი, ყველა ინტერაქტივით  უმცირესობაში არიან, ამიტომ, ძირითადად, კრიტიკა ჩემი პოზიციისკენ მოდის. თუმცა, ეს დროდადრო არც ვაკას აკლია.   ჩვენი განცხადებები არის დებატის პროვოცირება, სხვანაირად გადაცემა, რომლის ანალოგი ამერიკულ ტელესივრცეშიცაა, არ შედგება.  ეს არის პლატფორმა ყველაზე მარგინალური იდეებისთვის. ხდება პროვოცირება ადამიანების, რომელთაც საზოგადოებრივი, პოლიტიკური, სოციალური პოზიცია აქვთ.  ის, რომ წამყვანები არიან  განსხვავებულ პოზიციებზე და ერთმანეთში კამათობენ, ნამდვილად უპრეცედენტო პროექტია საქართველოში. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ  გადაცემაში  ყოფილიყო იდეების დაპირისპირება და არა პერსონების, რითაც მოცულია ჩვენი საზოგადოების ნებისმიერი მიმართულება. მე ყველა საკითხზე მაქვს ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია, რაც ყოველთვის არ ემთხვევა იმ აზრს, რომელსაც გადაცემაში გამოვხატავ. ჩემი განაცხადი,  რომელიც შეეხებოდა  განსხვავებულ და ლიბერალურ  მოსაზრებას  დემოგრაფიულ  თემაზე, მართლაც დიდ ქარ-ცეცხლში მოხვდა. ბევრი კრიტიკა მივიღე, მათ შორის, იყო   დაუმსახურებელიც.  იყო შეურაცხმყოფელი განცხადებებიც, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს, ჩემთან მიმართებაში იქნება, თუ სხვასთან.
 – სოციალურ ქსელში   ისიც კი დაიწერა,  თვითონ  ერთი შვილი  რომ ჰყავს, ალბათ,  ასე  „ზოგავს”  პლანეტას მოსახლეობის გადატვირთვისგანო. 
– იმას, რომ ერთი შვილი მყავს, ნამდვილად არ აქვს კავშირი ამ იდეასთან. რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ ბევრი შვილი სამყაროსთვის ტვირთია. უფრო მეტიც, ბევრი შვილი მხოლოდ ბედნიერებად მიმაჩნია (იცინის). ამ აჟიოტაჟის გამო,  ცოტა გაკვირვებული დავრჩი – გადაცემაში დამიფიქსირებია  გაცილებით უფრო მძიმე მოსაზრებები რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებზე, რაც გაცილებით გამაღიზიანებელი უნდა ყოფილიყო ქართველი კონსერვატორებისთვის. მაგრამ, ასე არ მოხდა. ამ გადაცემაში პირიქით იყო – კონტექსტი გახლდათ უფრო მხიარული, ყველამ ერთად ვიცინეთ ამ მოსაზრებაზე, მათ შორის, დიმა ლორთქიფანიძემაც, რომელიც მრავალშვილიანი მამაა. ეს არ იყო ჩემი ყველაზე მწვავე და რადიკალური განცხადება ამ პროექტში, მაგრამ წინასწარ ხომ ვერ გათვლი, რა ფრაზას რა  რეაქცია მოჰყვება.  მე, საერთოდ, ზომიერი ადამიანი ვარ,  აქედან გამომდინარე, გადაცემაში  ლიბერალის  როლი ჩემთვის უფრო საინტერესო იყო, თუმცა არა იოლი.  ცუდი გამოხმაურებები, რა თქმა უნდა,  დაკავშირებულია  დისკომფორტთან, მაგრამ მე  მომწონს ის საქმე,  რასაც ახლა ვაკეთებ.
– ბოლო პერიოდში საფუძვლიანად „დაბანაკდით” „მაესტროზე”, სადაც ერთდროულად, აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატის რამდენიმე გადაცემაც კი მიგყავთ.  
–  ყველა ტელევიზია არ მისცემდა იმის საშუალებას წამყვანს, სხვადასხვა ფორმატის გადაცემები წაეყვანა. საბედნიეროდ, ჩვენთან ასე არ ხდება. როდესაც არის იდეები, უნდა განახორციელო. წინა სეზონზე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის „ბინა და რემონტი”, რომელიც თავიდან ნამდვილი შოკი იყო.   ვფიქრობდი, როგორ შევძლებდი გადაცემის გაკეთებას, როგორ აღიქვამდა ამას მაყურებელი, მით  უმეტეს,  რომ სამშენებლო და სარემონტო საქმიანობის დიდი გამოცდილება ნამდვილად არ მქონდა. მგონი, ამ პროექტმაც გაამართლა და მეც დიდი გამოცდილება შევიძინე.  ჩაქუჩს და ბურღს რომ დავიჭერდი ხელში, თვითონვე ვხალისობდი. საერთოდ, საკმაოდ ხელმარჯვე ვარ – სახლში ნათურის გამოცვლა და სახრახნისის გამოყენება ყოველთვის შემეძლო, დასახმარებლად  არავის არ ვეძახდი.  მაგრამ, ამ გადაცემის შემდეგ, ისე დავოსტატდი ლამინატის, კაფელის შერჩევაში, კედლების შეღებვასა და როზეტების ჩამაგრებაში, „პრარაბად” არა,  მაგრამ ასისტენტად გამოვდგები (იცინის). ახლა „ბინა და რემონტი” შეჩერებულია.  ვაკეთებთ გადაცემას „თქვენი ჯანმრთელობა”.  იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტში მუშაობისას, ინტენსიური შეხება მქონდა სამედიცინო სექტორთან, ვერ ვიტყვი, რომ ამ გადაცემისთვის დილეტანტი ვიყავი. მართალია, მაშინ  ჩემი საქმიანობა, ძირითადად, კანონშემოქმედებითა  და რეგულაციებით შემოიფარგლებოდა, რის გამოც ცოტა მენანებოდა კიდეც ის წლები.  არ მინდოდა, იმ ყველაფერს ისე  ჩაევლო,  სამედიცინო  სფეროსთან შეხება აღარ მქონოდა.  ახლა, როდესაც სამედიცინო გადაცემის წამყვანი ვარ, თითქოს  ეს კავშირი აღდგა.
– არსებობს სტერეოტიპი, რომ წამყვანი, რომელსაც გასართობი ჟანრის გადაცემა მიჰყავს, პოლიტიკური გადაცემის წამყვანის იმიჯს ვეღარ ირგებს. წლებია, პოლიტიკურ ჟურნალისტიკასთან  ხართ დაკავშირებული და ალბათ, ამ რისკს აცნობიერებთ. 
– ბევრი   მიფიქრია,  ამას სწორად აღიქვამს თუ არა მაყურებელი, რომლისთვისაც კეთდება ეს ყველაფერი. მე მაინც მგონია, რომ გაკეთება ჯობია, არგაკეთებას. ყოველთვის ერთფეროვანი არ უნდა იყო. მე მგონია, რომ, რასაც გულით ვაკეთებ, ის საინტერესო იქნება მაყურებლისთვისაც. ამ დროს იმაზე ფიქრი, როგორ ჯდება ეს ჩემს იმიჯში, არ მგონია, სწორი.
– პოლიტიკა საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს?
–  ჩაბარდა, ჩაბარდა (იცინის). პოლიტიკის რა გითხრათ, მაგრამ მიხარია, რომ  საბედნიეროდ, ყველა, ვინც გუნდში ვიყავით, ისევ მეგობრებად დავრჩით. ისე ჩავატარეთ რთული პერიოდები, ჩვენს ურთიერთბებზე გავლენა არ მოუხდენია.
– გიორგი თარგამაძესაც ხვდებით?
–   ხანდახან ვნახულობ. ხშირი შეხვედრების საშუალება არაა, თუმცა კომუნიკაცია მუდმივად  გვაქვს. როგორც პოლიტიკური გუნდი დავიშალეთ. მაგრამ, როგორც მეგობრები, არ დავშლილვართ.  ისე მოხდა, რომ ყველამ ცხოვრების სხვადასხვა გზა ავირჩიეთ. მაქსიმალურად ვგულშემატკივრობთ  ერთმანეთს, ერთმანეთის წარმატება გვიხარია.  იმ წლებიდან, რაც ერთად გავატარეთ, ცუდსა და უსიამოვნოს ვერაფერს ვიხსენებ, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. პოლიტიკა  იოლი არაა, მით უფრო, ქართულ პოლიტიკაში არაა მარტივი  ურთიერთობები, როცა  ირგვლივ სტრესული გარემოა. განსაკუთრებით რთულია ის ქალისთვის, თუმცა დღეს ყველაფერს ვუყურებ, როგორც დიდ გამოცდილებას, რომელიც ძალიან გადგება ცხოვრებაში. 
– იმ პერიოდში უფრო ხშირად ხვდებოდით ყურადღების ცენტრში. მაგალითად, როდესაც  გაჩნდა თქვენი შვილი, ან როცა მეუღლეს დაშორდით,  იყო ბევრი ლაპარაკი ამაზე. ახლა თქვენი ცხოვრება უფრო მშვიდი იქნება.
–   ახლა ბევრად უფრო მშვიდი ცხოვრება მაქვს.  ვაკეთებ ჩემს საქმეს და ზედმეტად არავინ ერევა ჩემს ცხოვრებაში.  იმ წლებშიც, როცა პოლიტიკაში ვიყავი, იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულ სფეროში - ჯანდაცვასა  და სოციალურ საკითხებზე ვმუშაობდი და არ ვიყავი სპიკერი, ამ მხრივ  ჩემი საქმე მთლად რთულად არ იყო.  როცა საუბრობენ, რატომ არ არის მეტი ქალი პოლიტიკაში, ეს ალბათ, ქალების არჩევანიცაა. ჩვენ მაინცდამაინც არ გვინდა იქ, სადაც მძაფრი ბრძოლები და ვნებათაღელვაა მუდმივად.
– როგორ მიდის ცხოვრება კადრს მიღმა? თქვენი ცხოვრების  მთავარ ადამიანზე, შვილზე  მომიყევით.
–   ჩემი შვილი უკვე დიდი ბიჭია,  უფრო და უფრო მეტი დრო მინდა, დავუთმო მას, მაგრამ არ გამომდის.  ისიც ისეთი დატვირთულია, იმდენ წრეზე დადის, რომ მისი დროც შეზღუდულია. უკვე სკოლის შერჩევის  პროცესში ვართ. ამას წინათ სკოლაში მივედით და უცებ დავიჭირე საკუთარი თავი, რომ წარდგენისას ვთქვი: ჩვენ უკვე 6 წლის ვართ.  რამდენჯერ მოგვისმენია ფსიქოლოგებისგან, რომ ასე არ შეიძლება,  ძალიან მინდა, დამოკიდებულება შევცვალო. სულ ვცდილობ, გავაკონტროლო თავი და მუდმივად თვითტრენინგსა და საკუთარ თავთან ბრძოლებში  ვარ (იცინის). 
– ამბობენ, რომ პირად  ცხოვრებაშიც გაქვთ  კარგი  სიახლეები. 
– არაა  ეს მართალი. თუ რამე გაიგეთ, მეც მითხარით. დედის და საქმიანი ქალის აქტიურ რეჟიმში ვარ. ამ ეტაპზე ასეა, მერე ვნახოთ (იცინის).

скачать dle 11.3