კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რატომ გაიზარდა მოდის სამყაროში ქართველი დიზაინერებისადმი ინტერესი და რატომ მოექცა ქართული ბრენდი SITUATIONIST და დიზაინერი ირაკლი რუსაძე, ბელა ჰადიდის დახმარებით, მსოფლიო მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრში #5

„ცოტა ხნის წინ საქართველო კიდევ ერთხელ მოექცა მოდის სამყაროს ყურადღების ცენტში. პარასკევს, პარიზში ყოფნისას, მოდელ  ბელა ჰადიდს, ორჯერ ეცვა ქართული ბრენდის SITUATIONIST-ის სამოსი“, – ასე იწყებს თავის ნიუსს „ვოგი“. SITUATIONIST  – ახალდაარსებული ქართული ბრენდია, რომელსაც სათავეში ნიჭიერი დიზიანერი, ირაკლი რუსაძე უდგას. ირაკლი წლებია, ამ სფეროშია და მის სახელს არაერთი წარმატება უკავშირდება.
ირაკლი რუსაძე: ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ვტრიალებ მოდის სფეროში, რადგან ბავშვობიდან სულ მქონდა ამის ინტერესი. თავიდან ჩემი სახელით ვაკეთებდი ყველაფერს და შემდეგ კი უკვე, სხვადასხვა ქართველ დიზაინერთან ვმუშაობდი. ბრენდი „სიტუაციონისტი“ 2016 წელს შეიქმნა. ორი კოლექცია გავაკეთეთ და ორივეს საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა.
– შენს კარიერაში მუდმივად იყო წარმატებები. მახსოვს, ჯერ კიდევ წლების წინ, როგორ მუშაობდი ბაქოში პირველი ლედისთვის.
– აზერბაიჯანში მუშაობა, გამოცდილების მხრივ, ძალიან საინტერესო იყო. პოსტსაბჭოთა ქვეყნები ხელოვანისთვის უფრო საინტერესოა, რადგან არ არის განვითარებული და ბევრად უფრო მეტი ძალისხმევის დახარჯვა გიწევს. შესაბამისად, ბევრი რამ ინსპირაციის მომცემია.  ბაქოში ცხოვრება ცოტა რთული იყო ბევრი რამის გათვალისწინებით. ერთ-ერთი, რაც დადებითია – კარგად გიხდიან და რა თქმა უნდა, გამოცდილებას იძენ. ეს ხდებოდა დაახლოებით 5 წლის წინ. ბაქოში იხსნებოდა მოდის სახლი და სჭირდებოდათ ადამიანი, რომელიც წარმოების აწყობაში, მის განვითარებაში, პროდუქციის რეალიზებაში დაეხმარებოდა. ახლო ქვეყნებში ეძებდნენ და დაკვირვების შემდეგ, მომწერეს. დაახლოებით, წელიწადი და ორი თვე ვიმუშავე. შემდეგ კიდევ ორჯერ მიმიწვიეს რამდენიმე თვით, მაგრამ იქ მუშაობა ჩემთვის უახლოეს გეგმებში აღარ შედის. თავად პირველ ლედისაც რამდენჯერმე შევხვდი, რამდენიმე სამოსი გავაკეთე მისთვის მისი გემოვნების გათვალისწინებით.
– ზოგადად, არ გიყვარს გამოჩენა, უპირატესობას ჩრდილში ყოფნას ანიჭებ.
– ჩემი სამოსის პოპულარიზაცია უფრო მაინტერესებს, ვიდრე საკუთარი პიროვნების. ჩემთვის საინტერესოა, როცა შემოქმედებას აფასებენ და არა პიროვნებას. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ცოტა სხვაგვარადაა. მიხარია, რომ დღეს გვაქვს „მერსედეს ფეშენ-ვიქი“, რომელიც ქართველი დიზაინერებისთვის ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. სოფო ჭყონიას დახმარებით, ბევრი ცნობილი სტუმარი, პრესის წარმომადგენელი, ბაიერი ჩამოდის. ეს ყველაფერი მეც ბევრ რამეში დამეხმარა. ბევრი საინტერესო წინადადება, კონტაქტი მაქვს და ვფიქრობ, ყველაფერი პროგრესისკენ მიდის.
– შენს ბრენდს საკმაოდ საინტერესო სახელი ჰქვია SITUATIONIST. რატომ გადაწყვიტე ამ სახელის დარქმევა?
– სიტუაციონისტები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც თავისი მიმდინარეობა ჰქონდათ და რეალიზმის, თანამედროვე ცხოვრების გამარტივებისკენ ისწრაფოდნენ. ეს სახელი მიანიშნებს იმაზე, რომ სიტუაციას ქმნის და ამ ბრენდის სამოსი განკუთვნილია ნებისმიერი სიტუაციისთვის. პირველი კოლექცია „მერსედეს ფეშენ- ვიქისთვის“ შევქმენი. ზოგადად, ერთი, კონკრეტული თემით ინსპირირებულ კოლექციას არ ვაკეთებ. ყველაფერი ხასიათის მიხედვით ვითარდება. საბოლოოდ, რამდენიმე თემა ერთიანდება და უფრო საინტერესო გამოდის. მეორე კოლექციაში ქართული დროშაც გამოვიყენე. ძალიან მოეწონათ და ყველა წამყვან ჟურნალში, პრესაში დაიბეჭდა. ეს იყო ჩემი მხრიდან ხასიათი, ცოტა პროტესტის გამოხატვა და ასევე, იმის თქმა, რომ საქართველოში გვაქვს იმის საშუალება, რომ მოდის მიმართულებით წინ მივდივართ.
– რას აპროტესტებდი?
– როცა ამ კოლექციას ვქმნიდი, ზუსტად იმ პერიოდში ვნახე გადაცემა, სადაც ნაჩვენები იყო, რომ დღემდე არსებობს საქართველოში ქალების წინდაცვეთის ტრადიცია. დღემდე იგრძნობა და არსებობს ზოგიერთ ადგილებში, უფროს თაობაში აზრი, რომ თუ ქალი მოწესრიგებულია, მეტ დროს უთმობს თავის თავს, ის არ არის კარგი ყოფაქცევის. ანუ, ამ ყველაფერს გამოვეხმაურე და მინდა, გარკვეული სტერეოტიპები დაიმსხვრეს.
– როგორია ირაკლის მიერ დანახული ქალი?
– ის, რასაც „სიტუაციონისტის” ბრენდი ქმნის, მაინც კლასიკიდან მოდის. კლასიკის წესებს ძალიან კარგად ვიცნობ და შემდეგ მათ ვარღვევ – გამოდის „სიტუაციონისტი“, ანუ დარღვეული კლასიკა. მე არ მომწონს, როცა ბრენდს კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი ჰქვია. ბრენდს უნდა ერქვას ისეთი სახელი, რომელიც რაღაცას გულისხმობს. უცხოეთშიც მოსწონთ სახელი და უნივერსალური სიტყვაა.
– როგორც დიზაინერი, მარტო მუშაობ თუ ვინმესთან ერთად ქმნი შენს ბრენდს?
– ყველაფრის კონსტრუქციას, თარგს, გამოჭრას, მოდელებს, მაკეტებს, მულაჟებს ვქმნი მე და შემდეგ, მკერავების დახმარებით ვახდენ რეალიზებას. „ონლაინ” იყიდება ჩემი სამოსი. გარდა ამისა, მარტში ევროპის რამდენიმე ქვეყნის მოდის კვირეულზე გამოვა „სიტუაციონისტი“ და მას უკეთ გაიცნობენ. კოლექცია უკვე შექმნის პროცესშია.
– საკმაოდ მცირე დროში გახდა შენი ბრენდი პოპულარული.
– დემნა გვასალიას შემდეგ ძალიან დაინტერესდნენ ქართველი დიზაინერებით. ამან დიდი როლი ითამაშა და ახლა უკვე ფიქრობენ, რომ არსებობს საქართველო, საინტერესო ადგილი, სადაც შეიძლება, მათთვის საინტერესო ადამიანი იპოვონ. ერთი პერიოდი, იაპონელი დიზაინერებით იყვნენ დაინტერესებულები და ახლა ვფიქრობ, ცდილობენ, გეოგრაფიული მასშტაბები გაზარდონ. ამ ყველაფერს დაემთხვა დემნას, დევიდ კომას წარმატებული საქმიანობა და აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა აინტერესებთ. თან, ჩვენ უკვე გვაქვს სრულფასოვანი მოდის კვირეული „მერსედეს ფეშენ-ვიქი“. მანამდე რაც იყო, მას უფრო გართობის იერსახე ჰქონდა.
– ცოტა ხნის წინ, ბელა ჰადიდს „სიტუაციონისტის“ სამოსი ეცვა, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. „ვოგიც“ წერდა ამის შესახებ. როგორ მოხვდა შენი შექმნილი სამოსი მასთან?
– ბელა ჩემი ფავორიტი მოდელია და ზოგადად, დღეს მის სტილს მთელ მსოფლიოში უფრო მეტად აკვირდებიან, ვიდრე სხვა ცნობილი მოდელებისას. მოდელეზე მეტად „ფაბლიკ ფიგურა“ გახდა. მე, როგორც ვიცი, დიზაინერები ბევრს ცდილობენ, ასეთ ადამიანებს ან მათ სტილისტებს დაუკავშირდნენ, რომ თავიანთი სამოსი შესთავაზონ. „სიტუაციონისტის“ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ჩვენების შემდეგ, კოლექციის ფოტოები დადო VOGUE.COM-მა. ბელამ პირადად ნახა, 4 ლუქი მონიშნა და თავის სტილისტს დაავალა ჩვენთან დაკავშირება. მოგვწერეს ძალიან თბილი წერილი: ბელას უყვარს ეს კოლექცია და უნდა, რომ ეს 4 ლუქი მალე ჰქონდესო. ეს იყო ტყავის ლაბადა, ქვედაბოლო, იასამნისფერი მოსაცმელი, კიდევ ერთი ქვედაბოლო და ჩექმები. თავიდან ცოტა დაუჯერებლად ჟღერდა, ჩემი შრომის ზედმეტად დაფასებაც კი იყო და რაც მთავარია, ძალიან დიდი სტიმულიც. პირადად მომწერეს და შემდეგ უკვე იმეილის დახმარებით გვქონდა ოფიციალური მოლაპარაკება. დრო რომ გავიდა, თითქოს დავიწყებულიც მქონდა და ცოტა ხნის წინ, ბელას სტილისტმა, ელიზაბეტმა, რომელიც ქეით ბლანშეტთან და ნაომისთან მუშაობს, თავის გვერდზე დადო ფოტოები და მონიშნა „სიტუაციონისტი“. შემდეგ ბელამაც დადო თავის გვერდზე. ამ შემთხვევაში, კიდევ ის იყო მნიშვნელოვანი, რომ მან ერთი ლუქი ჩაიცვა პარიზის მოდის კვირეულზე, როცა „ჟივენშის“ ჩვენებაზე გამოდიოდა. ტყავის თეთრი ჩექმა კი ეცვა ვახშამზე, სადაც „ჟივენშის“ დიზაინერთან, რიკარდო ტისსთან და კიმ კარდაშიანის დასთან ერთად იყო. უახლოეს მომავალში, ალბათ, ჩაიცვამს კიდევ ჩემს ორ ლუქს. რაც მთავარია, გვაქვს მოლაპარაკება, რომ მასთან, კიდევ ბევრჯერ ვითანამშრომლოთ. ბელას ძალიან მოსწონს ჩვენი ბრენდი და მიიჩნევს, რომ კომფორტული და მაღალი ხარისხისაა. ბელას დღეს ყველა აკვირდება – პრესა, სტილისტები და მიხარია, ასე რომ გამოვიდა ყველაფერი. მათი მხრიდან ბევრი კარგი, დადებითი კომპლიმენტი დავიმსახურე და რაც მთავარია, დავგეგმეთ, რომ მომავალ 4 პროექტზე ერთად ვიმუშაოთ.
– სხვა ცნობილი ადამიანებიც თუ დაინტერესდნენ შენი ბრენდით?
– პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვებთან და მალე ნახავთ ყველაფერს. ერთ-ერთ ცნობილ მამაკაც მოდელსაც გავუგზავნეთ ჩვენი ლუქი – ტყავის პიჯაკი და საქართველოს დროშიანი მაისური. მთავარია, მათგან მოდის ეს ინტერესი, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს. ჩვენ ნატურალურ ქსოვილებზე ვმუშაობთ და ხარისხს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

скачать dle 11.3