კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მკაცრ ზომებს იღებდა ბერია ოსური სეპარატიზმის წინააღმდეგ #5

ლავრენტი ბერიას განუკითხაობაზე არაერთხელ დაწერილა და მათში „ჟანდარმერიის მარშალი“ (ავტორხანოვის ეპითეტი) გამოყვანილია, როგორც სისხლისმსმელი მონსტრი, რომელიც არაფერს ერიდებოდა საკუთარი მანიაკური ვნების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ, მართლა ასეთი იყო ბერია, თუ ის ვითარების შესაბამისად მოქმედებდა და მართალია, სასტიკად, მაგრამ, საბოლოო ჯამში – სწორად? ისტორიკოსი რადემირ კოპილოვი წერს: „ლავრენტი ბერია თავისი ეპოქის შვილი იყო და მოქმედებდა იმ დაწერილი თუ დაუწერელი კანონებით, რაც სტალინურ სახელმწიფოში იყო მიღებული. ბერია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ წარმოადგინეს ოდიოზურ ფიგურად სტალინის გარდაცვალების შემდეგ, რომ სტალინურ პოლიტბიუროში ყველაზე ნიჭიერი და გავლენიანი ფიგურა გახლდათ და მისი ნიჭიერების ეშინოდათ. გარდა ამისა, მათ ბერიას ქართული პატრიოტიზმიც აფიქრებდათ. ეს ბუნებრივი გრძნობა მათ კუთხურ, მეგრულ ნაციონალიზმად მონათლეს, რაც ძალიან სასაცილოა და სწორედ ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე შეასხეს მას ხორცი.
არავინ დაობს იმაზე, რომ ლავრენტი ბერია მკაცრი, შეიძლება, სასტიკი ადამიანიც კი იყო. სიმკაცრე მსხვილი პოლიტიკური ფიგურის განუყოფელი თვისებაა. სისასტიკე კი სტალინურ სახელმწიფოში მიღებული ნორმა თუ არა, „სოცრეალიზმის დანამატი“ გახლდათ და კომუნისტური საზოგადოების მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი, რასაც ლავრენტი ბერიაც ხშირად იყენებდა, ერთი მხრივ, როგორც ხელქვეითების შესაფუცხუნებლად, მეორე მხრივ კი – დასჯის ერთ-ერთ საშუალებად. 1953 წლის 2 დეკემბერს, გენერალმა სერგო გოგლიძემ გამომძიებელ პავლე კორშინს მოუთხრო: „ბერია ვერ იტანდა ქაოსსა და  გაურკვევლობას და ისე ჰქონდა საქმე დაყენებული, თითოეულ წვრილმანსაც კი ბოლომდე აკონტროლებდა საქართველოში. მან ისიც კი ზუსტად იცოდა, თუ რამდენი ძროხა და ღორი ჰყავდა ამა თუ იმ კოლმეურნეობას, საქართველოში კი უამრავი კოლმეურნეობა და საბჭოთა მეურნეობა იყო. განსაკუთრებულ ყურადღებას ლავრენტი პავლოვიჩი უსაფრთხოების საკითხებს უთმობდა. ეს მისი ძირითადი სფერო იყო და აქ, მას ბადალი არ ჰყავდა. ის არა მარტო საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც აკონტროლებდა სიტუაციას ამ კუთხით და თუ საჭირო იყო, აქტიურ ღონისძიებებსაც კი მიმართავდა. ამაში კი მას ჩვენი („ჩეკას“) სამსახური ეხმარებოდა, რომელსაც ბერია საქართველოს პირველ მდივნობამდე ხელმძღვანელობდა და უმძლავრესი სტრუქტურაც თავად ჩამოაყალიბა...“
სერგო გოგლიძის ეს ჩვენება ვინმე კოსტა ბასაევის საქმის გამო ჩაიდო ბერიას ფალსიფიცირებულ საქმეში და ეს წმინდა წყლის პროვოკატორ-სეპარატისტი (კოსტა ბასაევი) ხრუშჩოვის სასამართლომ ლამის წმიდანად შერაცხა.
1937 წლის 20 აპრილს, ანუ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნიდან ზუსტად 15 წლის თავზე, ჩრდილო ოსეთის მცხოვრებმა, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, 30 წლის კოსტა ბასაევმა, რომელიც ქალაქ ორჯონიკიძის (ვლადიკავკაზი) ¹1 სკოლაში ასწავლიდა, სტალინს კრემლში წერილი გაუგზავნა. მასში წერდა, რომ ეკონომიკურ-პოლიტიკური მოსაზრებით, სასურველი იყო, ორი ოსური რესპუბლიკის გაერთიანება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. 1936 წელს ჩრდილო ოსეთის ოლქი, რომელიც რესპუბლიკად გადაკეთდა და რუსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ფედერაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა, გეოგრაფიულად სულაც არ ჯდებოდა ერთიან ლანდშაფტში ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთთან – მათ კავკასიონის ქედი ჰყოფდა.
ბერიამ კოსტა ბასაევის მიერ კრემლში საგანგებოდ გაგზავნილი წერილი იმავე დღეს, 1937 წლის 20 აპრილს, საღამოს 20 საათზე გახსნა თავის კაბინეტში. გაეცნო და გოგლიძეს, რომელმაც მას ეს წერილი მიუტანა, დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ მოუწოდა.
სერგო გოგლიძე წერდა: „საქართველოს „ჩეკას“ თავისი ინფორმატორები არა მარტო ორჯონიკიძეში, ბაქოში, ერევანსა და სხვა, ახლომდებარე ქალაქებსა და რესპუბლიკებში ჰყავდა, არამედ თვით მოსკოვსა და უკრაინა-რუსეთის შორეულ რეგიონებშიც. კოსტა ბასაევის წერილი ქალაქ ორჯონიკიძის ცენტრალური ფოსტის უფროსმა პირადად ჩამომიტანა თბილისში. მე ის ლავრენტი პავლოვიჩს მივუტანე ცეკაში და როცა გაეცნო, პენსნე მოიხსნა, ცინიკურად გაეცინა და მითხრა:
– კრეტინი და ხისთავაა ეგ ბასაევი. წერილს მოსკოვშიც რომ ჩაეღწია, მას სტალინი მოსპობდა. თუმცა, არც ჩვენ დაგვადგებოდა კარგი დღე უყურადღებობისთვის. ამიტომ, შენს არწივებს უთხარი, რომ ის „მწერალი“ ამაღამვე აქ მომგვარონ. მე თვითონ დაველაპარაკები მას.
კოსტა ბასაევი ჩემმა სპეცჯგუფმა ორჯონიკიძიდან 21 აპრილს, დილის 5 საათზე ჩამოიყვანა თბილისში და ლავრენტი ბერიას კაბინეტში მოიყვანეს...“
 ხრუშჩოვის მართლმსაჯულების მიერ შედგენილი საბუთების მიხედვით, საქართველოს ცეკას პირველმა მდივანმა, ლავრენტი ბერიამ, 1937 წლის  21 აპრილს, დილის 9 საათზე, თბილისის „ჩეკას“ სარდაფში, ყოველგვარი კვლევა-ძიებისა და სასამართლოს გარეშე, პირადად დახვრიტა კოსტა ბასაევი. ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება იყო და ამ საქციელით ბერიამ მძიმე დანაშაული ჩაიდინა.
ზემოხსენებული საბუთის შინაარსი, მცირეოდენი გამოკლებით, პრინციპში, სწორია. ბერიამ ყოვლად უკანონოდ, მართლაც საკუთარი ხელით დახვრიტა კოსტა ბასაევი, რომელიც „ორი ოსეთის“ გაერთიანებას სთხოვდა სტალინს და მას სტალინიც დახვრეტდა. თუმცა, განა შეიძლება, ბერია დაადანაშაულოს იმან (იგულისხმება ხრუშჩოვი), რომელიც უკრაინაში მილიონობით ადამიანს, მართლაც რომ, უკანონოდ და ტყუილად უსპობდა სიცოცხლეს – „ხალხის მტრებისგან წმენდდა“ რესპუბლიკას.
თავის ჩვენებაში გენერალი სერგო გოგლიძე წერდა: „კოსტა ბასაევი შეშინებულ კურდღლის ბაჭიას ჰგავდა და ბერიას კითხვებზე ყბააკანკალებული, ძალიან შეშინებული პასუხობდა. ხოლო, როდესაც ლავრენტი პავლოვიჩმა ჰკითხა:
– მოქალაქე ბასაევ, როგორ ფიქრობთ, სამხრეთ ოსეთი საქართველოს მიწაა თუ რუსეთისო, – ბასაევმა მიუგო:
– საქართველოსიო...
მაშინ, ბერიამ მას უთხრა:
– თუ ეს საქართველოს მიწაა, მაშინ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას რატომ ითხოვთ?
ყბააკანკალებულმა ბასაევმა ბერიას შეხედა. პაუზა გააკეთა და კანკალმა გაუარა. შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და როგორც ვფიქრობ, იმედი მიეცა, რომ სიკვდილს გადაურჩებოდა, უთხრა:
– რა მნიშვნელობა აქვს, რომელ რესპუბლიკას ეკუთვნის. მთავარი ხომ ისაა, რომ ის დიდი საბჭოეთის შემადგენლობაში იქნება და ქედს აქეთ თუ ქედს იქით, ბევრი არაფერი დაშავდებაო.
ბერიამ ცინიკურად გაიცინა. ბასაევს დამცინავი მზერა ესროლა, შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა:
– ეს რაინდი სამსჯავროზე ჩაიყვანე. მეც მალე მოვალ და მოამზადეთო.
სამსჯავროს ლავრენტი ბერია დასახვრეტ ადგილს ეძახდა „ჩეკაში“, სადაც პირადად უსპობდა სიცოცხლეს, მისი აზრით, მავნებლებსა და მოღალატეებს.
კოსტა ბასაევი „სამსჯავროზე“ ჩავიყვანეთ. ათიოდე წუთის შემდეგ ლავრენტი ბერიაც ჩამოვიდა. ხელში შავი „ნაგანი“ ეჭირა. მან კედელთან მდგომ ბასაევს ჰკითხა:
– ქრისტიანი ხარ?
– უღმერთო, – მიუგო ბასაევმა, რომელსაც კვლავ აუკანკალდა ნიკაპი.
– მით უფრო მძიმე იქნება შენთვის ღვთის სამსჯავროზე წარდგომა. მშვიდობით, – თქვა ბერიამ. შემდეგ „ნაგანიდან“ ერთი ტყვია შუბლში დააჭედა ბასაევს და მე მომიბრუნდა:
– სერგო, ეს ქართველთმოძულე ლეში მიწაში ჩააგდეო.
ბერიას არაერთი ასეთი აქტი ჩაუტარებია. თავისი ხელით ასამდე ადამიანი ჰყავს მოკლული, რომლებსაც მოღალატეებს უწოდებდა...“
ბერია რომ საკუთარი ხელით ხვრეტდა ხალხს, დადასტურებული ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ყველა მის მიერ დახვრეტილი საბჭოთა ადამიანი ნამდვილად ხალხის მტერი იყო.“

скачать dle 11.3