კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

სად მიიღო სასიკვდილო ჭრილობა 21 წლის ასაკში თენგიზ არჩვაძემ და რა ამბავს ამხელს ის ათეული წლების შემდეგ #4

ამ მსახიობის სამყარო წმინდა და თვითმყოფადია, ხმაც კი აბსოლუტურად გამორჩეული აქვს… სასიამოვნო ტემბრსა და ფოლადისებრ ჟღერაში თითქოს ძალაც იგრძნობა და ხავერდოვნებაც… საერთოდ, სიტყვაძვირია. თენგიზ არჩვაძის პიროვნებას რომ ეცნობი, ნელინელ აცნობიერებ, რომ ის არა მარტო დიდი არტისტი, არამედ თავისი პიროვნული თვისებებით ჭეშმარიტი ქრისტიანიც გახლავთ. საკუთარ ტკივილსა და სიხარულს მორჩილად და, ამავდროულად, დიდი ღირსებითა და სიყვარულით ატარებს.  ალბათ, ამის გამოც უყვარს ბატონ თენგიზს ასე უსაზღვროდ მთა… „მთა ჩემი წარმოუდგენელი სიყვარულია – ამბობს ბატონი თენგიზი - ზღვარი არა აქვს ამ სიყვარულს, უასაკო ვარ ცხენთან და მთასთან”.  (msaxiobebi – bio.blogspot.com)
თენგიზ არჩვაძე არ ეკუთვნის იმ კატეგორიის მსახიობებს, ეგრეთ წოდებული „ვარსკვლავის” თვითდაჯერება რომ სჭირთ. პირიქით, მისი აურა სასიამოვნოს ხდის მასთან ურთიერთობას.
***
„გვარით და ჯილაგით საქართველოს ულამაზესი კუთხიდან, რაჭიდან გახლავართ. დაბადებით კი, თბილისში დავიბადე. მამაჩემიც და ბაბუაჩემიც თბილისში ცხოვრობდნენ. ბაბუა – დავით არჩვაძე, 1907 წლის 15 სექტემბერს მოკლეს. სიცოცხლე იმათ მოუსწრაფეს, ვინც იმავე წლის 30 აგვისტოს ილია მოკლა. სრულიად ახალგზარდა ბებია მარტო დარჩა, ხუთ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მამა, გრიგოლ დავითის ძე არჩვაძე, უფროსი იყო მათ შორის და ძალაუნებურად, ოჯახის სიმძიმე მასაც დააწვა. ოჯახს სათავეში ის ჩაუდგა - და-ძმები გაზარდა, განათლება მიაღებინა... სძულდა პოლიტიკა და პოლიტიკოსები. უკომპრომისო კაცი იყო... ერთი პერიოდი, პირველი მსოფლიო ომის დროს, გაზეთის რედაქტორადაც მუშაობდა ჭიათურაში. შემდეგ, როდესაც ბოლშევიკები „შემობრძანდნენ”  საქართველოში, სერგო ორჯონიკიძე გადაეკიდა მამაჩემს და მამამაც მიატოვა ყველაფერი, თბილისში გადმობარგდა...
დედა - კლაუდია ნიკოლოზის ასული სხირტლაძე დიასახლისი იყო. ძირითადად, საოჯახო საქმითა და ჩვენი აღზრდით იყო დაკავებული.
ოჯახის არცერთ წევრს თეატრთან პროფესიული შეხება არ ჰქონია.
თბილისის ერთ-ერთ ძველ და კოლორიტულ უბანში, „ვორონცოვზე” ვცხოვრობდით, სადაც თითქმის ოცდაათი წელი გავატარე.
***
...ჩემს დედულეთში, მრავალძალში, წმიდა გიორგის შესანიშნავი ეკლესია იყო, რომელიც ამ 10-12 წლის წინ მიწისძვრამ, სამწუხაროდ, მთლიანად დაანგრია. დიდად შემიყვარდა იქაურობა, რაჭის ხშირი სტუმარი გავხდი. ბაბუას რაჭაში ცხენი ჰყავდა - „მარუსა” ერქვა, ჩერქეზული იყო. 14 წლის ვიქნებოდი, ცხონებულმა ბაბუაჩემმა ცხენი რომ შემიკაზმა. შენს ტოლებს არაფერში გამოაკლდეო, - მითხრა და შქმერის კლდეში, პეტრეპავლობის დღესასწაულზე, ჩვენს ახლობლებთან გამიშვა. გასაკვირია, მაგრამ ქალაქში გაზრდილმა ბიჭმა მშვიდობით მოვახერხე სოფელში ჩასვლა. საღამოს უკან დაბრუნება მოვისურვე, შევჯექი ჩემს ცხენზე და წამოვედი. ჭალებს რომ მოვუახლოვდი, ცხენმა აქეთ გაიწია, მე სხვა მხარეს გავქაჩე, ერთხანს მაწვალა, მაგრამ ბოლოს დამყვა.... მთელი ღამე ვიარე, როცა ირიჟრაჟა, მივხვდი, რომ გზა ამრეოდა და სხვა მხარეში ვიყავი გადასული. უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. უკან უღრანი ტყე იყო. ახლა კი ჭკუა ვიხმარე, ცხენს დავუჯერე, აღვირი მივუშვი და შინ მშვიდობით დავბრუნდი. ძალიან ჭკვიანია ცხენი!  ეს იყო ჩემი პირველი გამოცდა და პირველი დამოუკიდებელი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი – რთული გზა...
...ხატვისთვის თავი არასდროს დამინებებია. ახლაც მიყვარს, მაგრამ ერთხელ, სამწუხაროდ, ცუდ ხასიათზე მყოფმა, ყველა ჩემი ნახატი დავწვი... ისევე, როგორვ გოგოლმა, „მკვდარი სულების” შემდგომი ნაწილები. ასეა თუ ისე, პიონერთა სასახლის დრამწრის წყალობით, მხატვრობას  მსახიობობა ვარჩიე და უგამოცდოდ ჩავირიცხე თეატრალურ ინსტიტუტში. პირველ კურსზე ქალბატონი ლილი იოსელიანი გვასწავლიდა, შემდეგ აკაკი ვასაძე და ბოლო კურსზე - აკაკი ხორავა. აკაკი ხორავასთან ერთად სცენაზეც კი ვითამაშე ალექსანდრე სუმბათაშვილის ცნობილ პიესაში „ღალატი”. მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბატონმა ვასო ყუშიტაშვილმა და ამავე თეატრის დირექტორმა, ივანე გვინჩიძემ, თეატრში მიმიყვანეს. მაშინ ვახტანგ ტაბლიაშვილმა „ერეკლე მეფე” დადგა და მე რუსი დესპანი ოფიცრის როლი მათამაშეს. სცენაზე რუსულად ვლაპარაკობდი. ბედის დაცინვაც ეს იყო - ქართულ თეატრში სამსახიობო საქმიანობა რუსული ტექსტით დავიწყე. კინოში პირველი როლი ეპიზოდური მქონდა. სიკო დოლიძემ გადაიღო ფილმი „ფატიმა”. მე თეთრი ჩოხა მეცვა, თავადი ბადალაევი ვიყავი. მთავარი როლი კი „კეთილ ადამიანებში” ვითამაშე. როლზე წინასწარი, სასინჯი გადაღების გარეშე ამიყვანეს... ბაში-აჩუკის როლის შესრულების ერთ-ერთი პრეტენდენტი ვიყავი, თუმცა არჩევანი ოთარ კობერიძეზე შეჩერდა. ეს სრულიად ლოგიკური იყო, რადგან მაშინ ის, ასაკითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით, უფრო შეესაბამებოდა ბაში-აჩუკის როლს. ხანდახან ერთდროულად ოთხ-ხუთ ფილმზე მიმუშავია... ასეთ დაძაბულ ცხოვრებას კარგი სპორტული მომზადებაც სჭირდებოდა... ჰოდა, აქვე, ის ამბავიც მინდა, გავიხსენო, სტუდენტობისას ფარიკაობაზე რომ დავდიოდი და ვარჯიშისას სასიკვდილო ჭრილობა მივიღე. მაშინ 21 წლის ვიქნებოდი, თითქმის მთელი წელი ლოგინს მიჯაჭვულმა გავატარე. სიცოცხლის შენარჩუნებას ექიმსა და ძველ სპორტსმენს, გამოჩენილ ტანმოვარჯიშე ქალს, იულია ფარეშაშვილს უნდა ვუმადლოდე. აღარავინ ფიქრობდა, რომ ხელში კვლავ ავიღებდი დაშნას, მაგრამ მე ფარიკაობისთვის თავი არ დამინებებია...
მსახიობმა თავისი გმირის ხასიათი კარგად უნდა შეისწავლოს, ბოლომდე უნდა ჩაწვდეს მას. მერე კი ეს გმირი ისე ახლობელი ხდება, შეიძლება, ვერც გაარჩიო - ეს „შენ” ხარ თუ „ის”.  სპექტაკლში „ასი  წლის წინათ”, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძემ დადგა ილიას „მგზავრის წერილების” მიხედვით, ავტორს, მთხრობელს ვასახიერებდი. მთელი სპექტაკლი მე მიმყავდა. ამ როლზე მუშაობისას დიდი შრომის გაწევა მომიხდა. მას ჩემი სულიერი და ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმუმი დავახარჯე. სანაცვლოდ კი, რაღაც შეუცნობი სიამაყე და სიხარული დამიტოვა ამ როლმა. როლზე უარი ბევრი რამის გამო მითქვამს, მაგრამ ფინანსური ინტერესების გამო - არასდროს (თუ დამიჯერებთ, ცხოვრებაში ფული არასოდეს დამითვლია). უარს ვამბობდი იმ შემთხვევაში, როცა ნაწარმოები ან გმირი არ მომწონდა... ბევრ რამეზე მწყდება გული. რის გაკეთებაც მსურდა, მისთვის რატომღაც არც დრო მყოფნიდა და არც პირობები. ხელოვნებაში ყველაზე მეტად საკუთარი პიროვნებაა გადამწყვეტი. ყველაფერს ობიექტურ მიზეზებს ვერ დააბრალებ. სუბიექტურმა ფაქტორებმა, საკუთარმა თავმა უფრო მეტად შემიშალა ხელი...
რას იზამ?! ასეთი ყოფილა ცხოვრება!.. ერთი ამბავი გამახსენდა:
ერთხელ მურმან ლებანიძემ რუსთაველის საზოგადოებაში მისვლა მთხოვა. ვიფიქრე, რამე პოლიტიკურ პარტიაში არ გამაწევრიანონ-მეთქი და ფეხი ვითრიე. ბოლოს მურმანმა ამიხსნა, რუსთაველის საზოგადოების წევრი უნდა გახდეო. პოლიტიკური ხომ არაფერია-მეთქი, ვიკითხე. ჰოდა, რომ დავრწმუნდი, პოლიტიკური არაფერი იყო, მივედი. არაჩვეულებრივად შემხვდნენ. ქალბატონმა ლენამ (მურმანის მეუღლემ) რაღაც კონვერტი გადმომცა. ვიფიქრე, ალბათ, ადრესია-მეთქი. მერე ბატონმა მურმანმა მითხრა, სახლამდე მე თვითონ გაგაცილებ და ვიდრე ფანჯრიდან არ გადმოიხედავ და არ დავრწმუნდები, რომ სახლში ხარ, მანამ არ წავალო. მივხვდი, საქმე რაღაცაში იყო. თურმე კონვერტში 2 000 ლარი ჩაუდიათ. ასე შემატანინა ძღვენი ოჯახში ბატონმა მურმანმა.
***
მე და რეზო ლაღიძეს ერთხელ გვითხრეს - პარიზში უნდა წახვიდეთ, ფესტივალზე გაიმარჯვეთ და პრიზებით დაგაჯილდოებენო.
დაგვიბარეს „კაგებეში” და თავიანთ პოლიკლინიკაში წაგვიყვანეს...
შეგვიყვანეს ერთ ოთახში, სადაც სავარძელში მჯდარი ჩინოვნიკი დაგვხვდა. ჩვენთვის სკამიც არ შემოუთავაზებია, პირდაპირ შეუდგა ანკეტის შევსებას: - სახელი? - რევაზი, ბატონო!... რეზოს მეძახიან.
- გვარი? - ლაღიძე. პროფესია? – მეგობარმა, რომელიც თან გვახლდა, ვეღარ მოითმინა და გაკვირვებულმა განმარტება სცადა:
- კომპოზიტორია, ბატონო, ნუთუ „თბილისო” მაინც არ... 
პოლკოვნიკმა მეგობარს სიტყვა არ დაამთავრებინა და იმავე კითხვებით მე მომმართა. ანკეტის შევსების შემდეგ, მე და რეზოს რაღაც ნემსები გაგვიკეთეს, იმხელა შპრიცები იყო, ახლაც შიშით მახსენდება. ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც იქნა, ჩავსხედით მე და რეზო თვითმფრინავში, ჯიბეში 200-200 დოლარი გვიდევს და სადაცაა გავფრინდებით. რეზო შეფიქრიანებული მეკითხება: კაცო, ეს 200 დოლარი რაში გვეყოფაო.  მე ვამშვიდებ: შენი 200, ჩემიც 200, უკვე ოთხასია! პარიზში რომ ჩავალთ, იქაური ქართველები გვნახავენ და გვიპატრონებენ-მეთქი. ამ ლაპარაკით ვართ გართულნი და ასაფრენად დაქოქილ თვითმფრინავს ტრაპი ისევ მოაყენეს და მე და რეზო ჩამოგვსვეს... ბუნებრივია, ის 200-200 დოლარიც ჩამოგვართვეს.
...რეზო ისე წავიდა ამქვეყნიდან, ამ ამბის გამხელის უფლება არ მისცემია. მეც გაჩუმებული ვიყავი აქამდე.
***
საიდან არ მომდიოდა წერილები: ციმბირიდან, ვლადივოსტოკიდან... უმეტესად, ქალები მწერდნენ. წერილებს ჩემს მეუღლეს ვაძლევდი, შენ უპასუხე-მეთქი. დღეში რატომ ასი წერილი არ მომდიოდა, მაგრამ არ მაღიზიანებდა. მყვირალა სიტუაციებიდან ყოველთთვის იოლად ვახერხებდი თავის დაძვრენას... ასეთ ამბავს გავიხსენებ: სამარშრუტო ტაქსით რომ ვმგზავრობ ხოლმე, მგზავრობის ფულის გადახდას არ მაცლიან, ხან თავად მძღოლები არ მართმევენ ფულს. განსაკუთრებით უხერხულად თავს მაშინ ვგრძნობ, როცა ქალბატონები ამჟღავნებენ მსგავს პატივისცემას. ჰოდა, ერთხელაც, ნასვამმა და საკუთარ თავზე გაჯავრებულმა, თითქოს გამოწვევა მივიღე და სამარშრუტო ტაქსის მთელ შემადგენლობას პატივი ვეცი: ყველასი გადახდილია-მეთქი!.. ქალის იდეალად ოთარაანთ ქვრივის სახე დარჩა ჩემთვის. მას ძალიან ჰგავდა ბებიაჩემი – ნატო, რომელიც ოცდაშვიდი წლის ასაკში დაქვრივდა და ხუთი შვილი გაზარდა ღირსეულად. ამიტომ დავარქვი ჩემს უფროს ქალიშვილს მისი სახელი (ბიჭი რომ მყოლოდა, აუცილებლად ბაბუაჩემის, დავითის სახელს დავარქმევდი).“

скачать dle 11.3