კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აკეთებენ ბანკები ჰაერიდან ფულს და როგორ ახერხებენ ერთი სესხის რამდენიმე ათეულჯერ გასესხებას #4

2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 114 მილიონი ლარით, ანუ 25,1 პროცენტითაა გაზრდილი და ამ მაჩვენებელმა 567 მილიონი ლარი შეადგინა. ასევე, გაზრდილია დეპოზიტებისა (9,4 პროცენტით) და ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა (7,9 პროცენტით), ცხადია, კორექტირებული გაცვლითი კურსის გათვალისწინებით. ამას გარდა, იმატა მშენებლობის, ფინანსური შუამავლობისა და სასტუმრო-რესტორნების წილმა მთლიან სესხებში. იმის პარალელურად, რომ, დღევანდელი მდგომარეობით, 400 მილიონი ონლაინ-სესხია გაცემული (არადა საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობა სამ მილიონამდეც არ არის). რა ტენდენციას ასახავს არსებული მონაცემები და რა მანქანებით გაიზარდა დეპოზიტებისა და ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა ლარის რეკორდული გაუფასურების პირობებში, –  ამ თემაზე ეკონომიკის ექსპერტ ლია ელიავასთან ერთად ვისაუბრებთ.
– ეს მონაცემები შეესაბამება იმ შეფასებებს, რაც გასული წლის განმავლობაში კეთდებოდა?
– კომერციული ბანკების გაზრდილი მოგების მაჩვენებელი ბუნებრივია, იმიტომ რომ, ლარის კურსის ვარდნასთან ერთად, გადაფასდება როგორც აქტივები, ისე შესული თანხებიც. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ უფრო მეტი გადაიხადა 2016 წელს. კომერციული ბანკებისთვის კი უფრო მეტი გადახდა, უფრო მეტი შემოსავალია, ხოლო უფრო მეტი შემოსავალი –  უფრო მეტი მოგება. საქმე ის არის, რომ სასესხო პორტფელის ზრდა კომერციულ  ბანკებში ძალიან დაბალია და ის ეფექტი, რაც ახსენეთ, უკავშირდება ვალუტის გაუფასურებას. ძალიან ბევრ კომერციულ ბანკს, განსაკუთრებით წვრილ ბანკებს, აქტივების მოცულობა შეუმცირდათ, მიუხედავად იმისა, რომ გადაფასების ეფექტის ფონზე უნდა გაზრდილიყო.
– მაშინ რა იყო შემცირების მიზეზი?
– ამას აქვს ორი ძირითადი მიზეზი. პირველია, მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რის გამოც ის თავს არიდებს ახალი ვალდებულებების აღებას და მეორე –  მსხვილი ბანკების ეფექტი, რომლებიც არაკონკურენტულ გარემოს ქმნიან საბანკო სფეროში. ყველაზე მეტი მსესხებელი და კლიენტი, რა თქმა უნდა, მსხვილ კომერციულ ბანკებს ჰყავთ, ვგულისხმობ ორ მსხვილ კომერციულ ბანკს. შესაბამისად, 567 მილიონი ლარიდან ლომის წილი მოდის ორ მსხვილ ოლიგოპოლიურ კომერციულ ბანკზე. ანუ 2016 წელს იყო ბანკები, რომელთა მოგება არ გადააჭარბებს 100 000 ლარს, იყო ბანკები, რომლებიც ზარალით დაამთავრებენ 2016 წელს. ამდენად, ძირითადად მოგების მოცულობას აყალიბებს ის ორი მსხვილი კომერციული ბანკი. ვერ ვიტყოდი, რომ წინაა გაჭრილი საბანკო სექტორი, თუმცა ისტორიულად, საფინანსო სექტორი რომ ყვავის და ბევრად სწრაფად მდიდრდება, ვიდრე ქვეყნის კონომიკა, ეს ეჭვგარეშეა.
– ბანკები გასაგებია, მაგრამ, ახლახან ჩატარებული კვლევის თანახმად, 2014 წელს ფარმაცევტულ კომპანიებს 190-მილიონიანი მოგება მიუღიათ.
–  საინტერესოა, ბრუნვა რამდენი ჰქონდათ, იმიტომ რომ, კომერციულ ბანკებს შემოსავალი გამოსდით მთელი საკრედიტო პორტფელის 10 პროცენტი, ეს ძალიან ცოტაა.  მე ვფიქრობ,  მათი მოგების მაჩვენებელი ბევრად დიდი უნდა იყოს, რაც არ არის ნაჩვენები მათ ანგარიშგებაში.
– იმდენად მაღალი საპროცენტო განაკვეთები აქვთ, 10-პროცენტიანი მოგება ცოტა მოკრძალებულია აშკარად. ასევე, გაზრდილია დეპოზიტებისა და ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების ოდენობაო. ეს როგორ?
– გააჩნია დეპოზიტს: თუ იზრდება ვადიანი დეპოზიტების მოცულობა, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მოსახლეობას შეაქვს ფული ბანკებში, მაგრამ, თუ იზრდება მიმდინარე დეპოზიტებისა და ანაგრიშსწორების ანგარიშების ოდენობა, ეს სხვა რამეს ნიშნავს. საქმე ის არის, რომ კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ამ ფულის მულტიპლიცირება, ანუ ფულის შექმნა. როდესაც კომერციული ბანკი გასცემს სესხს, ეს თანხა სადღაც, რომელიღაც ორგანიზაციაში, ილექება, რომელსაც აქვს თავისი ანგარიში ამ ან სხვა ბანკში. ანუ, ფაქტობრივად, ფული ერთი ბანკიდან მეორეში გადადის ან იმავე ბანკში რჩება.
– კონკრეტული მაგალითი ავხსნათ, უფრო გასაგები რომ იყოს მკითხველისთვის?
– ვთქვათ, პირს უნდა სამომხმარებლო სესხის აღება მაცივრის შესაძენად. მას ბანკი ამ ფულს ურიცხავს მაღაზიის ანგარიშზე, სადაც შეიძინა მაცივარი. ამ მაღაზიას ანგარიშსწორების ანგარიში შესაძლოა, ჰქონდეს იმავე ბანკში ან სხვა ბანკში. თუ იმავე ბანკში აქვს, თქვენ წარმოიდგინეთ, ეს თანხა ორმაგდება. ანუ ბანკს ისევ უბრუნდება თავისი ასი ლარი, რომელსაც აკლდება დასარეზერვებელი თანხა, 10 პროცენტი, 10 ლარი გადაირიცხება ეროვნულ ბანკში და ბანკს რჩება 90 ლარი, რომელიც ისევ შეუძლია, გაასესხოს. ესე იგი, ფული, რომელიც ჰაერიდან შეიქმნა, ისევ გაასესხა. ანუ 90 ლარი გადარიცხა მაღაზიაში, რომელსაც ამ ბანკში აქვს გახსნილი ანგარიში და ეს 90 ლარი ისევ დაუბრუნდა ბანკს. 9 ლარი გადარიცხა ეროვნულ ბანკში და ბანკს ისევ არსაიდან დარჩა 81 ლარი. ასე შეუძლია ბანკს ფულის გასესხება, სანამ ეს თანხა არ ამოიწურება. შესაბამისად, ყოველი 100 ლარიდან ბანკს, დაახლოებით, 5 000 ლარის ოდენობის სესხის გაცემა შეუძლია. აი, ამას ჰქვია საკრედიტო მულტიპლიკატორი, ფულის მულტიპლიცირების ეფექტი. აი, ამ გზით იზრდება დეპოზიტების ოდენობა. ამიტომ, როდესაც ლაპარაკია დეპოზიტების ზრდაზე, რეალური მაჩვენებელია ვადიანი დეპოზიტები. ვადიან დეპოზიტებზე ფული ასე არ მოძრაობს. ასე ფული მხოლოდ მიმდინარე და ანგრიშსწორების ანგარიშებზე მოძრაობს.
– ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხებიც იმავე ფოკუსით ხომ არ არის გაზრდილი?
– ესეც ძალიან მდორე ზრდაა ჩვენისთანა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის და განპირობებულია ეკონომიკური სიდურჭირით. კომერციულ ბანკებს ნაკლები გასაქანი აქვთ, გასცენ სესხი, რადგან მსესხებლების გადახდისუნარიანობა შემცირებულია და ამას თუ საკრედიტო მულტიპლიკატორის ეფექტს დავამატებთ, რეალური ზრდა ამ მაჩვენებლის ერთი მესამედიც არ იქნება.
– სამშენებლო ფირმებს, ფინანსურ შუამავლებსა და სასტუმრო-რესტორნებს უფრო მეტი სესხი აუღიათ. ეს სექტორები შარშან განვითარდა, ესე იგი?
– დიახ. და ვინ არიან ფინანსური შუამავლები? რა თქმა უნდა, ონლაინ-გამსესხებლები, რომლებიც იკვებებიან კომერციული ბანკების სახსრებით. რაც შეეხება მომსახურების სფეროს: კომერციული ბანკები, ძირითადად, მხოლოდ მათ აფინანსებენ და საინტერესოა, რის ხარჯზე მოხდა ამ სექტორების დაფინანსების ზრდა?! რის დაფინანსება შეწყვიტს: სოფლის მეურნეობის, მრეწველობის?! ანუ ყველა იმ მნიშვნელოვანი დარგის, რომლებიც ქვეყანაში ქმნის მატრიალურ დოვლათს. მომსახურების სფეროს განვითრება ჩვენს ჩამორჩენილ ქვეყანაში არის არაპროდუქტიული. ეს არ ქმნის ქვეყნის სიმდიდრეს, მხოლოდ ზრდის მთლიანი შიგა  პროდუქტის მაჩვენებელს. ხომ ამბობენ, მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდა არ ზრდის მოსახლეობის კეთილდღეობასო, სწორედ იმის ხარჯზე, რომ მომსახურების სფერო იბერება, წარმატებულია, ხოლო რეალური ეკონომიკა კი, რომელიც მართლაც ამდიდრებს მოსახლეობას, ვერ ვითარდება. ანუ მას კომერციული ბანკები არ აფინანსებენ.
– ამ სასტუმროებსა და რესტორნებს ჩვენ ვამდიდრებთ თუ ტურისტების დამსახურებაა? თუ ტურისტების, არ უნდა იყოს ურიგო, მაგრამ, თუ ჩვენი, ჩვენ საიდან გვაქვს სასტუმროებსა და რესტორნებში სასიარულო ფული?
–  საქმე ის არის, რომ საქართველოში ფულის დახარჯვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს: ან სასტუმროში უნდა დახარჯო, ან რესტორანში უნდა წახვიდე. ამიტომ ამ სექტორის განვითარება ორიენტირებულია არა მარტო უცხოელებზე, არამედ ადგილობრივ მოსახლეობაზეც, რომელსაც არ შეუძლია ქვეყნიდან გასვლა და რაც შემონახული აქვს, იმას ხარჯავს საქართველოში. ეს ცუდი კი არ არის?! კარგია, იმიტომ რომ აკმაყოფილებს მოსახლეობის გარკვეულ მოთხოვნილებებს. მაგრამ კომერციული ბანკების ორიენტირება მხოლოდ ასეთი სწრაფი ამონაგების მომცემ დაწესებულებებზე იმის მანიშნებელია, მათაც აქვთ შიში, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ სესხი შესაძლოა, გახდეს პრობლემური. ამდენად, ურჩევნიათ, ისეთ სფეროებთან თანამშრომლობა, რომლებიც სწრაფად იძლევა ამონაგებს. ასეთი კი მომსახურების სფეროა, ხოლო ასეთ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი, როგორც წესი, მაღალია.
– რესტორნებსა და სასტუმროებში ფულს ვხარჯავთ, იმიტომ რომ, სხვა დასახარჯი ადგილი არ გვაქვს. მშენებლობის სფეროს დაკრედიტებაც გაიზარდაო.  ესე იგი, კლიენტი მათაც ჰყავთ. ახალ ბინებს ვინღა ყიდულობს?
– მშენებლობებთან მიმართებაში  ცოტა რთული ვითარებაა: თქვენ იცით, რომ ბევრმა კომერციულმა ბანკმა თავისი შვილობილი სამშენებლო კომპანია გახსნა, რომლებსაც წარმატებით აფინანსებს. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ მთლიანად საბანკო სექტორმა უფრო მეტად დააფინანსა დამოუკიდებელი სამშენებლო კომპანიები და საქართველო აშენდება. ბანკები თავიანთ სამშენებლო კომპანიებს აფინანსებენ. ეს ძალიან ძველი ისტორიაა, როდესაც ყველა დამოუკიდებელი სამშენებლო კომპანია ჩიოდა, რომ კომერციული ბანკები მათ არ აფინანსებდნენ. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ბევრმა კომერციულმა ბანკმა არაერთი სამშენებლო კომპანია გაიჩინა, მათ მიერ თავიანთი სამშენებლო კომპანიების დაფინანსება არ შეიძლება, ჩაითვალოს ამ სექტორის განვითარების ჩამოყალიბებულ ტენდენციად, რომ ისინი ყველა სამშენებლო კომპანიას აფინანსებენ. ეს შერჩევითი დაფინანსებაა.
რაც შეეხება ფინანსურ შუამავლებს: ყველას, ვინც ასესხებს ფულს, ჰქვია ფინანსური შუმავალი, მათ შორის, კერძო იპოთეკარებსაც და ესენია: ონლაინ-გამსესხებლები, საკრედიტო კავშირები, მიკროსაფინანსოები, ლომბარდები და ასე შემდეგ. მათი სასტარტო ფული არის კომერციული ბანკების სესხები, რომლებსაც ისინი ორმაგ და სამმაგ ფასში აწვდიან თავიანთ მომხმარებლებს.
– ანუ ბანკების მიერ დაწუნებულ კლიენტებს. 400 მილიონი სესხია გაცემული ონლაინ-გამსესხებლების მიერ. ძალიან დიდი თანხა გამოდის. ამდენი ფული რამ ააღებინათ? ადეკვატურია ამ ოდენობის ონლაინ-სესხი?
– მათ უკვე აქვთ დიდხნიანი, წელიწადნახევრიანი, ორწლიანი სესხებიც კი და საკმაოდ მსხვილ თანხებსაც გასცემენ. ეს 400 მილიონი ლარი არის ბრუნვა. ადამიანს ყოველთვის სჭირდება ფული და როდესაც ადეკვატურ წყაროს ვერ პოულობს, ბუნებრივია, მიმართავს ონლაინ-გამსესხებელს, ფაქტობრივად, მევახშეს. იცით, რომ ბევრ ქვეყანაში მევახშეობის წინააღმდეგ არსებობს კანონმდებლობა, საქართველოში კი ასეთი კანონი არ არსებობს, ამიტომ თავისუფლად მოქმედებენ.
– თუ არ ვცდები, 2013 წელს მიიღეს კანონი, რომელიც კერძო გამსესხებლებს უწესებდა ზედა ზღვარს –  მათ მიერ დაწესებული პროცენტი არ უნდა აღემატებოდეს კერძო ბანკებში არსებულ საპროცენტო განაკვეთს 2,5-ზე მეტჯერ.
– მაშინაც საკმაოდ მწვავედ გავაკრიტიკე ეს გამოცდილება, იმიტომ რომ, იგულისხმება ყოველთვიური 3-პროცენტიანი განაკვეთი. ეს თვიური განაკვეთი კი არ არის საპროცენტო განაკვეთი, არამედ არის საკომისიო. როდესაც თქვენ თვიურად იხდით რაღაც პროცენტს, ეს არის საკომისიო და ეს საკომისო გამოდის წლიურ 600 პროცენტამდე. ასეთი კანონი პრინციპულად არასწორად მიმაჩნია. მაგრამ რად გინდა?!
– რეგულაციები, რომლებიც ონლაინ-გამსესხებლებზე გავრცელდება, მოგვცემს ამ სფეროს რეგულირების საშუალებას?
– მიმაჩნია, რომ ასეთი ონლაინ-გამსესხებლები ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანაში საერთოდ არ უნდა არსებობდნენ. მათ არ უნდა  ამოხადონ სული მოსახლეობას, რომელსაც ისედაც არ აქვს ფული. მესმის, როდესაც საოცრად გჭირდება ფული და ასე რთულია მისი შოვნა, ონლაინ-გამსესხებლები თითქოს გადამრჩენლის ფუნქციას ასრულებენ, მაგრამ ეს არის მოკლევადიანი ეფექტი, რაც შემდგომ ოჯახისთვის ხდება დამღუპველი. მათ უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევთ ასეთი დავალიანების გასასტუმრებლად და ეს არ არის მხოლოდ ფინანსური ხარჯი. ეს არის ოჯახის ჯანმრთელობის ხარჯი, ოჯახის სულიერი სიმშვიდის ხარჯი. მით უფრო, რომ თვითონ ეს ონლაინ-გამსესხებლის ფენომენი არის მავნე. უარესს გეტყვით: ზოგიერთმა კომერციულმა ბანკმაც დაიწყო ონლაინ-სესხების გაცემა. ცუდი მაგალითი გადამდებიაო, ამაზეა ნათქვამი. როდესაც კომერციული ბანკი დაეცემა იმ დონემდე, რომ ონლაინ-სესხების გაცემას დაიწყებს, აი, აქ აუცილებლად უნდა დადგეს ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ როგორ ახორციელებს ის ამ კომერციული ბანკების რეგულირებასა და ზედამხედველობას. ჩვენთან საფინანსო სისტემა ქაოსშია და ასეთი ქაოსი დამღუპველია როგორც ეკონომიკისთვის, ისე მოსახლეობისთვის.
– ანუ ამ ბანკების იდენტიფიცირება შესაძლებელია? აშკარად გასცემენ ონლაინ-სესხებს?
– რა თქმა უნდა, მუდმივად ვიღებ „მესიჯებს“  ბანკებიდან ონლაინ-სესხის შემოთავაზებით.

скачать dle 11.3