კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვყიდულობთ რუსეთისგან ზამთარში ელექტროენერგიას ორჯერ იმაზე ძვირად, ვიდრე ჩვენ მივყიდით ზაფხულში #4

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, „გაზპრომი“ სომხეთისთვის გატარებული გაზის  საერთო მოცულობის 10 პროცენტს კი არ დაგვიტოვებს ტრანზიტის საფასურად, არამედ ფულს გადაგვიხდის, საზოგადოების ნაწილი მაინც აპროტესტებს, რატომ ფული – ნატურის ნაცვლად?! თუმცა, მე რომ მკითხოთ, საკითხავი ის არის, რომ იმ ფულით იმდენ გაზს ვერ ვიყიდით, რამდენსაც ვიტოვებდით. მეორე მხრივ, ამ პროცესში სომხური მხარე საერთოდ არ ფიგურირებს, თუმცა გაზი სწორედ მისთვისაა განკუთვნილი. ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ ამ კონკრეტული საგაზო შეთანხმების შუქჩრდილებს.
– რა პრობლემაა, „გაზპრომი“ ფულს გადაიხდის თუ ნატურით გადაგვიხდიდა?
– თუ გადავხედავთ ანგარიშსწორებისა და გადასახადების ისტორიას,  ნატურალური გადასახადი ჯერ კიდევ ბატონყმობის პერიოდში ჩაანაცვლა ფულადმა გადასახადმა და ეს მიღებულია უფრო განვითარებულ ფორმად. რა თქმა უნდა, ქართული მხარისთვის ის გარანტირებული 10 პროცენტი უფრო მისაღები იყო, მაგრამ უნდა ვთქვათ ისიც, რომ ყველაფერი, რაც ხდება მსოფლიოში, ჩვენს წისქვილზე არ ასხამს წყალს, მეტიც, ხანდახან პირიქითაცაა. ადრე თუ გვიან, ეს მოსალოდნელი იყო და 2017 წლის დასაწყისში მივიღებთ იმას, რაც შეიძლებოდა, გაცილებით ადრე მომხდარიყო. საზოგადოების პროტესტი და უკმაყოფილება ორი ფაქტორითაა გამოწვეული: ერთი, რაც ვთქვით,  რომ ტრანზიტისთვის გადახდილი თანხით ვერ შევიძენთ იმ რაოდენობის გაზს, რამდენსაც ვიტოვებდით აქამდე.
– ანუ იმ თანხით ჩვენ ვერ ვიყიდით 200 მილიონ კუბურ მეტრ გაზს?
– დიახ. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ეს მოხდა დახურულ კარს მიღმა და აღნიშნული ხელშეკრულების კონკრეტული დეტალები არ არის ცნობილი, ამიტომ აზრთა სხვადასხვაობაა, თუ რა ზარალი განიცადა ამით ქართულმა ეკონომიკამ: ციფრები მერყეობს 6-დან 20 მილიონ დოლარამდე, ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით კი, 30 მილიონ დოლარამდე. ლაპარაკი უფრო ემოციურ ასპექტზეა, უსამართლობაზე, რომ ძლიერი ჩაგრავს სუსტს. პრაქტიკაში ასეა, როდესაც კულუარული მოლაპარაკება მიმდინარეობს ორი, სხვადასხვა პოლიტიკური წონითი კატეგორიის მქონეთა შორის, როგორც წესი, ძლიერი მხარე გამოდის გამარჯვებული. ამდენად, როდესაც ასეთი მოცემულობა გვაქვს, ჩვენს, ანუ სუსტ მხარეს ზურგს უნდა უმაგრებდეს საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ის მზაობა, რომ არსებობს ბოლო ხაზი, რომლის იქითაც უკან დახევა არ შეიძლება. როდესაც საზოგადოება არ იღებს მონაწილეობას და მხოლოდ პოსტფაქტუმ ხდება ამის მომსწრე, ეს მძიმე დაღს ასვამს არა მხოლოდ ქმედების შეფასებას, არამედ ხელისუფლების ნდობასა და რეიტინგს.
– ამის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელორუსიამ არ შეუმცირა „გაზპრომს“ ტრანზიტის საფასური, ბელორუსიაც არ არის დიდად ძლიერი მხარე.
– ბელორუსია დიდი ხნის წინათ ჩვენთან საქილიკო თემა იყო და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები გულუხვ ფინანსურ დახმარებას ჰპირდებოდნენ ბელორუსულ ოპოზიციას, რომ ლუკაშენკოს ხელისუფლება დაემხოთ. ამის ამსახველი კადრებიც გავრცელდა თავის დროზე, მაგრამ ახლა ფერი იცვალეს და ევროპისკენ აიღეს ორიენტაცია. მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა. ლუკაშენკო არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიცვა თანმიმდევრულად საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები: დაწყებული ტრანზიტის საფასურით, დამთავრებული რეალური სექტორის შენარჩუნებით და ამისი მკაფიო მაგალითია თბილისში, რამდენიმე თვის წინათ გახსნილი ბელორუსული კვების პროდუქტების მაღაზია, სადაც პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, კონცენტრატების გარეშე და იქ ყოველთვის რიგია. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, თვით საბაზრო ეკონომიკის პირობებში, შეინარჩუნო რეალური სექტორი, განავითარო და ექსპორტზეც წარმატებით იმუშაო. ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენც მეტი ძალისხმევა გვმართებს.
– გასაგებია, „გაზპრომს“ აქვს ჩვენს სახელმწიფოზე ზემოქმედების ბერკეტები. მაგრამ გაზი რომ არ გავატაროთ, სომხეთი ხომ ვერ მიიღებს გაზს?
– რუსეთს აქვს ბევრი ბერკეტი, საიმისოდ, რომ ცხოვრება გაგვირთულოს.
– მახსოვს, როგორ მოიქციეს „იუჟნაია ოსეტიას“ ტერიტორიაზე საერთაშორისო მილსადენის მონაკვეთი და ფულიც კი მოითხოვეს ოკუპანტების მიერ შეგულიანებულმა სეპარატისტებმა.
– ესეც და 10-15 წლის წინათ, რუსმა დიდმოხელე დობრიუჟამ უთხრა თავის ქართველ კოლეგას, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ თქვენ კარგად არ იცხოვროთო. როდესაც ასეთი მეზობელი გყავს, ფრთხილად უნდა იყო. ამას გარდა, დროთა განმავლობაში, რუსეთს შეეძლო, ირანიდან მიეწოდებინა სომხეთისთვის გაზი. ფაქტობრივად, ეს გამოიწვევდა იმას, რომ საქართველო ვერც შემოსავლებს მიიღებდა და ურთიერთობასაც დაძაბავდა არა მარტო რუსეთთან, არამედ ჩვენს მეგობარ სომხეთთანაც. ანუ რუსეთს შეეძლო უფრო მეტი ავის გაკეთება, ვიდრე ახლა მივიღეთ.
მაგრამ მე სხვა ასპექტზეც მინდა ყურადღების გამახვილება: ის 200 თუ 240 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი არის 4-5 პროცენტი იმ რაოდენობის, რასაც საქართველოს ეკონომიკა და მოსახლეობა მოიხმარდა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს. რას ვაპირებთ იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკა გაიზარდა  და დასჭირდა მეტი ბუნებრივი აირი?! გასაგებია, რომ შაჰ-დენიზის მეორე ნაკადის ამოქმედების შემდეგ გვექნება საშუალება, ორიოდ წელიწადში, მეტი გაზი შევიძინოთ აზერბაიჯანიდან, მაგრამ მანამდე როგორ იქნება?! ამდენად, კოგნიტური დისონანსის განცდა მიჩნდება ამ ხელშეკრულების შედეგიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, უნდა მოგვეწერა ხელი და მეორე მხრივ, აშკარაა, ქართული მხარე წამგებიან მდგომარეობაშია.
– ჩვენ გვახსოვს საგაზო ომები რუსეთსა და უკრაინას შორის, როდესაც რუსეთი აძვირებდა გაზს, უკრაინა აძვირებდა ტრანზიტის საფასურს, შემდეგ რუსეთი იმუქრებოდა, რომ გადაუკეტავდა გაზს როგორც უკრაინას, ისე ევროკავშირს. საქმეში ერთვებოდა ევროკავშირი და დიდი დავიდარაბა იყო. ამ ჩვენს შემთხვევაში კი, თუმცა გაზი სომხეთისთვისაა, სომხეთი ხმას არ იღებს. რატომ? მიღებული პრაქტიკაა, რომ მიმწოდებელი აგვარებს ტრანზიტის საკითხს?
– სომხეთი დაცულობას გრძნობს და რატომ გამოიდოს თავი, როდესაც მის ინტერესებს იცავს რუსეთი და რუსეთის ისეთი ძლიერი ინსტიტუტი, როგორიც „გაზპრომია“?! სხვათა შორის, თურქეთი, როდესაც ენერგეტიკული ჰაბობის პრეტენზია ჰქონდა, სანაცვლოდ ითხოვდა გატარებული ენერგორესურსების 15 პროცენტს. ასე რომ, საქართველოს ათი პროცენტი დიდი არ იყო. აქვე დგება საკითხი, გაზრდის თუ არა ეს ხელშეკრულება გაზის ტარიფს, რასაც დრო გვიჩვენებს. მეორე მხრივ, რუსეთს, მართლაც, შეეძლო, რომ სომხეთისთვის გაზი ირანიდან მიეწოდებინა და ამის ალბათობა ახლაც არსებობს.
– მაგრამ ეს ხომ ირანული გაზი იქნებოდა? რა ხეირი „გაზპრომს“? თუმცა ისიც მესმის, რომ რუსეთს ახასიათებს ეკონომიკური ინტერესის დათმობა პოლიტიკური ინტერესის მიღწევის მიზნით.
– საქართველოსაც შეუძლია ირანიდან გაზის მიღება. ტექნკურად ეს სავსებით შესაძლებელია. სხვათა შორის, 1991 წლის გაზაფხულზე ვითომ ქართველმა ენერგეტიკოსებმა ცხინვალის რეგიონს გადაუკეტეს ელექტროენერგია, გამსახურდიამ ხელები გაშალა და თქვა, მე რა ვქნა, ენერგეტიკოსების გადაწყვეტილებააო. ამას მოჰყვა ის, რომ რუსეთმა კავკსიონზე გაიყვანა ელექტროგადამცემი ხაზი და დღეს ცხინვალის რეგიონი საქართველოს ელექტროსისტემის მიღმაა დარჩენილი, ახლა გაჰყავთ გაზსადენიც. ამდენად, ტექნიკურად ყველაფერი შესაძლებელია: ალპების ქვეშ გაიყვანეს გვირაბი და არსებობს სრუტის ქვეშ გვირაბის გაყვანის პრაქტიკაც. მით უმეტეს, არანაირი პრობლემა არ არის სომხეთისთვის გაზის ირანიდან მიწოდება, რაც სომხეთს აღარ გახდის ჩვენზე დამოკიდებულს. რატომ გამოთქვეს 2008 წლის ომის დროს კასპთან აფეთქებული ხიდის აღდგენაში მონაწილეობის მიღების სურვილი სომხეთმა და აზერბაიჯანმა?! იმიტომ რომ, მათი ინტერესიც იყო. როდესაც ეკონომიკური ინტერესი არ არის, ამის შემდეგ, სხვა ინტერესები გამოდის პრობლემის გადასაწყვეტად. ამიტომ „გაზპრომთან“ ჩვენ ვიმოქმედეთ პრინციპით, ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო. ეს არ არის იდეალური პრინციპი, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ეკონომიკის მასშტაბებს, ალბათ, ნაკლები ბოროტების თეორიიდან შეიძლება ამის ახსნა.
– რატომ არის ხელშეკრულება საიდუმლო? რაც მეტი ინფორმაცია ექნება საზოგადოებას, ხომ მით უკეთესი? თუ გვეცოდინებოდა, რა წერია, საფრთხეებსაც უფრო ნათლად დავინახავდით?
– დროთა განმავლობაში ეს, ალბათ, გამჟღავნდება. ჩვენს ქვეყანაში იმისთვის, რომ გაიზარდოს და შემოვიღოთ გადასახადი, საჭიროა რეფერენდუმი,  ხოლო, რამდენს მივიღებთ რუსეთიდან სომხეთისკენ გატარებული გაზისთვის, ეს საიდუმლოა. ნდობის ვოტუმი წვრილმანებით ყალიბდება და როგორც პატარ-პატარა მდინარეები ქმნიან დიდი მდინარეს, ამ ცალკეული ნაბიჯებით ყალიბდება იმ ნდობის დონე, რაც საბოლოოდ, ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას ამარჯვებინებს ან ამარცხებს არჩევნებში. ხელშეკრულებაში შეიძლება, დათქმაა, რომ მხარეები მედიასაშუალებებს არ გადასცემენ ხელშეკრულებას და ამას კანონი სრულიად არ სჭირდება. როდესაც კონკრეტული ციფრები დაიდება, გამოჩნდება, რამდენად მომგებიანი თუ წამგებიანია ეს ხელშეკრულება. გაზი იმ იშვიათ საქონელს მიეკუთვნება, რომლის ღირებულებასაც, სხვა საქონლისგან განსხვავებით, ინფრასტრუქტურის ღირებულება გაცილებით აღემატება. როდესაც ჩვენ შეფუთულ ტელევიზორს ან მაცივარს ვყიდულობთ, შეფუთვა ფასში გათვალისწინებულია, მაგრამ მისი ღირებულება ძალიან დაბალია. გაზს კი ვერ გაყიდი, თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის. ეს კი მრავალმილიარდიანი პროექტია, ამიტომ სპეციფიკური საქონელია. თავისუფლად ვერ აარჩევ ვერც კლიენტს და ვერც მომწოდებელს. თავის დროზე დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა თურქმენეთი, რუსეთის გვერდის ავლით გაეტანა თავისი გაზი ევროპისკენ, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს. მსხვილი ინფრასტრუქტურის მშენებლობის რესურსი აქვთ მხოლოდ დიდ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო კომპანიებს.
– რაკი სომხეთი ხელს იბანს და არ იღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში, თავისი სახელმწიფოებრიობა უბრალოდ რუსეთს გადააბარა თუ ჩვენდამი არაკეთილგანწყობას ამჟღავნებს?
– ჩვენ მხოლოდ მორალის კუთხით შეგვიძლია, ვილაპარაკოთ, რომ აი, მეზობლები ვართო, მაგრამ ეს სუფთა წყლის ბელეტრისტიკაა. პოლიტიკაში ეს ფაქტორები არ მუშაობს. ხაზს ვუსვამ, თუ სომხეთის ინტერესების დამცველად  გამოდის „გაზპრომი“, სომხეთი თავის ინტერესებს უფრო წინ აყენებს, ვიდრე საქართველოს მიერ გამოთქმულ კეთილმეზობლურ შეძახილებსა თუ სადღეგრძელოებს. ამდენად, ზედმეტად თავს არ გამოიდებს.
– სომეხი პოლიტოლოგები ჩივიან, რომ საქართველო მათ ცუდად ექცევა, სულ უძვირებს გადაზიდვის ტარიფებს. აზერბაიჯანელები არ ჩივიან, არადა, წესით, ერთი და იგივე ტარიფი  ექნებათ. ამ კონტექსტში დავსვი ეს კითხვა.
– ჩვენ ვლაპარაკობთ გაზზე, მაგრამ, თუ სავაჭრო ურთიერთობებს შევხედავთ: იმავე რუსეთისგან ზამთარში ჩვენ ელექტროენერგიას უფრო ძვირად ვყიდულობთ, თითქმის ორჯერ ძვირად, ვიდრე ზაფხულში ვაწვდით მათ. და ცალკეული წლების მიხედვით ამ ელექტროენერგიის მოცულობა თითქმის ნახევარი მილიარდი კილოვატ-საათია. ასევე, იმის გამო, რომ დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა და ვერ ვაკონტროლებთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, საქართველოს ეკონომიკა შეჭირვებულ მდგომარეობაშია და დობრიუჟას მიერ გახმოვანებული პოლიტიკის წყალობით, 1991 წლის შემდეგ, საქართველომ 400 მილიარდი დოლარის მთლიანი შიგა პროდუქტი ვერ აწარმოა და 100 მილიარდი დოლარის შემოსავალი ვერ მიიღო ბიუჯეტმა. ამ დროს კი ჩვენ ვლაპარაკობთ, 20-მილიონიან ზარალზე. მასშტაბებზე რომ ვილაპარაკოთ. სტრარტეგიულად უნდა ვიმოქმედოთ. საქართველომ უნდა აღიდგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა, დაამყაროს რუსეთთან, სომხეთთანაც და სხვა მეზობლებთანაც, კეთილმეზობლური ურთიერთობები და კონფრონტაცია გადავიყვანოთ ეკონომიკურ სფეროში პოზიტიური ნიშნით. ამის პოტენციალი აქვს საქართველოსაც და ჩვენს მეზობლებსაც და მაშინ, 6 თუ 26-მილიონიან ზარალზე აღარ ვილაპარაკებთ. 2003 წლამდე ჰოლანდია ყვავილების ექსპორტიდან იღებდა იმაზე მეტს, ვიდრე იყო საქართველოს მთლიანი შიგა პროდუქტი. აი, ასეთ მასშტაბებზეა ლაპარაკი. ვიბრძოლოთ სამართლიანობისთვის, 6 მილიონი გამოვგლიჯოთ „გაზპრომს“, გავიუარესოთ ურთიერთობა მეზობლებთან თუ წავიდეთ წინ: გამოვნახოთ რუსეთთან საერთო ენა, რაც დაგვიბრუნებს ტერიტორიებს, არ დათმობს ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს და მოგვცემს საშუალებას, ვაწარმოოთ 600-ჯერ 6 მილიონის დამატებული ღირებულება ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის რეინტეგრაციით. ეს უნდა იყოს ჩვენი ძირითადი ამოცანა, ყველა დანარჩენი საკითხი ტაქტიკურია.

скачать dle 11.3