კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ლერი ხაბელოვი 20 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი და რატომ გააგდეს ის სამჯერ საჭიდაო დარბაზიდან #3

ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი  მეორედ გახდა.  ცნობილ სპორტსმენს, მსოფლიო და ოლიმპიური ტიტულების მფლობელს, მომავალი ოთხი წელი კვლავ სპორტის ოლიმპიურ სახეობებზე ზრუნვა მოუწევს.  ვინ ვინ და მან ყველაზე კარგად იცის სპორტული გამარჯვებისა და კვარცხლბეკზე დგომის ფასი. ლერი ხაბელოვის ცხოვრება კადრს მიღმა – როგორ დაიწყო გზა დიდი სპორტისკენ არც მეტი, არც ნაკლები, მუსიკალური სკოლიდან და რას ვერ შეელია ის  წარსულიდან, ამას თავად ბატონი ლერისგან შეიტყობთ, რომელიც საინტერესო და გულწრფელი  რესპონდენტია.     
ლერი ხაბელოვი:  ის, რომ სპორტულმა საზოგადოებამ  არჩევანი  კვლავ ჩემზე გააკეთა დაკავშირებულია  ჩემს საქმიანობასთან, მადლიერი ვარ ყველასი, ვინც    შეაფასა ჩემი მუშაობის  განვლილი ოთხწლიანი პერიოდი,  კვლავ მანდო ეს  პოზიცია  და დაინახა  ჩემში პერსპექტივა, რომ უკეთესად გავაკეთებ იმ საქმეს, რასაც ვემსახურები ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის  რანგში. ოლიმპიური მოძრაობა დაკავშირებულია მაღალი მიღწევების სპორტთან,  ეს არის ოლიმპიური თამაშები, და  ზოგადად ოლიმპიური იდეების პოპულარიზაცია, საზოგადოებაში დანერგვა, რომ ეს არის ყველაზე მასშტაბური მოძრაობა, აღიარებული მთელ მსოფლიოში, რომელშიც  გაერთიანებულია 206  ქვეყანა, თამაშებში მონაწილეობას იღებს 11 000 სპორტსმენი.  სპორტულ ნაწილში ჩვენ საკმაოდ  კარგი მიღწევები გვაქვს, ბოლო ოლიმპიადაზე ავიღეთ 7 მედალი, გავაუმჯობესეთ ჩვენი შედეგები, რაც წინა ოლიმპიადაზე  ლონდონში გვქონდა. მოხარული ვარ, რომ  საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა  დამაჯილდოვა მუკის უმაღლესი ორდენით და არა მხოლოდ ჩემი სპორტული მიღწევებისთვის, არამედ იმ ღონისძიებებისთვის, რაც ჩვენი ოლიმპიური კომიტეტის მიერ ჩატარდა.
– ქართულ სპორტს, საკმაოდ რთული კულისები აქვს. არცერთი სპორტული  ფედერაციის ხელმძღვანელი არ არჩეულა მარტივად, კულუარული გარიგებების გარეშე. თქვენი არჩევა, ამ მხრივ  თითქოს გამონაკლისიც კი იყო, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის წევრი ხართ და სახელისუფლო გუნდთან დაკავშირებული ადამიანი.
– როდესაც გადავწყვიტე, არა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელად, არამედ ოლიმპიურ კომიტეტში უნდა წავსულიყავი,  პირდაპირ დავაყენე  საკითხი, არჩევნები ჩატარებულიყო ისე, რომ არ გაჩენილიყო კითხვის ნიშნები, რაც  სპორტული  ფედერაციების  ხელმძღვანელების  არჩევნების დროს გაჩნდა. ვგულისხმობ, იმ მითქმა-მოთმას,  რომ  სპორტული ფედერაციების არჩევნებში ერევა ხელისუფლება. არჩევნები მართლაც ისე ჩატარდა, რომ ერთ კაცს არ უთქვავს რაიმე საეჭვო. ეს არჩევნები ჩატარდა სპორტულად, სუფთად, რაც იყო კიდეც ჩემი მიზანი. მე   საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ეს ყველაფერი, მათ შორის, რეპრესიებიც,  როდესაც  ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი, ბადრი პატარკაციშვილის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობისას. მასთან კაბინეტში ვიყავი, დაახლოებით, 50 კაცი რომ შემოიჭრა და  კაცს, რომელმაც ქართული სპორტისა  და ოლიმპიური კომიტეტისთვის საკუთარი ფინანსებით ბევრი რამ გააკეთა, ჩემთან ერთად, მოღალატე უძახეს. ბევრ რამეს მთავაზობდნენ, რომ  მათ „ბანაკში” გადავსულიყავი. ჩემთვის რეპუტაცია იმდენად ძვირფასია, რომ მათ ვერც კი წარმოედგინათ.   მერე იყო 2008 წელი, პეკინის ოლიმპიადა, რომელიც ჩემთვის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. მე ვიყავი მისიის ხელმძღვანელი, სწორედ იმ პერიოდმა მიბიძგა, უფრო აქტიურად ჩავრთულიყავი პოლიტიკაში. იქამდე ბევრი პარტიიდან მქონდა შემოთავაზება, მონაწილეობა მიმეღო საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი. 2008 წელს  თვალნათლივ დავინახე, როგორ ერეოდა ხელისუფლება სპორტში. მოგეხსენებათ,  პეკინის ოლიმპიადა დაემთხავა აგვისტოს ომის რთულ პერიოდს.  პეკინში  ძალიან კარგი გუნდი გვყავდა. ჩვენი სპორტსმენები  მობილიზებული იყვნენ გამარჯვებისთვის. ღონისძიებას საქართველოდან  დიდი დელეგაცია ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ დეპუტატები  „ნაციონალური მოძრაობიდან“. ასევე,  მაშინდელი პირველი ლედი სანდრა რულოვსი.  თბილისში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ  პროტესტის ნიშნად დაგვეტოვებინა ოლიმპიადა. სპორტსმენისთვის, რომელიც ოლიმპიადისთვის ოთხი წელი კი არა, მთელი ცხოვრება ემზადება, ამაზე  მძიმე მოთხოვნა რა უნდა იყოს?! რამდენიმე სპორტსმენმა პროტესტი გამოხატა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იყო.  ძნელია, პოლიტიკოსმა გაიგოს, რას ართმევს ამ მოთხოვნით სპორტსმენს. მე, როგორც სპორტსმენს, კარგად მესმოდა, რას ნიშნავდა მათთვის ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლების წართმევა და  ვთქვი, თუ  ერთი სპორტსმენიც კი დარჩება,  მე აქედან ფეხს არ გავადგამ-მეთქი.   მკვეთრი იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნა. ოლიმპიადა რუსეთის მოწყობილი ღონისძიება ხომ არ იყო, რომ პროტესტი გამოგვეთქვა. თუმცა, არც ის იყო  სწორი, რომ შემდეგ,  სოჭის  ოლიმპიადაში არ მიეღო ჩვენს გუნდს  მონაწილეობა. თბილისიდან თითქმის აფრენილი იყო თვითმფრინავი, რომელსაც პეკინიდან  თბილისში  უნდა წაეყვანა ჩვენი გუნდი.  ჩვენი ბოიკოტი არ მოეწონა ხელისუფლებას და გადაწყვეტილება შეცვალეს.  ეს იყო ბოლო წვეთი, რამაც დამაპირისპირა  მაშინდელ ხელისუფლებასთან.      
–  თქვენი სპორტული კარიერისა და წარმატებების მიღმა, ბევრისთის ძნელი წარმოსადგენი იქნება,   რომ  თქვენი სპორტული გზა „მალულად,” ფორტეპიანოს კლასის გავლით დაიწყო.
–    მე ვცხოვრობდი ავჭალაში. მეხუთე კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა ჩვენს სახლთან ახლოს, მუსიკალური სკოლა გახსნეს.    სკოლის დირექტორი მამაჩემთან მეგობრობდა. მამამ გადაწყვიტა, რომ მუსიკალური მონაცემები მქონდა და ფორტეპიანოს კლასში შემიყვანა.  ოთხი წელი ვიარე. მარტო ფორტეპიანოზე კი არა, კლარნეტზეც ვუკრავდი. ავჭალაში მაშინაც და    ახლაც ფიზიკურად ძლიერი ახალგაზრდები ცხოვრობდნენ. მათი უმეტესობა ჭიდაობაზე დადიოდა „ნახალოვკაში.”, ემოციური ბიჭი ვიყავი. როცა ჩემი კლასელები  ჭიდაობის ილეთებზე ლაპარაკობდნენ, სულ ვფიქრობდი,   მე  მუსიკალურში  დავდივარ, ესენი ჭიდაობაზე, რამე რომ იყოს, რატომ უნდა მომერიონ-მეთქი.  ერთ დღეს  ჩემი   თანაკლასელი ჩხუბში მართლა მომერია.  ავდექი და მეც წავედი  „ნახალოვკაში,” სპორტულ დარბაზში. ჩემებს რომ ეგონათ, მუსიკალურ სკოლაში ვიყავი, მე, ჩემი კლარნეტით,  დარბაზში  მივდიოდი საჭიდაოდ (იცინის).  ორი წელი არ იცოდნენ სახლში, რომ ჭიდაობაზე დავდიოდი. სახლში კი არა, დარბაზშიც არ იცოდნენ. ახალი მისული ვიყავი და  ერთმა დამარიგა:  აქ ორი მასწავლებელია, ერთს უთხარი, რომ მეორე გავარჯიშებს, მეორეს უთხარი, რომ პირველის ჯგუფში ხარო. მეც შევასრულე ეს  ინსტრუქცია და ასე, არალეგალურად ვიარე  საკმაოდ დიდხანს.   პირველივე  შეჯიბრებაზე, ქალაქის ტურნირზე, მესამე ადგილი ავიღე.   ძალიან ცელქი და მოჩხუბარი ვიყავი, ამის გამო  სამჯერ გამაგდეს ჭიდაობიდან. მაგრამ, სამჯერვე უკან დამაბრუნეს. საბჭოთა კავშირის ინტერნატების შეჯიბრებაზე, გლდანის ინტერნატის სახელით გამოვედი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდი. ამას მოჰყვა მოსწავლეთა სპარტაკიადა, სადაც ასევე, გავიმარჯვე – გავხდი   მოსწავლეთა მსოფლიოს ჩემპიონი. არცერთი შეჯიბრება არ წამიგია. 20 წლის ვიყავი, როცა   100 კილოგრამ წონით  კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი. 
– საქართველოში სპორტსმენის მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის გამორჩეული იყო,  რაც ალბათ, ძალიან გიიოლებდათ ცხოვრებას. 
– 20 წლისა მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი და რა თქმა უნდა, მთელმა ავჭალამ გამიცნო, ყველაზე პოპულარული ბიჭი გავხდი.   სკოლაში ლენინის, მარქსის, ენგელსის  პორტრეტების გვერდით,  ჩემი სურათი ეკიდა (იცინის). სპორტსმენს ყველაზე კარგად მაინც პირველი ნაბიჯები ახსოვს. თუმცა, არც  ის წარმატებები მავიწყდება, მერე და მერე რომ მოვიდა. მსოფლიოს ჩემპიონი რომ გავხდი, თითქოს დავწყნარდი. არ ვიყავი დიდი, არც გამოცდილება მქონდა   და ვიფიქრე, დამთავრდა, ყველაფერს მივაღწიე და ახლა კარგად უნდა ვიცხოვრო-მეთქი (იცინის). ეს  იყო  და მეორე წელს ისეთი ჩავარდნა მქონდა, ყველა ტურნირი წავაგე. არ მეპატია  „ვარსკვლავური შემოტევა” (იცინის). ის იყო და ის – დამთვარდა ჩემი ვარსკვლავობა. მაშინ  საბჭოთა კავშირს ისეთი ძლიერი გუნდი ჰყავდა,  ყველა წონით კატეგორიაში იმდენი მაგარი  კონკურენტი იყო, რომ შენი უკან დახევა, სხვისი წარმატება იყო. ასე არ გამოვა-მეთქი, ვუთხარი საკუთარ თავს და  ისევ ისეთი   ვარჯიში დავიწყე.  კორეაში, სეულის  ოლიმპიადაზე, როცა   წინა წლის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები ქულის დაკარგვის გარეშე მქონდა მოგებული, ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ერთ-ერთი ფავორიტი ვიყავი, ტრავმის გამო არ გამიმართლა.  სამი დღე ვიჭიდავე მყესდაზიანებულმა. ფინალში მყავდა მოწინააღმდეგე, რომელსაც 7-8-ჯერ ვიყავი შეხვედრილი და ძალიან იოლად ვუგებდი. ფეხზე ვერ ვიდექი, რამდენიმე გამაყუჩებელი მქონდა გაკეთებული, მაგრამ ჩემი მოწინააღმდეგის სისუსტით გათამამებულმა ვიფიქრე, ამან რა უნდა გააკეთოს, რომ მაჯობოს-მეთქი და გავედი ხალიჩაზე.  როცა საკუთარ თავში ხარ  დარწმუნებული,  კარგია, მაგრამ თუ ზომაზე მეტად ხარ დარწმუნებული – ცუდი. ეს დამემართა მეც და ის თამაში წავაგე.   1988 წელი იყო.  ოთხი წელი „ველოდე” ჩემს რიგს – მომავალ ოლიმპიაადაზე გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი, რაც ჩემს კარიერაში დიდი გამარჯვება იყო.
– ამ გამარჯვებების მიღმა როგორ მიდიოდა თქვენი პირადი ცხოვრება.
–   ფიზკულტურის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სანამ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარებდი, მოვეწყვე ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში, რომელიც კავშირის მასშტაბით, ცნობილი ინსტიტუტი გახლდათ.  პროფესიით ზოოინჟინერი ვარ, თუმცა უდიპლომო -  როცა ამ ქვეყანაში  არეულობა დაიწყო და სწავლა მივატოვე, იურიდიულზე გადავედი. ცოტაოდენი ზოოსაინჟინრო პრაქტიკა მაქვს.  ჩემი ცხოვრება  მაინც სულ სპორტთან იყო დაკავშირებული, პირადი ცხოვრებისთვის არ მეცალა.  ამიტომ, გვიან დავოჯახდი, როცა  აქტიურ სპორტს ჩამოვშორდი მერე. ხუთი შვილი მყავს, პატარა ჯერ სამი წლისაა. ჩემი მეუღლე  დაღესტნიდანაა.  ვლადიკავკაზში გავიცანი და იქიდან ჩამოვიყვანე. მაშინ ვლადიკავკაზში ვცხოვრობდი. ჩემმა მეუღლემ, თბილისში რომ ჩამოვიყვანე, ერთი სიტყვა არ იცოდა ქართულად. თუმცა, ძალიან მალე ისწავლა და თან, ძალიან კარგად.   საქართველო ისე უყვარს, ვლადიკავკაზი არც  კი ახსოვს.  დღეს ჩვენი ოჯახი თბილისში ცხოვრობს. ჩემი მესამე ბიჭი, რომელსაც ლერი ჰქვია, ხასიათით  ძალიან  მგავს  - ისიც  ჭიდაობაზე დადის. ვნახოთ, რა გამოვა.  მის სპორტულ კარიერაში არასდროს ჩავერევი, თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე ყოველთვის მარტო ვრჩებოდი ჩემი არჩევნის პირისპირ და თავად ვიყავი პასუხისმგებელი საკუთარ გადაწყვეტილებებზე. ასე მინდა, იცხოვრონ  ჩემმა შვილებმაც.   ავჭალაში დღესაც მაქვს   მამაჩემის აშენებული სახლი, რომელიც ყველაფერზე მეტად მიყვარს. როგორც კი თავისუფალ დროს მოვძებნი, იმ სახლში მივდივარ.  სადაც არ უნდა ვიცხოვრო, მაინც ავჭალის სახლში ვბრუნდები. იქ,  მიწაზეც ვმუშაობ. მყავს ძაღლები, ორი კავკასიური ნაგაზი.    ძაღლების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს.  იყო დრო, სანადიროდ დავდიოდი, მაგრამ ერთხელ ჩემ თვალწინ შველი მოკლეს და ამან ისე იმოქმედა, იმის მერე ნადირობისკენ აღარ გამიხედავს.  ცხენებიც მიყვარს. ადრე მყავდა ცხენები, ახლა აღარ მყავს. ვერ ვიცლი. თუ ბაკურიანში ვარ, სხვისი ცხენებით ვჯირითობ. ახლა ჩემი მთავარი ჰობი წიგნებია – განსაკუთრებით ისტორიული წიგნების კითხვა მიყვარს. შემიძლია, დავჯდე და საათობით ვიკითხო. ჩემი დრო ისეა ლიმიტირებული, მას ან შვილებს ვუთმობ, ან კითხვას.     სახლში საორგანიზაციო საქმეები მეუღლეს აქვს გადაბარებული. თუმცა, როცა მცალია, ბავშვებთან მოთამაშეც   შეიძლება, მნახოთ. ახლა ბაკურიანში ვიყავი, სკუტერითაც   კარგად გავერთეთ. ლერის ნარდს ვეთამაშები ხოლმე, თუ წავაგე, მცირეოდენ თანხას ვაძლევ, მოგების სანაცვლოდ. თუ მან წააგო, წიგნი უნდა წაიკითხოს, ასეთი გარიგება გვაქვს  (იცინის).
- ბოლოს სპორტულ ხალიჩაზე როდის იდექით?
–  ათი წელი იქნება, არ მიჭიდავია. ბოლოს ფალავანთა კლუბში ვიჭიდავე, ჩვენს დარბაზში.  ჩემი მეგობრები იყვნენ ჩემი მეტოქეები. იმის მერე, არ მიჭიდავია. ისე მენატრება ის წლები, ხშირად სიზმარშიც კი  ვხედავ, რომ ტურნირზე გამოვდივარ.

скачать dle 11.3