კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის აუცილებელი შვილისთვის ნათლობამდე ქრისტიანული სახელის დარქმევა და რა შემთხვევაში შეიძლება, იწოდებოდეს ქრისტიანი სხვის ნათლიად #3

19 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღეს ეკლესიაში წმიდა აიაზმა იკურთხება. ნათლისღება ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში, სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. ნათლისღების დღესასწაულზე მოხდა სწორედ ღვთის განცხადება. ამ დღის შემდეგ დაწესდა ნათლობის საიდუმლო, რომლის ძალითაც ადამიანი ქრისტეს ეკლესიის წევრი ხდება. ამ საიდუმლოზე გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 –  ვრცლად და ყველასთვის სარწმუნოდ, მართლმადიდებლური სწავლება ჩვილ ყრმათა მონათვლის შესახებ გადმოცემული აქვს მოსკოვის მიტროპოლიტს, წმიდა მაკარის: „თუკი ნათლისღება აუცილებელია ყველა ადამიანისთვის, როგორც ერთადერთი კარი ცათა სასუფეველში შესასვლელად, მაშინ ეს საიდუმლო უნდა მიეცეთ არა მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს, არამედ ჩვილ ყრმებსაც, რამეთუ ყრმებსაც აქვთ უნარი ღმერთის სასუფეველში შესვლისა, სულიწმიდით განათლებისა... ცათა სასუფეველში შესვლა სხვაგვარად არ ძალუძთ, თუ არა მხოლოდ ნათლისღებით – წყლითა და სულიწმიდით შობით შეუძლია ადამიანს ცათა სასუფეველში შესვლა, რადგან „შობილი იგი ხორცისგან ხორცი არს და შობილი იგი სულისგან – სული არს“. ასე რომ, სამოციქულო ეკლესიის სწავლების თანახმად, ადამიანის ნათლისღება მის ყრმობის ასაკშივე უნდა აღსრულდეს. ახალშობილი დაბადებიდან მერვე, ან მეორმოცე დღეს უნდა გაინათლოს, ხოლო, თუ ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მაშინ, ჯობია, მისი მონათვლა დაბადებისთანავე მოხდეს, რაც ხშირ შემთხვევაში, გამოჯანმრთელების მიზეზიც გამხდარა. ახალშობილს ორმოცი დღის განმავლობაში ღმერთი დასაცავად მფარველ ანგელოზს უგზავნის.
– რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა ჩვილისთვის სახელის დარქმევისას?
– წმიდა ოქროპირის გადმოცემით, ქრისტიანთათვის წმიდანთა სახელების დარქმევის ტრადიცია ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დამკვიდრდა. ნეტარი თეოდორატის მოწმობით კი, ახლად ნათელღებული სულებისთვის წმიდანთა სახელების წოდება საყოველთაო წესად მეოთხე საუკუნეში გადაიქცა. ქრისტიანებმა კარგად უწყოდნენ წმიდანთა ღვაწლი უფლის წინაშე, მათი ღვთისნიერი საქმეები, უყვარდათ ისინი და თავიანთი შვილებისთვის მათი სახელის დარქმევა დიდ პატივად მიაჩნდათ. თუმცა, თეოფანე დაყუდებული ჩიოდა, სახელებს ჩვენში არაღვთიურად არჩევენო. წმიდანები ყოველთვის ეხმარებიან და შეეწევიან ადამიანებს. როდესაც მათ სახელებს ვარქმევთ ჩვენს შვილებს, მათ უკვე  წმიდანების სახით ჰყავთ მფარველები, რომელთა წინაშე მთელი ცხოვრება უნდა ილოცონ, დახმარება, შემწეობა სთხოვონ და მადლობა გადაუხადონ. რომელ დღესაც დაიბადება ყრმა, ან რომელ დღესაც ინათლება, ანდა ამ ორ მოვლენას შორის დროის მონაკვეთით შეარჩიეთ სახელი, ან ნათლობიდან ახლოს სამი დღის პერიოდიდან. ამ დროს გადამწყვეტი ადამიანური მოსაზრება კი არ იქნება, არამედ, როგორც უფალი მიგვანიშნებს, რადგან დაბადების დღე უფლის ხელთ არის. ეკლესიური განაწესით, ჩვილს ქრისტიანული სახელი ნათლობამდე ერქმევა, რაც ნათლობისადმი მოსამზადებელი მოქმედებაა. კურთხევანის მიხედვით, ქრისტიანს სახელი დაბადებიდან მერვე დღეს ერქმევა, ისევე, როგორც იესო ქრისტეს დაარქვეს დაბადებიდან მერვე დღეს.
– მამაო, რის მიხედვით უნდა შეარჩიონ მშობლებმა შვილებისთვის ნათლიები და რა პასუხისმგებლობა ეკისრება ნათლიას ნათლულის მიმართ?
– ნათლია უნდა შეირჩეს სულიერი ღირსებებისა და არა ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს რეალობაში ნათლიის ინსტიტუტი არ არსებობს. არადა, ნათლიამ ნათლულის სულიერ აღზრდაში დიდი როლი უნდა შეასრულოს. ნათლია სარწმუნოების დოგმატებში კარგად უნდა იყოს განსწავლული, ხშირი აღმსარებელ-მაზიარებელი უნდა იყოს, ზეპირად უნდა იცოდეს მართლმადიდებელი სარწმუნოების სიმბოლო – „მრწამსი“ და უნდა ცხოვრობდეს ქრისტიანული წესებით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აქვს მას უფლება, იწოდოს სხვა ადამიანის ნათლიად, მიმრქმელად. ვინც უფლის წინაშე ნათლიებად არიან დადგენილები, განკითხვის დღეს პასუხს აგებენ იმის მიხედვით, თუ როგორ შეასრულეს თავიანთი მოვალეობანი. დიდი სჯულის კანონის მიხედვით, ადამიანს მხოლოდ ერთი ნათლია უნდა ჰყავდეს, სასურველია, მამაკაცს – კაცი ნათლია, ხოლო დედაკაცს – ქალი. ასევე, განსაზღვრულია ნათლიის ასაკი – ის აუცილებლად 12 წლის ზემოთ უნდა იყოს.
– რას ემსახურება ადამიანებისთვის საეკლესიო დღესასწაულები, მათ შორის, მაცხოვრის შობა, ნათლისღება?
– ყველა დღესასწაული ემსახურება ადამიანის განღმრთობას, მის კეთილდღეობას. ჩვენ ვხედავთ, რომ საუკუნეები, წლები გადის, იცვლება და მოდის სხვადასხვა ხელისუფლება, მაგრამ ადამიანის ცვლილება და კეთილდღეობა მაინც შორსაა. დღეს ასეთი მოარული გამონათქვამიც არსებობს: გვეშველება რამე? ამას ჩვენც გვეუბნებიან ხან ირონიით, ხან ხუმრობით, ხანაც სრული სერიოზულობით, სასოებით. ჩვენ მათ ვპასუხობთ: თუ ადამიანს  განკაცებული ღმერთის სწავლება არ მიუღია, არ სჯერა და არ ატარებს იესო ქრისტეს სახელს სარწმუნოებითა და სიყვარულით, მას‚ ბუნებრივია‚ არაფერი ეშველება. მაგრამ, შენ თუ გწამს, რომ იესო ქრისტე განკაცებული ღმერთია, შენთვის მოვიდა, აღდგა, ამაღლდა, მჯდომარეა მარჯვენით მამისა, მაშინ შენ უკვე ნაშველები გაქვს. მაგრამ, თუ შენ კიდევ ეძებ ვინმე გადამრჩენელს, მესიას, ლიდერს, ბელადს, ბუნებრივია‚ ყოველთვის იქნები იმედგაცრუებული –  სხვადასხვა ბელადით შეიცვლება ჩვენი სასოება და ოცნება. უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: თუ ადამიანმა არ იცის ჭეშმარიტება, ის იქნება ცრუ სწავლებით შეპყრობილი. იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: სამი ჭეშმარიტება გაგვათავისუფლებს ჩვენ. თუ განკაცებული ღმერთი არ არის ჭეშმარიტება, ბუნებრივია, ადამიანის ცნობიერებაში ადგილი ცარიელი არ რჩება. მას უკვე ცრუ სწავლება და იდეოლოგია იკავებს. ჯერ კიდევ სამოთხეში, როცა ადამიანმა შესცოდა, დაეცა, მაშინ ჩაითესა მასში ეშმაკი და ცრუ სწავლება. ანუ, ღმერთზე ცრუ სწავლება სამოთხეშივე იქნა შემოტანალი. დღეს‚ სამწუხაროდ‚ ბევრმა არ იცის, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია და ის იშვა ჩვენი ცხონებისთვის – იმისთვის, რომ ადამიანი გადარჩეს. ნანოტექნოლოგიების ეპოქაში საჭირო აღარ გახდება აღარც ღმერთი და აღარც მოძღვარი, ეკლესია... ადამიანი იფიქრებს, რომ ქვეყანაზე მარადიული ცხოვრებაა და აღარ მოითხოვს ღმერთისგან პურს არსობისას. ბევრი იფიქრებს, რომ სწავლება ღმერთზე – ეს წინა საუკუნეების გადმონაშთია, მოძველდა რელიგია, მაცხოვარი, განკაცება და მათთვის თანამედროვე ტექნოლოგიები დაიკავებს მოძღვრის, ეკლესიისა და ღმერთის ადგილს. დღეს აშკარად არა‚ მაგრამ შეფარულად უკვე არის ამის ნიშნები. ჩვენ თანმიმდევრულად უნდა ვამხილოთ ის ცრუ სწავლება, ცრუ იდეოლოგია, რომელიც‚ სამწუხარიდ‚ შემოსულია თანამედროვე რეალობაში. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში პავლე მოციქული ეუბნება ტიმოთეს: დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებას აღარ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ გულის მომქავებელ სწავლებას. ეს არის პირველ საუკუნეში ნათქვამი და ბუნებრივია‚ ოცდამეერთე საუკუნეშიც გრძელდება.

скачать dle 11.3