კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

იპოვე ალმასი #2

ახალგაზრდა დეტექტივს, პოლ პრაისს მსხვილმა სადაზღვევო კომპანიამ მოულოდნელად გაუჩინარებული, მილიონ-ნახევარ დოლარად შეფასებული ალმასის „რეგენტის“ პოვნა სთხოვა და სოლიდურ გასამრჯელოსაც დაჰპირდა. პოლი იმით იყო გამორჩეული, რომ მუშაობის საკუთარი წესები ჰქონდა. ანუ, თავისი წესებით „თამაშობდა“ და თანაშემწედ, პოლიციაში დიდი ხნის განმავლობაში ნამუშევარი, ტომ მიკი ჰყავდა. ტომმა ხელი ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს დაკარგა და პოლ პრაისმა ის გალოთებული იპოვა. იმ დღის მერე ტომი მის მთავარ ინფორმატორად იქცა. საოცარი მეხსიერების პატრონმა მთელი კრიმინალური სამყარო ზეპირად იცოდა. პოლი და ტომი ღამის კლუბში ადვოკატების წვეულებაზე სპეციალურად წავიდნენ. იქ უნდა ყოფილიყო ადვოკატი, რომელსაც ციხიდან წერილები გამოჰქონდა. პატიმრობაში მყოფი ვინმე როჟი მაგიუ ალმასის მოპარვაში იყო ეჭვმიტანილი, მაგრამ რადგან ნაქურდალი ვერ აღმოუჩინეს, წინასწარი პატიმრობა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის შეუფარდეს და ახლა სასჯელს ელოდებოდა. ტომი ვარაუდობდა, რომ რადგან მისი ადვოკატი ფრენკ ბოსტვიკი იყო, როჟი აუცილებლად შეეცდებოდა, ციხიდან თანამზრახველებს დაკავშირებოდა. პოლს იმედი ჰქონდა, რომ ამ გზით ალმასის კვალზეც გავიდოდნენ.
– წერილს მაგიდაზე ან სკამზე დატოვებს, შეძლებ, შეუმჩნევლად მიუახლოვდე? – ჰკითხა შეფს ტომმა და მაგიდასთან მჯდომი ადვოკატისკენ ანიშნა.
– მარტო რატომ არის?
– იმიტომ, რომ აქ სადაზღვევო კომპანიაში მომუშავე ადვოკატებიც არიან, – განუმარტა ტომმა და ვისკის მოზრდილი ყლუპი გადაუშვა ხახაში, – მთავარი ეგ არ არის. შეუმჩნევლად მიხვალ?
– კი. წერილს ვინ აიღებს?
– ალბათ ბანი-ხტუნია... მას უნდა დაასწრო.
– გავიგე. ახლავე. მთავარია, ცეკვები დაიწყოს.
მალევე კლუბში სანთლები ჩაქრა და წყვილებმა ცეკვა დაიწყეს. პოლი პრაისიც ადგა. ბევრი არ უფიქრია, იქვე მჯდომ ქერა, გამომწვევად ჩაცმულ ლამაზმანს მოჰკიდა ხელი და საცეკვაოდ გაიწვია. არაჩვეულებრივად ცეკვავდა, გრაციოზულად და ჰაეროვნად. ცეკვითვე მიუახლოვდა ადვოკატის მაგიდას. წერილი სანათის ქვეშ იდო. პოლი დატრიალდა, პარტნიორი შემოატრიალა და წერილი სწრაფად გამოაძრო სანათის ქვემოდან. ადვოკატს არაფერი შეუნიშნავს, მაგრამ, როცა ტომისკენ გაიხედა, გაოცდა, პარტნიორი რაღაცას ანიშნებდა. უფრო ხიფათის მანიშნებელი ჟესტიკულაცია იყო. პარტნიორი ქალი კი მართლა ძალიან ლამაზი და სექსუალური იყო, თან ისე უყურებდა თავისი წყლისფერი თვალებით...
– როგორ ახერხებ, რომ მუდმივად ხიფათს იზიდავ? რატომ იცეკვე იმ გოგოსთან, – აღშფოთებული ეცა ტომი, როცა ცეკვა მორჩა და კლუბიდან გარეთ გამოვიდნენ.
– რატომ? ცუდად ვცეკვავდით?
– იცი, ეგ ქალი ვინ არის? როჟი მაგიუს საყვარელი – სტელა მოლეი. ძალიან საშიში ქალია.  ბენ დესმირადი – ჰო, ჰო, ცნობილი ბენი ისე ჩამოიშორა გზიდან, ხელი არ აჰკანკალებია. ძალიან გადარჩი.
პოლმა ჩაიცინა.
– ტყუილად იცინი. მან დაინახა, როგორ აიღე წერილი. ახლა შენზეც ინადირებს.
– მთავარია, ალმასი ვიპოვოთ. როგორ ფიქრობ, სტელას აქვს?
– არა მგონია. სტელამ არც  იცის, როჟიმ ალმასი სად დამალა. როჟი მაგიუ ძალიან ფრთხილი ვინმეა. ქალებს არ ენდობა, მით უფრო, სტელას. მაგრამ აშკარაა, რომ ციხიდან გამოსვლა უნდა. ამისთვის ალმასი უნდა გაიყიდოს. იძულებულია, გამოაჩინოს. მოკლედ, ვნახოთ, რა წერია წერილში. „გადაეცით სტელას, რომ უბრალოდ, უნდა ამოხრახნოს. ბანი ხტუნია ამას შეძლებს. ბალ-მასკარადზე მისვლა ორივეს გაართობს“.
– მდა, რამე გაიგე? – ჰკითხა პოლმა ტომს.
– მეტ-ნაკლებად. რა მასკარადზე შეიძლება, იყოს საუბარი და იქ როგორ აღმოვჩნდე?
– სტელა ბალ-მასკარადების დიდი მოყვარულია. მოიცა, დავფიქრდე. ალმასი „რეგენტი“ ვინმე სტივენ მაიერსის სახლში სწორედ საზაფხულო მასკარადის დროს დაიკარგა. კოსტიუმირებული წარმოდგენის დროს სახლში უამრავი სხვადასხვა კოსტიუმში ჩაცმული ადამიანი დადიოდა. ერთ-ერთმა სახლის პატრონის საძინებელში მოწყობილ სეიფამდეც მიაღწია. მას მძარცველის ფორმა ეცვა. ხელში რევოლვერი ეჭირა და პატარა ხელკეტიც ჰქონდა. სტივენ მაიერსი მძარცველს მაშინ გადაეყარა, როცა გაღებული სეიფიდან ალმასი უკვე გამქრალი იყო. მძარცველმა სტივენი დაჭრა და გაიქცა. სახე ვერავინ დაინახა. მეორე დღეს ეჭვის საფუძველზე და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის როჟი მაგიუ დააკავეს. ალმასი მას არ ჰქონდა. მუცელში დაჭრილი მაიერსი ძლივს გადარჩა.
პოლმა თვალები მოჭუტა.
– საინტერესოა.
– რა არის საინტერესო?
– მისი პირადი ნივთები რომ მენახა... რა შეიძლებოდა, ჰქონოდა ისეთი, რაშიც რამის ჩახრახვნა ან ამოხრახვნა შეიძლება. სტელას უნდა დავუახლოვდე..
– ძალიან საშიშია, – თავი გადააქნია ტომმა.
პოლმა გაიცინა.
– არა უშავს. შენ მარტო ის გამიგე, სად შეიძლება, ვნახო.
– იცი? თვითონ მოგძებნის. მან ნახა, რომ წერილი აიღე. შენს გზიდან ჩამოცილებას შეეცდება და ბანი-ხტუნიას საშუალებით გააკეთებს ამას. თაღლითების კლუბში წავიდეთ. სტელას იქ უყვარს ყოფნა.
... პოლი ნახევარ საათზე მეტ ხანს იჯდა მაგიდასთან მარტო და კოქტეილს წრუპავდა. მერე ადგა და ბართან მივიდა, უფრო მაგარი სასმელი რომ შეეკვეთა. უკან რომ დაბრუნდა, მაგიდასთან, მისი სკამის გვერდით სტელა იჯდა. ქალმა დაბნეულმა შეხედა.
– მაპატიეთ, მგონი, მაგიდა შემეშალა. ძალიან ვწუხვარ. აქ მეგობარს უნდა შევხვედროდი. კიდევ ერთხელ მაპატიეთ.
– არა, არა. იყავით, თუ ნებას დამრთავთ, სასმელზე დაგპატიჟებთ. ჩვენ ერთხელ უკვე შევხვდით, ვიცეკვეთ კიდეც...
– არ მახსენდება, – კეკლუცად გაუღიმა ქალმა, – მაგრამ სასმელზე უარს არ გეტყვით. სახლში გაცილების ნებასაც მოგცემთ. თქვენ მიმართ ნდომის მაგვარი რაღაც გამიჩნდა.
– თქვენთვის ვინმეს უთქვამს, რომ ძალიან ლამაზი ხართ? – პოლმა აღფრთოვანებით შეხედა აკისკისებულ ქალს.
ორი ჭიქა „მარგარიტას“ შემდეგ, პოლი სტელასთან ერთად, ქუჩაში გამოვიდა. რამდენიმე ნაბიჯი ექნებოდა გადადგმული, რომ პოლს ვიღაცამ ზურგში უბიძგა... სტელა გაუჩინარდა. პოლი კი იძულებული გახდა, თავდამსხმელს გამკლავებოდა, რომელიც აშკარად არ ელოდა, ახალგაზრდა და ძალიან სიმპათიური ყმაწვილისგან ასეთ წინააღმდეგობას. როცა ტომმა საშველად მოირბინა, ხელჩართული ბრძოლა უკვე დასრულებული იყო. ბანი-ხტუნია პირქვე ეგდო, პოლი კი ჯიბეებს უჩხრეკდა. მისი ყურადღება საშუალო ზომის ხელკეტმა მიიქცია.
– საინტერესო ნივთია, ძალიან საინტერესო.
– ამას რა ვუყო? – ტომმა ბანიზე ანიშნა.
– ხელებზე ბორკილები დაადე. პირი აუკარი და პოლიცია გამოიძახე. ჩემთვის ფულის წართმევა უნდოდა.
***
პოლ პრაისმა მოხერხებულად მოიკალათა სავარძელში და სიგარას მოუკიდა.
– აბა, სად არის ალმასი? – ჰკითხა ტომმა მოუთმენლად, – დაზღვევის აგენტი მალე აქ იქნება.
პოლმა ის ხელკეტი აიღო, რომელიც ბანი-ხტუნიას წაართვა, ტარში იორივე ხელი მოჰკიდა და დაატრიალა. ხრახნი ძნელად დაემორჩილა, მაგრამ მაინც გაიხსნა და სიღრმიდან ძვირფასმა ქვამ გამოანათა.
– მოემზადე, ტომ, ხვალ კუნძულებზე მივფრინავთ. კარგი დასვენება ნამდვილად დავიმსახურეთ.

скачать dle 11.3