კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიკმაყოფილებენ თავიანთ ინტერესებს რუსეთი, თურქეთი და ირანი საქართველოს ხარჯზე #2

სანამ ჩვენ იმას ვარჩევთ, კარგია თუ ცუდი, იქით – ვერა ბრეჟნევამ რომ ქართულად წაიმღერა, აქეთ კი – მაკკეინი რომ გვეწვია, რუსეთმა ისარგებლა ამერიკული არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური ვაკუუმით (ვიდრე დონალდ ტრამპი საბოლოოდ გაპრეზიდენტდება) და ახლო აღმოსავლეთში პოზიციები არა მხოლოდ გაიმაგრა, არამედ თურქეთი და ირანიც კი შეიამხანაგა (არა მხოლოდ საკუთარი აქტიურობის, დასავლეთის სრული პასიურობის წყალობითაც).  ხოლო, რადგან ახლო აღმოსავლეთის გადანაწილების შემდგომი ეტაპი შესაძლოა, კავკასიის გადანაწილებაც იყოს, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ექსპერტ ვასილ პაპავასთან ერთად განვიხილავთ ამ პერსპექტივა-უპერსპექტივობას.
– რუსეთმა გამოიყენა პოლიტიკური ვაკუუმი და თავისი პოზიციები გაიმყარა, თუმცა ახლო აღმოსავლეთი არც ადრე უჩიოდა იმას, რომ მხარეები საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას ლამობდნენ და არა ტერორისტების განადგურებას. ვის როგორი პოზიცია აქვს ამჟამად და რამდენად მყარია თურქეთ-რუსეთ-ირანის ტრიადა?
–  რუსეთის ელჩის მკვლელობა თურქეთში რუსეთმა ძალიან ოსტატურად გამოიყენა სათავისოდ, იმის მიუხედავად, რომ ეს ერდოღანის ნამოქმედარი არ იყო. ის ერთ წელს ცდილობდა, რომ დაერეგულირებინა ურთიერთობა რუსეთთან, თუმცა ამ მკვლელობის შემდეგ ისინი უფრო დაახლოვდნენ. რამდენიმე დღეში შეიკრიბნენ მოსკოვში თურქეთის, ირანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და, თუკი მანამდე რუსეთი და ირანი აცხადებდნენ, რომ სირიის კანონიერი ხელისუფლების მიწვევით იმყოფებოდნენ იქ, თურქეთის ქმედებებს კი უკანონოდ მიიჩნევდნენ (ის ერთი წელია, ატარებს სამხედრო ოპერაციებს სირიის ტერიტორიაზე), ამჯერად ლავროვმა განაცხადა, ჩვენ მიგვიპატიჟა სირიის მთავრობამ, მაგრამ თურქეთსაც შეუძლია იმოქმედოს, რადგან ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი – ტერორიზმთან ბრძოლაო. ანუ დიპლომატიურად მიანიშნეს, რომ თურქეთს შეუძლია, თავისი ინტერესები გაატაროს, რაზეც თვალს დახუჭავენ ირანი და რუსეთი „დაიშის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში.
– ასადთან ხომ დაპირისპირებულია თურქეთის პრეზიდენტი?
– მივალთ მაგ თემამდეც… ასტანაში უნდა გაიმართოს შეხვედრა სირიის ზომიერ ოპოზიციასა და სირიის ხელისუფლებას შორის, რის გარანტებიც იქნებიან რუსეთი, თურქეთი და ირანი. შეხვედრაზე არ არიან მიწვეულები სირიელი ქურთები, რომლებსაც საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით ისლამისტი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ანუ ქურთებს თამაშგარედ ტოვებენ, ამ დროს კი ვიცით, რომ სირიელ ქურთებს აქტიურად აიარაღებს და ამარაგებს ამერიკა.
– ტერორისტებთან ბრძოლისას მათ მიიღეს ყველაზე სასტიკი დარტყმები.
– დიახ. ისინი ცდილობენ, შეხმატკბილებულად იმოქმედონ, რომ რეგიონის მართვის სადავეები ხელში აიღონ ადგილობრივმა მოთამაშეებმა და დასავლეთი, ფაქტობრივად, მოკავშირის გარეშე რჩება ახლო აღმოსავლეთში. მათ ძლიერ მოკავშირეებად რჩება მხოლოდ სუნიტური ნავთობმონარქიები. სწორედ ისინი აფინანსებენ „ბოევიკებს“ და ბოლო ტერორისტული აქტები თურქეთსა და ერაყში არის ნავთობმონარქიების ერთგვარი შურისძიება.
– და არა ისლამისტი ტერორისტების?! თურქეთს არც ისლამისტ ტერორისტებთან აქვს სიამტკბილობა.
– 28 დეკემბერს ვთქვი, რომ 50 000 „ბოევიკი“ შეუერთდა ასტანის სამშვიდობო ინიციატივას, ისინი არიან თურქეთთან დაპირისპირებული მებრძოლები. მაშინვე ვივარაუდე, რომ, დიდი ალბათობით, საუდის არაბეთი გაახშირებდა ტერორისტულ აქტებს და, მართლაც, 31 დეკემბერს სტამბოლში ტერაქტი მოხდა. ეს ჩვეულებრივი მეთოდია, იმიტომ რომ, თურქეთს ომს ვერ გამოუცხადებენ. ასე ცდილობენ მის დამცირებას, რომ თავი დაუცველად აგრძნობინონ. ამასთანავე, სისხლიანი შეტაკებებია ერაყშიც, იმ ტერიტორიაზე, რომელსაც სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. თურქეთში განხორციელებული ტერაქტები არის ერთგვარი შურისძიება, იმიტომ რომ, ასტანის მოლაპარაკების შემდეგ, შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს ვითარება. თურქეთი გაანეიტრალებს თავის მოწინააღმდეგე „ბოევიკებს“, სირიის სამთავრობო არმიასაც გაუადვილდება, სახალიფოს წინააღმდეგ მიიღოს შესაბამისი ზომები.
– ევროკავშირმა და აშშ-მა საბოლოოდ დათმეს პოზიცია ახლო აღმოსავლეთში და არაბული მენავთობე ქვეყნების იმედად არიან მხოლოდ? ფაქტია, რუსეთ-თურქეთ-ირანმა გამოაძევა ყველა დანარჩენი და თავად ცდილობენ სიტუაციის კონტროლს.
– როგორც გითხარით, რეგიონული ძალები ავსებენ იმ ვაკუუმს, რაც წარმოიშვა ობამას უგუნური პოლიტიკით ახლო აღმოსავლეთში. დაემხო ავტორიტარულ-დიქტატორული რეჟიმები, რომლებიც ნაწილობრივ დადებითად იყვნენ განწყობილები დასავლეთისადმი. კადაფმაც კი გააუმჯობესა ბოლო პერიოდში თავისი დამოკიდებულება, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში გარკვეულმა ძალებმა ჩათვალეს, რომ  საჭირო იყო ახალი ძალების მოყვანა და ახალი ახლო აღმოსავლეთის შექმნა. ეს არ გამოუვიდათ. ალეპოს გათავისუფლების დღეს ბოლო იმედი გაუქარწყლდათ იმ ძალებს, რომლებსაც უნდოდათ ახალი ახლო აღმოსავლეთის შექმნა, თუმცა თავისთავად რთულია ახლო აღმოსავლეთში რუსეთის, თურქეთისა და ირანის თამაშგარედ დატოვება. დასავლეთს არც ძლიერი მოკავშირე ჰყავს: თუ საუდის არაბეთის იმედზეა აშშ-ს ადმინისტრაცია, კარგად ყოფილა მათი საქმე. საუდის არაბეთი იემენში ვერ აღწევს წარმატებას აგერ უკვე ერთი წელია, სადაც ერთ შიიტურ დაჯგუფებას ებრძვის და ირანის, თურქეთისა და რუსეთის დაჩოქებას შეძლებს?!
– აშშ-ს არ აქვს ერაყსა და სირიაში პოზიციები?
– ერაყის მთავრობაში, მართალია, არიან შიიტები, ანუ პროირანულად განწყობილი ძალები, მაგრამ ინარჩუნებენ პროდასავლურ ვექტორს. ეს ირანისთვისაც ხელსაყრელია, შეხმატკბილებულად თანამშრომლობენ,  იარაღს ყიდულობდნენ დასავლეთისგან. თუმცა ბოლო დროს გახშირდა იარაღის შესყიდვა რუსეთიდან. დასავლეთმა რომ უარი უთხრა, რუსეთს მიმართეს. ერაყს აქვს შემოსავალი ნავთობიდან და ამიტომ იარაღს რუსეთისგან ყიდულობს. ანუ ამ კუთხითაც იცვლება რუსეთის პოზიციები რეგიონში. ერაყი, ცხადია, არ გახდება ანტიდასავლური ქვეყანა, მაგრამ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთისკენ.
– ჩვენ რა საფრთხეები გველის ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, ერაყ-სირიაში დე-ფაქტოდ შექმნილი ვითარებიდან? გასაგებია, რომ დიდხანს ვერ გასტანს რუსეთ-თურქეთ-ირანის სიამტკბილობა, მაგრამ ამ ეტაპზე ისინი კოორდინირებულად მოქმედებენ.
– თავისთავად, როდესაც ისეთი ძლიერი მოთამაშეები – რუსეთი, თურქეთი, ირანი – არიან ჩართულები სირია-ერაყის კონფლიქტში, რეალურია საფრთხე, რომ გააფართოონ თავიანთი გავლენის არეალი. პირადად მე, მენიშნა მაკკეინის ვიზიტი საქართველოში, თუ რას შეიძლება, ის უკავშირდებოდეს. მართალია, მაკკეინი ასოცირდება აშშ-ს წინა ადმინისტრაციასთან…
– ახლა აქვს მას რეალური ძალაუფლება?
– გეტყვით. პიროვნულად მაკკეინი წინა ადმინისტრაციას უკავშირდება. მაგრამ მას აქვს ძლიერი კონტაქტები კომიტეტებში, რომლებიც ლობირებენ არა ანტირუსულ, მაგრამ აშკარა და აგრესიულ პროამერიკელ მოკავშირეებს. ამდენად, პირადად მე, მისი საქართველოში ვიზიტი ერთგვარად სიმბოლურად აღვიქვი. შემდგომი ნაბიჯები უკვე გვიჩვენებს, რეალურად რას ემსახურებოდა ეს სტუმრობა. თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა, რომ შეინარჩუნოს გავლენა რეგიონში, ვგულისხმობ კავკასიას, ფსონი უნდა დადოს საქართველოზე.
– ფაქტობრივად, მხოლოდ საქართველო დარჩა მკაფიოდ პროამერიკულ ქვეყნად.
– მეტი მოკავშირე აქ არ ჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ალიევის ხელისუფლება ლავირებს თურქეთს, ირანსა და რუსეთს შორის. აზერბაიჯანი ყველას ვერ დაუპირისპირდება. შიიტი მოსახლეობა ჰყავთ და ირანთან არ გაიფუჭებს ურთიერთობას; მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღი დაკარგა, მაინც აქტიურობს რუსეთის მიმართულებით. ხაზგასასმელია მათი თანამშრომლობა ისრაელთან, რითაც განიმტკიცებს თავის პოზიციას რეგიონში. ამდენად, შესაძლებელია, ამერიკამ ფსონი დადოს საქართველოზე. თუ გავიხსენებთ ახლო წარსულს, ამერიკა ამგვარად არაერთხელ მოქცეულა. მაგალითად, სამხრეთ კორეა ჩრდილო კორეის ანექსიას სწორედ ამერიკის დახმარებით გადაურჩა, თუმცა, მაგალითად,  სამხრეთ ვიეტნამი ვერ შეინარჩუნეს. ფაქტია, მხოლოდ სუნიტების იმედად ვერ იქნება აშშ ახლო აღმოსავლეთში, ხოლო, თუ რუსეთი, თურქეთი და ირანი შეთანხმდებიან სირიაში ერთობლივ მოქმედებაზე,  მათ შეიძლება, გადმოინაცვლონ კავკასიაში და მოხდეს მორიგი გადანაწილება. ამაში მოულოდნელი არაფერი იქნება: თუ აშშ ცდილობდა რეგიონის გადანაწილებას მისთვის სასურველი ძალების მოყვანით, იმავეს გაკეთება შეუძლია ამ სამეულსაც. ვიცით, რომ თურქეთს დიდი ინტერესი აქვს აჭარაში, ირანს შესაძლოა, ჰქონდეს ქვემო ქართლში, რომ რაღაც გავლენა მაინც იქონიოს იქაურ შიიტ მოსახლეობაზე. რუსეთს რა ინტერესიც აქვს, ისედაც ჩანს: ის არ დასჯერდება მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. ერთი სიტყვით, თუ ამერიკასა და დასავლეთს სურთ, რომ გავლენა იქონიონ კავკასიაზე, ფსონი უნდა დადონ საქართველოზე. არა მარტო ფინანსურად დაგვიჭირონ მხარი, არამედ დიპლომატიური, სამხედრო და სხვა არხებითაც. მით უმეტეს, ძალიან იოლია სამმილიონიანი სახელმწიფოს შენარჩუნება.
– მით უმეტეს, ჩვენნაირების, არატერორისტული მიდრეკილების მქონეების...
– არ ვართ რადიკალები და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, შეიძლება, დასავლეთის ძალიან საიმედო მოკავშირეები გავხდეთ. თუმცა მეორე საკითხია, რამდენად ეფექტიანად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას.
– მოვლენების განვითარების ცუდი სცენარიც განვიხილოთ, სანამ კარგ სცენარსა და შესაძლებლობებზე გადავალთ. ერთ ისტორიულ წიაღსვლას მოვიშველიებ: ორ-ნახევარი საუკუნის წინათ რუსეთის იმპერიამ ოსმალეთსა და სპარსეთს, დღეს მოკავშირეებს, წაართვა, მათ შორის, საქართველო, თუმცა შემდეგ ათათურქის ოსმალეთს გაურიგდა წითელი რუსეთი და ტაო დაუთმო. ისევ იმავე სცენარის გამეორებაა შესაძლებელი?
– ჩვენ ვუბრუნდებით ისევ იმ მდგომარეობას, როდესაც ამასიის ხელშეკრულება დაიდო.
– 1555 წელს, თუმცა მაშინ ორნი იყვნენ, სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიები და სულ სანტიმეტრ-სანტიმეტრ გაგვიყვეს.
– ახლა ამ ორს დაემატება რუსეთიც. ბრმა უნდა იყო და მიამიტი, რომ რაღაცის იმედი გქონდეს. აგვისტოს ომის შემდეგ ოთხ-ნახევარი მილიარდი დოლარი რომ გამოგვიყვეს, მიზანმიმართულად დაიხარჯა ის თანხა?!
– იოსებ არჩვაძემ მითხრა, ამაზე ნაკლები თანხა გამოუყვეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დანგრეულ ევროპას (თანხების იმ და ამდროინდელი მსყიდველობითუნარიანობის გათვალისწინებით), რის შედეგადაც შეიქმნა ევროკავშირი, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი წარმონაქმნი. ჩვენ კი ისევ ღარიბი ქვეყანა ვართ.
 – სად წავიდა ის თანხა?! მას შემდეგ, რაც კატასტროფა მოხდება, გაიქცევიან ევროპაში და იქიდან ლაპარაკობენ ოკუპაციაზე, მაგრამ ხომ შეიძლება, მანამდე გაატარო პრევენცია?!  თავდაცვისა და უშიშროების სფეროებში კორუფციის გამო სამუდამო პატიმრობას შემოვიღებდი სასჯელად, იმიტომ რომ, ეს უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენი შვილების მომავალს უთხრის ძირს. 25 წელია, მივჩანჩალებთ და ერთი მიმართულებაც კი არ გაგვიძლიერებია. როდემდე?! ახლო აღმოსავლეთის შემსწავლელი ინსტიტუტი არ გვაქვს; შევყურებთ დასავლეთს, დასავლეთი კი უყურებს ახლო აღმოსავლეთს, არადა აქვე ხარ, რეგიონში და აქვეა გამოწვევები. თუ სირიაში ერთობლივ მოქმედებებზე შეთანხმდებიან რუსეთი, ირანი და თურქეთი, იგივე რომ კავკასიაშიც გაითამაშონ?! ვართ ამისთვის მზად?! ალეპოს აღების შემდეგ მთავარი სამიზნეა იდლიბის პროვინცია, რომელიც ესაზღვრება თურქეთს. თურქეთმა საზღვარი ჩაკეტა რუსეთთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ და აღარ აფინანსებს იქ მებრძოლ „ბოევიკებს“. იქ, ძირითადად, კავკასიელები არიან. მათ რომ შეუტევენ, ნაწილს დახოცავენ, ნაწილი წავა ევროპაში, ნაწილი კავკასიაში გადმოვა. შესაბამისად, კავკასიაში ვერ შეთანხმდებიან ირანი, თურქეთი და რუსეთი?! თუ სინდის-ნამუსი დაუშლით?! ირანს დაატკბობენ მილსადენებიდან წილებით; თურქეთს აჭარის პორტს მისცემენ, რუსეთი აიღებს ჩვენს მაგისტრალებს. და ამის შემდეგ დასავლეთიდან რამდენიც გინდა, იყვირე, რომ ოკუპაციაა. ერთი სიტყვით, იდლიბის პროვინციაზე შეტევა ჩვენთვის ძალიან სახიფათოა.
– მოვლენათა შესაძლო განვითარების კარგი სცენარიც ვთქვათ. თუ ამერიკამ ფსონი დადო ჩვენზე. ეს ხომ შანსია?
– მაკკეინი შეიძლება, ჩამოსულიყო გაცილებით ადრე. ვფიქრობ, რეგიონში მიმდინარე ტრანსფორმაციების გამო ჩამოვიდა და არა მოსაკითხად.
– და არც „რუსთავი 2-ის“ გადასარჩენად, ასეთი ინფოც გაავრცელეს.
– ესეც ტაკიმასხრობაა. რაში აინტერესებს მაკკეინს „რუსთავი-2“?! გეოპოლიტიკური ჭიდილია: დარჩება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები კავკასიაში. ვიმედოვნებ, გავაქტიურდებით დასავლეთთან მიმართებაში და ეფექტიანად გამოვიყენებთ ამ რესურსს. სამწუხაროდ, მეორდება ისტორია და უფრო სამწუხაროა, რომ ოპტიმისტურადაც არ ვარ განწყობილი.

скачать dle 11.3