კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არჩევანი გააკეთა ბალეტსა და მუსიკას შორის მარიამ გოგოძემ #52

16 წლის ბალერინამ, მარიამ გოგოძემ, თავის დროზე ბალეტსა და მუსიკას შორის ბალეტი აირჩია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს და მსოფლიოს დიდ სცენებზე საოცნებო პარტიები შეასრულოს. ამის მიუხედავად, მუსიკაზე ბოლომდე არ უთქვამს უარი – ცეკვის პარალელურად, ფორტეპიანოზე დაკვრა მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა ბალეტის შემდეგ. მარიამის ცხოვრებაში იყო სამოდელო კარიერაც, რომელზეც მან საკუთარი ნებით თქვა უარი.
მარიამ გოგოძე: ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვსწავლობ. 4 წლისაც არ ვიყავი, როცა ჭოხონელიძეების სტუდიაში მიმიყვანეს. ერთ-ერთი კონცერტის დროს ერთი ქალბატონი მივიდა დედაჩემთან და უთხრა: ძალიან გთხოვთ, ეს ბავშვი მიიყვანეთ ბალეტზე; მე პედაგოგი ვარ და, როგორც კი სცენაზე გამოვიდა, მაშინვე შევატყვე, რომ ბალეტისთვის არის დაბადებულიო.  4 წლის ასაკში მიმიყვანეს სამოდელო სტუდიაში, სადაც რამდენიმე წელი დავყავი; შემდეგ მივედი ნიჭიერთა ათწლედში, სადაც სამი წელი ვიარე. იქ დამაყენეს არჩევნის წინაშე ბალეტსა და მუსიკას შორის და  მე ავირჩიე ბალეტი. 5 წლის ვიყავი, როდესაც საბალეტო სკოლაში მიმიყვანეს. სახლში ხშირად ვუკრავდი და ვცეკვავდი მუსიკაზე. ჩემს ოჯახში ხელოვნებასთან არავინაა დაკავშირებული.  ბალეტს ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია. ამჟამად ვსწავლობ მერაბ კოსტავას სახელობის მერვე სამუსიკო სკოლაშიც. სახელმწიფო დასთან ერთად მაქვს როლები სხვადასხვა სპექტაკლში. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და, ისეთ დროსაც კი, როდესაც ჩემ გარშემო ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ძალიან კარგად გამოვედი სცენაზე, მე მაინც არ ვარ ჩემი თავით კმაყოფილი.
– დიდია ფიზიკური დატვირთვა ბალეტში?
– ყოველდღე მაქვს 5-6-საათიანი მეცადინეობები; პარალელურად მაქვს სკოლის გაკვეთილებიც. ძალიან რთულია ფიზიკური დატვირთვის შემდეგ გონებრივი დატვირთვა. დილის 8 საათზე რომ გავდივარ სახლიდან, საუკეთესო შემთხვევაში, საღამოს 9 საათზე ვბრუნდები უკან. დილით 6 საათზე ვიღვიძებ, რომ სკოლაში წასვლამდე მოვასწრო გაკვეთილების სწავლა.
– რას აკეთებ იმისათვის, რომ ბალეტისთვის ფორმა და სილამაზე შეინარჩუნო?
– მაქსიმალურად ვცდილობ, ადრე დავიძინო, რომ მეორე დღეს გამოუძინებელი სახე არ მქონდეს. საღამოს სახლში რომ მოვდივარ, გაწერილი მაქვს დრო: ცოტა ხანს ვისვენებ, ვიკვებები, დაახლოებით ნახევარი საათი ვმეცადინეობ მუსიკაში და ვიძინებ. ვცდილობ, 12 საათზე გვიან არ დავიძინო. საღამოს გაკვეთილების მეცადინეობას აზრი არ აქვს, რადგან, მთელი დღის გადაღლილი გონებით მაინც ვერ გავიგებ ისე, როგორც დილით, დასვენებულ გონებაზე. სკოლაშიც ვახერხებ მაღალი ქულების მიღებას. დედაჩემი ცდილობს, რომ მაქსიმალურად ნატურალური პროდუქტებით ვიკვებო. სახლიდან მატანს საკვებს, რომ სკოლაში არ მომიწიოს ცომეულის ჭამა. თუმცა, ძალიან ხშირად დედას გატანებული საჭმელი უკან მომაქვს, რადგან ვერ ვასწრებ ჭამას. ხშირად ფიზიკურად არ მაქვს დრო ჭამისთვის, ამიტომ მუდმივად მაქვს თან შავი შოკოლადი და ნიგოზი.
– წონის პრობლემა თუ გქონია?
– პირადად მე ამ პრობლემის წინაშე არასდროს ვმდგარვარ, თუმცა ბალერინასთვის აუცილებელია წონის კონტროლი და, ზოგადად, თავს ვარიდებ კალორიულ საკვებს.
50 კილოგრამზე მეტს არ უნდა ვიწონიდე. არის ისეთი ნომრებიც, როდესაც ჩემს პარტნიორს ჩემი ხელში აყვანა უწევს და ჭარბი წონის გამო მას  პრობლემა არ უნდა შევუქმნა. ვცდილობ, გვიან არ ვჭამო, მაგრამ კონკრეტულ დიეტაზე არასოდეს ვყოფილვარ.
– სკოლის მასწავლებლები თუ გიწყობენ ხელს?
– ძალიან დიდი ხელშეწყობა მაქვს როგორც საბალეტო სკოლიდან, ასევე, სამუსიკო სკოლიდან. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც კონცერტი და სპექტაკლი ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ, ცდილობენ, შემითანხმონ დრო. ამისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამუსიკო სკოლის დირექციას. რასაც პიანისტები ოთხ საათში აკეთებენ, მე, დროის უკმარისობიდან გამომდინარე, ამ ყველაფრის ერთ საათში გაკეთება მიწევს. მუსიკის გაკვეთილების მცოცავი გრაფიკი მაქვს – როგორც კი მოვიცლი, ვურეკავ მასწავლებელს და გავრბივარ გაკვეთილზე. ამ დატვირთვით ვარ პირველი კლასიდან.
– ნერვიულობ ხოლმე სცენაზე გამოსვლის დროს?
– ყველაზე მძაფრად მახსენდება ის მომენტი, როდესაც პირველად უნდა მეცეკვა სოლო პარტია და, შესაბამისად, მარტო უნდა ვყოფილიყავი სცენაზე. ჩემს თავს შთავაგონე, რომ მე ამას შევძლებდი! საკმაოდ რთული მოძრაობები უნდა გამეკეთებინა და, თუ ვინერვიულებდი, არაფერი გამომივიდოდა. როგორც კი სცენაზე გავდივარ, არაფერი მახსოვს. ბოლოს მაყურებლის ოვაციების ფონზე ვუბრუნდები რეალობას. ამდენი წლის განმავლობაში წელს პირველად აღმოვაჩინე, რომ სპექტაკლის მსვლელობისას ხალხის სახეებს ვარჩევ – ვხედავ სად ზის დედაჩემი და ასე შემდეგ. ეს, ალბათ, იმის ნიშანია, რომ უწინდელივით აღარ ვნერვიულობ.
– ვინ არის ბალეტში შენი კერპი?
– არ შემიძლია, არ აღვნიშნო ქალბატონი ნინო ანანიაშილი, რომელიც ხშირად გვესწრება რეპეტიციებზე და მისი რჩევები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მკაცრი არ არის, მაგრამ მომთხოვნია. ძალიან თბილი ადამიანია.  ის უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ხელებს და მისი ყოველი შენიშვნის შემდეგ მთელი ღამე ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ უნდა გავაკეთო, რომ მას მოეწონოს. როდესაც მსოფლიო დონის პრიმა ბალერინა გიყურებს და გაძლევს შენიშვნებს, ეს დიდი პატივია. ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ, ქალბატონმა ნინომ რამდენიმე გოგონას გვაჩუქა თმის სამაგრები და გვითხრა: როდესაც გაიკეთებთ, მე გაგახსენდებით და ჩემი შენიშვნებიც გაიხსენეთო. სპექტაკლების დროს აუცილებლად ვიკეთებ ხოლმე. რაც შეეხება უცხოელ ბალერინებს, ძალიან მომწონს დიდი თეატრის პრიმა ბალერინა სვეტლანა სახაროვა. ბალეტში ჩემი საოცნებო პარტია არის ჟიზელის პარტია. ყოველღამე ვუსმენ და გონებაში წარმოვიდგენ ხოლმე, რას როგორ გავაკეთებდი.
– ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
– ჩემი ოჯახი. დედაჩემი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება მოვახდინო. უცილებლად უნდა აღვნიშნო დედაჩემის ნათლია და ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი ადამიანი, ქალბატონი მერი ჩიქოვანი, რომელიც ასევე მიდგას გვერდში და მეხმარება. ცეკვა ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. როდესაც ძალიან დატვირთული დღის შემდეგ, სახლში მიმავალი, ვურეკავ დედაჩემს და ვეუბნები, რომ დაღლილობისგან ფეხზე ძლივს ვდგავარ, ის ლიფტთან მიცდის და მე ლიფტიდან მაინც ცეკვა-ცეკვით გამოვდივარ.  მთელი ოჯახი ჩემს განრიგზეა აწყობილი. ჩვენ გარშემო ყველამ იცის, რომ მე ყოველი წუთი გაწერილი მაქვს და, მეზობელიც კი არ შემოდის, თუ რამე აუცილებელი არ ხდება.
– მოდელობაზე რატომ თქვი უარი?
– დაახლოებით 4-5 წლის ასაკის ვიქნებოდი, როდესაც ერთ-ერთ კონკურსში გავხდი „მის ლამაზმანი.” ფიზიკური მონაცემების გამო, ცოტა ხნით გავყევი ამ საქმეს, მაგრამ, მაინცდამაინც არ მომწონდა ეს სფერო და შევეშვი.
– შენი გარეგნული მონაცემების გამო ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს.
– ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. სკოლისა და ბალეტის გარდა ვერსად ვახერხებ გასვლას და, ამიტომ, ვერ გეტყვით, რომ ბევრი თაყვანისმცემელი მყავს. ჩემს მეგობრებსაც კი ვერ  ვნახულობ, ხშირად დედაჩემთანაც ვერ ვახერხებ ნორმალურად დალაპარაკებას. იყო ასეთი შემთხვევა: მე და დედა ტაქსით მივდიოდით და ისეთ რამეებს ვუყვებოდით ერთმანეთს, მძღოლმა გვკითხა – თქვენ ერთად არ ცხოვრობთო?
– როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– ორ წელიწადში საბალეტო სკოლას ვამთავრებ და მექნება გამოსაშვები სპექტაკლი. ჩემი ოცნებაა უცხოეთში წასვლა, უფრო კონკრეტულად – დიდი თეატრის სცენაზე ცეკვა. მუსიკის მხრივ ჯერ მხოლოდ ის მაქვს გეგმაში, რომ 12 კლასი დავამთავრო და დავუკრა ჩაიკოვსკის პირველი კონცერტი. მინდოდა, უნივერსიტეტში ჩამებარებინა ქორეოგრაფიული განხრით, მაგრამ, ჯერ არ ვიცი, როგორ მოვიქცევი.

скачать dle 11.3