კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

როგორ გახდა ზურა ყიფშიძე პირველი მოდელი მამაკაცი და ბალერონი და რისთვის აწამებდნენ მას პოლიციელები #52

მიუხედავად საერთო მხირულებისა და სადღესასწაულო განწყობისა, რომელიც ახალი წლის მოახლოებითაა გამოწვეული, არსებობენ ადამიანები, რომელებიც რთული სოციალური ფონის შემხედვარე, საზეიმოს ვერაფერს ხედავენ და შესაბამისად, ახალი წელი მათ საყვარელ დღესასწაულთა შორის, ნამდვილად არ არის. მათ შორისაა მსახიობი ზურა ყიფშიძე, რომელსაც საახალწლო ტრადაციებსა და მოგონებებთან ერთად, არაერთ საინტერესო და მისტიკურ საკითხზეც ვესაუბრეთ.
ზურა ყიფშიძე: ახალი წელი, თავის გარეგანი ეფექტებით, ფოიერვერკებით და საჩუქრებით ბავშვებისთვის საყვარელი დღესასწაულია. მაგრამ, როცა წლებში შედიხარ, სხვანაირად ფიქრობ. პირადად მე, ეს დღესასწაული არ მიყვარს. როცა ჩემ გარშემო ამდენ გაწამებულ და გაგიჟებულ ადამიანს ვხედავ, ბოლო კაპიკებით რომ ყიდულობენ ინდაურს სადღესასწაულო სუფრისთვის, მაშინ, როცა ძალიან უჭირთ და ორი დღის შემდეგ, ინდაური კი არა, შეიძლება, საჭმელი საერთოდ აღარ ჰქონდეთ, სადღესასწაულოს ვერაფერს ვხედავ. ადამიანმა ყველაფერი ერთი დღისთვის არ უნდა გააკეთო და საბანი სადამდეც გადაგწვდება, იქამდე უნდა გადაიფარო.
– 2016 წელს როგორ შეაფასებთ?
– ჩემთვის ძალიან საქმიანი წელი იყო. დავდგით ახალი სპექტაკლი – „მეფე ლირი“. თეატრში მოვიდა ძალიან საინტერესო უკრაინელი რეჟისორი ჟოლდაკი. იყო სერიალები, გადაცემა და ზურა კანდელაკის დახმარებით, დავიწყეთ ჩემი დიდი ხნის სურვილის განხორციელება – კლასიკოსების დისკებზე ჩაწერა. მსურველებს წინა თაობის მსახიობების მიერ ჩაწერილი „ვეფხისტყაოსნის“ მოსმენის საშუალებაც ექნებათ და ძალიან მიხარია, რომ, როგორც იქნა, მათ დაწყებულ საქმეს ჩვენი თაობის მსახიობები განვაგრძობთ.
– ოჯახურ გარემოში აპირებთ დღესასწაულის შეხვედრას?
– ახალ წელს ყოველთვის ოჯახურ გარემოში ვხვდებით და შემდეგ ყველა თავის მეგობრებთან ერთად მიდის სადღაც. თუმცა, ჩემთვის ამ წლის ბოლო კვირები იმდენად დატვირთული იყო, რომ ახლა ძალიან დაღლილი ვარ და ალბათ, სახლში ვიჯდები. წლევანდელ ახალ წელს, პირველად ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დიდი მოვლენა ხდება – აბსოლუტურად ფხიზელი ვიქნები (იცინის). შესაბამისად, არც ნაბახუსევი შემაწუხებს, რაც ძალიან მიხარია. არცერთ ახალ წელს არ ვყოფილვარ ფხიზელი (იცინის). საქმე ისაა, რომ ადამიანმა ოდესმე ხომ უნდა მიხედო ჯანმრთელობას და ისე დაემთხვა, ახლა ვმკურნალობ. ამიტომ, დალევა არ შეიძლება.
– წლების წინანდელი თავგადასავლები გაიხსენეთ, როცა ამ დღესასწაულს თავისებური სიგიჟეები ახლდა.
– იმ დროს ახალ წელს თბილისში არ ვხვდებოდი. ბათუმში, ბაკურიანში, სოხუმში, პეტერბურგში ან მოსკოვში აღვნიშნავდით ხოლმე. საერთოდ, ბავშვობიდან დიდი ბორიალა კაცი ვარ. მაშინ ჰიპები ვიყავით. ყირიმში, საცეკვაო მოედნებზე უცხოელებისთვის ვუკრავდით და კარგ დროს ვატარებდით. იმ პერიოდთან საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს, მაგრამ, სამწუხაროდ, იმდროინდელი მეგობრებიდან ცოცხალი თითქმის აღარავინ დამრჩა. მე და ჩემი მეუღლე ჯვრისწერის ფოტოებს ვათვალიერებდით და არცერთი ჩვენი მეჯვარე ჩვენ გვერდით აღარაა. ბევრმა ნაადრევად დატოვა აქაურობა. ამიტომ, სიკვდილი საშიში არაა. იქ კარგი ხალხია და გველოდებიან. ერთად გატარებული წლებიდან კი ბევრი კარგი მოგონება დამრჩა. თუმცა, ახალ წელთან დაკავშირებით, ძალიან რთული დღეებიც მახსენდება. ერთ წელიწადს ისე ცუდად ვიყავი, ფეხზე ვერ ვდგებოდი. მაშინ ძალიან დიდ ავარიაში მოვყევი გიორგობა დღეს და რამდენიმე თვე ვერ ვინძრეოდი. მორგიდან ამომათრიეს. უი, ეს ცოცხალი ყოფილა და პატრონიც ჰყოლიაო. სისხლიან, ტალახიან სახეზე „ზელიონკა” გადამისვეს და ისეთ დღეში ვიყავი, ოჯახის წევრებს გული გაუსკდათ ჩემს დანახვაზე. ეს 90-იან წლებში იყო და ის წლები გაჭირვებას, ომს და ათასგვარ სირთულეს უკავშირდება. ახალ წელს შეფუთულ კარტოფილს ვწვავდით და ინდაურიც ის იყო და გოჭიც. მაშინ, როცა ახლობლები ომში იღუპებოდნენ, არა მგონია, ვინმეს საზეიმოდ ჰქონოდა საქმე. ადრე ანტისაბჭოთა ელემენტად ვითვლებოდი და იმ წარსულს ვერ ვიტანდი. მაგრამ, ახლა ვხვდები, რომ იქ ძალიან ბევრი კარგი რაღაც იყო, რაც ადამიანურ ურთიერთობებში, ერთმანეთის გატანასა და საერთო გასაჭირიდან ერთად გამოძრომაში გამოიხატებოდა. კარგ ხალხთან მიწევდა ურთიერთობა. ახლა ყველაფერი სქემატური გახდა. ახალ წელს კარგი გაგებით „გაფრენებს“ ერიდებიან და გაჩნდა უცნაური, შავი იუმორი. გულწრფელად რომ გითხრათ, მე დღევანდელობა და მომავლის იმედი კი არა, სამწუხაროდ, წარსულის მოგონებები მაძლებინებს. ძალიან რთულია, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?! როცა მეკითხებიან: გახსოვს? – ვპასუხობ: კი ბატონო, მახსოვს, მახსოვს, რომ საბჭოთა არაფერი მომწონდა, ვიყავი ჰიპი. გვიჭერდნენ ჯინსების, გრძელი თმისა და თითზე ბეჭდის გაკეთების გამოც, რაც ჩვენს წინააღმდეგობას კიდევ უფრო აძლიერებდა. მაგრამ, დღევანდელი ამბებიც ხომ უნდა გავიხსენო ოდესმე და რა ვქნა, გასახსენებელი რომ არაფერი ხდება?!
– ჰიპობის წლები გაიხსენეთ და როგორც ვიცი, იმ წლებში, პირველი მამაკაცი მოდელი და ბალერონიც იყავით.
– ბალერონი არ ვყოფილვარ. უბრალოდ, მიყვარდა ცეკვა, მიყვარდა და გამომდიოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდნენ. თან, მოსკოვის ინსტიტუტში ისეთ დონეზე ვსწავლობდი, მეხუმრებოდნენ: შენ შეიძლება, დიდ თეატრში დაიწყო ცეკვაო (იცინის). მერე გერასიმოვმა მთელი კურსი გადაგვიღო თავის ფილმში „დედები და შვილები“, როგორც კლასიკური ბალეტის მოყვარული მოცეკვავეები. რაც შეეხება მოდელობას, მაშინ პატარა ვიყავი და ესეც ერთგვარი პროტესტი იყო. მოდელ კაცს სხვა რამისკენ მინიშნებად აღიქვამდნენ, რაც სასწაულად მიაჩნდათ. მერე მიხვდნენ, რომ მას არავითარი კავშირი არ აქვს გარკვეულ მიმართულებებთან. ბოლოს და ბოლოს, იფიქრეს, რომ მომწონდა საბჭოთა მასშტაბით უამრავ ლამაზ ქალთან ურთიერთობა და შურდათ კიდეც, რომ პატარა ბიჭი დავძვრებოდი ასეთი ლამაზი ქალების გარემოცვაში (იცინის). თუმცა, ამაში წლების განმავლობაში ხელფასს ვიღებდი.
– დაუმორჩილებლობის გამო კომუნისტებთან პრობლემები არ შეგქმნიათ?
–  მახსოვს, მე და თემურ ჭილაძეს, რომელიც კარგად იცით თვითმფრინავის ამბებიდან (თუმცა მაშინ ჯერ მღვდელი არ იყო, ჰიპებს გვწინამძღოლობდა) გვიჭერდნენ გრძელი თმის თუ ჯინსების გამო და გვახრჩობდნენ, გვაწამებდნენ. გვთხოვდნენ, გვეთქვა, ვინ იდგა ჩვენ უკან.
– ახალ წელს დავუბრუნდეთ. მეკვლის გჯერათ?
– კი მჯერა. დიდი ხანია, ჩვენი ოჯახის მეკვლე ჩემი შვილის მეგობარი ვიქტორ მურღულიაა. ადამიანებს ბევრი რამის არ გვჯერა, მაგალითად, პარანორმალური მოვლენების, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს და ჩვენ დავიჯერებთ თუ არა, ეს უკვე ჩვენი პრობლემაა.
–  რა ადგილი უჭირავს ამგვარ მოვლენებს თქვენს ცხოვრებაში?
– არაფერს ვამუქებ, ასეთი შემთხვევების მომსწრე გავმხდარვარ. რაჭაში ვიყავი მეუღლესთან ერთად. ღამით გამაღვიძა და მეუბნება, ეზოში ვიღაც დადისო. ნაბიჯების ხმა ისმოდა და ვხედავდით, რომ ხმასთან ერთად, ბალახი დაბლა წვებოდა. გაგიჟებულმა მეორე დღეს ეს რომ მოვყევი, გაეცინათ და მითხრეს: ჩვეულებრივი ამბავია, წასულები მოდიან თავის კარ-მიდამოში და ზოგჯერ გვესაუბრებიან კიდეცო. მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად, წყნეთში ვიყავით და მფრინავი თეფშები ვნახეთ. არც გაელვებაში აგვრევია და არც მეტეორში. ათმა კაცმა ძალიან კარგად დავინახეთ  და ერთმანეთს ვჩქმეტდით, ხომ არ გვეჩვენებაო.
– სიზმრების მიმართ თუ გაქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება?
– ხშირად რაღაც დამსიზმრებია და მერე იგივე, ოდნავი სახეცვლილებით, სინამდვილეშიც მომხდარა. ბოლო დროს, სიზმრები არ მამახსოვრდება, მაგრამ უცნაური ფორიაქი მიპყრობს გაურკვეველი მიზეზის გამო და მერე რაღაც ცუდი ხდება. ადამიანები ხომ ტვინის სამ-ოთხ პროცენტს ვიყენებთ და როგორც ჩანს, ზოგჯერ ცოტა მეტად ამუშავდება ხოლმე (იცინის). შარშან, ახალ წელს, გიორგიმ აიჩემა, გუდაურში უნდა წავიდე სასრიალოდო. ვუთხარი, ნუ წახვალ, ცუდი წინათგრძნობა მაქვს-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა და მაინც წავიდა. წავიდა და ისე დაილეწა, ძლივს „ჩამოიტანეს.“ ათასი ოპერაცია და გადანერგვა დასჭირდა ფეხზე. ახლა ოფიციალურად კოჭლია. ჩემსავითაა. მე ხომ არ ჩამომრჩება ცუდ რამეებში?! მე ორი ოპერაცია მაქვს მენისკებზე გაკეთებული, რაც დღემდე მაწამებს. იმიტომ რომ, ოპერაციის შემდეგ საჭირო ნემსები არ გავიკეთე და ახლა ხან კვირაობით და ხანაც მთელი თვით, მაგდებს ლოგინში და მაწამებს. ზუსტად იგივე დაემართა გიორგის. არც მან გაიკეთა საჭირო ნემსები, ძალიან ძვირიაო. ვაფრთხილებდი, რომ ჩემსავით გაწამდებოდა, მაგრამ არ დამიჯერა და უკვე გრძნობს შედეგს. ასეთია, ჰგონია, რომ საფრთხე მას არ შეეხება. ცრურწმენებზე მე მეუბნება ხოლმე რაღაცეებს, მაშინ, როცა თვითონ მანიაკია. რამდენჯერაც არ უნდა შევიდეს დარბაზში, სკამებს ითვლის, ეს მაწყნარებსო (იცინის).
– წელს ლენუკას საუბარმა მატერიალური მდგომარეობის შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. შეიცვალა მდგომარეობა?
– მიკვირს, რატომ გამოიწვია ამან ასეთი აჟიოტაჟი. ჩვენთან, არც ისე ბევრი გამონაკლისის გარდა, ყველა ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობს. თუმცა, ხალხს ჰგონია, რადგან ეკრანზე ჩანხარ, ესე იგი, კარგად ხარ. არადა, ასე ნამდვილად არაა. თან, მაშინ, როცა ლენუკას ეს ჰკითხეს, ძალიან ბევრი პრობლემა გვქონდა. სამი ბინა მაქვს გაყიდული: ჩემი, დეიდაჩემების და დედაჩემის. მათი გარდაცვალების შემდეგ, გაგვიჭირდა და სხვა გზა არ გვქონდა. ბევრჯერ ლომბარდშიც მიგვიტანია ნივთები და არ მესმის, რატომ უკვირს ეს ვინმეს. თუმცა, არ ვწუწუნებ, უბრალოდ, ფაქტს აღვნიშნავ და არავითარ მოთხოვნებს არ ვაყენებ. 25 წლის მანქანა მყავს და დამცინიან, უკვე სირცხვილია ამით სიარულიო. თუმცა, არა მგონია, სწორი იყოს, როცა ადამიანს დიდი ოჯახის გაქვს, შენ მაგარი მანქანით დადიოდე და სანაცვლოდ, ოჯახს ბევრი რამ დააკლო. თან, ჩემი მანქანა, ცოტა შელახული კი არის, მაგრამ კარგად დადის და შემიყვარდა კიდეც (იცინის). მე, საერთოდ, მანქანებს და ცოლებს ასე ადვილად ვერ ვიცვლი (იცინის). შვილებსაც კი უკვირთ ჩემი და ჩემი მეუღლის – როგორ შეიძლება, ამდენი ხანი ერთად იყოთ? თან, როცა ამდენს ჩხუბობთო. მართლა სულ ვჩხუბობთ, მაგრამ მათ და მათ შორის, ჩემს ცოლსაც, ერთი რამ არ ესმით – თვითონაც მეუბნება: როგორ შეიძლება, მაშინაც გყვარებოდი და ახლაც, ასეთიო? ესე იგი, არ გესმის, რა არის სიყვარული-მეთქი, ვეუბნები. თავდაპირველი სიყვარული დროსთან ერთად უფრო ფასეულ გრძნობაში გადადის.
– ბოლოს, მითხარით, რას ელით 2017 წლისგან?
– ახლა ერთი ბინა გვაქვს, რომელშიც ვცხოვრობთ ოთხმოცი კაცი. მე კიდევ საერთო საცხოვრებელი არ მიყვარს (იცინის). რამდენიმე წლის წინ, მეგობრების დახმარებით, თეთრი წყაროს რაიონში, სოფელ ამლევში სახლი ვიყიდე და ძალიან მინდა, წელს მაინც მოვახერხო იქ მყუდრო გარემოს მოწყობა. მეუღლესთან ერთად გადავიდე და იქიდან ვირბინო ხოლმე აქ. საოცარი გარემო და სილამაზეა იქ. იმედი მაქვს, 2017 წელსაც გაგრძელდება ის, რაც წინა წელს კარგი იყო. რაც მთავარია, ოჯახში მეუღლე თავის სიმაღლეზე დგას და შვილებიც კარგები არიან. გოგონა განსაკუთრებით აქტიური და მიზანდასახულია. მართალია, თუ გაბრაზდა, შეიძლება საერთოდ დაავიწყდე, მაგრამ საჭიროების დროს საოცარი თანადგომა იცის. ბიჭი ცოტა „ბეშაბაშნია“, მე მგავს (იცინის). რაც მთავარია, შვილიშვილებით ვარ კმაყოფილი. გიორგის უფროსი გოგონა ენებს სწავლობს, ბევრი რამ იცის და უკვე მიზნები აქვს დასახული. ლენუკას ბიჭი კალათბურთს თამაშობს. გიორგის ბიჭი პატარაა, ჯერ ოთხი წლისაა და გენიოსია. ისე ხატავს, საბავშვო ბაღში მისი პერსონალური გამოფენის მოწყობა უნდათ. პლანშეტიდან ენები ისწავლა და ამ პატარა ბიჭს ისეთი იუმორი აქვს, მასთან ერთად ვერ მოიწყენ. იმედი მაქვს, 2017 წელი ყველასთვის უკეთესი მომავლის მომტანი იქნება.

скачать dle 11.3