კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (52)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

სიყვარული რეანიმაციაში #52

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-51(834)

 ანდრო ზანტად შემოვიდა და ნიას დანახვაზე ნაძალადევად გაიღიმა.
– ოჰო, აქ ხარ? მიხვდი, რომ მჭირდებოდი? დავიღალე და ეს ისეთი უსიამოვნო დაღლაა, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. საოპერაციოში ასეთი რამ მაშინაც კი არ მითქვამს, როცა შვიდი-რვა საათის  განმავლობაში ფეხზე ვიდექი.
– ტყუილად წუწუნებ, – დასცინა ნიამ, –  ლამაზი ქალის მძღოლი იყავი. არ მჯერა, რომ ეს არ მოგეწონა.
– საქმე ის არ არის, რა მომწონს და რა არა. ადვილი არ არის ითამაშო მაშინ, როცა მსახიობობის ნიჭი საერთოდ არ გაგაჩნია.
– იმედია, ცისია ამას ვერ მიხვდა. არ მინდა, ყველაფერი წყალში გადაიყაროს.
– ცისია ცუდი ადამიანი არ არის. მაგრამ, ძალიან მიამიტია და მომეჩვენა, რომ გულწრფელიც.
– ოღონდ არ მითხრა, რომ შეგიყვარდა. ამას ვეღარ გადავიტან, – მოიღუშა ნია, – რა აქვს ამ გოგოს ისეთი, რომ კაცები მასზე ირევით. უკვე შენც მოგაჯადოვა.
– ნია, სულელი არ ხარ და რატომ მეუბნები ამას? რას ნიშნავს მომაჯადოვა, ბატონი დავითი ხომ არ გგონივარ. უბრალოდ, ის ვთქვი, რომ ურჩხული არ არის.
ნიამ მხრები აიჩეჩა.
– ჩემთვის ეს არაფერს ცვლის. არ შველის იმას, რომ თავს საზიზღრად ვგრძნობ. ყოველთვის, როცა აცერცეტებულ დავითს ვხედავ, ნერვები ისე მეშლება, თავს ძლივს ვიკავებ, ყველაფერი არ მივახალო, რასაც მასზე ვფიქრობ.
– უცნაურია შენი ორმაგი სტანდარტი, – გაიცინა ბიჭმა.
– რა სტანდარტებზე ლაპარაკობ, – ეჭვით შეხედა გოგომ.
– უბრალოდ, წარმოვიდგინე, შენზე რომ შეეჩერებინა არჩევანი დავითს, მაშინ თუ მოგეჩვენებოდა, რომ ცერცეტია და სასაცილო.
– ანდრო, რატომ გინდა, ნერვები მომიშალო?
– ვერ ვხვდები, ნერვები რატომ გეშლება. სხვასთან ხომ არ ვამბობ ამას, შენ გელაპარაკები. იცი, დღეს საქორწინო სალონის გამყიდველ გოგოს ცისიას ქმარი რომ ვეგონე? ძალიან გავერთეთ, მეც და ცისიაც.
– ანდრო, არ მომწონს ასეთი ემოციური დამოკიდებულება რომ გაგიჩნდა მაგ გოგოს მიმართ. ხომ იცი, სიყვარული ასე იწყება.
– ნუ მასწავლი ჭკუას. სიყვარული რომანტიკოსებისთვის არის... და კიდევ, მოცლილებისთვის. შენც ხომ არ გიყვარს ბატონი დავითი.
– რა მნიშვნელობა აქვს, მიყვარს თუ არა. ჩვენ სიყვარულზე არ ვლაპარაკობთ. შენთან საქმიანი ურთიერთობა მაქვს. დავითი კი საშინლად მომექცა.
–  შეიძლება, ბატონი დავითი ასე არ ფიქრობს.
– რა მნიშვნელობა აქვს, რას ფიქრობს ბატონი დავითი, – გამოაჯავრა ნიამ, – და საერთოდ, ვატყობ, დავითთან და მის ცოლუკასთან ურთიერთობა შენზე ცუდად აისახება.
– კარგი რა, ნია, – ანდრო გოგოსთან მივიდა და მხარზე მოხვია ხელი, – სხვათა შორის, შენთვის ერთი კარგი ამბავი მაქვს.
ნიამ უნდობლად შეხედა.
– ჰო, მაგარი ამბავია. ერთ ადამიანს უყვარხარ, თანაც გონების დაკარგვამდე.
– მორჩი სისულელეებს, სამასხროდ არ მცალია.
– სერიოზულად მიყვარსო, იმ ბიჭმა და რა ვიცი... – მხრები აიჩეჩა ანდრომ, – ისე მელაპარაკებოდა, ცოტათი შემეცოდა კიდეც. არ გაინტერესებს, ვინ არის?
– არა. – ნია კალთაში ჩაუჯდა ბიჭს და კაბის ღილები შეიხსნა, – საქმეზე გადავიდეთ, ძალიან მჭირდება რელაქსი. აღარ მელაპარაკო.
– არ გაინტერესებს, ვინ დნება შენი სიყვარულით? – ბიჭმა მისი სახე ხელისგულებში მოიქცია და თვალებში ჩახედა.  
ნიამ ამოიოხრა და ტუჩებით მისი ტუჩები მოძებნა.
***
ანა  აივანზე, სარწეველა სავარძელში იჯდა. მუხლებზე შალის პლედი ეფარა და ცხელ ჩაის ნელა, პატარა ყლუპებით სვამდა. ჩაფიქრებული, რაღაცით შეშფოთებული სახე ჰქონდა.
მირიანი ცოლს მიუახლოვდა, დაიხარა და თავზე აკოცა.
– აი, სად ყოფილხარ. არ გაცივდე, ყინავს უკვე.
– სუფთა ჰაერი მჭირდებოდა. ადრე მოხვედი.
მირიანმა საათზე დაიხედა.
– სულაც არა, ცხრა სრულდება. ისე, მეც დავლევ ჩაის ლომონით და დარიჩინით. ახლავე მოვიტან.
ანამ გაუღიმა, მაგრამ კაცი მიხვდა, რომ ქალი ფიქრებით მასთან არ იყო. რამდენიმე წუთში, ჩაის ჭიქით ხელში აივანზე დაბრუნდა და ცოლის გვერდით, სავარძელში მოიკალათა.
– რაღაც გაწუხებს თუ დაიღალე? გოგოებს სძინავთ? ძალიან ხომ არ გაგაწვალეს...
– არა, ძიძამ ივაჟკაცა. მე სახლში თითქმის არ ვყოფილვარ. ერთი საათიც არ იქნება, რაც დავბრუნდი.
– მართლა? სად იყავი? მაღაზიებში დადიოდა ჩემი ლამაზი ცოლი? კარგია, ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისში გასამგზავრებლად ემზადები. კაბა იყიდე? საჩუქარი ერთად შევურჩიოთ. მეც თქვენთან ერთად წამოვალ. უკვე ვუთხარი, რომ ერთი კვირა არ ვიქნები. პრომლემა არ შემექმნება.
– მირიან, მოიცადე. არც მაღაზიებში მივლია და არც იმაზე მიფიქრია, რას ვაჩუქებ ბედნიერ წყვილს საქორწინო წვეულებაზე.
მირიანი გაშრა.
– ანა, ჩვენ ხომ გავიარეთ ეს თემა. არ მინდა, თავიდან დავიწყოთ და ერთმანეთს ნერვები მოვუშალოთ. სად იყავი?
– ქუჩებში დავხეტიალობდი. ბევრი, ბევრი ვიარე, რომ დავღლილიყავი და ბოღმისგან დავცლილიყავი.
მირიანმა შვებით გაიღიმა.
– ყველაფერი კარგად იქნება. აი, ნახავ. ბოლოს და ბოლოს, ეს მამაშენის ცხოვრებაა. ყველაფერზე პასუხისმგებლობაც მას მოუწევს.
– მშვენიერი გამოსავალია, – ამოიოხრა ანამ, – თუმცა, გეთანხმები, უკეთესს მაინც ვერ ვხედავ.
– მე ძალიან მიყვარხარ, – მირიანმა ცოლს ისე გაუღიმა, რომ ქალს გული აუჩუყდა. ჭიქა დადგა, ქმართან მივიდა და მოეხვია.
– რა ბედნიერებაა, რომ შენ მაინც მყავხარ...  
– ჰო, რა თქმა უნდა. თანაც, ისეთი გყავარ, უკეთესს ვერც ინატრებდი.
– არ გაბედო და არ მიღალატო. ძალიან, ძალიან საშიში ვიქნები.
მირიანმა თავი დაუქნია და ცოლს მოეხვია.
***
ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ შექმნილი, რთული სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი მასზე თვალის დახუჭვაა. გულის სიღრმეში ზუსტად იციან, რომ ამით მხოლოდ დროებით იგრძნობენ შვებას, მაგრამ მაინც მიდიან ამაზე. იქნებ, ეს უბრალოდ თავდაცვითი ინსტინქტია. იქნებ, ეს ერთადერთი გზაა, გადარჩე. უამრავი სტრესის, იმედგაცრუების, ტკივილისა და დაბრკოლებების გარემოცვაში.
***
დავითმა კარი თავისი გასაღებით გააღო და ბინაში უჩუმრად შევიდა. დივანზე ფეხმორთხმით მჯდარ ცისიას, ხელში პულტჩაბღუჯულს ეძინა. კაცი ფეხაკრეფით მიუახლოვდა ცოლს და ლოყაზე აკოცა. ქალმა თვალები გაახილა.
– ძალიან დაიგვიანე. მე კი ჩამძინებია. ჩინურ სამზარეულოში გემრიელი კერძები შევუკვეთე და ალბათ, ყველაფერი გაცივდა.
დავითმა თავი დამნაშავედ იგრძნო.
– მშიერი დაგტოვე?
– ჰო, კაფეში ხომ ვერაფერის შეჭმა მოვასწარი. როგორც კი დაგირეკეს, წამოხტი და კლინიკაში გაიქეცი. რომანტიკული ვახშამიც დავკარგე, მადაც  და ქმარიც.
– ქმარი არ დაგიკარგავს. აქ ვარ შენ გვერდით და მითხარი, რა გავაკეთო, დანაშაული რომ გამოვისყიდო.
ცისიამ თვალები მოჭუტა და მაცდურად გაიღიმა.
– ანუ, სასჯელი მოვიფიქრო შენთვის?
– ჰო, – ცოლის სიხალისე გადაედო დავითსაც, – ოღონდ ძალიან მკაცრიც ნუ იქნები.
– პრონციპში, უკვე მოფიქრებულიც მაქვს და უარს ვერ მეტყვი.
– აბა, გისმენ. თუ ჯერ ვივახშმოთ და მერე ვილაპარაკოთ. ან, თან ვჭამოთ, თან ვილაპარაკოთ.
ცისიამ საათს შეხედა.
– გინდა, ასე გვიან ვჭამო? გინდა, რომ შენი ცოლი გასუქდეს? არა, არა, არავითარი სურვილი არ მაქვს, საქორწინო კაბაში ვერ ჩავეტიო, რომელიც უკვე ვიყიდე და ძალიან მომწონს.
– მართლა? კაფეში რატომ არ მითხარი, რომ უკვე იყიდე. ძალიან მაინტერესებს, არ მაჩვენებ?
– არა. ჯერ ერთი, რომ არ შეიძლება, სიძემ პატარძლის კაბა ქორწილამდე ნახოს და მეორეც – კაბა აქ არ მაქვს, მაღაზიაში დავტოვე, ქორწილის დღეს მოიტანენ.
– ჩაი მაინც დამალევინე, ძვირფასო მეუღლევ, მერე კი, რადგან კაბის ნახვის ბედნიერების ღირსი კიდევ ორი კვირა ვერ გავხდები, საერთოდ ტანსაცმლის გარეშე შენს ნახვას ვერავინ ამიკრძალავს...
ცისიამ ხმამაღლა გადაიკისკისა.
– ჩემი გარყვნილი... მაგრამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს, ხომ იცი? ჯერ დამპირდი, რომ საყიდლებზე გამომყვები.
– რომელ საყიდლებზე. ანდრო შესანიშნავად ართმევს თავს ამ საქმეს.
– არა, ანდრო ვერ დამეხმარება იმაში, რის გაკეთებასაც ვაპირებ. გადავწყვიტე, ანას, შენს სიძეს და  შვილიშვილებს საჩუქრები დავახვედრო. ჩვენ ხომ უკვე ერთი ოჯახი ვართ. მაგრამ, მე არ ვიცნობ მათ. არ ვიცი, როგორი გემოვნება აქვთ და რა მოეწონებათ. ამიტომ, უნდა დამეხმარო. უარი არ მიიღება.
დავითმა ხელები გაშალა.
– რადგან უარი არ მიიღება, თანახმა ვარ.
– ჰო, მართლა, არ დაურეკავთ, როდის ჩამოდიან?
– არა და ვერც მე მოვიცალე, დამერეკა. იცი, მე რა გადავწყვიტე? – ანას იმ ბინას ვაჩუქებ.
– კარგი გადაწყვეტილებაა. მაგრამ...  – ცისიამ ქმარს კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
– რაღაც ისე ვერ არის?
– ამას იმიტომ ხომ არ აკეთებ, რომ ანას მიმართ თავს დამნაშავედ გრძნობ?
დავითმა პასუხს თავი აარიდა. ცოლს მკლავზე მოჰკიდა ხელი და ღიმილით სთხოვა:
– იქნებ, მაინც დაგველია ჩაი. შენი წყალობით, ახლა უკვე ვიცი, რამხელა ბედნიერებაა, როცა ვიღაც გიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ბედნიერება  დიდხანს, ძალიან დიდხანს შევინარჩუნო.
***
ნიამ შიშველ მკერდზე ზეწარი აიფარა. სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდა. თვალებიდან ღაპა-ღუპით სცვიოდა ცრემლები. ანდროს შეხედა და თავი გადააქნია.
– როგორი საზიზღარი ხარ. თავიდანვე რატომ არ მითხარი.
– შემოვინახე, ბონუსის სახით. ისეთი ბრალდებებისა და საყვედურების ქარიშხალი დამატეხე თავს, მომინდა, ცოტა გამეწვალებინე.
– ანუ, ისეთ კაბაზე გააკეთებინე არჩევანი, რომელშიც სკოლის მოსწავლე გოგოს ჰგავს?
– კაბა მართლაც ძალიან ლამაზია, შეგიძლია, მენდო.
ნია ბიჭს მოეხვია და ისე ჩაეხუტა, რომ ანდრომ შეჰყვირა:
– გინდა, გამჭყლიტო?! ნია, საკმარისია, ამდენი სექსი არ შეიძლება. სამსახურში წასვლამდე უნდა გამოვიძინო კიდეც. ხვალ მაინც ვიყო ოპერაციაზე. ნერვები მეშლება, ის სოსო რომ იქ არის, მე კი საჭეს ვატრიალებ.
– საჭეს იმიტომ ატრიალებ, რომ მალე საოპერაციოში ყოველდღე და რაც შეიძლება, დიდხანს იყო. საბოლოო მიზანი ხომ ეს არის?!
– ჰო, მართალი ხარ. წვეულება ორ კვირაშია. ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო, რომ ცისიას საუკეთესო მეგობრად ვიქცე. ისე, შენც შეგიძლია, დაუახლოვდე. ეს ჩვენს საქმეს ძალიან წაადგება.
– არ შემიძლია. საკუთარ თავს ვერ გავაკონტროლებ და დიდი შანსია, ყველაფერი გავაფუჭო.
– იმაზე იფიქრე, რომ ცისიას არაფერი დაუშავებია. ის არ ჩამდგარა შენსა და დავითს შორის.
– ნუ მაცინებ, აბა ვინ ჩადგა, შენ? არ ჩამაშხამო ის სიამოვნება, რაც ახლა მივიღე.
– კარგი, გავჩუმდები. მაგრამ მანამდე გკითხავ, – დავითთან როგორი იყო.
– ინტიმური დეტალები გაინტერესებს? – ნია ბიჭს მოშორდა და საწოლში წამოჯდა.
– ჰო, რატომაც არა. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ ასეთმა გულახდილობამ უხერხულობის განცდა არ მოგვგვაროს.
– ანუ, გაინტერესებს, დავითი ლოგინში როგორია? – მისი ასაკისთვის საკმაოდ კარგ ფორმაშია. იცის, ქალს როგორ ასიამოვნოს.
– აშკარად არ იტყუები, იმიტომ რომ, ცისიაც საკმაოდ ბედნიერად გამოიყურება.
– არა უშავს. დიდხანს არ გასტანს მისი ბედნერება. ჯერ ეიფორიაშია და ამ ეიფორიიდან გამოსვლაში ჩვენ დავეხმარებით.
– გარყვნილი და ბოროტი გოგო ხარ, – ამოიოხრა ანდრომ.
– ჰო, ასეთი ვარ, მაგრამ ოდნავადაც არ მრცხვენია. არც სინდისის ქენჯნა მაწუხებს. იმიტომ რომ, გული მატკინეს. ასე რომ, გამამართლებელი გარემოებები ჩემ სასარგებლოდ მეტყველებს, – მკაცრად წარმოთქვა ნიამ და საბანი თავზე წაიფარა, – უნდა დავიძინო, ამაღამ აქ დავრჩები.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3