კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

როგორ ინგრევს ადამიანი ცხოვრებას ნეგატიური აზრებით და როგორ იცავს საკუთარ თავს ცუდ ამბებზე გამუდმებული ლაპარაკით #52

იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთული ბუნების გამო ჩვენს ხასიათში ემოციები რაციონალიზმს სჭარბობს და ერევა, სავსებით ბუნებრივია, რომ ჩვენი ქცევა, ძირითადად, ემოციებითაა ნაკარნახები, რის უარყოფითი შედეგი არაერთხელ გვიწვნევია თვით სახელმწიფოებრივ დონეზეც კი. მეორე მხრივ, გამუდმებული სჯა-ბაასი იმაზე, თუ რა ცუდადაა ყველაფერი, იმის წინაპირობაა, რომ ვითარება იმაზე მეტად დამძიმდეს, ვიდრე ამას რეალობა გულისხმობს. აზრებსა და სიტყვებს რეალობის ისეთივე შეცვლა შეუძლიათ, როგორც ქცევებს. მეტიც, ქცევები სწორედ აზრებითაა მოტივირებული. თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში, ძირითადად, ნეგატიური აზრები ტრიალებს, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ვითარება არცთუ სახარბიელოა –  ნათელი მომავლის პერსპექტივის თვალსაზრისით. იმის შესახებ, თუ როგორ ქმნის ადამიანი თავისივე სიტყვებით მძიმე რეალობას, ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად ვისაუბრებთ.  
– სიტყვები, აზრები როგორ მოქმედებს რეალობაზე, თითქოს ობიექტურ მოცემულობაზე?
– ჩვენი აზრები და ჩვენ მიერ გამოთქმული სიტყვები, რომლებიც შემდეგ ქმედებებშიც გადადის თავისებურად, ბუნებრივია, მოქმედებს დადებითად ან უარყოფითად ჩვენს ცხოვრებაზე, იმისდა მიხედვით, თუ რა შინაარსისაა. თუ ნეგატიურია, ამაფორიაქებელია და დაძაბულობის მუხტითაა სავსე, ჩვენს დაძაბულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაძაბავს; თუ დადებითი მუხტის მატარებელია, შეიძლება, განმუხტოს სიტუაცია. ძალიან ტრივიალურ რამეს ვამბობ: არაფერი სიახლე ამაში არ არის. ეს ასეა.
– ხანდახან სიტუაცია ნამდვილად სანერვიულოა, ცუდი პერსპექტივა ესახება ადამიანს. განვმარტოთ მექანიზმი, თუ როგორ ართულებს ვითარებას ამაზე ხშირი ლაპარაკით და ვიშვიშით?
–  ჩვენი საზოგადოების მაგალითი რომ ავიღოთ: სიტუაცია მძიმეა და ამ მძიმე სიტუაციის შესახებ ლაპარაკობს ყველა, კიდევ უფრო აბუქებენ და ხდება ეგრეთ წოდებული აგრავაცია, ანუ გაუარესება. ესე იგი, თითოელი თავის მსჯელობაში ლაპარაკობს უფრო მეტ ნაგატიურ მხარეებზე, ვიდრე ან რეალურადაა, ან სხვას აღუნიშნავს. ხშირად ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტად დაამძიმებს სიტუაციას და ეს ბუნებრივია, ხელს არ უწყობს პრობლემის გადაწყვეტას. პირიქით, ხელს უშლის. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ანდაზა აქვთ იაპონელებს: თუ პრობლემა ვერ წყდება, მასზე ნერვიულობას აზრი არ აქვს; თუ პრობლემა წყდება, მაშინ მით უმეტეს აზრი არ აქვს ნერვიულობას. აი, ეს ლაი-ლაი, ყბედობა და ამდენი აგრავაცია, ანუ გაუარესება და დამძიმება, ნამდვილად არაფრის მომტანია, გარდა დაძაბულობისა.
– როგორ გადადის არამატერიალური აზრები და სიტყვები მატერიაში.
– ჩვენი აზრები მატერიალიზდება და მართლაც ხდება იდეათა მატერიალიზაცია. მახსოვს, 1988 წლის ნოემბერში არაფორმალების, ეროვნული ძალების დიდი მიტინგი გაიმართა იპოდრომზე და იქ ითქვა, რომ ჩვენ უნდა გავიღოთ მაქსიმუმი, სისხლი დაიღვრება, მაგრამ, სამაგიეროდ, იმპერიას დასჯის საერთაშორისო სამართალიო. ანუ, მსხვერპლი უნდა შევწიროთ და მივაღწევთ ნანატრ დამოუკიდებლობასო. მართლაც, 1989 წლის 9 აპრილს, რამდენიმე თვეში, ეს ახდა. მანამდე დავწერე კიდეც, რომ იდეის მატერიალიზაცია მოხდება, იმიტომ რომ, თავის დროზე ჰეგელმა შემოიტანა ეს ცნება –  იდეის მატერიალიზაცია და ამას დავეყრდენი ჩემს წერილში. მართლაც, 1989 წლის 9 აპრილს ეს იდეა განხორციელდა. ცხადია, ზუსტ თარიღებს ვერ იწინასწარმეტყველებდი, მაგრამ ჩანდა, რადგან ეს იდეა შემუშავდა გარკვეულ წრეებში, ის თავის თავს განახორციელებდა და განხორციელდა კიდეც. ანუ იდეის მატრიალიზაცია ერთ-ერთი რეალური მექანიზმია, რომელიც არსებობს ცხოვრებაში.
მეორე მხრივ, ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ მოვლენისადმი მოლოდინები ასრულებს თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველების ფუნქციას. რადგან მოლოდინი გაქვს, რომ ეს და ეს მოხდება, ძალაუნებურად, ქვეცნობიერად, ისე აკეთებ ყველაფერს, რომ შენი მოლოდინი გაამართლო. ანუ ერთგვარ ჟარგონს ვიხმარ: „გააპრავო“ შენი მოლოდინი და მართლაც, რის მოლოდინიც გაქვს, ის ხდება. ამიტომაცაა კატასტროფების მოლოდინი ცუდი რამ: ადამიანს თავად მიჰყავს კატასტროფებამდე საქმე. მოლოდინები თვითონ აღსრულდება წინასწარმეტყველებასავით. სინამდვილეში, არანაირი წინასწარმეტყველება არ არის. ადამიანს თავად მიჰყავს პროცესი იქითკენ, რომ მისი მოლოდინი რამენაირად გამართლდეს, თუნდაც, მისთვის  საზიანო იყოს. ამიტომაცაა საშიში ნეგატიური აზრები: ანგრევს ადამიანის ცხოვრებას. თვითონ ადამიანი ინგრევს თავის ცხოვრებას ნეგატიური აზრებით, რადგან ნეგატიური აზრებით ნეგატიური მოლოდინები აქვს გარე სამყაროსადმი, ადამიანებისადმი, საზოგადოებისადმი და ეს მისივე ნეგატიური აზრები მართლაც გამართლდება ხოლმე იმ კანონზომიერების გამო, რომ მოლოდინებს თვითაღსრულების ფუნქცია აქვს.
– არსებობს მოსაზრება, რომ საკუთარი აზრები ბუმერანგივით გვიბრუნდება.
– სწორედ ამ მექანიზმის გამო: ნეგატიური მოლოდინი უნდა აღსრულდეს. ამ თვალსაზრისით, ადამიანი გარე სამყაროზე თავისებურად ზემოქმედებს ისე, რომ გაცნობიერებულიც არ აქვს, რომ ზემოქმედებს.
– არის ასეთი ტენდენცია: ნეგატიური მოლოდინები სრულდება თითქმის ყოველთვის, პოზიტიური –  იშვიათად.
–  ჩემი აზრით, ერთიც სრულდება და მეორეც. უბრალოდ, ადამიანი ნეგატიურს აქცევს ყურადღებას და ამახსოვრდება, პოზიტიურს კი არ აქცევს ყურადღებას. დაახლოებით ასე: როდესაც ჯანმრთელი ხარ, არ აფასებ შენს კარგად ყოფნასა და ჯანმრთელობას, მაგრამ, როგორც კი ავად გახდები, მაშინვე დაიწყებ გამოჯანმრთელებაზე ზრუნვას. ნეგატივი გიბიძგებს მოქმედებისკენ, პოზიტივი კი, გგონია, ისედაც უნდა იყოსო და არ მოქმედებ. ამიტომ ნეგატივის აღსრულება უფრო გამახსოვრდება, თორემ პოზიტივიც სრულდება. ამ რთულ სამყაროში მნიშვნელოვანია პოზიტიური აზროვნება, რადგან, რაც წინ მიდის ცივილიზაცია, თითქოს ადვილდება ცხოვრება, მაგრამ რეალურად, რთულდება. მაგალითად, მობილური და კომპიუტერი თითქოს გათავისუფლებს რაღაცისგან, სინამდვილეში კი, მონა ხდები. ტელეფონის გარეშე ქუჩაში ვერ გასულხარ, თითქოს კარგავ კავშირს სამყაროსთან. ნაცვლად დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და სილაღისა, კაცობრიობას თავისი ტექნოლოგიური წინსვლის გამო პრობლემები ექმნება, უფრო და უფრო რთული ხდება ცხოვრება. ამ რთულ ცხოვრებაში ერთადერთი დამაბალანსებელი ძალა მაინც პოზიტიური დამოკიდებულებაა. ანუ ადამიანი ხელოვნურადაც კი უნდა წაეშველოს თავის თავს. ღიმილი სახეზე დაიფინოს, წელში გაიმართოს, შეეცადოს, კარგი სიტყვებით მიმართოს მეორეს და ირგვლივ შექმნას, რამდენადაც შეუძლია, პოზიტიური გარემო და ეს აადვილებს ცხოვრებას. უფრო მეტიც, დააბალანსებს იმ ნეგატივს, რაც მოდის ტექნოკრატიული სამყაროს სირთულეებიდან.
– რატომ სიამოვნებს ბევრი ლაპარაკი უბედურებებზე, ცუდ ამბებზე, გაჭირვებაზე, სიკვდილზე, ფასების ზრდაზე, შიშს თრგუნავს ამით?
– ეტყობა, თავდაცვითი მექანაზმია. ვთქვათ, მოხდა სტიქიური უბედურება, ვია-ვიში და ამაზე ამდენი ლაპარაკი იმითაცაა, ალბათ, გამოწვეული, რომ, რადგან მე გადავრჩი და არ შემეხო, თავს ვიცავ. რადგან ამაზე ვლაპარაკობ, ესე იგი, საკუთარი თავის დისტანცირებას ვახდენ ამ უბედურებისგან: მე არ შემეხო, იქ მოხდა.
– რა კარგია, რომ მე ცოცხალი ვარ და სხვა მოკვდა?
– ამას სიტყვიერად არ ამბობს, მაგრამ ეს იგრძნობა. როდესაც სპიტაკში დიდი მიწისძვრა მოხდა, ფსიქოთერაპევტთაგან პირველი მე წავედი. ჩემი მეგობარი იჯდა საჭესთან. სევანთან მანქანა გავაჩერეთ, რაღაცის კითხვა გვინდოდა, ბლომად ხალხი შეკრებილიყო. მოკრძალებით შევეკითხეთ და მივუსამძიმრეთ. ისინი კი ამაყად იდგნენ და ამბობდნენ, ასეთი მიწისძვრა არასდროს ყოფილა დედამიწაზე, მხოლოდ ჩვენთან მოხდაო. საზეიმო განწყობილებასავით ჰქონდათ, ხომ ხედავთ, ჩვენ, სომხებს, რა დაგვემართა, თქვენ ასეთი რამ დაგემართებოდათო?! თავს გვაწონებდნენ თავიანთი მიწისძვრით, რომელიც ყველაზე დიდი იყო, იმდენად დისტანცირებულები იყვნენ იმ უბედურებისგან, რაც გადახდათ. იმას კი არ ვამბობ, რომ ეს მათი ეროვნული თვისებაა, შესაძლოა, ყველას მოსვლოდა. უბრალოდ, ის მოვყევი, მე რასაც შევესწარი. მაგრამ ამ ისტორიას გაგრძელებაც აქვს: წლების შემდეგ ჩვენთანაც მოხდა მიწისძვრა, დამირეკეს საპასუხოდ და მომიკითხეს. მკითხეს, მსხვერპლი თუ იყოო; ორი ადამიანი დაიღუპა-მეთქი; მხოლოდ ორიო, გაიკვირვეს…
– ისევ მიმდინარე პრობლემებს რომ დავუბრუნდეთ: ყოველდღიური მოთქმა, როგორ იქცევა ეკონომიკა, როგორ უფასურდება ლარი, არადა ისე არა, როგორც მოვთქვამთ, ხომ ეხება მაინც იმათ, ვინც მოთქვამს?
– შენ არ გეხება, ლაპარაკობ მესამე პირში, რა გვეშველებაო. ანუ ესეც თავდაცვითი რიტუალია. ყველა რიტუალს თავდაცვითი ფუნქცია აქვს. მისალმებაც, გამარჯობა-გაგიმარჯოც, რიტუალია. რიტუალებისგან შედგება ჩვენი ურთიერთობები და საუბარიც ერთგვარი რიტუალია, რომელიც დაცულობის გრძნობას გიქმნის. რადგან მშვიდად ლაპარაკობ, თუნდაც, უარყოფით მოვლენაზე –  ხედავ, რა ხდება, აბა, აბა, რა ხდებაო, სინამდვილეში თავისებური ზეიმია, მე ამ წუთას არაფერი მემართება განსაკუთრებული. მართლაც, არაფერი ხდება განსაკუთრებული, უბრალოდ, ლარი ცელქობს. მეტიც, ჩვენ ახლა კრიზისი გვაქვს. მაგრამ, თუ შევხედავთ იმ თვალსაზრისით, რომ კრიზისი გაკვეთილია, იმ სტიმულს გვაძლევს, რომ რაღაც ნაღდად გამოცვალო ცხოვრებაში და არა მხოლოდ ფასადების ცვლილებაზე გააკეთო აქცენტი, კრიზისი მართლაც საჭიროა. არ არის ცუდი, რადგან გამოგაფხიზლებს და შანსია, რომ უკეთესი ცხოვრება დაიწყო. თუ ასე შეხედავ, კრიზისი გამოწვევაა და ეს გამოწვევა უნდა მიიღო, თუ არადა, ვაი-ვიში, რა გვეშველება, ლაყბობაა. მაგრამ ლაყბობა სჭირდება ადამიანს, იმიტომ რომ, წარამარა დროს ატარებს, რადგან დრო მისთვის პრობლემაა და უნდა, რომ გაუშვას. ერთი მხრივ, დადებითი დატვირთვა აქვს დროის გატარებას, რომ ვიმხიარულე, მაგრამ, მეორე მხრივ, დროის მოცილება უნდა ადამიანს, დრო პრობლემას უქმნის და ამიტომაც ლაყბობს, რუტინაში ეფლობა. ან მზესუმზირას მიირთმევს, ან უცებ ტელეფონს აიღებს და ვიღაცას ურეკავს, ვისთანაც სულ არ აპირებდა დარეკვას, როდესაც ვინმეს ელოდება, ბოლთას სცემს. მთავარია, ამასობაში დრო გავიდეს. საუბარიც დროის გატარებაა და ჩვენ მოლაყბეთა საზოგადოებაში ვცხოვრობთ.
– მაგრამ გამუდმებით უარყოფითზე საუბარი ხომ ამძიმებს ვითარებას?
– ერთი მხრივ, ამძიმებს, მეორე მხრივ, თავს ვიცავთ. თუმცა თვითონ სიტუაციის დამძიმება იწვევს მეორე დამძიმებას, დაახლოებით ისეა, ერთ ტყუილს რომ იტყვი, შემდეგ მის გასამართელბლად –  მეორეს, შემდეგ –  მესამეს და ეს აღარ სრულდება. რაღაც რომ დამძიმდება, იმ სიმძიმეს მეორე სიმძიმე მოჰყვება და ამაზე გამუდმებული ლაპარაკით, კიდევ უფრო ამძიმებ, იმიტომ რომ, კიდევ ერთ აგურს ამატებ.
– რა ვურჩიოთ ჩვენს მუდმივად და ნებისმიერ თემაზე მშფოთვარე საზოგადოებას?
–  სიდარბაისლე, სიმშვიდეა წამალი…
– უნივერსალური ფორმულა მოგვცა რუსთაველმა: „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა“.
– შოთას სულ უნივერსალური ფრაზები არ აქვს?! სიმშვიდე აუცილებელია. ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელსაც საოცრად რთული, ნახევრად კრიმინალური ბიოგრაფია აქვს, მითხრა, რამდენჯერაც კარგ და მშვიდ ხასიათზე ვყოფილვარ, იმდენჯერ კარგად წამსვლია საქმეო. როგორც კი ავღელვებულვარ, მაშინვე ცუდად მიბრუდებოდაო. მას თავის თავზე აქვს გამოცდილი და ამიტომ მოვიტანე მისი მაგალითი. არა მხოლოდ ინდივიდის დონეზე, ზოგადადაც, მშვიდად უნდა შეხედოს მოვლენებს საზოგადოებამ. რაც მშვიდად იქნება, მით უკეთესი. განსაკუთრებით მედიას აქვს ჩვენთან რთული პოზიცია: იმიტომ რომ, ყველა მუშაობს აგრავაციაზე, სიტუაციის გაუარესებაზე. მთავრობაც მუშაობს, იმიტომ რომ, აფორიაქებულ საზოგადოებას უკეთ მართავს, ოღონდ კრიტიკულ ზღვარს არ უნდა მიაღწიოს ამ ფორიაქმა; და მედიისთვისაც კარგია, სხვანაირად ფულს ვერ აკეთებს. როდესაც ეს ორი რამ ერთმანეთს ემთხვევა, ბალანსი ნეგატივისკენ უფროა, ვიდრე პოზიტივისკენ.

скачать dle 11.3