კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

ვინ აუკრძალა ედმონდ მინაშვილს აგვისტოს ომზე ფილმის გადაღება და როგორ გახდა ის ევროპის კინოაკადემიის ოფიციალური წევრი #51

რუსთაველის თეატრის მსახიობი, პროდიუსერი და პიარ-მენეჯერი – ედმონდ მინაშვილი ევროპის კინოაკადემიის ოფიციალურ წევრად აირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ განაცხადი შეტანილი ჰქონდა, ეს ტიტული მისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. სამომავლოდ, კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას აპირებს. მანამდე კი, მიღებულ ტიტულსა და წარსულ წარმატებულ ნაბიჯებზე ვისაუბრეთ.
ედმონდ მინაშვილი: მოულოდნელი იყო ევროპის კინოაკადემიის ოფიციალური წევრის სტატუსი, თუმცა უკვე დიდი ხანია, ამ მიმართულებით ვმუშაობ. კინემატოგრაფია ჩემთვის პროფესიაა და თითქმის ხუთი წელია, მის წარმოებაში გადავეშვი. როგორც პროდიუსერს და ავტორს, რამდენიმე კინო მაქვს გაკეთებული, რომელსაც მაყურებელი კარგად იცნობს და კინოფესტივალებზეც ხშირად დავდივარ. ერთი წლის წინ გამიჩნდა ევროპის კინოაკადემიის წევრობის პრეტენზია და განაცხადი გავაკეთე. მათი კრიტერიუმები დავაკმაყოფილე და 21 ნოემბერს, მთავარანგელოზობას, ღმერთმა უდიდესი საჩუქარი გამიკეთა – ევროპის კინოაკადემიის ოფიციალურ წევრად ამირჩიეს, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და გამოწვევაა. ჩათვალეთ, რომ ამ ტიტულის მიღების შემდეგ, მფლობელის „წონა” 80 პროცენტით იზრდება. ეს ფუფუნებაა და მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებ.
– ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის, „შინდისის გმირების“ შესახებ მინდა გვიამბო. ამ მომენტისთვის რა ეტაპზე ხართ?
– ზუსტად „შინდისის გმირებმა“ იქონია ძალიან დიდი ზეგავლენა ამ ტიტულის მოპოვებაზე. ამ პროექტის განხორციელება 2008 წელს დავიწყე. ომი, რომელიც გადავიტანეთ, ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან იქ ჩემი ბავშვობის მეგობარი, მიხეილ დვალიშვილი დაიღუპა. სანამ ეს ტკივილი პირადად არ შემეხო, ვერ ვგრძნობდი, ქვეყანაში რა ტრაგედიაც ტრიალებდა. მხოლოდ ჩემი მეგობრის დაკრძალვის დღეს გავაცნობიერე ამ ტრაგედიის სიმძიმე და მივხვდი, რამდენად დიდი ადამიანები და რამხელა გმირები ყოფილან ის ბიჭები, სამშობლოსთვის თავი რომ გაწირეს. პატარები რომ ვიყავით, ჩემი მეგობარი სკოლაში ჯარისკაცის ფორმით დადიოდა. მამამისი სამხედრო პირი იყო და დედამ მამისეული ფორმა გადაუკეთა. მეცხრე კლასიდან გავიდა და სამხედრო ლიცეუმში ჩააბარა, თუმცა მაშინ სამხედრო სასწავლებელი არანაირი ფინანსური შემოსავლის წყარო არ იყო და პოპულარობით ნამდვილად არ სარგებლობდა. პირიქით, მშობლები დიდ თანხებს ხარჯავდნენ, რომ შვილი ჯარისთვის აერიდებინათ. მიშიკოს კი, პირიქით, ძალიან უნდოდა ჯარში წასვლა, მაგრამ „დაბრაკეს“. ექიმს ორმოცდაათი ლარი გადაუხადა, რომ წასვლის უფლება მიეცათ. ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, გულის შეტევით საავადმყოფოში იწვა, სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ომში არ მიჰყავდათ. მაგრამ, საბოლოოდ, მისმა დაჟინებულმა თხოვნამ გაჭრა. ყოველთვის საოცარ ლექსებს წერდა. 2005 წელს კი შემდეგი სიტყვები დაწერა: „ცინკის კუბოსთან, როდესაც მოვა/ თვალცრემლიანი მშობელი დედა,/ ვთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს,/ რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება“. ზუსტად სამ წელიწადში მართლაც „ცინკის” კუბოთი მიუყვანეს დედას სახლში გმირი შვილი. ტანსაცმელი რომ გავხადეთ, ჯიბეში სისხლიანი დაკუჭული ქაღალდები ვუპოვეთ, რომელზეც მისი ლექსები ეწერა. ომის დროსაც, ბოლო წუთამდე წერდა: „მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,/ დამეთანხმება, მონატრების ვინც იცის ფასი,/ ვინც შეხვედრია მონატრებას ცრემლით საღამოს/ და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი“.  – ეს 2008 წლის 11 აგვისტოს, მიშიკოს გარდაცვალების დღესაა დაწერილი. თარიღი თვითონ ჰქონდა მითითებული. ამ ადამიანის რეალური სახე მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დავინახე და დაკრძალვისას, მის საფლავზე დავიფიცე, ყველაფერს გავაკეთებდი მისი და მის გვერდით დაღუპული ბიჭების სახელის უკვდავსაყოფად. მაშინვე დავიწყე შინდისში დაღუპული ბიჭების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. 21 წლის ბიჭი კარდაკარ დავდიოდი სპონსორების მოსაძიებლად. მაშინდელი ხელისუფლება კი, მაქსიმალურად ცდილობდა ამ თემის მიჩქმალვას. მაგრამ, კეთილი ადამიანების დახმარებით, საექსპედიციო ჯგუფი შევქმენი და ორი თვის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა გარდაცვლილი გმირის ოჯახში ვცხოვრობდი. ყველა საფლავზე მაქვს ჩემი ხელით დანთებული სანთელი და ყველა შვილმკვდარ დედას ჩავუკრივარ გულში. მათთან დღემდე საოცარი ურთიერთობა მაქვს. ჩვიდმეტივე გარდაცვლილის ოჯახი ჩემად მიმაჩნია. გმირულად დაღუპულ 17 ჯარისკაცს შორის იყვნენ, ნათლია-ნათლული – რომან ზოიძე და ალეკო ონიანი. არც წამიკითხავს და არც ფილმში მინახავს გმირობა, როგორიც ალეკომ ჩაიდინა. ის გარდაცვლილ თანამებრძოლებთან ერთად იყო, მაგრამ თავად დაჭრილიც არ ყოფილა. რუსები ხედავდნენ, მაგრამ არ კლავდნენ. სავარაუდოდ, მისი ტყვედ აყვანა უნდოდათ. ამას ალეკოც მშვენივრად მიმხვდარა და საპასუხოდ, გარდაცვლილი ნათლული გულში ჩაუკრავს. რუსებისთვის კი დაუძახია: არც ჩემს ნათლულს დაგანებებთ და არც ტყვედ ჩაგბარდებითო. ამის შემდეგ ლიმონკა გახსნა და თავი საკუთარი ხელით აიფეთქა. დედისთვის ომში წასვლის წინ დაუბარებია: იქ თუ ჩემი ერთი ძმაკაცი მოკვდა, აღარც მე დამელოდო. ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი მირჩევნიაო, – იხსენებენ მის სიტყვებს მისივე მეგობრები. 
– როგორი იყო ფილმზე მუშაობის პროცესი?
– გადამღები ჯგუფის ბიჭები ხშირად ამბობდნენ, ვიღაც დაგვყვებაო. მაგრამ, მეგონა, ეს, უბრალოდ, ხელისუფლების შიშით გამოწვეული პანიკა იყო, მსგავს თემაზე მუშაობის გამო. მაგრამ, საბოლოოდ, სიმართლე აღმოჩნდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, გარდაცვლილი ბიჭების ოჯახის წევრებმა მითხრეს, რომ მათთანაც ყოფილან და უკითხავთ, რას ვიღებდით. მეც დამიბარეს თავდაცვის სამინისტროში და ფილმის შავი მონტაჟის ნახვა მომთხოვეს. ჩვენებას მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ და ბოლოს მითხრეს, რომ ფილმიდან ძალიან ბევრი რამ უნდა ამომეღო. ფაქტობრივად, აღარაფერი რჩებოდა და იძულებული გავხდი, ფილმი საერთოდ გამეჩერებინა. იმ პერიოდში შინდისში ტაძრის მშენებლობაზე გადავერთე, რომელიც უწმიდესის მიერ იყო ნაკურთხი. ეს არის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, როგორც ქართველებისა და ოსების შერიგების სიმბოლო. მშენებლობის პროცესში მირეკავს ერთ-ერთი სასულიერო პირი და მეუბნება: ტაძრის მშენებლობა გააჩერეთო. თუმცა, მიზეზი ვერ მითხრა. მოკლედ, ასე შეჩერდა ფილმიც და ტაძრის მშენებლობაც. მინდოდა, ეს ისტორია წიგნად გამომეცა და მას მალე ნახავს საზოგადოება. გარდა ამისა, გენიალური მოქანდაკე ბატონი ნუგზარ ჭავჭავაძე ამზადებს 17-მეტრიან ბრინჯაოს მონუმენტს 17-ივე ბიჭის პორტრეტული გამოსახულებით. რომ დასრულდება, გვინდა, შინდისში გადავიტანოთ და ეკლესიის ეზოში დავდგათ, რომლის მშენებლობის დამთავრებაც მაინც მოვახერხეთ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. მე ბატონ კახი კალაძესთან ერთად, ვიყავი შინდისში, საიდანაც მან თავისი საარჩევნო კამპანია დაიწყო. როცა მშენებლობაშეწყვეტილი ტაძარი ნახა და ამის მიზეზი გაიგო, დაგვპირდა,  გაიმარჯვებდა თუ არა, ტაძრის მშენებლობას მაინც დაასრულებდა საკუთარი ხარჯებით. მართლაც, მისი გამარჯვებიდან ათ დღეში, დამირეკეს, რომ ტაძრის მშენებლობა განახლდა. ორი წლის წინ კი საზეიმოდაც გავხსენით. მინდა, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მას. მისივე ხელშეწყობით დასრულდა ამ თემაზე ორი დოკუმენტური ფილმის გადაღება და საზოგადოებამ ამ ბიჭების შესახებ გაიგო. ბოლო პროექტია მხატვრული კინო, რომელიც ჩემი უდიდესი ოცნებაა და ამ ბიჭებს მსოფლიოს გააცნობს. მთავარ როლს შეასრულებს მერაბ ნინიძე და ეს იქნება ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ქართული პროექტი. რა თქმა უნდა, იქნება საფესტივალო ფილმი და ჩემი ოცნებაა „ოსკარი“, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ფილმი ამ ჯილდოსთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. „ოსკარს“ აუცილებლად ავიღებთ, ანუ ჩვენ გავიმარჯვებთ – ის ბიჭები გაიმარჯვებენ, რომელთა თანადგომასაც ზემოდან მე ყოველთვის ვგრძნობ.
– ცოტა ხნის ხინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლებოდა, კულტურის მინისტრის პოსტზე მიხეილ გიორგაძე ჩაგენაცვლებინა.
– პრესაში ამას აქტიურად განიხილადნენ, თუმცა რეალურად, მინისტრობის შემოთავაზება არ ყოფილა. ამის სურვილი არც მე მაქვს. მიმაჩნია, რომ ჩემი საქმით უფრო მეტს გავაკეთებ. მაგის დროც მოვა, თუმცა ცოტა მერე.
– დასასრულს მითხარი, რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– დაუოჯახებელი ვარ, თუმცა მინდა მქონდეს ოჯახი, მყავდეს შვილები და ვფიქრობ, ამისთვის უკვე ყველანაირად მზად ვარ. ერთი პერიოდი, პროექტ „ედმონდის დღიურებიდან“ გამომდინარე, ძალიან პოპულარული ვიყავი. მახსოვს, მაშინ საუკეთესო სასიძოების ათეულში მოვხვდი და მეცინებოდა, რადგან ამის მიზეზს ვერ ვხვდებოდი.

скачать dle 11.3