კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ვერ ახერხებს ემოციების „დაჭერას“ ნინო ზაუტაშვილი და რატომ უნდა მას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორობა #51

სულ მალე, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ახალი დირექტორი ეყოლება. მანამდე კი, ამ პოსტის დასაკავებლად, ცნობილი სახეები კონკურსის ფორმატში იბრძოლებენ. მათ შორის, ერთ-ერთია ნინო ზაუტაშვილი. ის ამბობს, რომ წლებია, ტელევიზიაში მუშაობს, საკმარისი გამოცდილებაც, სტაჟიც აქვს და ეს ის საქმეა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს.
ნინო ზაუტაშვილი: ენერგიული ვარ, მაგრამ გაცილებით ენერგიული ვხდები, როცა წინაღმდეგობები მხვდება.  უნდა ვაღიარო, რომ იღბლიანიც ვარ. თუმცა, რასაც მივაღწიე, ყველაფერი დიდი შრომის შედეგია, მარტივად არაფერი მოდის. ბევრი გულისტკენის, წინაღობის, სიხარულისა და ტკივილის ფონზე მოვიპოვე ის ყველაფერი, რაც დღეს გამაჩნია. ადამიანის ხელშია მისი ბედი და როგორც თავად განკარგავს მოვლენებს, ზუსტად იმას მიიღებს. თუ არ იბრძოლე, ისე არაფერი გამოდის. მთავარია, იმედგაცრუებამ არ ჩაგითრიოს და დაგთრგუნოს. ცნობილ ამერიკელ მოკრივეს, მაიკ ტაისონს, რომელიც ყველა ბრძოლას იგებდა და წაგების გემო არ იცოდა, ერთხელ ჰკითხეს: როგორ მოახერხეთ,  ყველა მატჩის მოგებაო. მან კი უპასუხა: მე არც კი განვიხილავდი წაგების შესაძლებლობასო. შესაბამისად, ამაში დევს ჭეშმარიტება. როცა მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვი, შინაგანად მზად ხარ მოგებისთვის. ზოგადად, განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
– თავად, რამდენად მებრძოლი და მიზანდასახული ხარ?
– ძალიან მებრძოლი და მიზანდასახული ვარ. ამასთან ერთად, საკმაოდ ბევრი ადამიანის მხარდაჭერასაც ვგრძნობ. ეს კი, ორმაგად სტიმულის მომცემია. თუმცა, მებრძოლი იმას არ ნიშნავს, რომ სულ მოგებული ხარ. ბავშვობაში კარგად ვთამაშობდი ჭადრაკს. მამამ მასწავლა და ხშირად მეუბნებოდა: როცა წამყვან პოზიციაზე ხარ, ეს მოგებას არ ნიშნავს. ხანდახან უკან დახევა, გაცილებით მომგებიანია, იმის იმედით, რომ მერე, უფრო წინ  წახვალო. ეს სიტყვები სულ მახსოვს. ცხოვრებაში კი ლოგიკური ნაბიჯების გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რაც ჩემს ხასიათში არ მომწონს, ესაა გადამეტებული ემოციურობა. აფექტის მომენტში, ვერ ვახერხებ ემოციების „დაჭერას“, თუმცა სულ ვცდილობ, წონასწორობის შენარჩნებას.
– ნინო, პროფესიით მსახიობი ხარ. თუმცა, დიდ სცენაზე უარი თქვი და შენი ბედი ტელევიზიას დაუკავშირე. ხომ არ იყო ეს დედის, ცნობილი დიქტორის, ქალბატონი მერი მიქელაძის გავლენა?
– რასაკვირველია, ჩემი ტელევიზიაში მისვლა, დედის გავლენაც იყო. თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და საკმაოდ წარმატებულ კარიერასაც მიწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ტელევიზიაში გავატარე. რადიო-ტელევიზიაში მუშობის ოცდაათწლიანი სტაჟი მაქვს და ვფიქრობ, ეს ბევრს ნიშნავს. სამსახიობო სკოლა ძალიან მეხმარებოდა როგორც წამყვანს. ზოგადად, ვფიქრობ, წამყვანობას სხვა უნარი და თვისებებიც სჭირდება. თორემ, ბევრი მსახიობი წამყვანი ვიცი, რომელიც ეკრანიდან ცუდად ჩანს. მაყურებელთან უხილავი კონტაქტი რომ დაამყარო და მან თავისიანად მიგიღოს, ეს სულ სხვა ფენომენი და უნარია, მარტო მსახიობის დიპლომი ვერ გიშველის. უხილავი კონტაქტი მაყურებელთან და მათი ნდობის მოპოვება, ძალიან რთულია. ეს თუ გაქვს, ჩათვალე, კარგი წამყვანი ხარ. თავს არ ვიქებ და, თან იმ ასაკში ვარ, რომ შემიძლია, თამამად ვთქვა: მე ადამიანები უხილავადაც და ხილულადაც მენდობიან. მე ისეთი ვარ, ვინც დაპირებებს ასრულებს და არ იტყუება.
– ოცდაათწლიანი სტაჟი მაქვს ტელევიზიაში მუშაობისო. როგორც ვიცი,  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორის პოსტის დასაკავებლად აპირებ განაცხადის შეტანას, რომლის კონკურსიც სულ მალე იწყება. როგორ ფიქრობ, ეს გამოცდილება, დაგეხმარება, რომ ტელევიზიას უხელმძღვანელო?
– გამოცდილება და სტაჟი ნამდვილად დამეხმარება, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორის პოზიცია დავიკავო. ჩემი თანამშრომლებიც არ მალავენ და მონდომებულები არიან, რომ მე ვხელმძღვანელობდე მაუწყებელს. ამას ხმამაღლაც ამბობენ და ამიტომაც ვაძლევ თავს უფლებას, მათი აზრი გავახმაურო.
– თუ არ ვცდები, თავად, ტელევიზიის ცუდი მაყურებელი ხარ.
– სამწუხაროდ, დრო არ მაქვს, ტელევიზორს ჩავუჯდე და ვუყურო. უკვე მაქვს კონცეფცია, ერთგვარი სტრატეგია, რას შევცვლი და გავაკეთებ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, რომ ეს არხი უფრო ყურებადი გახდეს. თან, ეს ყველა ასაკზეა გათვლილი.  ასე რომ, ზუსტად ვიცი, რა უნდა გავაკეთო, როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელმა და ამიტომაც ვიბრძვი. მინდა, „საზოგადოებრივი არხი“ გახდეს ისეთი, როგორიც მე მინდა და როგორსაც იმსახურებს ქართველი საზოგადოება! აი, ასეთი ამბიციური გეგმები მაქვს.
– ექსპერიმენტები თუ გიყვარს და მიგაჩნია, რომ ეს საჭიროა?
– ექსპერიმენტები საჭიროა და ამის გარეშე, საერთოდ გამორიცხულია. ერთადერთი, რაც შემიძლია, გაგიმხილოთ ჩემი კონცეფციიდან, რომელიც უკვე დაწერილი მაქვს, ისაა რომ, ყველა საზოგადოებრივ თემას ექნება თავისი გადაცემა და ყველა ადამიანი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ თავის ხმას გაიგონებს. ეს ყველაზე მთავარი და გასაკეთებელია. ასე რომ, თუ ეს პოსტი მე დავიკავე, ექსპერიმენტებს უნდა ელოდოთ. ეს აუცილებელია. ამ არხზე, ახალი სისხლისა და ენერგიის შედინება სწორედ, ექსპერიმენტების ჩატარებით მოხდება.
– ეს მხოლოდ შენი ინიციატივა იყო თუ ახლობლებისა და კოლეგების რჩევაც?
– დედამიწის ზურგზე, ვინც რა უნდა მირჩიოს, მე თუ არ მინდა, ვერ გამაკეთებინებს. გამორიცხულია! ზოგადად, ჩემთვის გამარჯვება კი არ არის მთავარი მიზანი, არამედ, პრობლემებზე ხმამაღალი საუბარი და მათი გამოსწორება. გამორიცხულია, ღამეები ათენო, მთელი ენერგია ჩააქსოვო, დაიხარჯო და იქ ვერ გაიმარჯვო. მე არ ვიცი, კონკურსი როგორ დასრულდება, მაგრამ ზუსტად ვიცი, ეს კონკურსი მე დადებით შედეგებს მომიტანს. წაგებაზე არც კი ვფიქრობ. მე ბრძოლა დაწყებული მაქვს და უკან დახევას არ ვაპირებ.
–  ბრძოლა დაწყებული გაქვს და ალბათ, ისიც კარგად იცი, რომ ამ დროს ჭორებისა და ინტრიგებისთვისაც მზად უნდა იყო...
– ინტრიგები კლასიკური ლიტერატურის ფონზე მაქვს გავლილი, სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლისას. ასე რომ, ინტრიგებით ვერ გამაკვირვებენ. მე ნაბიჯი გადავდგი, საზოგადოებას დავანახვე, რომ არ არის აუცილებელი, სადღაც ვიღაც გნიშნავდეს. შეგიძლია, ეს თავადაც მოახერხო, თუ მოინდომე. ეს კონკურსი დიდი გამოწვევაა და მე მასში მონაწილე ყველა ადამიანს დიდ პატივს ვცემ. „საზოგადოებრვი არხის“ დირექტორობა დიდი მისიონერობაა და მართლა ძალიან რთული. ეს არ არის კერძო ტელევიზია. ის ხალხს ეკუთვნის. ამიტომ, მე ბედნიერი ვარ, რომ არ შევშინდი და ნაბიჯი გადავდგი. მეყო გამბედაობა და ვიბრძვი ტელევიზიის დირექტორობისთვის. სულ ვამბობ, არ შემეშინდება და ხმამაღლა ვიყვირებ, თუ ვიცი, რომ ამ ყვირილს შედეგი მოჰყვება. დუმილს ყვირილი ყოველთვის ჯობია, მით უმეტეს, თუ საყვირალია (იცინის).
– რადგან ჭორებსა და ინტრიგებს შევეხეთ. მინდა, პირდაპირ გკითხო და ეს ამბავი პირადად შენთან გადავამოწმო – ამბობენ, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა გაქვს და სწორედ ის არის შენი პროტეჟე ამ კონკურსზე. ამაზე რას მეტყვი?
– ეს ზღაპარია, რადგან, მას მე არ ვიცნობ. ასეთი რაღაცეები არ იმალება და გამოჩნდება. ბიძინა ივანიშვილს პირადად არ შევხვედრივარ და არც თავად გამოუხატავს დიდი ინტერესი, შემხვდეს. მართლა ყველაფერი ერთ ადამიანზე ხომ არ არის დამოკიდებული? დამიჯერეთ, არ არსებობს საზოგადოება, სადაც ერთი ადამიანი  წყვეტს ყველაფერს. ამ გადაწყვეტილებების მიღებაში თავად ადამიანები ვიღებთ მონაწილეობას. თუ გვინდა, რაღაც-რაღაცეები, ვიღაც-ვიღაცეებს დავაბრალოთ, ეს სხვა თემაა. გააქტიურდი, მოითხოვე და მოგეცემა – ეს ასეა.
– მახსოვს, ერთხელ თქვი, მებრძვიანო. ამაში რა და ვინ იგულისხმე?
– ეს ემოციურ ფონზე ნათქვამი სიტყვები იყო. ახლობლებისგან რაღაც მეწყინა, მეტკინა და ემოცია ვერ დავმალე. არის რაღაც, რაც ძალიან მოგხვდება გულზე – როცა ახლობლებისგან მხარდაჭერას ელოდები და აბსოლუტურად სხვა,  ჩასაფრებულ პოზიციას აწყდები. არც ვნანობ, ეს რომ ვთქვი, ფაქტია მებრძვიან და სწორედ ამიტომ მინდა „საზოგადოებრივი მაუწყებლობის“ დირექტორობა – დავანახვო ზოგ-ზოგიერთებს, რომ ამას ჩემთვის კი არა, ყველასთვის ვაკეთებ. დამიჯერეთ, ასეთი დარწმუნებული ახლა რომ ვარ, არასდროს ვყოფილვარ. გამოცდილება, ძალა, ენერგია, სურვილი – ყველაფერი მაქვს და რატომ არ უნდა ვიბრძოლო იმ საქმისთვის, რაც მიყვარს. მიმაჩნია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორის არჩევა არ უნდა ხდებოდეს 9 კაცის იმედად და მასში მონაწილეობას საზოგადოებაც უნდა იღებდეს. თუმცა, მე ამისთვისაც მზად ვარ.

скачать dle 11.3