კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოდი და მოვკლავ #51

შემოდგომის მშვენიერ საღამოს, როცა სახელოვან დეტექტივს, ნატ პინკერტონს იმედი ჰქონდა, რომ მყუდროებას არაფერი დაურღვევდა, კარზე ვიღაც ახალგაზრდა მიადგა. პინკერტონს არ დაუმალავს უკმაყოფილება.
– იმედია, საქმე მართლაც მნიშვნელოვანია და ტყუილუბრალოდ არ შემაწუხებთ.
– საშინელი, იდუმალი მკვლელობის შესახებ უნდა გითხრათ. ჩემი მეზობელი მოკლეს, მოხუცებული ქალი. წამომყევით, მკვლელს ცხელ კვალზე დავიჭერთ.
ნატმა უნდობლად და ბრაზით შეხედა დაუპატიჟებელ სტუმარს.
– პოლიციას მიმართეთ, ახალგაზრდავ. მე მხოლოდ რთულ და ჩახლართულ საქმეებზე ვმუშაობ. თანაც, დღეს ძალიან დავიღალე.
კაცმა ხელები მუდარით გაიწოდა დეტექტივისკენ.
– მისტერ ნატ, ძალიან გთხოვთ, გამომყევით.
– ვინ ხართ, ასე დაჟინებით რომ მთხოვთ...
– ბობი რეინჯერი ვარ. იქვე ვცხოვრობ. მოკლული პირველად მე ვნახე.
– მოყევი, რა ნახე.
– ერთი საათის წინ ხმაური მომესმა. იმ სახლში ბინას ორი თვეა, რაც ვქირაობ. სულ ოთხი მეზობელი მყავს, მაგრამ მათთან ურთიერთობა არ მაქვს. ეს ქალი თავაზიანად მესალმებოდა. კარგი მოხუცი იყო, კეთილი, მაგრამ ღარიბი.
ნატ პინკერტონმა ამოიოხრა.
– მოხუცი, თანაც ღარიბი, ვის უნდა მოეკლა? პოლიციას მიმართეთ. მით უმეტეს, რომ დრო საკმარისზე მეტი გავიდა. მკვლელი ისე შორს იქნება, თვალსაც ვერ მივაწვდენ.
– კვალს ხომ დატოვებდა. თქვენ კი ქალაქში ყველაზე მაგარი დეტექტივი ხართ. რადგან საცოდავ მოხუცს პატრონი არ ჰყავს, ამიტომ მისი სიკვდილი სათვალავში ჩასაგდები არ არის?
ნატი მოიღუშა. ამ კაცმა ისეთი რაღაც თქვა, რაზეც პასუხი უკვე აღარ ჰქონდა.
– კარგი, წამოვალ, მაგრამ პოლიციელებთან ერთად.
– პოლიციელები რისთვის გვინდა?
– იმისთვის, რომ, როცა დანაშაული ხდება, ნებისმიერი კანონმორჩილი მოქალაქე ვალდებულია, ეს ამბავი პოლიციას აცნობოს. წავიდეთ...
ნატ პინკერტონს არ გაჰკვირვებია, როცა ქუჩაში გასვლისთანავე უცნაური სტუმარი სიბნელეში გასხლტა და გაუჩინარდა.
პოლიციაში მისულ ნატს ინსპექტორი დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია.
– რა დანაშაული... რა მკვლელობა, ჩვენ არაფერი ვიცით.
– იმის თქმა გინდათ, რომ მე, ნატ პინკერტონი, ვცრუობ?
– არა, რა თქმა უნდა, მაგრამ იქნებ ვინმემ შეცდომაში შეგიყვანათ.
– სანამ არ გადავამოწმებ, ვერაფერს ვიტყვი. გამაყოლეთ ორი პოლიციელი და მივალთ აღნიშნულ მისამართზე.
ინსპექტორმა ამოიოხრა, მაგრამ ორი პოლიციელი მაინც გააყოლა.
სახლი უკაცრიელი და პირქუში ჩანდა, თან, ღარიბული. რამდენიმე ბინის კარი ბნელ დერეფანში ძლივს ჩანდა. არავითარი კვალი იმისა, რომ დანაშაული მოხდა, არ ემჩნეოდა. პოლიციელებმა და ნატმა იქაურობა მაინც ყურადღებით დაათვალიერეს.
– არაფერი მესმის. ვერ ვხსნი ამ ყველაფერს, – მხრები აიჩეჩა ნატმა, – მეც კი უნდა ვაღიარო, რომ დავიბენი. სად არის ლოგიკა იმაში, რაც მოხდა? ერთი შეხედვით ნორმალურს ჰგავდა. მოვიდა, დანაშაულის შესახებ გამაფრთხილა და გაქრა? მოიცა, ეს რა არის?
ნატ პინკერტონი ერთ-ერთი ბინის კართან შეჩერდა და პოლიციელებს იმ უბადრუკ აბრაზე მიანიშნა, მასზე რომ იყო გაკრული. მუყაოს ნაგლეჯზე ეწერა – „ბობ რეინჯერი“. კარი დაკეტილი აღმოჩნდა. ნატმა ჯერ გადაწყვიტა, კარი შეემტვრია და ბინა დაეთვალიერებინა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და სახლში დაბრუნდა.
ორი დღის შემდეგ, გვიან საღამოს, ის ტიპი ისევ გამოჩნდა მასთან.
– ამჯერად დავაგვიანეთ. მკვლელობა მართლა მოხდა. ჩემი მეზობლის გვამი ვნახე. ყელი ჰქონდა გამოჭრილი და ქვის იატაკზე პირქვე ეგდო. საკუთარ სისხლში ცურავდა. საშინელი სანახაობა იყო. წამოდით, მარტო თქვენ შეგიძლიათ, ამ იდუმალ მკვლელობას ფარდა ახადოთ.
– თქვენ ერთხელ უკვე მომატყუეთ. რა გარანტია მაქვს, რომ ისევ არ ცდილობთ ჩემს გაცურებას. თანაც, გზაში თვალსა და ხელს შუა გაქრით. რატომ უნდა გენდოთ?
– მომისმინეთ, პოლიციასთან პრობლემები მაქვს. მანქანის გატაცებაზე ციხეში ვიჯექი კიდეც. ამიტომ, არ მინდა, მათთან რაიმე საერთო მქონდეს. შეიძლება, ეს მკვლელობაც მე „შემტენონ“. თქვენ კერძო დეტექტივი ხართ, ამიტომ მოვედი თქვენთან.
ნატ პინკერტონი ყოყმანობდა. თან თვალმოუშორებლად შესცქეროდა ბობი რეინჯერს.
– კარგი. ერთ წუთს დამელოდე. გამოვიცვლი და წამოვალ.
ნატი ოთახში შებრუნდა და ტელეფონი აიღო.
– ინსპექტორი ჯოში მინდოდა. უთხარით, რომ ნატ პინკერტონი ურეკავს. სასწრაფოდ დამალაპარაკეთ... ჯოშ, მე ვარ, ნატი. მგონი, მივხვდი, რაც ხდება. ვიღაცას ჩემი მახეში შეტყუება უნდა. ეჭვი მაქვს, ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. მე წავალ, თქვენ კი იმ მისამართზე ჯგუფი დამახვედრეთ, ოღონდ შეუმჩნევლად იმოქმედონ. მონაცემებიც შეამოწმეთ ვინმე ბობ რეინჯერზე.
კერძო დეტექტივმა გადაწყვიტა, გაერისკა. გრძნობდა, საქმე იმაზე ბინძური იყო, ვიდრე თავიდან წარმოიდგინა. თანამგზავრი ამჯერად გვერდით მიჰყვებოდა, მაგრამ, როგორც კი იმ ოთახთან მივიდნენ, სადაც დანაშაული მოხდა, ის ისევ გაუჩინარდა. ოთახში მოკლული მოხუცი ქალბატონის ცხედარი პირქვე ეგდო და საკუთარ სისხლში ცურავდა. ნატმა შეიგინა. რისთვის უნდა მოეკლათ მოხუცებული და ღარიბი ქალი? მხოლოდ ერთი ვერსია არსებობდა – ის სატყუარად გამოიყენეს. ამ სახლში ნატის მიყვანა ვიღაცის ინტერესებს ემსახურებოდა. ძალიან მალე, თითქმის ყველა მხრიდან ყრუ ხმა გაისმა. ნატი მიხვდა, რომ იქ მარტო არ იყო. იმის შიში, რომ პოლიციელები დაიგვიანებდნენ,  უსაფუძვლო აღმოჩნდა. ნატს ისღა დარჩენოდა, უსაფრთხო კუთხე მოენახა. პოლიციელებმაც ხუთი ბანდიტი ისე განაიარაღეს და დაიჭირეს, რომ მათ მხოლოდ რამდენიმე გასროლა მოასწრეს, ისიც სპონტანურად და მიზანს არცერთი არ მოხვედრია...
პოლიციის კომისრის ოთახში ნატი სიგარეტს ეწეოდა და ჯოშთან ერთად მომხდარს აანალიზებდა.
– ვერ წარმომედგინა, რომ ის საცოდავი ქალი მარტო იმიტომ მოკლეს, რომ ჩემი ლიკვიდაცია უნდოდათ.
– ნატ, ასე მარტივადაც არ არის საქმე. ეგ ქალი ერთ გახმაურებულ საქმეში მოწმე იყო. არ გახსოვს? შენ დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარე და ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაუშვეს. ნამდვილ მკვლელს, რომელმაც სიცოცხლე ელექტროსკამზე დაასრულა, იმ ქალმა დაადო ხელი.
– ჯოშ, რისი თქმა გინდა?
– იმის, რომ ბობ რეინჯერი, ვინც შენ მახეში მიგიტყუა, იმისი შვილია,  ელექტროსკამზე შენი და მოხუცი ქალის წყალობით რომ აღმოჩნდა. კიდევ კარგი, რომ პოლიციელები გაგაყოლე. ჩემთან ვალში ხარ, ნატ.

скачать dle 11.3