კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი პარტიების გამო „მოხვდა“ მაგრად ნონა გაფრინდაშვილს და როგორ ახერხებდა ის ყველა წყენის გადალახვას ჭადრაკში #51

„პირადად მე გამარჯვებები არ მღლიდა და ვიმედოვნებ, არც დამღლის. მე მღლიდა ბრძოლა, ხანგრძლივი ნერვული დაძაბულობა, მაგრამ ისიც არა დიდი ხნით. ვფიქრობ, დავიმსახურე არჩევანი – ვითამაშო ან წავიდე, იმიტომ რომ, არასოდროს მიღალატია ჩემი თავისთვის, ჩემი უკომპრომისო სტილისთვის...“ – დღიურებში „არსი ჩემი ცხოვრებისა,“  ნონა გაფრინდაშვილი იხსენებს, როგორც წარმატებებს, ასევე,  წარუმატებლობებს ჭადრაკში. ჩვენ გთავაზობთ მცირე  ფრაგმენტებს, თუ როგორ ვითარდებოდა ის თამაშში და როგორი უკომპრომისო იყო პირველობისთვის ამ ბრძოლა-ჭიდილში.   
„ხარკოვის ჩემპიონატმა აჩვენა, რომ მე შესამჩნევად გავიზარდე. ეს შედეგიდანაც ჩანდა: დავიკავე მესამე ადგილი, 20-დან ცამეტნახევარი ქულა მოვაგროვე და მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამოვრჩი ლარისა ვოლპერტსა და კირა ზვორიკინას. ეს იყო ჩემი პირველი, ნამდვილად დიდი წარმატება, რის გამოც მომანიჭეს ოსტატის წოდება. მე ვიყავი პირველი საბჭოთა მოჭადრაკე ქალი, რომელიც 17 წლის ასაკში გახდა ოსტატი. ვაი, რომ ეს წარმატება ძვირად დამიჯდა: სამუდამოდ გამოვეთხოვე შემოქმედებით თავისუფლებას. თუ წინათ შემეძლო, საკუთარი სიამოვნებისთვის მეთამაშა და ჩავარდნების მაინცდამაინც არ მშინებოდა, დღეიდან უკვე შედეგებზე უნდა მეზრუნა! სპორტული საზოგადოება, განსაკუთრებით საქართველოში – პრესა, ჭადრაკის მოყვარულები ჩემგან აუცილებლად გამარჯვებას ელოდნენ... არც მაშინ, არც შემდეგ, ტურნირამდე წინასწარი გეგმა არ დამისახავს: ამასთან ყაიმით დავასრულო, იმას მოვუგო... ამგვარი პრაქტიციზმი ჩემთვის ყოველთვის უცხო იყო და ვიმედოვნებ, არც დადგება ისეთი დღე, როცა მე ასეთ ანგარიშს დავიწყებ. და მაინც, ძველი უნაღვლო თავისუფლება, ხარკოვის ჩემპიონატის შემდეგ, სამუდამოდ დავკარგე... მძიმეა მონომაქის ქუდი, მძიმე სატარებელია, მაგრამ მაინც სასიამოვნოა! ჯერ არავის არასდროს თავისი ნებით არ მოუხდია ის. მაგრამ, სად იყო ჯერ მონომაქის ქუდი, რომ უკვე მაგრძნობინეს, გარკვეული მოვალეობანი გაკისრიაო და ეს ისე მკაცრად, უხეშად, რომ, თავდაპირველად, მეწყინა კიდეც. მაგრამ, შემდეგ, როდესაც წყენამ გამიარა, ვიგრძენი, რომ ეგზეკუცია უდავოდ სასარგებლო იყო! ეს მოხდა 1959 წლის ქვეყნის ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც ლიპეცკში ტარდებოდა. მანამდე ძალიან კარგად გამოვედი საქართველოს გუნდის შემადგენლობაში სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე. პირველი ადგილი დავიკავე გოგონათა დაფაზე შესანიშნავი შედეგით... ამ შედეგს უდარდელ გუნებაზე არ დავუყენებივარ, მაგრამ მეგონა, უკიდურეს შემთხვევაში, მოწიწებას თუ არა, პატივისცემას მაინც ვიმსახურებდი. ამიტომ, როდესაც ლიპეცკის ჩემპიონატის შემდეგ, თბილისის ჭადრაკის კლუბში, რესპუბლიკის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე მიმიწვიეს და მთხოვეს, ამეხსნა, როგორ და რატომ გავინაწილე მეშვიდე-მეცხრე ადგილები, თვით საკითხის დასმამ გამაბრაზა. იყო ბევრი ობიექტური მიზეზი – განვმარტე, რამაც შეუწყო ხელი ჩემს ნაწილობრივ წარუმატებლობას... ოჰ, როგორ მომხვდა მაშინ! ამ პარტიების გამო და იმის გამოც, რომ მათ შემდეგ ხალისი დავკარგე, ყურები ჩამოვყარე; იმის გამოც, რომ შთაგონებისთვის თურმე მაყურებელი მჭირდება! საშინლად მეწყინა. აღშფოთებული ვიყავი. როგორ, ხომ ავუხსენი როგორ გავუშვი ხელიდან გამარჯვება?! დამნაშავე არა ვარ, ასე შეიძლება ყველას დაემართოს... რომ მივდიოდი, ჩემს თავს ვუთხარი: მორჩა, აღარ ვთამაშობ ჭადრაკს, ჯანდაბამდეც გზა ჰქონია-მეთქი. მეორე დღეს კი... რა თქმა უნდა, დაფას ვუჯექი. მე ახლაც ვფიქრობ, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, უფროსმა ამხანაგებმა ცოტათი გადაამლაშეს. ქვეყნის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილისთვის ასე მკაცრად გაკრიტიკება იქნებ არც ღირდა... და თუ აქამდე შიშით ვიხსენებ პრეზიდიუმის იმ სხდომას, მაშასადამე გაკვეთილმა ჭკუა მასწავლა... ვოცნებობდი თუ არა მაშინ, 19 წლის ასაკში ბიკოვასთან მატჩზე? – ვფიქრობ, რომ კი. ვოცნებობდი, მაგრამ, ასე ვთქვათ, „გულში“. არასდროს და არავისთვის ეს არ გამიმხელია, თვით მიხეილ შიშოვისთვისაც კი (მწვრთნელი – ავტორი) თუმცა, ისიც, ჩემის აზრით, ფიქრობდა ამ მატჩზე. ჩვენ თითქოს უსიტყვო მოლაპარაკება გვქონდა – ამ თემაზე არ გვესაუბრა. ბიკოვასთან მატჩს არ ვახსენებდი კიდევ იმიტომ, რომ სადღაც, გულის სიღრმეში მეშინოდა მისი... არამც და არამც როგორც მოჭადრაკისა, ჭადრაკში არავისი არ მეშინოდა, არამედ როგორც – მსოფლიოს ჩემპიონისა, როგორც ძველი თაობის წარმომადგენლისა... 
რიგაში ვცდილობდი ძალდაუტანებლად მეთამაშა პოზიცია, არ ვერიდებოდი დაცვას და ენდშპილში გადასვლას. ერთი სიტყვით, გამგონე გავხდი... მე კვლავ ძველებური ნონა ვიყავი, არ ვიცვლებოდი. როგორც ადრე, ყოველ პარტიაში წინანდებურად მივილტვოდი გამარჯვებისკენ. სამარცხვინოდ მიმაჩნდა შეგნებული მისწარფება ყაიმით დამთავრებისკენ... შიშოვი ძალიან მოხერხებულად მოქმედებდა ამ ჩემს გრძნობაზე. შენ ისწავლე მანევრირება, თავდაცვა, მშვიდად, თავშეკავებით თამაში – მაშ დაამტკიცე ეს! – მეუბნებოდა ის. დავამტკიცებ კიდეც! – ვპასუხობდი მე... იყო კიდევ ერთი საპატიო მიზეზი, რომელიც მაიძულებდა, უარი მეთქვა ზოგიერთ შეჯიბრებაზე, მიწვევაზე. გავხდი თუ არა მსოფლიოს ჩემპიონი, ძალიან მალე დავრწმუნდი, რომ მე უკვე არ ვეკუთვნოდი მარტო ჩემს თავს, მშობლებსა და ახლობლებს. ჩემი საჭადრაკო ავტორიტეტის ზღვრები ჩემთვის მოულოდნელად გაიზარდა, რამაც გააფართოვა მისი როლი და გავლენა. უცხოეთში ტურნირებში რომ ვმონაწილეობდი, ვნახე, რომ იქ ხალხისთვის ჩემპიონის წოდებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაშინაც კი, როცა ჩემთან თამაშობს მოჭადრაკე, რომელიც არაფრით ტოლს არ მიდებს ძალაში, სულერთია – მთავარი ყურადღება ჩემპიონს ეთმობა... ჩემი სტილისთვის ყოველთვის იყო და ვიმედოვნებ, იქნება დამახასიათებელი, რისკი... ანატოლი კარპოვმა თავის შემოქმედებით კრედოდ საჯაროდ გამოაცხადა თამაში ურისკოდ. რატომ გაწიო რისკი, როცა შეიძლება მოგება ურისკოდ – აი, დაახლოებით სადამდე მიდის მისი თვალსაზრისი. რას იზამ, კარპოვს უფლება აქვს, ასე იმსჯელოს, რადგანაც მან დაამტკიცა თავისი თეორია ყველაზე დამაჯერებელი ხერხით – პრაქტიკით. დიდ პატივს ვცემ მსოფლიოს მეთორმეტე ჩემპიონის ნიჭსა და უდიდეს ოსტატობას, მაგრამ მე მაინც ჩემს თვალსაზრისზე ვდგავარ – უპირატესობას ვანიჭებ რისკს.“

скачать dle 11.3