კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იქნება თუ არა დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება ვლადიმირ პუტინისთვის თავისუფლად მოქმედების სიგნალი და რატომ არ ჰყავს საქართველოს რეალური სტრატეგიული მოკავშირე #51

გიორგი კვირიკაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ქართულმა მედიამ მეტად მწირად გააშუქა, თუმცა სწორედ ამ ვიზიტის შედეგია იმის მაჩვენებელი, თუ როგორი იქნება ჩვენი უსაფრთხოება ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, სრულიად განსხვავებული ხედვით „ნატო“-აშშ-ისა და აშშ-რფ-ის ურთიერთობებზე, ევროკავშირს კი საკუთარი პრობლემები აქვს თავზე საყრელად, რაც შესაძლოა, იმის წინაპირობაც კი გახდეს, ჩრდილოელ მეზობელს სრულიად მარტო და მოუმზადებლად შევრჩეთ პირისპირ. სოსო ცინცაძესთან ერთად განვიხილავთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებს და იმასაც, უნდა გვქონდეს თუ არა ევროკავშირის ფრთებქვეშ გამოზამთრების იმედი.
– ჩვენმა მედიამ გაანალიზების, შეფასებების გარეშე გააშუქა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში. თქვენ თქვით, რომ ეს ვიზიტი იქნებოდა იმის მანიშნებელი, თუ როგორ პოზიციას დაიკავებს ევროკავშირი ახალ პოლიტიკურ რეალობაში, რაც შეიქმნა დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებით და ახლო აღმოსავლეთში ვითარების კვლავ გამწვავებით. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
– დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მივეჩვიეთ, რომ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში მხოლოდ ორი ფერია: თეთრი და შავი. ან ყველაფერი ძალიან კარგადაა, ან ყველაფერი ძალიან ცუდადაა, რაც ნებისმიერი ოპოზიციის მანტრად იქცა. რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაცია ევროპისკენ მიმავალ გზაზე წინგადადგმული ნაბიჯია. მთავარია, არც ისე ნიჰილისტური პოზიცია გვქონდეს და არც ეიფორიაში ვიყოთ, რადგან ეიფორიას მოჰყვება იმედგაცრუება, იმედგაცრუებას – ნიჰილიზმი, ნიჰილიზმი კი გულგრილობაა. დანტემ ტყუილად ხომ არ მოათავსა გულგრილნი თავისი ჯოჯოხეთის მეცხრე შრეში?! ნებისმიერი  საერთაშორისო ხელშეკრულება და კონტაქტები შედგება ორი მომენტისგან: უფლებები და ვალდებულებები. ჩვენ წესად გვექცა, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, რომ მხოლოდ უფლებებზე ვლაპარაკობთ და არა – ვალდებულებებზე. სამწუხაროდ, ყველაფერი პოლიტიზებულია ჩვენთან და ამ ვალდებულებებზე ხმას არავინ იღებს. ვისაც ფული აქვს, ისედაც დადის ევროპაში, ვინც ვერა, მაინც ვერ წავა სამი თვით საგრიალოდ.
– ამიტომ ვიკითხე, უვიზო მიმოსვლა არის პოლიტიკური დივიდენდი? შეგვმატებს პოლიტიკური უსაფრთხოების მხრივ რამეს?
– ეს არ არის უვიზო მიმოსვლა. უვიზო მიმოსვლა ფორმალურად გვაქვს ჩვენ ისრაელთან, მაგრამ რამდენი ჩვენი მოაქალქე გამოაბრუნეს აეროპორტიდან უკან?! მოსთხოვეს რაღაც საბუთი, რაც მათ არ აღმოაჩნდათ. ამიტომ ეს არ არის ისეთი უვიზო მიმოსვლა, როდესაც გერმანელი საღამოს კიოლნში მატარებელში ჩაჯდება და დილით პარიზში ამოყოფს თავს, ისე, რომ ძილს არავინ დაუფრთხობს. ანუ ვალდებულებებია მთავარი. ფაქტობრივად, ის დოკუმენტები, რაც დღეს გვჭირდება ევროპაში გასამგზავრებლად, მაინც უნდა გვქონდეს. თუმცა საზღვარზე ან მოგთხოვენ, ან არა. ასევე, რამდენადაც ვიცი, სახელმწიფომ თავისი ხარჯით უნდა წამოიყვანოს უკან, საქართველოში. რატომ გახდა პრინციპული შეჩერების წესები?! ამის გამო გაჭიანურდა ეს პროცესი. ბოლომდე არ გვენდობიან არც ჩვენ და არც უკრაინელებს. ევროპა კი საქართველო არ არის, იქ ზუსტად უნდა იყოს გაწერილი კანონში, როგორ დაგაბრუნებენ, ვის ხარჯზე, რამდენი ხნით აგეკრძალება შესვლა ევროპაში. ეს ყველაფერი ეიფორიაში მყოფი ადამიანისთვის შესაძლოა, იმედგაცრუებად იქცეს. გამოქვეყნდა ჰოლანდიის ოფიციალური განცხადება, რომ არ დათანხმდება უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის მიცემას, თუ მას დაავალდებულებენ, რომ მომავალში მხარი დაუჭიროს უკრაინის შესვლას ევროკავშირში. ამდენად, ეს პროცესია, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მეორე მხრივ, ცოტა წყენის საბაბიც გვაქვს: მხოლოდ გერმანიამ მილიონზე მეტი მუსლიმანი ლტოლვილი ისე შეუშვა გერმანიაში, რომ მათი თითის ანაბეჭდებიც კი არ აქვთ, არათუ პირადობის მოწმობები. ჩვენ კი გვაყურყუტებენ უვიზო მიმოსვლაზე, რომლითაც არც მუშაობის უფლება გაქვს და არც სწავლის. თან, ეს ხომ აღარ არის ის ევროპა, რაც 10 წლის წინათ იყო?! ეს არის პრობლემებში ჩაფლული სივრცე. ვფიქრობ, ამხელა პიარკამპანია არ უნდა აეგორებინათ არც ასოცირების და არც უვიზო მიმოსვლის გამო, თუმცა, ვიმეორებ, რომ ორივე წინგადადგმული ნაბიჯია. მაგრამ მეტი ინფორმაციაა საჭირო, რა ვალდებულებები გვეკისრება.
– და მორალური ასპექტიც არის: შეშურდებათ ჩევნს მეზობლებს, მათ შორის, ჩრდილოეთ კავკასიაშიც.
– შეიძლება, ვილაპარაკოთ სიმბოლურ მნიშვნელობაზეც: საქართველო არის კავკასიაში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვს.
– შეიძლება, ეს ნაბიჯი განვიხილოთ, როგორც ევროკავშირის მფარველობის იმედიც?
– მაინც იქითკენ მიგყავთ საუბარი, ჩვენ რა ხეირი… დღეს, თუ ოფიციალურ დონეზე საფრთხედ მხოლოდ რუსეთს განვიხილავთ, თუმცა, მე რომ მკითხოთ, ჩვენ რუსეთზე დიდი საფრთხეები გველის, მათ შორის, ტოტალური ისლამიზაციის სახით, რაზეც მორცხვად ვდუმვართ, რა თქმა უნდა, უვიზო მიმოსვლა არანაირი რეალური დაცვა არ არის. ოღონდ ეუთო მიიღებს რეზოლუციებს, არ ცნობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები. მაგრამ დადგა დრო, რომ რეალურად შევაფასოთ ვითარება. პოლიტიკა განისაზღვრება არა რიტორიკით, არამედ შედეგით. თუ შედეგი არ არის ხელმოსაკიდი, ესე იგი, სწორი პოლიტიკა არ არსებობს. შედეგი რა არის?! ხედავთ, როგორც იქცევა რუსეთი: მავთულხლართები გუშინდელი დღეა, ახლა აფხაზებთან და ოსებთან სამხედრო შეთანხმებებს აფორმებს და ერთიან შეიარაღებულ ძალებს ქმნის. ანუ ახალ-ახალი გამოწვევებია ჩვენთვის. უკვე გარკვეულია 95 პროცენტით, თუ ვის დანიშნავს ტრამპი საგარეო საქმეთა მინისტრად, ანუ სახელმწიფო მდივნად: ადამიანს, რომელიც მეგობრობს პუტინთან – სეჩინის ახლო მეგობარს, რომელიც პუტინმა რამდენიმე წლის წინათ მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ამერიკის ხმის“, რომელსაც, მართალია, ფულს აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტი, მაგრამ მართავს დირექტორთა საბჭო და სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა აქვს, უფროსი, იქნება ტრამპის მიერ დანიშნული ჩინოვნიკი, რომელიც განაგებს ბიუჯეტსაც და სარედაქციო პოლიტიკასაც. ობამამ ამ გადაწყვეტილებას თავის დროზე მხარი დაუჭირა, რადგან კლინტონის გაპრეზიდენტების იმედი ჰქონდა, რომელიც უფროსად დანიშნავდა ანტირუს ჩინოვნიკს, მაგრამ ახლა?! თუ სახელმწიფო მდივანი პუტინის მეგობარი იქნება, ის დანიშნავს პრორუსულად განწყობილს და ამ რადიოსადგურმაც მოგჭამა ჭირი. ეს ყველაფერი კომპლექსურადაა განსახილველი. ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ უნდა წარმოვიდგინოთ ოაზისად, რომ არ გვაინტერესებს, რა ხდება თურქეთში, რა ხდება ევროპაში: ახლახან ავსტრიის ვიცე-კანცლერმა კატეგორიულად განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა მოიხსნას, გერმანელი ბიზნესმენებიც ერთ დღეში არიან; აშკარად ალაპარაკდნენ იმაზე, რაც 5-7 წლის წინათ ტაბუირებული იყო, რომ „ნატოს“ გაფართოება შეცდომაა და, ასევე, შეცდომა იყო რამდენიმე წლის წინათ „ნატოში“ აღმოსავლეთ ევროპის კოლექტიური გაერთიანება. დღეს ევროპასა და აშშ-ში ამის შესახებ დისკუსიებია, ჩვენთან კი სიჩუმეა. ჩვენთან წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ჩამოვა სტოლტენბერგი, რიტუალური მოგზაურობით, გვეტყვის, რა კარგი ბიჭები ხართ, რა კარგია, რომ ავღანეთში აგზავნით სამხედროებს, მაგრამ ალიანსში გაწევრიანებისთვის ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელიო და წავა, მაგრამ ჩვენთან ყველა ბედნიერია… არისტოტელეს ჰკითხეს ერთხელ, რით განსხვავდება განათლებული ადამიანი გაუნათლებლისგანო; რითაც ცოცხალი მკვდრისგანო.
– გასაგებია, რომ ტრამპი არ აპირებს რუსეთთან მწვავე დაპირისპირებას, რაც არ ნიშნავს, რომ მისი პოლიტიკა იქნება ანტიამერიკული; ევროკავშირიც წკიპზეა, როდის დაუმეგობრდება კვლავ რუსეთს, რაც, ასევე, არ ნიშნავს ანტიევროპულ პოლიტიკას. თუ პირისპირ დავრჩებით რუსეთთან, ამ ჩვენი ორფეროვანი პოლიტიკით, რაღა გვაქვს შესათავაზებელი, რომ ჩვენი პირობებიც წავუყენოთ? თუ დასავლეთმა თავის პრობლემებს გვანაცვალა, რაც, სულაც, არ არის საწყენი, რუსეთთან რამე დაგვრჩა სალაპარაკო თუ იმთავითვე წამგებიან მდგომარეობაში ვართ?
– ძალიან აქტუალური საკითხია და დიდი ალბათობით, თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა, ჩვენ აღმოვჩნდებით კიდეც ამ მდგომარეობაში არც თუ შორეულ მომავალში. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, თავდაპირველად საჭიროა, შიგნით შევთანხმდეთ, რა გვინდა და არ უნდა იყოს ტაბუირებული არცერთი თემა. მე ისეთ სფეროს წარმოვადგენ, დიპლომატიას, რომელშიც დაილოგის გარეშე წარმოუდგენელია არსებობა. რუსეთის მიმართ ჩვენი პოლიტიკა კი, მემკვიდრეობით მიღებული, ასეთია: ჯერ დაგვიბრუნოს ტერიტორიები და მერე დავიწყებთ ლაპარაკს. აბაშიძე-კარასინის ფორმატი არის სუროგატი: სამ თვეში ერთხელ ნახევარსაათიან შეხვედრებზე თითქოს უნდა გადაწყდეს პრობლემა, რომლებზეც თვეობით და წლობითაა საჭირო განუწყვეტელი დიალოგი?! თან, აბაშიძე-კარასინისთვის ჩარჩოებია დაწესებული, მხოლოდ ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები. როგორც კი აბაშიძე წამოწევს პოლიტიკურ საკითხს, კარასინი მაშინვე ამბობს, ეს ჩვენ არ გვეხება, თუ ლაპარაკი გინდათ, აღადგინეთ დიპლომატიური ურთიერთობაო. ამ დროს კი ორ-სამჯერ მიიწვიეს პირველი პირები მოსკოვში, მაგრამ რაზე ველაპარაკოთ, ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვსო?! სწორედ იმიტომ უნდა ველაპარაკოთ, რომ ოკუპაციაა. რატომ დაპატიჟეს იაპონელებმა პუტინი, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები კატეგორიულად წინააღმდეგები იყვნენ?! იაპონელებმა არ დაუჯერეს და უთხრეს, თუ თქვენ გიყურეთ, ამ კუნძულებს ვერასდროს დავიბრუნებთო. ჩვენ კი დალაპარაკებაც არ გვინდა. მეტიც, ნინო ბურჯანაძის უბლოკო სტატუსის იდეა ისე უარყვეს, რომ არც კი დაინტერესდნენ, რას ნიშნავს უბლოკო სტატუსი: უბლოკო სტატუსის მქონე ქვეყანას შეუძლია, სამხედრო-თავდაცვითი ხელშეკრულება გააფორმოს ნებისმიერ სახელმწიფოსთან, უბრალოდ სამხედრო ბლოკში ვერ შევა. არ გვიღებენ „ნატოში“ და ხომ უნდა მოვნახოთ რამე გზა?! როდესაც მაო ძედუნი ეუბნებოდა ნიქსონს, ტაივანის გაერთიანებას 100 წელს დაველოდებიო, მის უკან მილიარდიანი მოსახლეობა იდგა, ჩვენ კი ოთხი მილიონიც აღარ ვართ, ამიტომ ამდენი დრო არ გვაქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, ალბათ, მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს შეთანხმებული საზღვრები.
– თურქეთთან ხომ გვაქვს?
– ნახევარი თურქეთი არ ცნობს ამ საზღვარს და მათ სახელმძღვანელოებში აჭარა მოხსენიებულია, როგორც ოკუპირებული ბათუმის სინჯაყი და ყოველ მეორე განცხადებაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აჭარას ლამის თურქეთის შემადგენელ ნაწილად ასახელებს. ეს ყველაფერი არის საფრთხე და გამოწვევა.
– ვთქვათ, მეტ-ნაკლებად მოაგვარა რუსეთმა ურთიერთობა აშშ-სთან, ევროპას ჩვენი დაცვის ვალდებულება არ აქვს. ამასობაში კი რუსეთი რკალისებურად გვიახლოვდება: სომხეთი მისი სატელიტია, აზერბაიჯანთანაც ალაგებს ურთიერთობას, თურქეთთან დროებით მეგობრულადაა. რა შეიძლება, მოიმოქმედოს, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდება, რომ დაუცველები ვართ და არც სავაჭრო გვაქვს არაფერი?
– სავაჭროც არაფერი გვექნება და მზადაც არ ვიქნებით. რამდენჯერმე მოვტყუვდით, მაგრამ რატომღაც ვიწამეთ, რომ დასავლეთი არ დაუშვებს, ვინმემ გადაყლაპოს საქართველო. არადა დასავლეთმა უარესი დაუშვა: ყირიმი ხახვივით შერჩა რუსეთს. შეიძლება, იაპონიას ოთხი კუნძული დაუბრუნონ ყირიმის აღიარების სანაცვლოდ და ტრამპი ამას დაეთანხმა. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, რომ ეს გამორიცხულია. გამორიცხული კი არაფერია, მით უმეტეს, როდესაც ჩვენს მეგობრებს უამრავი პრობლემა აქვთ. ასევე, გადავწყვიტეთ, რომ ყველა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა: აშშ, ევროკავშირი, თურქეთი, აზერბაიჯანი, კანადა, „ნატო“. მაგრამ ვიმეორებ: თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საქართველოს არასდროს ჰყოლია სტრატეგიული მოკავშირე, ვინაიდან არავინ არასდროს იყო მზად, ეომა საქართველოს გამო. სტრატეგიული მოკავშირე ისაა, ვინც შენ გამო ომობს და არა ის, ვინც შენ გამო რეზოლუციის მხარდასაჭერად აწევს ხელს.

скачать dle 11.3