კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

როგორ გაჰყვა გირშელ ჯავახიშვილს ცოლად აფროამერიკელი გოგონა, რომელმაც იცოდა, რომ ის დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა #50

ყველას კარგად ახსოვს მუდამ მოღიმარი ბიჭი – მუსიკოსი გირშელ ჯავახიშვილი, „ვანო ჯავახიშვილის შოუდან“, სადაც ის ბენდთან ერთად უკრავდა. ის  ამერიკაში ცხოვრობდა და რამდენიმე წელი ებრძოდა სიმსივნეს. სამწუხაროდ, უშედეგოდ. ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად,  გირშელი ოცდათხუთმეტი წლის ასაკში ნიუ-იორკში გარდაიცვალა. ჩვენ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და მის მეგობრებს ამ ტრაგედიის გამო და გთავაზობთ ინტერვიუს მის უახლოეს მეგობართან, რომელთან ერთადაც გაატარა გირშელმა უკანასკნელი წლები.
დიანა ირემაშვილი: გირშელთან მე და ჩემს ოჯახს მთელი ცხოვრება გვაკავშირებს. ჩვენი დედები ორმოცდაათი წელია, მეგობრობენ. დედაჩემი გირშელის ძმის ნათლიაა. რადგან გირშელი ჩვენზე ათი წლით პატარა იყო, ბავშვობაში არ ვმეგობრობდით, ათი წელი ბავშვებისთვის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. მთელი ოჯახი ოცი წლის წინ წამოვედით ამერიკაში. 2004 წელს საქართველოში ვიყავი ჩამოსული და მერე დავახლოვდით, უკვე როგორც მეგობრები. ჩემი და ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და გირშელი ყოველთვის დიდ ყურადღებას იჩენდა. სადაც არ უნდა ყოფილიყო, იმ დღესვე მოიცლიდა და ყველგან წაიყვანდა. ძალიან თბილი ადამიანი იყო.
– ამერიკაშიც მუსიკით იყო დაკავებული?
–  ჯერ დედამისი ჩამოვიდა, მერე 2010 წელს, გირშელსაც გამოუგზავნა ჩემმა დამ მოწვევა და ისიც წავიყვანეთ ნიუ-იორკში. ისეთი გახარებული იყო. რომ ჩამოვიდა, მუშაობა დაიწყო სხვადასხვა კლუბში. ყოველ კვირას კათოლიკურ ეკლესიაში უკრავდა. უტა ბექაიას მეგობარს, მომღერალ და პროდუსერს, ვილარდ მორგანს დასჭირდა პიანისტი და გირშელი იქ მივიდა ქასთინგზე. ყველას გული იმწამსვე მოიგო. უკრავდა გალერეაში „აიდიალ ორქესთრ ბენდში“. ყველას უცებ შეაყვარა თავი, სულით-ხორცამდე ნამდვილი ჯაზმენი იყო. მისი კარიერა წინ მიდიოდა. ნიუ-იორკის ჯაზსივრცეში მას უკვე ბევრი იცნობდა და ხშირად ეპატიჟებოდნენ დასაკრავად. ახლაც, რომ გარდაიცვალა, სადაც  მუშაობდა, იქ იყო პანაშვიდი. მუსიკოსებმა  მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გააკეთეს. ერთხელ მუსიკოსმა ბექა გოჩიაშვილმა აჩუქა „ქიბორდი“ და უთხრა: ოღონდ, თუ შეძლებ, შენ წაიღეო. რა თქმა უნდა, წავიღებო, გაუხარდა. წავიდა მოსატანად და სანამ მეტროდან ამოვიდოდა, იმხელა თოვლი მოვიდა ნიუ-იორკში, რომ ქუჩები, მოძრაობა, მეტრო, ყველაფერი ჩაიკეტა. მეორე დილამდე ვეღარ ამოვიდა მეტროდან, იქ გაათენა ღამე. მერე ნანობდა, ნეტავ, დამეკრა, ფულს მაინც გავაკეთებდიო. დღეში ექვსი-შვიდი საათი სულ უკრავდა, მეცადინეობდა, რაღაცეებს წერდა.
– ხშირად იყავით ერთად?
– მე კანადაში ვცხოვრობ ოჯახთან ერთად და იმდენად ვერ ვახერხებდი მათთან ყოფნას. ჩემი და და გირშელი კი ყოველდღე ერთად იყვნენ, ერთად ცხოვრობდნენ. მე რომ ჩავიდოდი მათთან, ყველგან ერთად დავდიოდით. განსაკუთრებით უყვარდა ინდურ რესტორანში შესვლა. მხოლოდ სამი ადამიანი რომ ვყოფილიყავით - მე, თვითონ და კიდევ ვინმე, ისეთ ენერგიას და განწყობას შექმნიდა, დღესასწაულად აქცევდა. ზამთარში, თოვლი რომ მოვიდოდა, აივანზე გადიოდა და მთელ ტანს ამ თოვლით იზელდა. ჩვენც გვეუბნებოდა: ასე უნდა ქნათ, კარგია ჯანმრთელობისთვისო. ძალიან თბილი და  შარმიანი იყო. ყველა ლამაზი გოგო მას ეპრანჭებოდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო მის გარშემო, ყველას უყვარდა. ყველას კომპლიმენტს ეუბნებოდა, ყველაში კარგს ხედავდა. უზომოდ უყვარდა ბავშვები. მათთან ერთად თანატოლივით ერთობოდა. ისე უყვარდა ხალხმრავლობა, გიჟდებოდა. სულ რაღაც იდეები ჰქონდა. ახალ წელს იმდენი გველაპარაკა: ჩამოდით, კოტეჯი ვიქირაოთ და ყველა ერთად შევხვდეთ ახალ წელსო, კანადიდან მთელი ოჯახი ჩამოგვიყვანა. ვიქირავეთ კოტეჯი და გემრიელი საჭმელები გავაკეთეთ, რაშიც თვითონაც იღებდა მონაწილეობას. ახალი წლის ღამეს კარგი კონცერტი ჩაგვიტარა.  სამი დღე დავრჩით იქ, რაც არაჩვეულებრივად დაგვამახსოვრდა. ეგ რომ არ ყოფილიყო, ვერც მოვიფიქრებდით იქ წასვლას.
–  როდის დაუდგინდა სიმსივნე, დიდხანს ებრძოდა ამ ავადმყოფობას?
– 2011 წელს დაუდგინდა სიმსივნე თირკმელზე. შეიძლება, მანამდეც ჰქონდა, საქართველოში, რადგან დიდი მოცულობის მეტასტაზი იყო. გაიკეთა ერთი ოპერაცია. ძალიან ღრმა აზროვნების ადამიანი იყო, სპირიტუალურ რაღაცეებს კითხულობდა და გადაწყვიტა, შიმშილობა. 28 დღე იყო მხოლოდ წყალზე. ძალიან გახდა, დადნა, მაგრამ თვალები სულ უბრწყინავდა. ჩვენ, ყველანი გვერდით ვედექით. ისევ გაიკეთა ოპერაცია და რამდენიმე თვეში შარდის ბუშტზე გადაუვიდა. იტარებდა ქიმიოთერაპიას, ისევ გაუკეთეს ოპერაცია. ყოველ ორ-სამ თვეში, ერთი წლის განმავლობაში სულ იმოწმებდა ექიმთან, მაგრამ არაფერი ჰქონდა. გადაწყვიტა, რომ განიკურნა, არაფერი მაქვსო და რვა თვე ექიმთან აღარ მისულა. ძალიან უყვარდა ველოსიპედი. სულ ველოსიპედით დადიოდა, მანჰეტენზეც კი. ორჯერ დაეცა ველოსიპედით და იძახდა: არა უშავს – თუ გინდა, ფეხი მომტყდეს, რაც გინდა მომივიდეს, მთავარია, თითები არ მომტყდეს. მერე, რომ ვერ დავუკრა, ვერ ავიტანო. ველოსიპედით ერთ-ერთი დაცემისას ვეღარ ადგა. წაიყვანეს ექიმთან, ჯერ უთხრეს, რომ რაღაც სიმძიმე იყო ხერხემალზე. შემდეგ დაუდგინდა, რომ ეს სიმსივნე ყოფილა, რაც ხერხემლიდან ძვლის კიბოდ გადავიდა. ყოველთვე უარესად იყო. სიარული უჭირდა. მექსიკაში ყოფილა რაღაც კლინიკა და უთხრეს, იქ სიმსივნით დაავადებულებს არჩენენო. მარტში გადაწყვიტა, იქ წასულიყო. მისმა მეუღლემ დაიწყო ფულის შეგროვება „ონლაინ“ – საქართველოდანაც, აქაც დაეხმარნენ... გულისხმიერი ადამიანები ყველგან არიან. ერთხელ კანადაში ძაღლს ვასეირნებდი და ჩემს მეზობელთან მოვყევი გირშელის ამბავი. მეორე დღეს კარზე დამიკაკუნა და გარკვეული თანხა მომცა, ეს ჩემგან წაუღეო. თანხა შეუგროვდა და მექსიკაში წავიდა მეუღლესთან ერთად. რომ მიდიოდა, აეროპორტში გავაცილეთ და ასეთი რამ მითხრა: იმდენმა დამირეკა, ჩემი ამბავი რომ გაიგეს, განსაკუთრებით საქართველოდან, თან ისეთებმაც, რომ მეგონა კეთილგანწყობილნი არ იყვნენ ჩემდამი; იმდენი სითბო და სიყვარული მივიღე, აწი, რომც მოვკვდე, ბედნიერი ვიქნებიო.
– როგორი იყო ავადმყოფობისას, ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ გადარჩებოდა თუ ელოდა გარდაცვალებას?
– მერე  თვითონაც მიხვდა, რომ არანაირი შედეგი არ ჰქონდა. არასდროს დაუწუწუნია. პირიქით, აქეთ გვამშვიდებდა ყველას. თავს ვგრძნობდით უხერხულად, რომ რაიმე სანუგეშო გვეთქვა. არასდროს უთქვამს ისეთი რამ, სიკვდილის მოლოდინში რომ იტყვიან ხოლმე. ამბობდა: რაც იქნება, იქნებაო. ახლა ოპერაციას გამიკეთებენ, მერე შეიძლება, ვეღარ გავიარო, მაგრამ ეტლით ვიქნები, რა მოხდაო. მართლა სჯეროდა თუ ჩვენთან ამბობდა ასე, არ ვიცი. ბოლოს ჩაფიქრებული იყო ხოლმე, მაგრამ თვალები სულ უბრწყინავდა. ერთხელ მე და ჩემი მეუღლე  გირშელის სანახავად საავადმყოფოში მივედით. საშინელი ტკივილები ჰქონდა, მორფინს უკეთებდნენ. ჩემი მეუღლე კანადელია, მაგრამ ძალიან უყვარს საქართველო და ქართული მრავალხმიანი სიმღერები. თვითონაც მღერის და გირშელს უთხრა: მოდი, „აშო ჩელა“ ვიმღეროთო,  სამ ხმაში ვიმღერეთ. პალატაში ბევრი ხალხი იწვა, ყველა ჩვენ გვისმენდა. გირშელს თვალები ჰქონდა დახუჭული და ისე მღეროდა. ისე მწყდება გული, რომ ვერ ჩავიწერეთ. ჩემს ქმარს ფეხს ვაჭერდი, ვანიშნებდი ჩაეწერა. არ მინდოდა, მას შეემჩნია, მაგრამ არ გამოვიდა.
– რას გვეტყვით მის მეუღლეზე? როგორც ვიცი, საოცარი სიყვარული ჰქონდათ...
– ეს არის ისეთი სასწაული, რაც მხოლოდ ფილმებში თუ მოხდება. მისი მეუღლე აფროამერიკელი ნატაშა ჯულსია. ერთმანეთი გაიცნეს მაშინ, როცა გირშელს სიმსივნის ბოლო სტადია ჰქონდა. ეს იყო ველოსიპედით დაცემამდე სამი თვით ადრე. ჯაზ-ფესტივალზე იყვნენ ერთად, სადაც გირშელს ძალიან მოსწონებია და თავის სავიზიტო ბარათი მიუცია. მერე, ორი-სამი საათი რომ გავიდა და გირშელი  გამოვიდა იქიდან. უფიქრია, კი მივეცი ჩემი სავიზიტო ბარათი, მაგრამ რომ არ დამირეკოს, მერე რა ვქნა, კარგი გოგოა და არ მინდა, დავკარგოო. მიბრუნებულა, გამოურთმევია ტელეფონის ნომერი და   თავის კონცერტზე დაუპატიჟებია.  გირშელს მუშაობა რომ აღარ შეეძლო, დედამისი მუშაობდა და ეს გოგო უვლიდა.  ყველაფერში გვერდში ედგა. ყველგან დაჰყვებოდა. ბოლოს დამოუკიდებლად  ვერ გადაადგილდებოდა, ლოგინად ჩავარდა და ყველაფერს ცოლი უკეთებდა. ეს არ არის მხოლოდ სასწაული, ეს არის დიდსულოვნება – ანგელოზი, რომელიც ღმერთმა გამოუგზავნა და რომლის მადლობელი ვიქნებით მთელი ცხოვრება.

скачать dle 11.3