კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უწევს პარლამენტის მანდატურთუხუცესს წესრიგის დასაცავად ფიზიკური ძალის გამოყენება და რატომ დადიოდნენ დეპუტატები სხდომებზე კბილებამდე შეიარაღებულნი #50

მურთაზ შალუაშვილი უკვე ძალიან  ბევრი წელია, პარლამენტის მანდატურთუხუცესია. ამ სამსახურის უამრავ მოვალეობას შორისაა პარლამენტში წესრიგისა და შიდაგანაწესის დაცვა. როგორც ბატონი მურთაზი ამბობს, პარლამენტარების ემოციების მოსათოკად, ძირითადად, სიტყვა ჭრის, მაგრამ არის შემთხვევები, როცა  ფიზიკური გარჯაც უწევთ.
მურთაზ შალუაშვილი: პარლამენტის ახალი შემადგენლობა ჯერჯერობით კარგი ჩანს. წამყვან ძალას ახალგაზრდები წარმოადგენენ და მათგან დიდი ენერგია მოდის. თან, ნიჭიერები და განათლებულები ჩანან, ამიტომ იმედის თვალით ვუყურებთ. როგორც წესი, ახალგაზრდები უფრო მეტად ემოციურები არიან, მაგრამ ჯერჯერობით ესენი, თვალი არ ეცეთ და არ ჩანან ისეთები, ერთმანეთს რომ ვერ შევეწყოთ (იცინის).
– რასაც ვერ ვიტყვით წინა პარლამენტზე, რომელიც პირიქით – ემოციებისა და ჩხუბის თვალსაზრისით გამორჩეული იყო.
– წინა პარლამენტში უფრო მეტი ემოცია იყო. ახლა ერთმანეთის მიმართ იმდენად რადიკალურები აღარ არიან. თუმცა, კიდევ უფრო ადრე, სერიოზული ჩხუბები იყო. განსაკუთრებულად 2004 წლის ჩხუბი მახსენდება. მაშინ იმდენად სერიოზული გაწევ-გამოწევა იყო, რომ პარლამენტში, მაგიდებზე ნაფეხურების კვალი ემჩნეოდა. ერთი-ორმა მძიმეწონიანმა გადაირბინა (იცინის). ჩხუბის მთავარი პერსონები ძმები ბერძენიშვილები და ნაციონალები: გიგა ბოკერია და საწყალი ვალერი გიორგობიანი იყვნენ. სწორედ მისი (გიორგობიანის) ნაფეხურები იყო მაგიდაზე. ძველი მორაგბე გახლდათ და მძიმე წონა ჰქონდა (იცინის).
– ასეთ შემთხვევებში როგორია თქვენი როლი?
– გვიხდება მოჩხუბრების დაშოშმინება, სიტყვისა თუ ფიზიკური ძალის გამოყენებით. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ 30 წელია, აქ ვმუშაობ და თან, ძველი სპორტსმენი ვარ, ყველა მოჭიდავე მიცნობს და მათგან პატივისცემას ვგრძნობ. მახსოვს, ჯაჭვლიანი რომ ჩხუბობდა, მაშინ წავიქეცი. კიბეზე ცუდად ვიდექი, სოსო რომ წამოვიდა, ფეხი ვეღარ გადავდგი და გადავვარდი. ამის შემდეგ სოსო ძალიან უხერხულობდა, ხომ არ გეწყინაო. როცა ასეთ ადგილას მუშაობ, იცი, რომ შეიძლება, მსგავსი შემთხვევები გქონდეს. თუმცა, უფრო ხშირად  სიტყვიერი ჩარევის გარდა, არაფერი მჭირდება.  მაგრამ ზოგჯერ ფიზიკური გარჯაც გვიწევს.
– როდის იყო ასეთი ჩხუბი?
– ნაციონალების დროს. მაშინდელ პარლამენტში დიდი რაოდენობით ოპოზიცია იყო წარმოდგენილი, დაახლოებით, 2008 წლამდე პერიოდს ვგულისხმობ. მაშინ ხშირად იყო „გამიშვი-დამიჭირე“ სიტუაცია. ლამის ჭიდაობის ილეთების გამოყენება  მჭირდებოდა ხოლმე (იცინის). აი, ბოლო პერიოდში, ბობოხიძე რომ ჩხუბობდა, მაშინაც დამჭირდა საკმაო ჯანი. საჭირო გახდა ზვიადაურის დაჭერაც, მაგრამ მოგეხსენებათ, როგორი ჯანმრთელი ბიჭიცაა. ამიტომ, საკმაოდ „გავიჯაფე” (იცინის). სიმართლე რომ გითხრათ, თუ ჩხუბი კანონის გარშემო არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო ხდება, ეს კარგიცაა. მაგრამ, როცა ერთმანეთს წარსული ქმედებების გამო დაერევიან, ეს არასწორია.
– კურიოზულ სიტუაციაში არ გადასულა მათი ჩხუბი?
– აი, ზვიადაურის დაჭერა დამჭირდა-მეთქი რომ ვახსენე, მაშინ შარვლით მყავდა დაჭერილი და კინაღამ გაძვრა შარვალი. ამიტომაც გავუშვი ხელი. უკვე ქამარზე ვიყავი დაკიდებული, ის კი იწევდა. ჯანიანი ბიჭია და ავტომატურად, შარვალი დაბლა წამოვიდა. ხელი გავუშვი, რა მექნა?! სხვანაირად, ძალიან უხერხული სიტუაცია შეიქმნებოდა (იცინის). თან, მაგიდაზე იდგა და პირდაპირ მისკენ იყო ყველა კამერა მიმართული. ვხედავ, რომ ზვიადაური შარვლიდან ხტება და ხელიდან მეცლება. დამრჩებოდა მარტო შარვალი (იცინის). ეტყობა, კარგი ხარისხის შარვალი ეცვა და ქამარიც კარგი ტყავის უნდა ყოფილიყო, რომ ასეთ ზეწოლას გაუძლო (იცინის).
– ქალბატონებზე რას იტყვით?
– ქალბატონები ცოტა პრობლემურები არიან. ისეთებიც გვყავდნენ, აქტიურად რომ ერთვებოდნენ ამ ფერხულში. მაგრამ, ახალ შემადგენლობაში ასეთი ჯერ არ ჩანს. ცოტა მეტ დაძაბულობას ველოდით ირმა ინაშვილისგან, რადგან სხვანაირი შემართების ქალია, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. როგორც დავინახეთ, ძალიან ჭკვიანური ტაქტიკა აქვს – კრიტიკული, მაგრამ ოფიციალური.
– კიდევ რა შედის თქვენს მოვალეობებში?
– ჩვენ მარტო სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვა არ გვევალება. გაცდენა, დაგვიანება, საჯარიმო სანქციები და კიდევ ბევრი რამ – ყველაფერი, რაც ამ შენობას და  დეპუტატებს ეხებათ. ისიც კი, რომ  დეპუტატებმა ერთმანეთი საუბრით არ გაართონ და სხვის ნაცვლად არ დააჭირონ პულტზე მინუსი (იცინის). უპირველესად, ვაკონტროლებთ რეგლამენტის დაცვას, დეპუტატების დასწრებას სასესიო და საკომიტეტო სხდომებზე, დეპუტატთა ქცევას და წესრიგს. ვესწრებით ყველა სხდომას, ჩვენი უფლებებიც რეგლამენტითაა გაწერილი.
– ჩხუბის დროს რამე სანქციები ეკისრებათ?
– არაფერი, თუ თვითონ არ უჩივლეს ერთმანეთს. თუ ვინმეს ნამეტანი მოუვიდა, თავმჯდომარე იტყვის, გაიყვანეთ გარეთო და გაგვყავს. ისეთი სიტუაციაც ყოფილა, როცა თავმჯდომარის ნათქვამს აღარ დავლოდებივართ და პირდაპირ გაგვიყვანია. ოცი წელია, რაც მანდატურის სამსახურში ვარ, მაგრამ ისე, პარლამენტში 1990 წლიდან ვმუშაობ. ამ წლების განმავლობაში ყველაზე რთული სიტუაცია 1992 წელს იყო. მაშინ ყველაზე მრავალპატიული წარმომადგენლობა გახლდათ და თუ ახლა მუშტებით უტევენ ერთმანეთს, იმ დროს, ხალხი ავტომატით დადიოდა. ორი-სამი იარაღი ყველა დეპუტატს ჰქონდა სხდომათა დარბაზში. კბილებამდე შეიარაღებულები იყვნენ. ყველა პარტიას ჰყავდა თავის შეიარაღებული საძმო, ფორმირებები და იქ უკვე იარაღით ხდებოდა გაწევ-გამოწევა. პირდაპირ შეყენებული იარაღით გამოჰყავდათ ერთმანეთი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე საინტერესო პარლამენტი მაშინ იყო. თითოეული კანონის მიღებაზე ნამდვილი ომი მიდიოდა. იმ პერიოდში კომუნიზმიდან გამოვედით და ქვეყანა მაშინ ყალიბდებოდა. არავითარი ინსტიტუტები არ არსებობდა. ამიტომ, ასეთი მდგომარეობა ბუნებრივი იყო. თუმცა, მაშინდელ და ახლანდელ დაპირისპირებებს შორის, დიდი განსხვავებაა. ახლა მუშტებით რომ დაერევიან ერთმანეთს, ხუთი წუთის შემდეგ შეიძლება, დაინახო, რომ მშვიდად საუბრობენ. მაგრამ, მაშინ აქ დაწყებული დაპირისპირება, საძმოთა შორის სერიოზული დაპირისპირებების, იარაღით სახლში მიკითხვების და „რაზბორკების“ მიზეზი ხდებოდა. თუმცა, საბოლოო მიზანს მაინც აღწევდნენ და ზუსტად მაშინ შეიქმნა კონსტიტუცია.
– თქვენი პოლიტიკური წარსულის შესახებ მიამბეთ.
– მაშინ ზვიადი ჯერ კიდევ არ იყო საქართველოს პრეზიდენტი, როცა დამოუკიდებელი ორგანიზაცია „თეთრი გიორგის კავშირი“ შევქმენით. პატრიოტული ორგანიზაცია იყო. ვიცოდით, რომ ბევრი საჭიდაო გვექნებოდა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და ამისთვის მზად ვიყავით. ვიბრძოდით ოსეთისა და აფხაზეთის ომში და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი დასაყრდენი ძალა ვიყავით. გამსახურდიას ყოველთვის გვერდით ვედექით და სადაც შუბლით იყო გასატანი, გაგვქონდა. თუმცა, არცერთ პარტიას არ ვეკუთვნოდით. აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანიზაცია ვიყავით. ბევრი ჩვენიანი დაიღუპა იმ არეულობაში. ამის შემდეგ შეიქმნა „ქარტია 91“ და მე მისი დამფუძნებელი გახლავართ. საკმაოდ სოლიდური პარტია იყო, 12 წამყვანი დეპუტატი გვყავდა 1992 წელს პარლამენტში. მაშინ ჩვენს თვალწინ იზრდებოდნენ დღეისთვის ცნობილი პოლიტიკოსები: მაჭავარიანი, გაბაშვილი, მიხეილ სააკაშვილი. ეს უკანასკნელი მაშინ იმდენად პატარა იყო, რას წარმოვიდგენდი, პრეზიდენტი თუ გახდებოდა (იცინის). სტატიებს თარგმნიდა ხოლმე ინგლისურიდან. ნიჭიერი და დაუზარელი ახალგაზრდა იყო. ჩვენი ახალი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მამა – გიორგი ვიცე-სპიკერი იყო და ბავშვობაში ირაკლიც ხშირად მინახავს ამ დერეფნებში. გადის დრო და უცებ პარლამენტის თავმჯდომარედ გვევლინება. ეს რომ მცოდნოდა, ხომ უფრო კარგად მივეფერებოდი (იცინის). სხვათა შორის, ამ დერეფნებში, აქ მომუშავეთა შვილების ძალიან ბევრი თაობა გავზარდეთ.
– მანდატურის სამსახურში როგორ აღმოჩნდით?
– მერე პარლამენტის აპარატის თანამშრომელი ვიყავი. მაშინ ზურა ჟვანია იყო თავმჯდომარე. გადაწყვიტეს, რომ წესრიგის დასაცავად რაღაც სამსახური იყო საჭირო და ახლის შექმნას, მეფეების დროს არსებული მანდატურის სამსახურის აღდგენა ამჯობინეს. ამ პროცესში მეც ვიღებდი მონაწილეობას. რეკომენდაციას სხვას ვუწევდი, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს, უცებ მეც მოვხვდი ამ სამსახურში (იცინის). ცოტა ხანს ჩვეულებრივი მანდატური ვიყავი და უკვე რამდენიმე წელია, მანდატურთუხუცესი ვარ.
– მანამდე იყავით ზვიად გამსახურდიას დაცვაში.
– კი ჯერ ზვიადთან ვიყავი დაცვაში და შემდეგ კი, მისივე სურვილით, სიგუას დაცვის უფროსად გადავედი, მისი თანაშემწე ვიყავი. მახსოვს, გამსახურდია და სიგუა ელცინს უნდა შეხვედროდნენ ყაზბეგში. გამსახურდიამ გვითხრა: ელცინს არაყი უყვარს და იქნებ იშოვოთო. ღამით გავიქეცი კახეთში, მუხის „ბოჭკაში“ მქონდა ჭაჭის არაყი. ათი სამლიტრიანი ქილა გავავსე და წამოვიღე. მაშინ ტექნიკა და მანქანები ასეთი დახვეწილი არ იყო და არც დაცვის სამსახური გახლდათ ნორმალურად ჩამოყალიბებული. პრეზიდენტი და პრემიერი სიგუა უნდა წაგვეყვანა თავთავიანთი მანქანით და დაცვით. მაგრამ, ზვიადმა თენგიზს უთხრა, თქვენი მანქანა და დაცვის ბიჭები რაღად გვინდა, ერთად წავიდეთო. გადავსხედით ყველა მის მანქანაში, მაგრამ ჩემს ბიჭებს ვუთხარი, მაინც გამოგვყოლოდნენ უკან. რა ვიცოდი, რა მოხდებოდა. ეტყობა, გულმა მიგრძნო, გზაში ზვიადის მანქანა გაგვიფუჭდა. გული გამისკდა, შეიძლებოდა, ვინმეს სპეციალურად გაეფუჭებინა და სადმე, სნაიპერი ყოფილიყო ჩასაფრებული. ზვიადი სასწრაფოდ გადავსვი სიგუას მანქანაში და გავქანდით ყაზბეგში. ეს სერიოზული „ჩეპე“ იყო. ახლა დაცვას მსგავსი რამ რომ დაემართოს, მაშინვე ყველას მოხსნიან. მაგრამ, მაშინ ყველაფერთან ერთად, არც ეს სისტემა იყო აწყობილი. საბოლოოდ, მშვიდობიანად ჩავედით და ელცინთან შეხვედრაზე, მერიქიფედ მე დამნიშნეს. მარტო ღვინის დიდი ჭიქები იყო, არადა სუფთა ჭაჭა გვქონდა და არ ვიცოდი, რა მექნა, ამხელა ჭიქაში როგორ დამესხა. ბოლოს ელცინს ვუთხარი,   ნაღდი ჭაჭაა-მეთქი და მიდი, დამისხიო. ვუსხამ და თან, ზვიადს ვუყურებ. მანიშნებს – მიდი, გაუვსეო და მეც გავალიცლიცე ბოლომდე. ელცინმა გადაკრა და თქვა, „მალადეც” ქართველებსო და მხარზე ხელი დამარტყა, დამიძმაკაცდა. მახსოვს,  ლიტრ-ნახევარი დაცალა და ყველაფერზე თანახმა იყო (იცინის). ოსეთის წარმომადგენლები იყვნენ იქ და როცა თავიანთი საკითხი დასვეს, ელცინმა უპასუხა: მე რა შუაში ვარ, ეგ ზვიადის გადასაწყვეტიაო. რომ წავიდნენ, დარჩენილი სასმელი დაცვას გავატანეთ. მერე, როცა საკავშირო პრეზიდენტად აკურთხეს, ბანკეტზე დაგვპატიჟა და იქაც ბევრი სასმელი ჩავუტანეთ. ზვიადი იმდენად მოსწონდა, რომ იმ ბანკეტზე თამადად დანიშნა.  გამსახურდიამ ყველას მოწონება დაიმსახურა. მაგრამ, მერე არასწორი ინფორმაციები მიჰქონდ-მოჰქონდა მათ შორის აგენტურას და ურთიერთობა გაუფუჭდათ.  როცა სიგუა და ზვიადი გაიყარნენ, მე სიგუასთან მოვხვდი: რატომ? – ეს ჩვენ ვიცით და ღმერთმა. სიგუაზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობდნენ, მაგრამ მე ფარივით ვიყავი გადაფარებული. ამიტომ, ჩემი მოშორება მოინდომეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. ეს მოსკოვის დაწერილი სცენარი იყო. მათ დაუპირისპირეს ის და ზვიადი ერთმანეთს და მე შუაში ვიყავი გაჭყლეტილი. დამატყვევეს და კინაღამ გამაგორეს, მაგრამ შემთხვევით გადავრჩი. მერე სომხეთში გავიქეცი, მაგრამ ომი რომ დაიწყო, ვერ გავძელი და უკან დავბრუნდი.

скачать dle 11.3