კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიმპტომები ახასიათებს ხელის, ფეხისა და პირის ვირუსს და როგორ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან გაციება და გრიპი #50

ტემპერატურის კლებასთან ერთად გაციებისა და ვირუსული ინფექციების რიცხვმაც მოიმატა. ბოლო პერიოდში ბავშვებში ახალმა ვირუსმა იჩინა თავი – ეგრეთ წოდებულმა ხელის, ფეხისა და პირის დაავადებამ. ხშირად ეს დაავადება ბატონებში ერევათ. თუმცა, სიმპტომები ბევრად განსხვავებულია. არის თუ არა ეს ვირუსი საშიში, როგორ უნდა დავიცვათ თავი და ასევე, რა სეზონური ვირუსები შეიძლება გავრცელდეს, ამ თემასთან დაკავშირებით მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თამთა ივანაშვილი გვესაუბრა.
– რა სიმპტომები ახასიათებს ხელის, ფეხისა  და პირის ვირუსს და არის თუ არა ის საშიში?
– ეგრეთ წოდებული ხელის, ფეხისა და პირის დაავადება მწვავე, გადამდები ვირუსული ინფექციაა, რომელიც საკმაოდ ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში. ახასიათებს წყლულოვანი გამონაყარი პირის ღრუში, ხელებსა და ფეხებზე. დაავადება ყველაზე ხშირად გამოწვეულია კოქსაკის ვირუსით და ზოგჯერ ენტეროვირუსით. ძირითადი სიმპტომები ასოცირებულია ვირუსულ ინფექციასთან და ხშირია ზაფხულსა და ზამთარში. ინფექცია ძირითადად მწვავედ მიმდინარეობს. გამონაყარი პატარა ბუშტუკების სახით არის პირის ღრუში, თითებზე, ხელისგულებხე, ფეხის ტერფებზე. შესაძლებელია, დაერთოს ცხელება, ყელის ტკივილი, ხველა, ცხვირიდან გამონადენი. ყველაზე შემაწუხებელია გამონაყარი პირის ღრუში, რადგან ბავშვს ხელს უშლის  საკვებისა და სითხის მიღებაში. სხვა სიმპტომები, როგორიცაა დიარეა და ღებინება, იშვიათად არის გამოხატული. თუ, დაავადება გამოწვეულია ენტეროვირუსით, შესაძლოა, გამოიხატოს ნევროლოგიური სიმპტომები. 
– რამდენი ხანი გრძელდება ეს ვირუსი და როგორ ვრცელდება?
– გრძელდება 3-დან 6 დღემდე. დაავადებული პაციენტიდან ვირუსის გადადების შანსი 1 კვირის ფარგლებში მერყეობს. ვირუსი ძირითადად ვრცელდება რესპირატორული გზით (ხველა, ცემინება), პირდაპირი კონტაქტით, ფეკალურ-ორალური გზით. პროფილაქტიკის მიზნით, მთავარია,  ბავშვებს ვასწავლოთ, რომ ხშირად დაიბანონ ხელები. ინფიცირების შემთხვევაში, ხველის ან ცემინების დროს გამოიყენონ ხელსახოცი (ერთჯერადად). ამ დროს, ბავშვმა უნდა მიიღოს ბევრი სითხე და აუცილებლად, ყურადღება უნდა მიაქციოთ  ჰიგიენას. 
– გარდა ამისა, რა ტიპის სეზონური ვირუსების საშიშროებაა ამ ეტაპისთვის?
– ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, გახშირდა ვირუსული ინფექციები ბავშვებსა და მოზრდილებში. ვირუსული ინფექციები ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა და მათთან ყოველი კონტაქტი  შესაძლოა, დაავადების მიზეზი გახდეს. რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს მიეკუთვნება: გრიპი, ადენოვირუსული ინფექცია, რესპირაციულ-სინციტიური  ინფექცია, რინოვირუსული ინფექცია. დღეისთვის, დადასტურებულია, რომ  სეზონური გრიპის ვირუსი ეგრეთ წოდებული H3  ტიპისაა.
– რა სირთულით მიმდინარეობს ბავშვებში ეს პროცესი?
– ბავშვის გრიპით დაავადების  დროს ორგანიზმის იმუნიტეტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ის ეხმარება ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში. ინფექციური აგენტის მიმართ შედარებით სუსტი საპასუხო რეაქცია განპირობებულია, ბავშვის ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმების ფიზიოლოგიური უმწიფრობით, იმუნური რეაქციების არასრულყოფილებით, სასუნთქი ორგანოების აგებულების ასაკობრივი თავისებურებებით. სწორედ ეს არის მცირე ასაკში ვირუსული ინფექციების სიხშირისა და გართულებების არსებობის ძირითადი მიზეზი. 
– რა უწყობს გრიპის ვირუსის გავრცელებას ხელს?
– ზამთრის სეზონზე განსაკუთრებით აქტიურდება გრიპის ვირუსი  და პიკს აღწევს  დაავადების შემთხვევები. რადგან დედამიწის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებზე ზამთარი სხვადასხვა დროს დგება, რეალურად, ორი განსხვავებული გრიპის ვირუსის სეზონია. ზამთარში გრიპის ვირუსის ფართოდ გავრცელებას ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი: ამ სეზონზე ადამიანები უმეტეს დროს დახურულ სივრცეში ატარებენ, აქვთ უფრო მჭიდრო კავშირი ერთმანეთთან, რაც იწვევს დასნებოვნებული ადამიანიდან ჯანმრთელზე  ვირუსის  გადაცემას. დამატებითი ფაქტორია ის რომ, დაბალი ტემპერატურა ხელს უწყობს ჰაერის გამოშრობას, რაც თავის მხრივ, ზედა სასუნთქი სისტემის ლორწოვანი გარსის გამოშრობას იწვევს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ვირუსი მეტხანს ცოცხლობს დაბალ ტემპერატურაზე და მისი გავრცელების რისკი  ზამთარში,  ჰაერის დაბალ  ტენიანობასთან ერთად, იზრდება. გრიპის ვირუსის გავრცელება ძირითადად დაავადებული ადამიანიდან ხდება. დამტკიცებულია, რომ ხველის ან ცემინების დროს ნახევარ მილიონამდე ვირუსის ნაწილაკები გამოიფრქვევა. ვირუსით დასნებოვნება, ასევე შესაძლებელია, ვირუსით დაბინძურებული ზედაპირიდან და სხვადასხვა საგნით,  როგორიცაა: ფულის ბანკნოტები, კარის სახელურები, სინათლის ჩამრთველები. აღსანიშნავია, რომ ვირუსი სხვადასხვა, არაფოროვან ზედაპირზე (როგორიცაა პლასტიკის ან ლითონის ზედაპირი)  უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე ადამიანის კანზე.
– როგორ მიმდინარებს ორგანიზმში ეს პროცესი?
– დამტკიცებულია, რომ ადამიანთა 33 პროცენტში დაავადება ასიმპტომურად მიმდინარეობს. გრიპის სიმპტომები შესაძლოა, იყოს როგორც  მსუბუქი, ასევე მწვავე. უხშირესი  სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი, კუნთებისა და თავის ტკივილი, ხველა და სისუსტე. სიმპტომების   გამოვლინება იწყება ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან  1-2 დღეში. სიმპტომები ძირითადად უმჯობესდება 2-5 დღის შემდეგ. თუმცა, ზოგჯერ დაავადება შეიძლება გაგრძელდეს ერთი კვირა, ან მეტი. რაც შეეხება ბავშვებს, ამ შემთხვევაში, სიმპტომები შესაძლოა, მრავალფეროვანი იყოს: ცხელება ან სიცივის შეგრძნება (კანკალი), ხველა, ცხვირის გაჭედილობა, ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, სხეულის ნაწილების ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, თვალებიდან ცრემლდენა, პეტექიური გამონაყარი, დიარეა, აბდომინალური ტკივილი. ინფექციის ადრეულ სტადიაზე ძნელია გავარჩიოთ ერთმანეთისგან გაციება და გრიპი. თუმცა, გრიპი გამოირჩევა მაღალი ტემპერატურით, უეცარი დასაწყისით და დაღლილობის შეგრძნებით. გართულების შემთხვევაში, შესაძლოა, გამოიხატოს სხვა ნიშნები. როგორიცაა: ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში, გაუწყლოება,  გამონაყარი, ძლიერი თავბრუხვევა და სხვა... ყველაზე გავრცელებული გართულებაა ვირუსული ან ბაქტერიული პნევმონია, სინუსიტი.  გრიპმა შესაძლოა, ასევე, გაამწვავოს მანამდე არსებული ჯანმრთელობის პრობლემები.
– როგორ დავიცვათ თავი?
– პრევენციის  საუკეთესო გზაა გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ვაქცინის შემდეგ, დაახლოებით, 2 კვირაში ყალიბდება იმუნიტეტი, რომელიც დაახლოებით 6  თვე გრძელდება. ვაქცინა ძირითადად ეფექტურია 3 ან 4 ტიპის ვირუსისთვის. პრევენციისთვის სასურველია, ჰიგიენის წესების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა. საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სამედიცინო დაწესებულებაში პირბადის გამოყენება. ბავშვთა ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ჩვილ ბავშვთა ძუძუთი კვება, სითხეების მიღება, ორგანიზმის გაკაჟება, ძილის რეჟმის დაცვა; უფროსი ასაკის ბავშვების სპორტით დატვირთვა, ბალანსირებული კვება. გრიპის მძიმე მიმდინარეობისას, ან გართულების არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. ასევე, აუცილებელია ოთახების ხშირი განიავება,  თამბაქოს კვამლისგან თავის არიდება, ოთახის სველი წესით დალაგება.

скачать dle 11.3