კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარული რეანიმაციაში #50

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-49(832)

 ანდრო დაცვის ოთახთან შეჩერდა... კოტე მაგიდასთან ხელებში თავჩარგული იჯდა. ჩართული მონიტორები ციმციმებდნენ. ანდრომ ბიჭს მხარზე დაადო ხელი.
– რამე მოხდა? ცუდად ხარ?
– არა, უბრალოდ. აი, აქ ვზივარ, თავი მნიშვნელოვანი ვიღაც მგონია, სინამდვილეში, კი, ვერავინ მამჩნევს, საერთოდ, ვერავინ. იდიოტად ვგრძნობ თავს. იმ იდიოტად, რომელსაც უნდა, რომ რაღაცას წარმოადგენდეს.
ანდრომ ამოიოხრა და კოტეს გვერდით მიუჯდა.
– იდიოტი არ ხარ. დარწმუნებით შემიძლია, გითხრა და სისულელეებსაც მოეშვი. ადამიანებს გაცილებით სერიოზული პრობლემები აქვთ.
– ვიცი. მაგალითად, როცა ვინმე კვდება. ეს უფრო დიდი პრობლემაა. მაგრამ  იმას არ ნიშნავს, რომ თავი კარგად უნდა ვიგრძნო.
– მესმის, – თავი თანაგრძნობით დაუქნია ანდრომ.
– არა, არ გესმის, მოულოდნელად გაცხარდა კოტე, – და, საერთოდ, აქ რატომ ხარ? დაცვის ოთახი ის ადგილი არ არის, სადაც შენისთანა მნიშვნელოვანი პიროვნება უნდა იყოს. საოპერაციოში არ გელოდებიან?
– არა. დღეს მძღოლის რანგში ვმუშაობ, – გაიცინა ანდრომ, – ბატონი დავითის მეუღლე უნდა წავიყვანო საყიდლებზე და კიდევ სადღაც...
– ქირურგობისთვის თავის დანებება გადაწყვიტე, თუ...
– შენ ხუმრობ, მაგრამ მე შუა პროცედურიდან გამოვედი და ახლა განებივრებული ქალის ხუშტურებზე უნდა ვიარო.
– სახეზე ვერ გატყობ, რომ ამის საწინააღმდეგო გაქვს რამე, – ირონიულად ჩაიცინა კოტემ.
– უნდა ვიბღვირებოდე? როგორ ფიქრობ, ქალაქში აქეთ-იქით სიარულს საოპერაციოში ყოფნა არ მირჩევნია?
კოტემ მხრები აიჩეჩა.
– არ ვიცი. თუმცა, შეგეძლო, უარი გეთქვა. კლინიკას მძღოლი ჰყავს.
– კოტე, არ გინდა. კლინიკას მძღოლი პაციენტებისთვის ჰყავს და არა იმისთვის, რომ მთავარი ექიმის ცოლს მოემსახუროს. მაგრამ, პრობლემა ეს არ არის, ხომ მართალია?
– რას გულისხმობ? – ვითომ ვერ მიხვდა კოტე.
– საკუთარ თავს. შენ ჩემს მიმართ გაქვს რაღაც ბოღმა თუ პრეტენზია. ოღონდ ვერ გავარკვიე, რატომ. მოდი, გულახდილად მითხარი. ჩვენ ხომ ერთი ასაკის ვართ, ერთმანეთის უნდა გვესმოდეს.
– ვითომ? მეეჭვება, ჩემი გაიგო.
– ანდრომ გაიცინა და ბიჭს მხარზე  მეგობრულად დაჰკრა ხელი.
– გაგიკვირდება, მაგრამ ვიცი, რაც გაწუხებს.
კოტემ უნდობლად შეხედა.
– ვიცი, ნია მოგწონს, თანაც ძალიან.
– ვინ გითხრა, ნიამ?
– არა, ჩემით გამოვიცანი. ისე იყურები ხოლმე...
– ის კი ვერც მამჩნევს. სულ შენ გვერდით არის. საერთოდ, შევამჩნიე, რომ ამ კლინიკის ქალები შენზე გიჟდებიან.
– ჰა, ჰა, თურმე რაში ყოფილა საქმე. შენ ფიქრობ, რომ ნია ჩემზეა შეყვარებული?
– არა? – კოტემ დაეჭვებით შეხედა.
– არა. ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ. თუ გინდა, შენზე დაველაპარაკები.
კოტეს წამში შეეცვალა გამომეტყველება.
– მართლა? გააკეთებ ამას ჩემი გულისთვის? არ მომატყუებ?
– რა ინტერესი მაქვს, რომ მოგატყუო. ესე იგი, არ შევმცდარვარ – გიყვარს ნია.
– სიყვარულის რა გითხრა, მაგრამ ძალიან მომწონს. გამბედაობა არ მყოფნის, გამოველაპარაკო, სადმე დავპატიჟო და რაღაც ელემენტარული ურთიერთობა გვქონდეს.
– ნია კარგი გოგოა, – ცეცხლზე ნავთი დაუსხა ანდრომ და თვალები მრავალმნიშვნელოვნად მოჭუტა.
– ვხვდები, რომ კარგია და ეგ კიდევ უფრო მირთულებს საქმეს. ალბათ, ჩემნაირ ბიჭს ზედაც არ შეხედავს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ საინტერესო არ ვარ მისთვის. დილიდან ღამემდე აქ ვზივარ. რას წარმოვადგენ? – არაფერს.
– შენ თუ ასე იფიქრებ, დაკომპლექსდები. ქალებს კი თავდაჯერებული და თამამი კაცები მოსწონთ. იცი, ახლა კარგი შანსი მოგეცემა.
– რა შანსი?
– ბატონი დავითი აწყობს წვეულებას და ყველა თანამშრომელს ეპატიჟება. არაფორმალურ გარემოში ცოტას დალევ და სითამამეც მოგემატება.
– დარწმენებული ხარ, რომ მეც დამპატიჟებენ? დაცვის ოთახში ვიღაც ხომ უნდა იყოს?!
– ბატონმა დავითმა მითხრა, რომ ყველა თანამშრომელი იქნება. წვეულებამდე ათი დღით ადრე ვიზრუნებთ იმაზე, რომ კლინიკაში პაციენტი არ გვყავდეს და ერთი დღით დავიკეტებით. ეს შენი საზრუნავი არ იქნება.
– მეეჭვება, რამე გამომივიდეს.
– თუ აქედანვე ასე იფიქრებ, მართლა არაფერი გამოგივა. დაველაპარაკო ნიას?
– შენ როგორ მოიქცეოდი?
– მე? – ანდრო მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა და თვალები მოჭუტა, – გინდა, რამდენიმე გაკვეთილი ჩაგიტარო? ისე, მეგობრულ პონტში.
კოტემ თავი დაუქნია.
– მიდი.
– დამიჯერებ, რასაც გირჩევ?
– გააჩნია, რას მირჩევ?
– არა, ძმაო... ტყუილუბრალოდ თავს არ დავიღლი. ჩემი რჩევები და რეკომენდაციები ყოველთვის მუშაობს. ამიტომ ასე ადვილად არავის ვაძლებ.
– კარგი, დაგიჯერებ, – ამოიოხრა კოტემ, – სხვა გზა მაინც არ მაქვს. ვეჭვობ, დამოუკიდებლად რამე გამომივიდეს.
– ჩვეულებრივი გოგოა – ჯერ ეს უნდა დაიჯერო. უბრალოდ, სხვა გოგოებისგან იმით განსხვავდება, რომ ლამაზი მკერდი და უკანალი აქვს.
– ძალიან ლამაზი, – ამოიოხრა კოტემ, – ეს პირველი რჩევა... შემდეგი.
ანდრომ ხელით ანიშნა, მადროვეო და აწკრიალებული მობილური ყურთან მიიდო.
– თიკო, ჰო, მე აქ ვარ, ქვემოთ, დაცვის ოთახში. კარგი, ბატონო, ველოდები. მანქანის გასაღები წეღან მომცა ბატონმა დავითმა. ჩამოვიდეს და წავიყვან.
– გამოძახება მაქვს. არ ვიცი, როდის მოვბრუნდები. შენ ამაღამ აქ ხარ, თუ იცვლები.
– შევიცვალე უკვე, ანუ, მთელი ღამე აქ ვიქნები.
– ჰოდა, მოგვიანებით შემოგივლი... – ანდრომ თვალი ჩაუკრა ბიჭს და დაცვის ოთახის ფანჯრიდან, კლინიკის ფოიეში გამოსული ცისია დაანახვა.
– ამაზე რას იტყვი? როგორია?
– ბატონი დავითის ცოლზე მეკითხები? – კოტემ მხრები აიჩეჩა, – ჩვეულებრივი გოგოა. განსაკუთრებული – არაფერი.
– არა. ლამაზია. ოღონდ, რაღაცნაირად, ბავშვურად ლამაზი, როგორც ფაიფურის თოჯინა. არ მომწონს ასეთები, რომლებშიც ვნებას ვერ ვხედავ. თუმცა, ბატონი დავითისაც მესმის, ასე რომ მოიხიბლა მისით.
ცისიამ ბიჭს შეხედა და ნაძალადევად გაუღიმა.
– ანდრო? ხომ არ მეშლება?
– დიახ, ანდრო. არ გახსოვართ? თქვენი გამოჯანმრთელებისა და ოპერაციის პროცესში მეც ვიყავი ჩართული.
– ჰო. ალბათ, მაგრამ მე მარტო ჩემი ქმარი მახსოვს იმ ეპიზოდებიდან.
– წავიდეთ? – ანდრომ უხერხულობა იგრძნო.
– ჰო. რამდენიმე ადგილას ვართ მისასვლელები, – ცისიას ბიჭისთვის აღარ შეუხედავს, ისე გავიდა კლინიკიდან და მანქანაში, უკანა სავარძელზე მოიკალათა.
***
დავითმა ყავა მოსვა და თიკოს მადლიერმა გაუღიმა.
– გმადლობ, სულზე მომისწარი. არაჩვეულებრივი ხარ, ყოველთვის ხვდები, რა მინდა. ჩემი ერთი  გამოხედვაც კი საკმარისია.
 ათი წელია, თქვენ გვერდით ვმუშაობ, ბატონო დავით. ეს ბუნებრივია.  
– ჰო, ათი წელია, – ჩაფიქრებით გაიმეორა დავითმა, – ამდენი წელი გავიდა და უკვე ისე შეგეჩვიე, ვერც წარმომიდგენია, შენ გარეშე საოპერაციოში შესვლა.
თიკომ სევდიანად გაიღიმა.
– მეც ვეღარ წარმომდგენია საოპერაციო თქვენ გარეშე. წასული რომ იყავით, აქაურობა ცარიელი იყო.
– ჰო, მართლა, თიკო, წვეულების ამბავი ხომ ყველას უთხარი? მინდა, მთელი კოლექტივი იყოს. რადგან გადავწყვიტეთ და გავრისკეთ, მე და ცისიასაც გვერდში დგომა გვჭირდება.
თიკომ გაიღიმა.
– ისე ლაპარაკობთ, თითქოს ეს საქორწილო წვეულება კი არა, მძიმე ვალდებულება იყოს. ბატონო დავით, ნებისმიერი ადამიანისთვის ქორწილი ზეიმია, განსაკუთრებული დღე.
– ჰო, ასეა, მაგრამ ჩემი სიტუაცია, რბილად რომ ვთქვათ, ცოტათი განსხვავებულია. საერთოდ არ გვინდოდა... მე და ცისიას ჩრდილში ყოფნა გვერჩივნა, მაგრამ არ გამოგვივიდა დამალვა, – დავითმა ნაძალადევად გაიღიმა.
– ბატონო დავით, ასეა, თუ ისე, ეს დღე თქვენია. გაერთეთ და იმხიარულეთ. ნურაფერს მიაქცევთ ყურადღებას. ყველანი მოვალთ, გპირდებით.
დავითმა ქალს ხელზე მოჰკიდა ხელი და მოუჭირა.
– გმადლობ. ხომ ვამბობდი, ნამდვილი განძი ხარ-მეთქი. ჰო, მართლა, თიკო, ოპერაციების განრიგს გადახედე. იქნებ ისე მოვახერხოთ, რომ ერთი დღით კლინიკაში პაციენტი არ გვყავდეს და დავკეტოთ. დაცვის ბიჭებიც მინდა, რომ წამოვიდნენ.
– კარგი, ბატონო დავით, მაგასაც მოვახერხებთ, არ იქნება პრობლემა.  თიკო ადგა და კარისკენ წავიდა.
– თიკო, რაღაც მინდა გკითხო. ოღონდ დამპირდი, რომ გულახდილი იქნები.
– გისმენთ, ბატონო დავით.
– ძალიან სასაცილო ვარ?
თიკო დაიბნა. ასეთ შეკითხვას არ ელოდა. კაცი კი იდგა და ისე უყურებდა, როგორც ადამიანი, რომელმაც იცის, რომ დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ მაინც ელოდება, როდის გაამართლებენ.
– ვერ მივხდი, რას გულისხმობთ, – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა თიკომ. მან სრულიად გაიაზრა სიტუაციის უხერხულობა და ძალიან კარგადაც გაიგო, რაც ჰკითხა დავითმა, მაგრამ, იმასაც მიხვდა, ეს ის შემთხვევა იყო, როცა გულახდილი ვერ იქნებოდა.
– მე მარტო ის ვიცი, რომ სიყვარულისა და ბედნიერების უფლება ყველას აქვს. არც ასაკს აქვს მნიშვნელობა და არც სოციალურ მდგომარეობას.
– კარგი, თიკო. შეგიძლია, წახვიდე. ანდრომ ცისია წაიყვანა, საოპერაციოში სოსო დამეხმარება. მეორე პაციენტი საოპერაცოდ მოამზადეთ.
სოსო საორდინატოროში ყავას სვამდა. თიკოს ისე შეხედა, ქალი მაშინვე მიხვდა, ძალიან იყო გაბრაზებული.
– რამე მოხდა? – იკითხა შეშფოთებით, – პაციენტია ცუდად? სისხლდენა ხომ არ დაეწყო?
– იმასთან იყავი? – კითხვაზე კითხვით უპასუხა სოსომ, – ალბათ ყავა მიუტანე. თავზე ევლები და აღარ იცი, რა გააკეთო, მისი გული რომ მოიგო. მითხარი, რატომ?
– რა რატომ? ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა, რა გაინტერესებს? – მხრები აიჩეჩა თიკომ, – ყავა შენთვისაც მომიდუღებია, თანაც არაერთხელ.
– მართალია, მოგიდუღებია. მაგრამ საქმე ამაში არ არის. იმას ყოველთვის სიამოვნებით უდუღებ, ბედნიერიც კი ხარ, რომ რაღაცის გაკეთება შეგიძლია მისთვის. როცა მე გთხოვ, ისეთი გიხდება გამოხედვა, მეშინია, ყავაში საწამლავი არ ჩამიყარო, – სოსომ ნაძალადევად გაიღიმა. თიკო ბრაზისგან გაწითლდა.
– ძალიან დაბოღმილხარ, ოღონდ ეს არც ჩემი ბრალია და არც ბატონი დავითის. შენი ცხოვრებით ხარ უკმაყოფილო და დამნაშავეს სხვაგან ეძებ. რა არ გაკმაყოფილებს? რა არ მოგწონს? თუ რაღაც ისე ვერ არის, ეს მხოლოდ შენი ბრალია.
– მართლა?  როგორი სიბრძნე გადმოაფრქვიე. ყოჩაღ, ჭკვიანი ყოფილხარ. თანაც, მარტო საოპერაციოში არ ავლენ შენს უნარებს. მაგრამ, ერთ კითხვაზე პასუხი შენც კი არ გაქვს – მაგალითად, რატომ ანებივრებს ზოგიერთს ბედი და და რატომ მიართმევს ხოლმე ყველაფერს. თითის განძრევაც არ დასჭირვებია დავითს და ულამაზესი გოგო კისერზე თავისით ჩამოეკიდა. სად არის ლოგიკა? მის ოპერაციაში მეც ხომ  გარკვეული როლი შევასრულე, მაგრამ დავითი შეიყვარა. გადაწყვიტა, რომ მან გამოსტაცა სიკვდილს ხელიდან.
– სოსო, კარგად ხარ? ძალიან ცუდად გამოიყურები და უფრო ცუდად ლაპარაკობ. გირჩევ, ცოტა დაისვენო და რამე უფრო სასიამოვნოზე იფიქრო. მალე მეორე ოპერაცია დაიწყება და ბატონ დავითს დასჭირდები. კარგი არ იქნება, თუკი გაიგებს, რას ფიქრობ  და ლაპარაკობ მის ქორწინებაზე.
– ქორწინება არაფერ შუაშია, მე უსამართლობაზე ვლაპარაკობ. შენ ხომ მიგაჩნია, რომ ბატონ დავითზე ნაკლები ქირურგი არ ვარ, მაგრამ რატომღაც ის არის დიდების შარავანედით მოცული. ყველაფერი აქვს, გესმის, ყველაფერი...
– სოსო, ძალიან სახიფათო თამაში წამოიწყე. ბატონი დავითი არ არის დამნაშავე იმაში, რომ არც საკუთარი კლინიკა გაქვს და არც ცოლი გყავს.
სოსო გაფითრდა, თიკოს მაჯაში ჩაავლო ხელი და შეანჯღრია.
– არაფერი გესმის, საერთოდ არაფერი! ჰო, არც ცოლი მყავს და არც საკუთარი კლინიკა მაქვს. მერე რატომ?
– ნუ ყვირი. გაიგონებს ვინმე და ხელი გამიშვი, მეტკინა.
სოსო ერთბაშად გამოაფხიზლა ქალის მბრძანებლურმა ტონმა. ხელი გაუშვა და მტრულად შეხედა.
– შენც ფიქრობ, რომ ხელმოცარული და უიღბლო ვარ?
– არა, მე ვფიქრობ, რომ სულელი ხარ, – მიახალა ქალმა, – შენთვის აჯობებს, სხვასთან არ წამოგცდეს ის, რაც ახლა მე მითხარი. წავედი, საქმე მაქვს. დღეს კიდევ ერთი ოპერაციაა.
სოსომ ქალს შეხედა და ხელი ჩაიქნია. საორდინატოროში ნია შემოვიდა. იქ მყოფები ყურადღებით შეათვალიერა და ჩაიცინა.
– იჩხუბეთ? რა სახე გაქვთ ორივეს. რაღაც ვერ გატყობთ საზეიმო განწყობას, მოახლოებული წვეულების გამო.
– ეს ჩემი წვეულება არ არის და არც მეზეიმება, – ჩაილაპარაკა სოსომ, თიკოს შეუბღვირა და ოთახიდან უკანმოუხედავად გავარდა.
– რა დაემართა ამას? – გაოცებით იკითხა ნიამ,  – რა ვუთხარი ამისთანა.
– შენ არაფერ შუაში ხარ. იმაზეა დაბოღმილი, ცხოვრებაში რომ არ გაუმართლა ისე, როგორც ბატონ დავითს. ჰოდა, იგესლება, – გაიცინა თიკომ, – სულელია.
– არ არის სულელი. ხვდება, ცხოვრებაში ბევრს რომ ვეღარაფერს მიაღწევს და ამდენ უარყოფით ემოციას გულში ვეღარ იტევს. ცისია მას რომ შეერთო ცოლად, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. სიმამრი კლინიკასაც გაუკეთებდა და მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობასებაზეც იზრუნებდა. ბატონ დავითს ისედაც აქვს ეს ყველაფერი. ამიტომ, მიაჩნია სოსოს, რომ ცხოვრება უსამართლოდ მოექცა.
– ნია, რას ამბობ? იმ გოგოს დავითი შეუყვარდა. ამას წინასწარ ვინ იფიქრებდა. შენგან მიკვირს.
– ნუ გიკვირს, მეც ვფიქრობ, რომ ცხოვრება ზოგჯერ ძალიან უსამართლოა. ვიღაცას ყველაფერი აქვს, ვიღაცას – არაფერი. გააჩნია, რომელ ჯგუფში აღმოჩნდები.
– სოსოს მაინც არ ვეთანხმები, – გააპროტესტა თიკომ.
ნიამ მხრები აიჩეჩა.
– ამით არაფერი იცვლება. აბსოლუტურად არაფერი.
***
ცისიამ სარკეში საკუთარი გამოსახულება შეათვალიერა და მოიღუშა.
– ძალიან გიხდებათ, – გაიმეორა მაღაზიის კონსულტანტმა დაზეპირებული ფრაზა. ცისია გაღიზიანდა.
– არა, არა, უფრი კომპეტენტური აზრი მჭირდება. თუ არ შეწუხდებით, გარეთ, მანქანაში მამაკაცი  ზის და უთხარით, შემოვიდეს.
ანდრომ კითხვით სავსე მზერა მიაპყრო მანქანის კართან მოულოდნელად აღმართულ გოგოს.
– მე მითხარით რამე?
– დიახ, თქვენი მეუღლე  გთხოვთ, მაღაზაში შემოხვიდეთ.
– მე? ხომ არ გეშლებათ...
– ქალბატონმა, რომელიც მოიყვანეთ, გთხოვათ, რომ მაღაზიაში შემოხვიდეთ. კაბა აირჩია და თქვენი აზრი აინტერესებს, – უხალისოდ განუმარტა გოგონამ და ისე შეხედა, ანდრომ თავი ნაძირალად იგრძნო.
– კარგი, თუ ჩემს აზრს ასეთი მნიშვნელობა აქვს, მოვდივარ.
– საერთოდ, ამბობენ ქორწილამდე სიძემ პატარძალი საქორწინო კაბაში ჩაცმული არ უნდა ნახოსო, მაგრამ ეს სისულელეა, თქვენ ასე არ ფიქრობთ?
– გოგონა, არაფერსაც არ ვფიქრობ. მე მხოლოდ მძღოლი ვარ, – ხუმრობის გუნებაზე დადგა ანდრო.
– მძღოლი? – გოგონა აიმრიზა, მაგრამ აღარფერი უთქვამს.
ცისია ანდროსკენ შემობრუნდა და უხერხულად გაუღიმა.
– შეგაწუხე, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებ. ალბათ, ჩემი რომელიმე დაქალი უნდა წამომეყვანა, მაგრამ ალბათ, ხვდები, ზედმეტ შეკითხვებს ავარიდე თავი.
– არ არის პრობლემა. კონსულტანტიც ვიქნები, მე ხომ ჩვეულებრივი მძღოლი კი არა, საქმროს ნდობით აღჭურვილი პირი ვარ.  აბა, რომელ კაბებს შორის უნდა გავაკეთოთ არჩევანი?
ცისიას გულზე მოეშვა და მხიარულად გადაიკისკისა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3